არასდროს ისეთი გამართლებული არ ყოფილა ანდაზა - „რასაც დასთეს იმას მოიმკი,“ როგორც ეს, საქართველოს დღევანდელ რეალობაშია.
„ნაციონალური ხელისუფლება,“ რომელმაც თავის დროზე ცოცხები დათესა, დღეს ცოცხებთან ერთად კვერცხებსაც იმკის. მართალია ნაციონალებს მხოლოდ ცოცხები არ დაუთესიათ და მათ ქვები, ტყვიები და სიკვდილიც ბევრი დათესეს, თუმცა ამის მოსავლის მომკისგან ღმერთმა პირველ რიგში საქართველო, მეორე რიგში კი ნაციონალები დაიფაროს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ცოცხებს სხვა ფორმით თესავდა, დღეს კი სხვა ფორმით იმკის, ანუ გამწარებული მოსახლეობა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ცოცხებს ძირითადად, გარკვეული დისტანციიდან ესვრის ხოლმე და რომ არა ჩვენი პოლიციის ვაჟკაცობა, შესაძლოა ნაციონალების ლიდერებს, დათესილი ცოცხები იმავე ფორმით მოემკოთ, რა ფორმითაც დათესეს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია სავარაუდოდ, ცოცხები და კვერცხები იქნებოდა, რადგან, დაწყებული თელავიდან, დამთავრებული ბათუმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, გამწარებულმა მოსახლეობამ ორივე ნივთი საკმაოდ დიდი დოზით დაახვედრა.
ეს ყველაფერი კი, შეიძლება სამართლიანობის აღდგენის ამაო მოლოდინით დაღლილი ხალხის პირადი ანგარიშსწორების ფორმად მივიჩნიოთ, რაც ძალიან შემაშფოთებელია.
ძალიან ბევრი თქმულა და დაწერილა იმაზე, რომ თუ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს და სამართლიანობას არ აღადგენს, მაშინ ამას თავად ის ხალხი შეეცდება, რომლების ცხოვრებაც გასული 9 წლის განმავლობაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაანგრიეს და რომლებსაც მომავალი დაუკარგეს.
ასეთი სცენარისგან კი საქართველო ღმერთმა დაიფაროს, რადგან პირადი შურისძიება, უდიდესი ალბათობით, უკონტროლო ვითარებაში გადაიზრდება და მას შეიძლება დიდი რაოდენობით უდანაშაულო ადამიანებიც ემსხვერპლონ.
სწორედ ამიტომ უნდა გამოფხიზლდეს ხელისუფლება და დამნაშავეებს სათანადოდ მოსთხოვოს პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გამწარებული ხალხი ცოცხების მხოლოდ სროლით აღარ შემოიფარგლოს.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძის უწყების ბიჭები დაკისრებულ მოვალეობას თავს ჯერჯერობით ძალიან კარგად ართმევენ და თუ არ ჩავთვლით ბათუმში, უგულავას მისამართით ნასროლ და მიზანში მოხვედრილ ორიოდე კვერცხს, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხალხში არსებული აგრესიის უზარმაზარი დოზის ფონზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, გამწვავებული სიტუაციიდან თავს მშვიდობიანად აღწევენ.
როგორც აღვნიშნეთ, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დამსახურებაა, რომლებიც განსხვავებით მერაბიშვილის პოლიციისგან, ორივე მხარის უსაფრთხოებაზე ერთნაირად ზრუნავენ.
მაგრამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსიც არ არის ამოუწურავი და თუ იმ უამრავმა გამწარებულმა ხალხმა იხუვლა, ვეჭვობ, ამ შემთხვევაში სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების სათანადოდ დაცვა უზრუნველყოს. ამ შემთხვევაში, ქვეყნის და ახალი ხელისუფლების იმიჯი მნიშვნელოვნად დაზარალდება.
ამიტომ, ახალი ხელისუფლების ინტერესებშიც შედის, რომ გლდანის ციხეში გამოსამწყვდევი დამნაშავე იქ დროულად გამოამწყვდიოს, სადაც გაცილებით უფრო დაცული იქნება, ვიდრე გარეთ. ამ შემთხვევაში ქვეყნის იმიჯიც გადარჩება.
მართალია ხელისუფლების ასეთი ქმედება სავარაუდოდ, დასავლეთის შეშფოთებას გამოიწვევს, მაგრამ როგორც ბოლო წლების პრაქტიკამ გვაჩვენა, იგივე დასავლეთს, შეშფოთება-აღშფოთების გარდა არაფერი შეუძლია და უკვე იმ იმპოტენტს ემსგავსება, რომელიც მოპირისპირე მხარეს გაუპატიურებით ემუქრება და მხოლოდ ამ მუქარით შემოიფარგლება.
შეიძლება ამ საკითხში ვინმე შემოგვედავოს, მაგრამ თუ გავიხსენებთ, როგორ ბაქიბუქობდა იგივე ამერიკა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, საბოლოოდ კი მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ 30-მდე რუსს ვიზის მიცემაზე უარი უთხრა, - ჩვენი არგუმენტის სისწორეში ეჭვის შეტანა ზედმეტი იქნება.
