რა დავალებას და ინსტრუქციებს იძლევიან ნაციონალი ლიდერები, რა პროვოკაციები მზადდება და რა ბრძანებას გასცემენ „თავისუფალი ზონის“
აქტივისტებზე ორგანიზაციის ხელმძღვანელები? კონკრეტულად რა ევალებათ და რაში იღებენ ფულს არასრულწლოვნები და რას ჰპირდებიან ნაციონალები მათ, როცა ხელისუფლებაში მოვლენ, ამასთან დაკავშირებით ,,საღამოს გაზეთს“ –კონფიდენციალური წყარო ესაუბრა, რომელიც მხოლოდ იმ მიზეზით გვეუბნება სახელის იდენტიფიცირებაზე უარს, რომ თავადაც ამ ორგანიზაციის წევრია.
-„საარჩევნოდ სრული მზადყოფნა არსებობს და მობილიზების შემთხვევაში ყველა ერთად გამოვლენ. მართალია ორგანიზაციაში მყვირალა სახეები არიან წარმოდგენილნი, მაგრამ განსაკუთრებულ დასაყრდენ და დამრტყმელ ძალას არასრულწლოვნები წარმოადგენენ. მათი უმრავლესობა ის კატეგორიაა, ვისი მშობლებიც საზღვარგარეთ არიან წასულები, ზოგს ბებია ზრდის, ზოგს მამა არ ჰყავს, მოკლედ, სხვადასხვა კატეგორიის ადამიანია და როგორც აღვნიშნეთ ძირითადად, არასრულწლოვნები. ზოგი ოფიციალურად არც არის გაწევრიანებული, ანუ ბლანკი არ აქვთ შევსებული და არაფერი, მაგრამ აქციებზე დადიან, ზოგი მერე წევრიანდება, როცა ერთ აქციას ესწრება. იქ რომ ხედავს, მასზე ცოტა უფროსები როგორ იქცევიან, თითქოს მისაბაძნი არიან და ესენიც ხშირად დადიან ოფისში. ეს ბავშვები ძირითადად 14–15 წლისები არიან. როგორც მე ვიცი, ისინი სკოლას აცდენენ, მშობელს ან ოჯახის წევრს ჰგონია, რომ სკოლაშია, ან საერთოდ არ ჰყავს მშობელი ადგილზე და ამ დროს ბავშვები აღმა–დაღმა დადიან. მაგალითად, ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ აქციაზე იმდენი არასრულწლოვანი იყო, დროშები რომ ეჭირათ ხელში, ადვილად გამოიცნობდით მათ ასაკს. ადვილად იმართებიან ეს ბავშვები, ამიტომ აქციაზე ისე შეგიძლია გაუშვა, რომ დამატებით კითხვებს არ გისვამენ და არც პრეტენზიები აქვთ“- ამბობს ჩვენი წყარო.
მისი თქმითვე, ამ ბავშვებს არაფერს უხდიან, ან მხოლოდ თემატურობის და სხვა საჭიროების მიხედვით უხდიან.
„ზონაში არის ერთი ადამიანი, გვარად კეთილაძე, რომელიც ამ ბავშვებს აქეზებს ყველაფერზე რომ წავიდნენ, ისე ადვილად მართავს, რომ არც არავინ ეწინააღმდეგება, ფსიქოტროპულ პრეპარატებს კი ყოველდღე სვამენ.
ეს წამლები ძალიან იაფი ღირს და რა უნდა მის ყიდვას? მეორეც, იქ ერთი გოგოა, გვანცა ჰქვია, მას აქვს რეცეპტი ამ მედიკამენტებისა, რომლითაც ადვილად გამოაქვს აფთიაქებიდან. დედის სახელზე გამოაქვს ძირითადად. მას მოაქვს ისეთი პრეპარატები, რომელსაც ნარკოლოგიურში არ ,,ამოაგდებს“. გარდა ამისა ოფისში ხშირად სვამენ, აქვთ სამედიცინო სპირტი, ბავშვები ხშირად ცუდად ხდებიან ხოლმე და არაადეკვატურები არიან. მშობელი ვერც ხვდება, რა სჭირს მათ შვილებს. ოფისს რაც შეეხება, თუ აქციები არაა დაგეგმილი, იქ თითქმის საქმე არაა, უბრალოდ, ბავშვები მოდიან და ზიან, საღამოობით სვამენ. ხოლო აქციები როცა იგეგმება, ყველა იქაა, მაგალითად მერაბიშვილის პროცესი რომ იყო, იმ აქციების დროს სრული მობილიზება გავაკეთეთ“ - ამბობს ჩვენი წყარო.
წყაროს მტკიცებითვე, აქციების დროს ძირითადად სამი ბრძანება გაიცემა:
1. აქციის დროს რაც შეიძლება ბევრი უნდა იყვირო და სკანდირება მოახდინო;
2. უნდა გამოიწვიო პოლიციელი, რომ ან შეგაგინოს, ან დაგარტყას, ან წაგიყვანოს. ამით უნდა მოახდინო მისი დისკრედიტაცია;
3. ვინმე „ქართული ოცნების“ ცნობადი სახე უნდა გამოიწვიო, რაიმე სახის პროვოკაციაზე, სულერთია. იდეალური ვარიანტი იქნება, თუ დაგარტყამს.
კითხვაზე, ჯილდოვდებიან თუ არა ამ საქციელის გამო ეს ბავშვები, წყარო ამბობს, რომ ეს იშვიათად ხდება. უბრალოდ პირდებიან, ხელისუფლებაში რომ დავბრუნდებით, დაგასაქმებთო. არასრულწლოვნებს ეუბნებიან, ვერ დაგასაქმებთ, მაგრამ რამე დროებით პროექტებში ჩაგრთავთო.
,,მეტსაც გეტყვით, იცით რა დაიწყეს? ერთმანეთის კომპრომეტირება. ანუ უფრო ზუსტად რომ აგიხსნათ, ერთ–ერთს ,,გაუჩალიჩეს“, ვითომ ოფისში რაღაც მოიპარა, რომ ჩაეძირათ. არადა, თუ რამე მოიპარა, რატომ არ გააგდეს? ეს ხომ სიცრუეა? ანუ ერთმანეთზეც მიმდინარეობს ნადირობა, რომ მერე საქმის გაკეთებისას წამოძახება და დაშანტაჟება ადვილი იყოს. აი, იმის მიუხედავად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ, არასდროს ვყოფილვარ ჩუმად, არ შემიძლია, ასეთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩავიყენო თავი. მაგალითად მეც გამიჩალიჩეს რაღაც და სიმართლე რომ დამემტკიცებინა, მინდოდა პოლიცია მომეყვანა, თავად მივალ და მივცემ ჩვენებას–თქო და უცებ გაისმა კობა ხაბაზის ზარი. ხომ იცით, ეგ ჩვენი ხელმძღვანელია. ჰოდა, გეხვეწები, არ გინდა პოლიცია, ჩვენ თავად მოვაგვარებთო, მთხოვა ხაბაზმა“- აცხადებს წყარო.
„საღამოს გაზეთმა“ ფაქტების გადამოწმება და კომენტარის მოპოვება „თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელთან სცადა, თუმცა სამი დღის მანძილზე ინფორმაციის გადამოწმებას უშედეგოდ ვცდილობდით. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კობა ხაბაზმა, არც სატელეფონო ზარებს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.
მარი კახიაშვილი