ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს რეგიონებში ტურნეს აგრძელებს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით,
ის აპირებს პირადად ჩავიდეს ქვეყნის ყველა კუთხეში, არსებულ პრობლემებს ადგილზერ გაეცნოს, უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინოს ის, რა და როგორ სჭირდებათ და რეგიონის განვითარების სტრატეგია მათთან ერთად დაგეგმოს.
როგორც ცნობილია, პირველად ის სამეგრელოს ესტუმრა და რეგიონის შემოვლა სენაკის სამხედრო ბაზით დაიწყო. ღარიბაშვილი ჯარისკაცებს ესაუბრა, მათგან ბაზაზე არსებული პრობლემების შესახებ მოისმინა, საკუთარი ხედვაც გააცნო და განუცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეების ღირსების დაცვა და მათი მხარდაჭერა მიაჩნია.
სენაკის შემდეგ იყო ანაკლია, ადგილი, სადაც ხელისუფლება პორტის აშენებას გეგმავს. სწორედ პორტის მშენებლობით იგეგმება რეგიონში უმუშევრობის აღმოფხვრა და ეს პორტი საქართველოს ეკონომიკაშიც უდიდეს როლს შეასრულებს. რაც შეეხება ენგურსგაღმა მცხოვრებლებს, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა გამყოფი ხაზის გასწვრივ, ძველისგან განსხვავებულ, სრულიად ახალ პოლიტიკას ახორციელებს და არა ისეთს, როგორიც წინა ხელისუფლების დროს იყო, მხოლოდ სიტყვებსა და პიარზე დაფუძნებული. პრემიერმა ისიც განაცხადა, რომ სამეგრელოს რეგიონში 220 ადგილიანი კლინიკის აშენება იგეგმება, თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ სამკურნალო დაწესებულება. საუნივერსიტეტო კლინიკა სასწავლო ცენტრის ფუნქციასაც შეასრულებს, სადაც შესაძლებელი იქნება დიპლომის შემდგომი განათლების მიღება და ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება. კლინიკის მშენებლობაზე, რომელიც მალე დაიწყება დევნილები დასაქმდებიან, საავადმყოფოს ამოქმედების შემდეგ კი მათი დიდი ნაწილი გადამზადებას გაივლის და კლინიკის ტექნიკური თუ დამხმარე პერსონალის პოზიციებზე იმუშავებს. საუნივერსიტეტო კლინიკაში სამედიცინო, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით 600-მდე ადამიანი დასაქმდება.
ღარიბაშვილმა არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი დადიანების სასახლეც მოინახულა და მისი რეაბილიტაციის პირობა უშუალოდ სასახლის დირექტორსა და მომსახურე პერსონალს მისცა.
პრემიერი დევნილთა დასახლებებითაც დაინტერესდა, მათაც პირადად ეწვია და გაესაუბრა.
`ახალი ხელისუფლების პირობებში 2000 დევნილი ოჯახი, ანუ საშუალოდ 8000 ადამიანი, საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილდა. მაისში თბილისსა და ქუთაისში ფართო მასშტაბის მშენებლობები დაიწყება, 2015 წელს კი ვარკეთილში კომპლექსის მშენებლობა დაიწყება, არანაკლები მასშტაბის მშენებლობები იგეგმება გორში და ბათუმში~ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრაქტიკულად ყველგან, ირაკლი ღარიბაშვილს სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებას სთხოვდნენ. ამასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დანაშაულს ჩადიოდა, უმკაცრესად დაისჯება.
`უდანაშაულო ადამიანებს იტაცებდნენ, აუპატიურებდნენ, დღეს კი ეს ადამიანები დემოკრატიაზე საუბრობენ და ჭკუას გვარიგებენ, როგორ უნდა წარვმართოთ პოლიტიკა. მე მინდა ამ ყველაზე დიდ უმცირესობას შევახსენო, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პოლიტიკას განსაზღვრავდა, უმკაცრესად იქნება დასჯილი~ -აღნიშნა პრემიერმა.
შემდეგ აჭარაში ვიზიტი შედგა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რაც იქ ხორციელდება, ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობაა. ამ გზის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ პრემიერმა განმარტა, რომ ასეთი გზის არარსებობა წლების განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს და დაამატა, რომ მშენებლობა 2016 წელს დასრულდება. შემოვლითი გზის დასრულებისთანავე გამარტივდება სატრანსპორტო გადაზიდვები, შემცირდება მგზავრობის დრო და გადაადგილება უსაფრთხო გახდება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩქაროსნული გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ საქართველოს ექნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რაც დიდ სარგებელს მოუტანს და ამავდროულად, გაამარტივებს მიმოსვლას მეზობელ თურქეთთან.
პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილსაც შეხვდა რის შემდეგაც საზღვაო აკადემიას ესტუმრა.
ორივე ვიზიტის დროს პრემიერს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაჰყვებოდა და სტუდენტებს ხვდებოდა. ის პირადად აცნობდა იმ ინიციატივებს, რომლებიც პრემიერს სტუდენტებთან დაკავშირებით აქვს. სამეგრელოში ის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, აჭარაში კი შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა.
სტუდენტებსა და კობახიძეს შორის საუბარი სამუშაო გარემოში წარიმართა და ნებისმიერ სტუდენტს კითხვისა თუ შენიშვნის გამოთქმის შესაძლებლობა ჰქონდა. ნინო კობახიძემ პრეზენტაციისას დეტალურად განმარტა თითოეული ინიციატივა და აღნიშნა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივებმა, რომლებიც საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნას, საჯარო სამსახურში წარჩინებული სტუდენტების სტაჟირებასა და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას გულისხმობს, სტუდენტების დაინტერესება გამოიწვია.
ღარიბაშვილი საქართველოს სხვა რეგიონებს მალე ეწვევა და წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებას თვალს პირადად მიადევნებს.
ჯანო ვაშაყმაძე