შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას,
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თაღლითობაში სდებენ ბრალს. საქმეში ორი ეპიზოდია. ორივე შემთხვევაში კოდუამ, ძვირადღირებული ავტომანქანები მათ მფლობელებს საკუთარი ოჯახის წევრებზე იძულებით გადააფორმებინა.
ეპიზოდი I
პროკურატურის მტკიცებით, 2008 წლის 29 აგვისტოს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი ერეკლე კოდუა, თავის სამუშაო ოთახში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულ მერაბ რობაქიძეს შეხვდა, რომელსაც არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დაპირდა, რაც მისი უფლებამოსილების ფარგლებს აშკარად სცილდებოდა. ამის სანაცვლოდ კი მან სახელწიფოსთვის გადასაცემად ორი ავტომანქანის ყიდვა მოსთხოვა. მერაბ რობაქიძე ამ პირობას დათანხმდა და მისი მეგობრების მეშვეობით, 90 000 აშშ დოლარის საერთო ღირებულების ორი ავტომანქანა შეიძინა, რომელთაგანაც ერთ-ერთი - „LEXUS GX 470“ მოდელის 45 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა, ერეკლე კოდუამ ნაცვლად დაპირებისამებრ სახელმწიფოზე გადაცემისა, თაღლითური გზით, მოტყუებით, თავისი არასრულწლოვანი შვილის - ნოდარ კოდუას სახელზე გადააფორმა. ამ ავტომანქანით სარგებლობდნენ თვითონ ერეკლე კოდუა და მისი ოჯახის წევრები. ხოლო მოგვიანებით, ავტომანქანა 20 000 აშშ დოლარად, სხვა პირზე გაასხვისეს.
ეპიზოდი II
2008 წლის 18 დეკემბერს, ერეკლე კოდუამ, დედის, ლაურა ღაჭავასთვის შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“, შემდგომი გადახდის პირობით 92 000 აშშ დოლარის ღირებულების „ლექსუსის“ მარკის ავტომობილი შეიძინა.
ამის შემდეგ, 2009 წლის თებერვალში, ერეკლე კოდუა თავის სამუშაო ოთახში შეხვდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულ გიორგი გურჩიანს და მის ძმას შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დირექტორს ერეკლე გურჩიანს, რომლებსაც არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დაპირდა, რაც ასევე, ამ შემთხვევაშიც, მისი უფლებამოსილების ფარგლებს აშკარად სცილდებოდა. სანაცვლოდ კი მოითხოვა თავისი დედის ლაურა ღაჭავასთვის შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ გამოყვანილი, 92 000 აშშ დოლარის ღირებულების „LEXUS“-ის მარკის ავტომობილის საფასურის გაქვითვა და დამატებით „ტოიოტა ჰაი-ლუქსის“ ავტომანქანის ყიდვა სახელმწიფოსათვის გადასაცემად, რაზეც ერეკლე გურჩიანი დათანხმდა. მან უარი თქვა მოეთხოვა ლაურა ღაჭავასთვის 92.000 აშშ დოლარის ღირებულების „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანის საფასურის დაფარვა. აღნიშნული თანხა კი, შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ანგარიშზე თვითონ შეიტანა და აგრეთვე შეიძინა 41 500 ლარის ღირებულების „ტოიოტა ჰაი-ლუქსის“ ავტომანქანა, რომელიც, ნაცვლად დაპირებისამებრ სახელმწიფოზე გადაცემისა, მოტყუებით დარეგისტრირდა ერეკლე კოდუას მიერ შერჩეულ პირზე, ხოლო მოგვიანებით თავის სახელზე. ეს ავტომანქანა კოდუამ 2011 წლის 22 ივნისს 27 000 აშშ დოლარად სხვა პირზე გაასხვისა.
აღნიშნულ ეპიზოდებზე ბრალის დადასტურების შემთვევაში სოდის ყოფილ უფროსს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ დავა კოდუებსა და „ტოიოტას“ მფლობელ გურჩიანს შორის გაცილებით ადრე, საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხებისთანავე დაიწყო. ერეკლე კოდუას დედა ლაურა ღაჭავა სწორედ იმ დროიდან ამტკიცებს, რომ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ავტომანქანის ღირებულება სრულად გადაუხადა. პროკურატურაში საქმის აღძვრამდე „ტოიოტამ“ ჯერ სამოქალაქო წესით იდავა, თუმცა საქმე წააგო.
