სამი კვირის წინ, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე,
იქ სადაც დეკორატიული მცენარეების დახურული საკოლექციო ნაკვეთია, ბეტონის კედლის ნაწილს დემონტაჟი გაუკეთდა და მის ადგილას რკინის კარები ჩააყენეს.
ადგილზე მისულ „ნიუსპრესის“ თანამშრომლებს, რამდენიმე მუშა და ვინმე გივი ყვარელაშვილი დაგვხვდა, რომელმაც განგვიცხადა, რომ ყველაფერი კანონიერად ხდებაო.
„ეს ტერიტორია ამირან რობაქიძეს ეკუთვნის. მე მისი ნდობით აღჭურვილი პირი ვარ“ - განაცხადა ყვარელაშვილმა და დოკუმენტიც გვაჩვენა, კონკრეტულად კი, საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რითაც დასტურდება, რომ 2007 წლის 3 აგვისტოდან მიწის ნაკვეთის მეპატრონე ამირან რობაქიძეა.
როდის გასხვისდა მიწის ფართობი, სადაც 68 წელია ეროვნული ბოტანიკურ ბაღის საკოლექციო ნაკვეთია? საბუთების მიხედვით, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით არსებობს, ირკვევა, რომ ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მირზა შაფის ქუჩის ქვედა ფერდის საკმაოდ დიდი ტერიტორიის მფლობელი შპს „ვ.ი.გ.“ -ი გახდა, რომლის 100% წილის მფლობელი ზურაბ გიგაურია.
ოფიციალური მონაცემებით „ვ.ი.გ.“ 1998 წელის 20 ოქტომბერს არის დარეგისტრირებული. სულ რაღაც ერთ თვეში კი, თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის №20.30.503 დადგენილებით, 1998 წლის 11 ნოემბერს, მიწათსარგებლობისა და ქალაქმშენებლობის კომისიამ, მიწის ნაკვეთების ფიზიკური და იურიდიული პირების დამაგრების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 44 კაციან ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სიაში არსებულ კომპანიებს შორის „შპს "ვ.ი.გ."-ს სასტუმრო და საცხოვრებელი სახლების კომპლექსის მშენებლობისთვის, მირზა შაფის ქუჩის ქვედა ფერდზე, დაახლოებით 0.3 ჰა თავისუფალი მიწის ნაკვეთი გადაეცა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ცნობით, თბილისში, მირზა შაფის ქუჩის ქვედა ფერდზე(ნაკვ.19/7) (სარეგისტაციო №01.18.04.019.007 დაზუსტებული ფართობი: 2993.00 კვ.მ) ბინა 11-ა-ზე თავდაპირველი რეგისტრაცია 2001 წლის 20 დეკემბერს განხორციელდა. ამონაწერიდან ირკვევა, რომ 2001 წლის 20 დეკემბრიდან 2002 წლის 25 იანვრამდე, მიწის ფართობი შპს „ვ.ი.გ"-ზე იყო რეგისტრირებული. დარეგისტრირებიდან ერთი თვის თავზე კი, მიწის ნაკვეთი 20 000 ლარად გაყიდა. ბოტანიკური ბაღის დაახლოებით 3000 კვ.მ ფართობის მეპატრონეები ვინმე ნოდარ წერეთელი და მანანა გოგიჩაიშვილი გახდნენ.
საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა ასევე, რომ 2002 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 14 ივნისამდე, მირზა შაფის ქუჩის ქვედა ფერდის 2993.00 კვ.მ რეგისტრირებული იყო ნოდარ წერეთელზე და მანანა გოგიჩაიშვილზე, რომლებმაც 5 წლის შემდეგ მიწის ნაკვეთი ვინმე ამირან რობაქიძეზე გააჩუქეს.
ხელშეკრულება უძრავი ქონების ჩუქების შესახებ, მანანა გოგიჩაიშვილს, ნუგზარ წერეთელსა და ამირან რობაქიძეს შორის 2007 წლის 14 ივნისს დაიდო.
