ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საყვარელი ბებია მზია წერეთელი უკანასკნელ ინტერვიუშიც ახსენა.
კერძოდ, მან „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, რომ ბებიას ერთ-ერთი რესტორნის წილი იძულებით დაათმობინა.
„ჩემი პრეზიდენტობის დროს აღმოვაჩინე, რომ ბებიაჩემს - მზია წერეთელს ბაბუაჩემმა გივიმ ერთ-ერთი რესტორნის წილი - 15% დაუტოვა და გავგიჟდი. მოვიყვანე ბებიაჩემი, რომელიც ძალიან აქტიური ქალია, ძალიან მიყვარს და არ დაგიმალავთ, ხმას ავუწიე და ვუთხარი, რომ როგორ შეიძლება, პრეზიდენტის ბებიას ჰქონდეს რესტორნის წილი-მეთქი?! როგორ მოგივიდათ ეს თავში-მეთქი?.. თავს იმართლებდა, ბაბუაშენმა დამიტოვაო. სხვათა შორის, აქეთ მეჩხუბა და მითხრა, რომ ერთხელ მაინც იკითხე რითი ვცხოვრობ ეს წლებიო! ამ რესტორნიდან თვეში 2000 ლარის შემოსავალი მაქვს და ამით ვცხოვრობო... მართალი იყო, არ მიმიცია არასდროს ფული. საბოლოოდ ეს წილი უსასყიდლოდ სხვისთვის გადავაფორმებინე და დავტოვე ამ შემოსავლის გარეშე. ასე ვექცეოდი მე ჩემს ნათესავებს“ - განაცხადა პრეზიდენტყოფილმა.
„ნიუსპრესი“ დაინტერესდა როდის და რა ვითარებაში გასხვისდა ექსპრეზიდენტის ბებიის წილი. როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილის მიერ მოყვანილი არც ერთი გარემოება სინამდვილეს არ შეესაბამება.
1. „ბებიაჩემს - მზია წერეთელს ბაბუაჩემმა გივიმ დაუტოვა ერთ-ერთი რესტორნის 15 % წილი“- ბრძანებს ექსპრეზიდენტი.
საჯარო რეესტრში განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, გივი ბაბუა, სინამდვილეში რესტორან „წისქვილის“ 78, 75% -იანი წილის მფლობელი ჯუმბერ მაღლაკელიძეა, რომელმაც 2009 წლის 3 აგვისტოს საკუთარი წილიდან 10%, პრეზიდენტის ბებიას 44 843 ლარად მიჰყიდა. პრეზიდენტის ბაბუა გივი ალასანია კი ბევრად უფრო ადრე, 2007 წლის ივლისში გარდაიცვალა. საინტერესო ფაქტია, რომ მაღლაკელიძისგან იმავე დღეს 10% იყიდა ვინმე ელისო ნარსიამასაც.
2. „ საბოლოოდ ეს წილი უსასყიდლოდ სხვისთვის გადავაფორმებინე და დავტოვე ამ შემოსავლის გარეშე“ - აცხადებს სააკაშვილი.
პრეზიდენტის ბებია რესტორნის წილს 2009 წლიდან ფლობდა, შემდეგ, 2013 წლის 4 ივლისს კი, მისი გაყიდვა გადაწყვიტა. იმავე დღეს გასხვისდა ელისო ნარსიას 10%-ც. მყიდველმა ლაშა ჩხაიძემ 20%-ში 113 888 ლარი გადაიხადა.
3. „და დავტოვე ამ შემოსავლის გარეშე. ასე ვექცეოდი მე ჩემს ნათესავებს"-ბრძანებს ექსპრეზიდენტი.
შემოსავლის გარეშე დარჩენილმა მზია წერეთელმა 2013 წლის 24 ოქტომბერს ვაკეში, ჭავჭავაძის N 37-ში მშენებარე ბინაში 197 კვ.მ ფართობი შეიძინა.
ევა ალფენიძე
საინფორმაიო სააგენტო „ნიუსპრესი“