ძალიან ძნელი და სარისკოა, რომ გამოსცადო იმ ადამიანის მოთმინება, რომელსაც წინა ხელისუფლებამ ოჯახის წევრი მოუკლა, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოდ ციხეში გამოკეტა, რომელსაც ქონება წაართვა და რომელსაც ღირსება ფეხქვეშ გაუთელა.
ასეთი ადამიანების რიცხვი, სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ძალიან დიდია. მათი ერთობლივი მოქმედებაკი რა მასშტაბებსაც მიაღწევს, ეს ძნელი წარმოსადგენი ნამდვილად არაა.
ნაციონალების მიერ გავრცელებული ვერსია იმის შესახებ, რომ მათ წინააღმდეგ ხალხი ახალ ხელისუფლებას გამოჰყავს, სიმართლეს ნაკლებად შეესაბამება, რადგან თუ ხელისუფლება ამას მოინდომებს და სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ რეპრესირებულებს მოქმედების თავისუფლებას მისცემს, საეჭვოა, რომ ეს უკანასკნელნი მხოლოდ კვერცხების სროლით შემოიფარგლონ.
ხალხი, ვინც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა უდანაშაულოდ გამოამწყვდია ციხეში, ის ხალხია, ვინც „ნაციონალურ რეჟიმთან“ თანამშრომლობაზე და მისთვის გუნდრუკის კმევაზე, თავის დროზე უარი განაცხადა და რომელთა მართვაც მიშას ხერხემალმა ვერ შეძლო. ამიტომ, მათთვის ყველაზე საიმედო ადგილად ციხე მიიჩნია.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ხალხი ახალ ხელისუფლებასთან ალიანსში იყვნენ და მათი მითითებით მოქმედებდნენ. უფრო მეტიც, ეს ხალხი „ქართულ ოცნებაზეც“ არანაკლებაა გაბრაზებული, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ვინაიდან იმ ადამიანებს, ვინც მათ დაკავებას, წამებას, ბრალის წაყენებას და გასამართლებას აწარმოებდა, რეპრესირებულები, დღეს ისევ თანამდებობებზე ხედავენ.
არანაირი გამართლება არ აქვს იმ ფაქტს, რომ მოსამართლე, რომელიც სააკაშვილის პროკურატურის ყურმოჭრილი მონა იყო და რომელსაც შუბლის ძარღვი უკვე 10 წელია გაწყვეტილი აქვს, მოსამართლე, რომელიც უდანაშაულო ხალხს ციხეში ისტუმრებდა და შემდეგ, ამ უსამართლობაში აღებული ფულით ოჯახს კვებავდა, - დღეს თანამდებობაზე იყოს და ისევ მტყუან-მართალს არჩევდეს.
ასეთი მოსამართლეები არაფრით განსხვავდებიან სტალისნის დროინდელი ეგრეთწოდებული „ტროიკის“ წევრებისგან. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში დახვრეტის მუხლი აღარ მოქმედებს. დახვრეტის მუხლი რომ მოქმედებდეს, დამერწმუნეთ, მოსამართლე ჩემიასა და მსგავსი ნაძირალებისთვის, არც საკუთარი მოქალაქეებისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა იქნებოდა პრობლემა, ვინაიდან მათ სააკაშვილის პერიოდში მოახერხეს და მორალურად რამდენიმე ასეული თუ ათასეული ადამიანი მოკლეს.
ეს ყველაფერი ხალხს ახსოვს.
ეს ყველაფერი ახსოვს იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტის წინ 18 დღის განმავლობაში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით აქციას მართავდნენ. ამ ადამიანების უმრავლესობა ყოფილი სამხედრო ან პოლიცის მაღალჩინოსანია და ღმერთმა არ ქნას საქმე პირად შურისძიებამდე მივიდეს, თავიანთი მტანჯველების წინააღმდეგ თითო ტყვიის გასროლა ყველა მათგანს შეუძლია.
ამ ყველაფერზე ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს.
არსებობს ვერსია იმის შესახებაც, რომ პროკურატურის გააქტიურება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, რადგან გამწარებულ ხალხში სამართლიანობის აღდგენის დასაწყისის განცდა შეიქმნას. თუ ეს მართალია, შეიძლება ამ ხერხმა ხელისუფლებას მოცემულ ეტაპზე მართლაც გაუჭრას, მაგრამ სად წავა ის არჩევნების შემდეგ, როცა გამწარებული ხალხი პასუხს არა წინა ხელისუფლებას, არამედ მათ მოსთხოვენ?
ნაცონალური რეჟიმის მიერ გამწარებული ხალხის არსენალში ჯერჯერობით მხოლოდ ცოცხები და კვერცხებია, ხოლო თუ ეს არსენალი საკმარისი არ აღმოჩნდება, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ ის, სხვა, გაცილებით ეფექტური საშუალებებით გაამდიდრონ, რაც ნაციონალების ჯალათების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უშუალო ასახვას ჰპოვებს.
ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი იმისა, რომ ეს პროცესები არ დაუშვას და ხალხის განწყობის პულსზე ხელი გამუდმებით ეჭიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოცხები და კვერცხები მხოლოდ ჟურნალი აღმოჩნდება.
გიორგი აბრამიშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“