„1.ორი ათას შვიდი წლის თოთხმეტ ივნისს, მანანა გოგიჩაიშვილმა და ნოდარ წერეთელმა აჩუქა „საჩუქარი" ამირან რობაქიძეს, ხოლო ამირან რობაქიძემ მადლიერებით მიიღო აღნიშნული საჩუქარი.
2. საჩუქარი წარმოადგენს მანანა გოგიჩაიშვილისა და ნოდარ წერეთელის კუთვნილ უძრავ ქონებას, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქალაქ თბილისი, მირზა შაფის ქუჩის ქვედა ფერდი: სარეგისტრაციო ზონა: ქ.თბილისი, კოდი: 1, სექტორი: კრწანისი, კოდი: 18, კვარტალი №4, ნაკვეთის №19/7, ფართობი:2999.3 კვ.მ. უფლება ნაკვეთის წინა საერთო საკუთრება. ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო. ყადაღა არ არის დარეგისტრირებული. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება არ არის დატვირთული.
მჩუქებლის განცხადებით, საჩუქრის საბაზრო ღირებულებაა 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ანუ 840 000 (რვასს ორმოცი ათასი) ლარია. საჩუქრის ჩუქება არ უსპობს საარსებო წყაროს მას და მის კმაყოფაზე მყოფ პირებს" - ნათქვამია დოკუმენტში.
ოფიციალური საბუთების მიხედვით ამირან რობაქიძეზე გაჩუქებული მიწის ნაკვეთი, 21-ე დღეს წერეთელმა და გოგიჩაიშვილმა უკან დაიბრუნეს და მასვე ნახევარ მილიონად მიყიდეს.
2007 წლის 13 ივლისს, ჩუქების ხელშეკრულება ოფიციალურად გაუქმდა.
„ჩვენი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ვაუქმებთ ზემო აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულებას“ - წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს მანანა გოგიჩაიშვილი, ნოდარ წერეთელი და ამირან რობაქიძე აწერენ.
გაჩუქებული უძრავი ქონების დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, წერეთელმა და გოგიჩაიშვილმა რობაქიძეს მიწის ნაკვეთი ნახევარ მილიონ აშშ დოლარად მიყიდეს.
„ნასყიდობის ფასი: 1 მხარეთა განცხადებით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად. რაც ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენს 835 000 (რვაასოცდათხუთმეტიათასი) ლარს" - აღნიშნულია დოკუმენტში.
რატომ სარგებლობდა 16 წლის მანძილზე მირზა შაფის ქუჩის ქვედა ფერდით, იქ სადაც დღემდე დეკორატიული მცენარეების დახურული საკოლექციო ნაკვეთია და იცოდა თუ არა მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ, ამის შესახებ "ნიუსპრესთან" საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი მაია თავართქილაძე აცხადებს, რომ:
„ბოტანიკური ბაღის ტერიტორია 128 ჰა ფართობს მოიცავდა, სადაც მირზა შაფის ქუჩის ქვედა ფერდობზე არსებული 2993 კვ.მ ნაკვეთიც შედიოდა. სამ ნაკვეთზე 1946 წელს დეკორატიული ბალახოვანი კოლექცია გაშენდა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი დღემდე ინარჩუნებს. 1998 წლამდე მას ძეგლის სტატუსი ჰქონდა. მაგრამ, რადგან ბოტანიკური ბაღი აკადემიის სტრუქტურაში იყო გაერთიანებული, უძრავ ქონებაზე აკადემია უზურფრუქტით სარგებლობდა. 2006 წელს ყველა კვლევით სამეცნიერო დაწესებულებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მისცეს. რა თქმა უნდა ბოტანიკური ბაღიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდა, მაგრამ უძრავი ქონება არ გადაუციათ. 2010 წლის დადგენილებით, მთავრობამ 2011 წლის 1 იანვრიდან ბაღი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიუერთა.
