საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ავლაბრის რეზიდენციის მსგავსად, არც 80 მილიონიან ვიპ-თვითმფრინავზე ამბობს უარს.
ავიალაინერი „გოლსტრიმ 450“ ამ დრომდე რჩება პრეზიდენტის ავიაპარკში და მის მომსახურებაზე ყოველთვიურად 800 ათასი ლარი იხარჯება.
„საღამოს გაზეთის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ბორტს მომსახურებას ავიაკომპანია „აირზენა“ უწევს. თვითმფრინავი 2011 წელს თავდაცვის სამინისტრომ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ე.წ ლიზინგის წესით შეიძინა. ამერიკაში წარმოებული ლაინერის გამოსყიდვა ქვეყნის ბიუჯეტს 80 მილონი ლარი უჯდება და ამ თანხას, მომწოდებელ კომპანიას, საქართველო დღემდე უხდის.
ბაჩო ახალაიას უწყებამ „გოლსტრიმ 450“ სახელმწიფო ტენდერის გვერდის ავლით შეიძინა და ხელშეკრულებას საიდუმლო გრიფი დაადო. დოკუმენტის გასაჯაროება ალასანიას უწყებამ 2012 წელს მოახდინა. მაშინ თავდაცვის მინისტრმა პირობა დადო, რომ ძვირადღირებულ ლაინერს მომწოდებელ კომპანიას უკანვე დაუბრუნებდა.
აი რას აცხადებდა ირაკლი ალასანია 2012 წლის დეკემბერში:
„ვფიქრობ, რომ ეს არამიზნობრივი ხარჯია. ბიუჯეტსა და ხალხს, საქართველოს პრეზიდენტის დამატებითი თვითფრინავით უზრუნველყოფა 80 მილიონზე მეტი დაუჯდა. სწორედ ეს საკითხია გადახედილი და ჩვენ ალბათ ამ ვალდებულებისგან გავთავისუფლდებით“....
თავდაცვის მინისტრის ამ დაპირების შემდეგ რეალობა უცვლელი დარჩა და ძვირადღირებული ლაინერი, დღეს უკვე გიორგი მარგველაშვილს ემსახურება.
როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა ავიაპარკის შემცირებაზე უარი თქვა და სააკაშვილის მსგავსად, დღეს მის განკარგულებაშიც 2 თვითმფრინავია, „სიერჯი-200,“ რომელიც სააკაშვილმა პირველი საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე შეიძინა და 2005 წელს გამოშვებული ამერიკული „გოლსტრიმ 450“. ეს უკანასკნელი განსაკუთრებული ტექნიკური შესაძლებლობებით გამოირჩევა. ის საათში ცხრაას კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს და შორი მანძილის დაფარვა შეუძლია. სავარაუდოდ, ვიპ-თვითმფრინავის ეს შესაძლებლობები სააკაშვილისგან განსხვავებით მარგველაშვილს არ გამოუცდია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი ოფიციალური ვიზიტები ერევანს და პოლონეთს ვერ გასცდა.
კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია: პერეზიდენტის ორივე ბორტს ავიაკომპანია „აირზენა“ ემსახურება. როგორც „საღამოს გაზეთისთვის“ ცნობილი გახდა, „აირზენას“ ხელმძღვანელობამ მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ 2011 წელს ურჩია არ შეეძინა „გოლსტრიმ 450“ რადგან ბორტის მომსახურება კოლოსალურ თანხებთან იყო დაკავშირებული. როგორც ბევრი სხვა, ყოფილმა პრეზიდენტმა ეს რეკომენდაციაც არ გაითვალისწინა. თუმცა როგორც ჩანს, ბიუჯეტის თანხების დაზოგვას არც მარგველაშვილი გეგმავს. ის ძვირადღირებული თვითმფრინავის მომსახურებაზე უარის თქმას არ აპირებს. შესაბამისად, არც ალასანიას უწყება გეგმავს 80 მილიონიანი სალიზინგო ხელშეკრულების გადახედვას. ეს ინფორმაცია „საღამოს გაზეთს“ თავდაცის სამინისტროშიც დაუდასტურეს.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ხათუნა ლეჟავა:
- ჩემთვის ეს თემა ცნობილია. დიახ, თვითმფრინავთან დაკავშირებით მომწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გადახედვა მიმდინარეობდა, თუმცა როგორც ვიცი, ეს პროცესი შეჩერებულია.
- გამოდის, რომ თვითმფრინავის უკან დაბრუნება აღარ მოხდება და „გლოსტრიმ 450“ პრეზიდენტის განკარგულებაში დარჩება?
-მე გადავამოწმებ ამ ინფორმაციას უფრო კონკრეტულად ჩვენს უწყებაში და ეკონომიკის სამინისტროში და აუცილებლად დაგირეკავთ....
-ამ დაპირების მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროს, პრეზიდენტის თვითმფრინავთან დაკავშირებით ჩვენთან განმარტებები აღარ გაუკეთებია.
„გოლსტრიმ 450“-ის ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხი არ აღმოჩდათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც.
თიკო მჟავანაძე, პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი:
-„ეს ინფორმაცია არის საიდუმლო და მასზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ამაზე სპეცსამსახურებს უნდა კითხოთ, პრეზიდენტის გადაადგილებას ისინი უზრუნველყოფენ. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ვიზიტებზე, სადაც ვიმყოფებოდით, ერთი პატარა თვითმფრინავით დავფრინავთ“- განაცხადა მჟავანაძემ.
პრეზიდენტის პრესსამსახურისთვის უცნობი აღმოჩნდა ისიც, თუ რა თანხებთან არის დაკავშირებული ამ „პატარა თვითმფრინავის“ შენახვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, „გოლსტრიმ 450“-ის შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს თვეში 800 ათასი ლარი უჯდება. გაცილებით ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს პრეზიდენტის მეორე ბორტი „სიერჯი 200“, რომლის მომსახურებითაც საქართველოს ახალ პრეზიდეტს ამ დრომდე არ უსარგებლია.
ირაკლი ხომერიკი