საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე,
რომელიც 10 წლის მანძილზე, თაროზე იყო შემოდებული, „ჰაკიმ ფაშამ“, რომელიც ინტერნეტ სივრცეში დაიბადა, პროკურატურას ნებით თუ უნებლიედ თაროდან ჩამოაღებინა და დაჩქარებული წესით სასამართლოში მიატანინა. როგორც ყველას გვახსოვს, რამდენიმე დღის წინ „ჰაკიმ ფაშამ" ინტერნეტში, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამის ფოტოები და ვიდეო მასალა გაავრცელა. ფოტოებზე ჩანს, რომ ჟვანიასა და უსუპოვს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ. საიდან მოხვდა სისხლის სამართლის საქმეში არსებული ფოტომასალა „ჰაკიმ ფაშასთან" უცნობია. ფოტომასალის გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ „აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ერთადერთ მიზანს ემსახურება, ხელი შეეშალოს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას და დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებებს, ვინაიდან, ამ ეტაპზე აღნიშნული მასალის გამოქვეყნებამ შეიძლება საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება დააზიანოს და გაართულოს."
პროკურატურის თქმით ჟვანიასა და უსუპოვის სისხლის სამართლის საქმეში არის დეტალები, რომელიც არ არის გამოკვლეული. მათივე განმარტებით საჭიროა გვამების ექსჰუმაცია და ახალი ექსპერტიზის ჩატარება. რადგან საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა არასრულფასოვანია.
„ჰაკიმ ფაშას" მიერ გავრცელებული ვიდეო და ფოტომასალა კი თბილისის მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას კაბინეტში, სეიფში ინახებოდა.
„2012 წლის არჩევნების შემდგომ, ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტომასალა აღმოჩენილი იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის მ.ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში, საქმისგან განცალკევებით, რაც ასევე ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს. მიუხედავად მომხდარისა, მთავარი პროკურატურა ინტენსიურად განაგრძობს საქმის გამოძიებას და ძალისხმევას არ დაიშურებს, ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად“ - აცხადებენ უწყებაში.
რა მიზანს ემსახურებოდა ინტერნეტში ვიდეო და ფოტო ფირის გავრცელება უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ „ჰაკიმ ფაშას" მიერ გავრცელებულ მასალას, პროკურატურის მხრიდან სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგის ლევან ჩაჩუასა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამიას დაკავება მოჰყვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ ლევან ჩაჩუასა და მიხეილ ძაძამიას აღკვეთ ღონისძიებად 60 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა სახელმწიფო ბრალმდებელი დარბაზშივე გააფრთხილა, იმისთვის, რომ ჩაჩუა და ძაძამია პატიმრობაში დარჩეს 14 მაისს გამოძიებამ უტყუარი მტკიცებულება უნდა წარმოადგინოსო.
მოსამართლის განმარტებით, გამოძიებამ წლებია ვერ დაასრულა ჟვანიასა და უსუპოვის სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობა, რათა სასამართლოს ამ საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოეტანა.
„ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მთავარი არგუმენტი და გარემოება გახლავთ ის, რომ უკვე 9 წელზე მეტია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. რაც საშუალებას მისცემდა გამოძიებას აღნიშნული საქმე სასამართლოში წარემართა და დაესრულებინა.
იმ მნიშვნელოვან საქმეზე რაც აქ დევს, ლევან ჩაჩუას მიერ მიცემული ჩვენება განსხვავდება მისი კოლეგების მიერ მიცემული ჩვენებებისგან. სასამართლო გამოთქვამს საფუძვლიან ვარაუდს, რომ მისი თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში მოხდება ზემოქმედება მის კოლეგებზე ჩვენების შეცვლის მიზნით. იგივე საფრთხეები არსებობს ძაძამიას შემთხვევაში. მიმაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არის ის ერთადერთი ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს კანონით დადგენილი აღკვეთის ღონისძიების შესრულებას“-განაცხადა მოსამართლე გუნცაძემ.
სასამართლოზე ლევან ჩაჩუამ განაცხადა, რომ მასთან ერთად ზურაბ ჟვანიას გვამის ექსპერტიზას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. ერთ-ერთი კი ზურაბ ჟვანიას რძალი, თამილა აფაქიძე იყო, რომელიც იქ 10 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მისივე თქმით მან დასკვნაში დაწერა, რომ ჟვანიას ცხედარზე საეჭვო უბნები აღინიშნებოდა.