2011 წლის ივნისის ბოლოს, განათლების სამინისტროდან ილიას უნივერსიტეტს დაფინანსება შეუმცირდა. უნივერსიტეტმა თქვა, რომ ბაღის ფუნქციონირების უზრუნველყოფა მას არ შეუძლია. ამიტომ ბოტანიკური ბაღი მერიას გადაეცა, რომელმაც „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი," როგორც არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიულ პირი დააფუძნა და 2011 წლის 22 ივნისს სწორედ მის დირექტორად დამნიშნეს. პირველი რაც დავიწყე ის საქმეები იყო, რომ ბაღისთვის უძრავი ქონების გადმოცემა უნდა მომეგვარებინა.
- როდის გაიგეთ მიწის გასხვისების შესახებ?
-2013 წლის 11 ივლისს, მერიამ ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს უსასყიდლო უვადო უზურფრუქტით, 96 ჰექტარზე მეტი უძრავი ქონება გადასცა. როდესაც რეგისტრაცია გავიარეთ, საჯარო რეესტრში საზღვრები მოვიძიე. ვნახე, რომ ის ადგილი, სადაც დეკორატიული მცენარეების დახურული საკოლექციო ნაკვეთი გვაქვს, გასხვისებული იყო. ეს ჩემთვის შოკის მომგვრელი ფაქტი გახლდათ. მანამდე თანამშრომლებისაგან კი მქონდა გაგებული, რომ თითქოს გასხვისებულიაო, მაგრამ არავინ არ მოსულა და ამ ნაკვეთზე პრეტენზია არ განუცხადებია.
ამის შემდეგ მე საჯარო რეესტრიდან საბუთების გამოთხოვა დავიწყე. აღმოჩნდა, რომ ქალაქმა ის შპს „ვ.ი.გ"-ს აღნაგობის უფლებით გადასცა და მანაც, 2002 წელს ის 20 000 ლარად გაყიდა.
2007 წელს ნაკვეთს ორი მესაკუთრე ჰყავდა - მანანა გოგიჩაიშვილი და ნუგზარ წერეთელი. მოგვიანებით ისინი ამ ქონებას ამირან რობაქიძეს ჩუქნიან და აფიქსირებენ, რომ ამ ნაკვეთის საბაზრო ღირებულება არის ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი. აქ ხდება საინტერესო რამ: 14 ივნისს გააჩუქეს, ხოლო იმავე წლის 13 ივლისს, სამივე მხარე თანხმდება, აუქმებს ჩუქებას და 3 აგვისტოს ამირან რობაქიძე ნახევარ მილიონად ყიდულობს ამავე ნაკვეთს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ კეთილმა ადამიანმა გაჩუქათ, 2 კვირაში საჩუქარი წაგართვათ, მერე თქვენ გაიქეცით და ორ კვირაში ნახევარ მილიონად იყიდეთ ის, რაც საჩუქრად გეკუთვნოდათ?!
ჩემთვის, ყველა ტრანზაქცია, რომელიც ამ ნაკვეთთან არის დაკავშირებული კითხვის ნიშანს ბადებს. საინტერესოა, როგორ გამოცხადდა ის თავისუფალ მიწად. მერე კი, თუ ნახევარი მილიონი ღირდა, ორ პირზე 20 000 ლარად როგორ გაიყიდა?!
-ვინ არიან მანანა გოგიჩაიშვილი და ნუგზარ წერეთელი?
-არ ვიცი. ბაღის თანამშრომლები, რომლებიც წლებია აქ მუშაობენ, ამბობენ, რომ ეს სახელი და გვარი პირველად გაიგონეს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი" მირზა შაფის ქუჩის ქვედა ფერდობის მესაკუთრეს, ამირან რობაქიძის ნდობით აღჭურვილ პირს გივი ყვარელაშვილს დაუკავშირდა, თუმცა ტელეფონზე ყვარელაშვილის დედამ გვიპასუხა. იგი კატეგორიულად მოითხოვდა გვეთქვა, რატომ ვიყავით დაინტერესებული აღნიშნულ მიწის ნაკვეთით და ვის ინტერესებს ვემსახურებით.
„ნიუსპრესი" მასთან დიალოგს უცვლელად გთავაზობთ:
„მე ვარ თამილა რობაქიძე-ყვარელაშვილი ამირან რობაქიძის შვილი და ბატონი გიზო ყვარელაშვილის მეუღლე. მე ერთი რამე მაინტერესებს, - რატომ კითხულობთ ამ ამბავს?
- ქალბატონო თამილა, გავეცანი საბუთებს, სადაც წერია, რომ ამირან რობაქიძემ, ნუგზარ წერეთლისა და მანანა გოგიჩაიშვილისგან საჩუქრად მიიღო ეს მიწის ნაკვეთი. შემდეგ...
-არა გენაცვალე, ასე არ იყო. თუ საბუთებს ნახულობდით, შემდეგ იყო ნასყიდობა. ეს იყო ახლობლებს შორის გარკვეული ვადით, გარკვეული ფინანსური ურთიერთობის შედეგად. საქმე ისეთნაირად მოგვარდა, რომ ჯერ ამას ჰქონდა ჩუქების სახე. ეს კანონის ფარგლებში, რომ არ ყოფილიყო, ჩუქების შემდეგ ნასყიდობის აქტს არავინ არ დაამტკიცებდა. გავიგეთ, რომ ამ ნაკვეთთან დაკავშირებით ბოტანიკური ბაღის დირექციამ საბუთები პროკურატურას გადასცა. თუ რამეს გვკითხავენ, ჩვენი ადვოკატი შესაბამის პასუხს გასცემს. მაინტერესებს, რასაც თქვენ მეკითხებით, რატომ არის თქვენი ინტერესის სფერო?!
-სანამ თქვენ გადმოგეცემოდათ, საქართველოს ეროვნული ბაღის ტერიტორია შპს „ვ.გ.ი."-ს მფლობელობაში იყო. შემდეგ...
-მერე? შპს „ვ.ი.გ." -ის წარმომადგენლებთან მიაკვლიეთ! ჩვენ ხომ არ ვართ შპს „ვ.ი.გ.“-ი!
- ქალბატონო თამილა, თქვენ ხარ იმ ადამიანის წარმომადგენელი, რომელმაც ბოტანიკური ბაღის ბეტონის კედელი, რომელიც მირზა შაფის ქუჩის მხარეს მდებარეობს, ამოჭრა და იქ კარები ჩასვა.
- კი ბატონო. მე თქვენი ინტერესი მაკვირვებს!
- ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღზე ვსაუბრობთ. აღმოჩნდა, რომ უზარმაზარი მიწის ნაკვეთი გაიყიდა.
-იქ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ, რამე ისე რომ არ იყოს, თქვენ ხომ არც პროკურატურა ხართ და არც მისი წარმომადგენელი. თქვენ რა გაინტერესებთ პირადად?! მე ამ საკუთრებას კანონით ვფლობ. ჩემს გვერდით ტერიტორიაზე მშენებლობა მიმდინარეობდა საიდანაც შევდიოდით. როდესაც იქ ტრაპაიძემ (საუბარია დასაქმების ყოფილ მინისტრ პაატა ტრაპაიძეზე. ავტ) მშენებლობა დაამთავრა, შესასვლელი ჩაკეტა. ელემენტარულად ჩემს საკუთრებას, ჩემს მიწის ნაკვეთს შესასვლელი არ ჰქონდა. ყველა დოკუმენტი მერიაში წარვადგინე. რა თქმა უნდა ყველაფერი კანონიერია. ვერავინ ვერაფერს მომედავება. ქალაქის არქიტექტურის სამსახურიდან მივიღე თანხმობა, რის შემდეგ იქ ღობე მოინგრა. უნებართვოდ არაფერი გამიკეთებია.