„ნიუსპრესთან“ საუბარში ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ ექსპერტიზას მისივე თხოვნით მათი ოჯახის ნათესავი ესწრებოდა, თუმცა მან ექსპერტიზის ცქერას ვერ გაუძლო და ცუდად გახდა.
„ჩემი თხოვნით, იქ ნამდვილად იყო ჩვენი რძალი, ბიძაშვილის შვილის მეუღლე. პრინციპში, როცა შევიდა, ექსპერტიზა უკვე დაწყებული იყო. სამწუხაროდ, მან ყველაფერს ვერ გაუძლო და ექსპერტიზის მნიშვნელოვან ნაწილს ვერ დაესწრო. გული შეუწუხდა და გამოიყვანეს. ჩაჩუა ჩვენი ნათესავისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მიერ დანიშნული ექსპერტი იყო. მას ევალებოდა და მისი პირადი პასუხისმგებლობა იყო, რომ ექსპერტიზა წესიერად ჩაეტარებინა და დაეფიქსირებინა ყველაფერი ის რასაც ნახავდა. მათ შორის ყველა დაზიანება, რაც ჩემი ძმის ცხედარზე აღინიშნებოდა. ეს არის პირადად ჩაჩუას პასუხისმგებლობა. მე მისი დასკვნა წაკითხული მაქვს, სადაც ჩაჩუას საეჭვო უბნები არ აქვს დაფიქსირებული. არაფერიც არ დაუფიქსირებია.
-ბატონო გოგლა, ზურაბ ჟვანიას სისხლის სამართლის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია?
-ვერ გეტყვით. ბუნებრივია ამ საქმესთან დაკავშირებით სააკაშვილს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია. მაგრამ, მე ეჭვი მეპარება, რომ ეს მოხდეს.
-ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობდნენ. იყო ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილმა საფერფლე ისროლა, რომელიც ჟვანიას საფეთქელთან მოხვდა და მძიმე შედეგი დადგა. ინტერნეტში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალების დათვალიერების შემდეგ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ამ ვერსიას თუ იზიარებთ?
- მე თუ მატყობთ, 9 წლის განმავლობაში არანაირ ვერსიაზე არ მისაუბრია. კონკრეტული ფაქტი დაიდება მაშინ, როდესაც გამოძიება დასრულდება. დღეს ვერსიებზე საუბარს აზრი არ აქვს. ეს არის მკითხაობა. გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც მალე დასრულდება. ეს გამოძიება შემდეგ წელიწადში არ გადავა. ის წელს დასრულდება.
მე ეჭვი მეპარება ამ ქვეყანაში ამ საქმის გამოძიება ჩვენზე, ოჯახის წევრებზე მეტად ვინმეს უნდოდეს. სადაც 9 წელი მოვითმინე, რამდენიმე თვეს კიდევ გაუძლებთ და საბოლოო პასუხს დაველოდებით.
"ნიუსპრესსი" დაინტერესდა, რამდენად სწორია ინფორმაცია FBI-ს დასკვნაზე, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეში დევს და ზურაბ ჟვანიას ოჯახის მოთხოვნით გრიფით „საიდუმლო" ადევს. ამასთან დაკავშირებით ჩვენთან საუბარში, აღნიშნული საქმის სახელმწიფო ბრალმდებელმა რევაზ ნადოიმ განაცხადა:
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს აღკვეთ ღონისძიებას ვიხილავთ. ეს არ ნიშნავს, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდა. ამიტომ, ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ.
-ბატონ რეზო, რატომ დააკავეთ მიხეილ ძაძამია ქუჩაში, რატომ არ დაიბარეთ იგი მოწმის სახით დასაკითხად პროკურატურაში?
-''როდესაც საფუძველი არსებობს და ინფორმაცია იმისა, რომ შესაძლოა პირი მიიმალოს, ეს ხდება დაკავების ერთ-ერთი საფუძველი. როგორც ხარშილაძემ ასევე ძაძამიამ გამოძიებას განზრახ დაუმალეს ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიც შემთხვევის ადგილზე რაულის უსუპოვის გვამის გადაადგილებაა''.
შეგახსენებთ, რომ ძაძამიას დაკავებამდე სამი თვით ადრე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე, რომელიც ძველი თბილისის ყოფილი გამგებლის მოადგილე იყო, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა. დაკითხა თუ არა კობა ხარშილაძე პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას საქმეზე უცნობია. თუმცა ხარშილაძე მის დაკავებას ზურაბ ჟვანიას საქმეს უკავშირებდა.
კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია ერთ-ერთი პირველები არიან ვინც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრები საბურთალოს ქუჩის ნაქირავებ ბინაში ნახეს.
ირმა მეგრელი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“