მაინტერესებს, საერთოდ როგორ, ან რისთვის უნდა რეკავდეთ, ჩემს საკუთრებაზე მისვამთ კითხვას. მე ვერ გავიგე, თქვენ რატომ ხართ უფლებამოსილი კითხვა დამისვათ?! რამდენიმე წელია ეს ტერიტორია ბოტანიკურ ბაღს არ ეკუთვნის. პირველი მფლობელი ვინც, მან მიიღო საკუთრებაში ბოტანიკური ბაღიდან და ეს მე არ ვარ! მე კეთილსინდისიერი შემსყიდველი ვარ! ჯერ აღნაგობის უფლებით გადაეცა შპს „ვ.ი.გ"-ს და მერე საკუთრების უფლებით. მაშინ მოიძიეთ „ვ.ი.გ"-ის საკონტაქტოები. მე რატომ მჭყლიტავთ ამ ურთიერთობაში?! ჩვენ, 4-მა ოჯახმა, სახლები გავყიდეთ და ისე შევიძინეთ ეს მიწის ნაკვეთი. ამას არაფერი აქვს საერთო იმ ტრაგედიასთან, რომელიც ასე უნდა ქალბატონ მაიას დაუკავშიროს. თქვენ ხომ ქალბატონმა მაიამ გამოგიძახათ?! (საუბარია ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორზე)
-მე არავის გამოვუძახებივარ. მაქვს საბუთები, სადა წერია, რომ ამირან რობაქიძეა მესაკუთრე. თქვენ ხართ მისი წარმომადგენელი.
-მე არ მითქვამს და აბა ვინ გამოგიძახათ?! იმ დღეს კარები რომ იკიდებოდა, საიდან გქონდათ ეს ინფორმაცია?
-მე ჟურნალისტი ვარ. ინფორმაციას როგორ ვგებულობ და ვინ მითხრა, ამას ნამდვილად არ გეტყვით.
-თქვენს გარდა საქართველოში ჟურნალისტი არ არის? თქვენს გარდა იქ ჟურნალისტი არავინ მოსულა! მე პოსტფაქტუმ ვაფიქსირებ, რომ ეს არის თქვენი და მაიას პირადი ურთიერთობის შედეგი. თქვენ რადგან ჟურნალისტი ხართ, გგონიათ, რომ კონსტიტუციურად ნებისმიერ მოქალაქეზე მეტი უფლება გაქვთ?!
-ქალბატონო თამილა, უკვე გითხარით, რატომ დაგიკავშირდით. ეს ეხება ბოტანიკურ ბაღის მიწის ნაკვეთს..
- ეს ნაკვეთი ბოტანიკური ბაღის არ არის. ჯერ წარმოგიდგინოთ ბოტანიკურ ბაღმა დოკუმენტი, რომ ეს ნაკვეთი მათ ეკუთვნით და მერე დამირეკეთ. დამიმტკიცოს ბოტანიკურმა ბაღმა, რომ ეს ნაკვეთი მას ეკუთვნის.
2009 წელს, მესაკუთრის გაფრთხილების გარეშე ისე შეუცვალეს ზონალობა, რომ ჩვენ არც ვიცოდით. წესისა და რიგის მიხედვით ზონალობას, რომ ცვლიდნენ საქმის კურსში მესაკუთრე უნდა ჩაეყენებინათ. ზონალობის შეცვლა ეს არის ქონების ხელყოფა, რადგან ეს ძალიან ურტყამს თვითღირებულებას და ანახევრებს ქონების ფასს. ამის შესახებ პატრონს უნდა ჰქონოდა შეტყობინება. ყველანაირი კანონი დარღვეულია ჩემს მიმართ და არა ჩემს მიერ. არანაირი კომპენსაცია ჩემთვის არავის არ შემოუთავაზებია. ინფორმაციის დონეზეც კი არ უცნობებიათ, რომ თქვენი ნაკვეთი, რომელიც სარეკრეაციო ზონას არ ექვემდებარებოდა, ახლა უკვე ექვემდებარებაო. ამიტომ თუ კვადრატული ღირდა ამდენი, ახლა ღირს იმდენი. სადაც გინდათ იქ იკითხეთ, ეს არის საკუთრების ხელყოფა. რადგან თვითღირებულება მცირდება და მე სახელმწიფომ ეს ღირებულებაში წამართვა. ნაცვლად იმისა, რომ ჩემთვის დაზარალებულის სტატუსი მოეცათ, ახლა გამოვიდნენ ქალბატონი მაიას წინამორბედებიც და ეს თემა წამოწიეს. ყოველ 6 თვეში დირექტორი, რომ შეიცვალოს და თითოეულმა მათგანმა რაღაცები მთხოვოს, პლუს ჟურნალისტებმა, ამის უფლება არავის არ აქვს!
-კულტურის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
- ეს ბოტანიკურ ბაღს და ბოტანიკური ბაღის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიას. მაგრამ ეს არ არის ბოტანიკური ბაღის მფლობელობაში არსებული ტერიტორია. ეს არის მისი მომიჯნავე ტერიტორია
- კარების დაყენების შემდეგ, ვნახე თქვენს მფლობელობაში არსებული ტერიტორია, რომელიც წითელი ლენტით გაქვთ გამიჯნული. 2007 წლიდან 2014 წლის 8 მარტამდე რატომ არ გამიჯნეთ თქვენი ტერიტორია. მითუმეტეს, რომ ბოტანიკური ბაღი, დეკორატიული მცენარეების დახურული საკოლექციო ნაკვეთით დღემდე სარგებლობს?
-ჩვენი ტრაგედიის გამო 8 წელიწადი ვიყავით საქართველოდან გადახვეწილი. სოსოს, ტერიტორიის გამიჯვნა კი არა ყველამ კარგად იცის, რითაც იყო დაკავებული. როდესაც დავბრუნდი, ჩვენ მომიჯნავედ, ტრაპაიძეს დასრულებული ჰქონდა მშენებლობა და ღობე გაკეთებული ჰქონდა. ამიტომ მომიწია კარის დაყენებამ.
ძალიან გთხოვთ, დღეს 21-ე საუკუნეა, საკადასტრო კოდი და მისამართი იცით, მფლობელი იცით, თუ იქ რამე არის უკანონო, არსებობენ შესაბამისი ორგანოები, თუმცა ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ეს ჩემია. მაგრამ, მე თუ იქ დავიწყე ისეთი რაღაცის მშენებლობა, რომელიც შეუთავსებლობაში მოდის, არ შეთანხმდება, ან პარამეტრებში არ ჩაჯდება, მაშინ პრეტენზიას მივიღებ, მაგრამ არ ვაპირებ რამე არაკანონიერი გავაკეთო. ვფიქრობ ვიღაცას რაღაცის აგორება აწყობს. ამიტომ, ამ ბინძური კამპანიის თანამონაწილე არ გავხდები" - განაცხადა ქალბატონმა თამილამ.
რამდენად შეეძლება ამირან რობაქიძეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მომიჯნავე ტერიტორიაზე რამე სახის მშენებლობა განახორციელოს ამას დრო გვიჩვენებს, რადგან 2007 წლის 1 ოქტომბრიდან, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
გასხვისებული მიწის ნაკვეთი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში მდებარეობს, ხოლო „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში აკრძალულია ისეთი ობიექტების აღმართვა, „რომლებიც არ ემსახურება ძეგლების ან მისი გარემოს გაუმჯობესებას“.
p.s. მკითხველისთვის, გასაგები რომ გახდეს, ტრაგედია, რომელზეც ქალბატონო თამილა საუბრობს, ეს ბუტა რობაქიძის მკვლელობაა. ამირან რობაქიძე, რომელიც 2007 წელს მირზა შაფის ქუჩის ქვედა ფერდის მიწის ნაკვეთის მფლობელი გახდა, ბუტას ბაბუაა.
ირმა მეგრელი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“