როგორც ირკვევა, შპს „ტოიოტა ცენტრ თბილისსა“ და ლაურა ღაჭავას შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 2008 წლის 18 დეკემბერს დაიდო, რის შემდეგაც, მყიდველს, ავტომანქანა LEXUS LS 460 საკუთრებაში გადაეცა. მნიშვნელოვანია, რომ ამის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს მომსახურების სააგენტოს და ავტომანქანის ლაურა ღაჭავას სახელზე რეგისტრაცია მოითხოვეს. დაახლოებით 4 წლის შემდეგ კი, 2012 წლის 12 ოქტომბერს „ტოიოტამ“ კოდუებს ავტომანქანის საფასურის გადახდა მოსთხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და ღაჭავას კუთვნილი უძრავი ქონების დაყადაღებასაც მიაღწია. 2012 წლის 7 დეკემბერს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ დავა ღაჭავას სასარგებლოდ დაასრულა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც გამყიდველს ავტომანქანის შემძენისთვის გადაცემის ვალდებულება მხოლოდ ღირებულების სრულად გადახდის შემთხვევაში ეკისრებოდა. ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით სასამართლომ მტკიცების ტვირთი, რომ ლაურა ღაჭავას ღირებულება არ გადაუხდია, მოსარჩელეს ანუ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ დააკისრა. სასამართლოს დასკვნით, შპს-მ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება , რის გამოც ღაჭავას მიერ თანხის გადაუხდელობა არ დადასტურდა..
„სასამართლოს დასკვნით შპს ტოიოტა ცენტრ თბილისის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებანი მასზედ, რომ ლაურა ღაჭავას ავტომობილი გადაეცა და მის საკუთრებაში აღირიცხა ნასყიდობის ფასის გადახდის გარეშე. ამიტომ ეს გარემოება დადასტურებულად ვერ ჩაითვლება. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო დადგენილად თვლის, რომ მოპასუხემ ნასყიდობის ფასი სრულად გადაიხადა ვინაიდან ფაქტობრივადაც მიიღო და საკუთრებაშიც აღრიცხა შეძენილი ავტომანქანა“-ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
მოსარჩელის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება გახდა კიდევ ერთი საფუძველი, რის გამოც „ტოიოტამ“ საქმე წააგო. სასამართლო, თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა იმ დროიდან დაიწყო, როდესაც პირმა უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ათვლა 2008 წლის 18 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ხელშეკრულების პირობის საწინააღმდეგოდ ღაჭავამ ფული არ გადაიხადა.
„სასამართლო დადგენილად თვლის რომ ლაურა ღაჭავას მიერ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსარჩელეს 2008 წლის 18 დეკემბრიდან წარმოეშვა მოპასუხის მიმართ საახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მოთხოვნის და ნასყიდობის ფასის მიღების უფლება. შესაბამისად შპს „ტოიოტას“ და ღაჭავას შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების თარიღად უნდა მივიჩნიოთ 2008 წლის 18 დეკემბერი, რომლის ამოწურვის თარიღიც 2011 წლის 18 დეკემბერია“ - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ არ მიუღია ნასყიდობის ფასი, ასევევ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელი უზრუნველყოფის ღონისძიება და ლაურა ღაჭავას უძრავ ქონებას ყადაღა მოეხსნა.
საქართველოს იურისტთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, მხოლოდ 2011 წელს, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მფლობელმა ერეკლე გურჩიანმა, შს სამინისტროს სამი ერთეული „ტოიოტა პრიუსი“ აჩუქა, თითოულის ფასი 38-დან 44 ათას ლარამდე მერყეობდა. 2012 წელს კი თავდაცვის სამინისტროს 3 ერთეული ფორდ ტრანზიტი გადასცა, რომელთა საერთო ღირებულებამ 137 454 ლარი შეადგინა. ჯერ-ჯერობით უცნობია რა პირობებში მოხდა ზემოხსენებული ავტომანქანების სახელმწიფო უწყებისთვის გადაცემა და მოითხოვს თუ არა მჩუქებელი საჩუქრის უკან დაბრუნებას.
ერეკლე კოდუას ძვირადღირებული მანქანებით გატაცებაზე მისი ბოლო ქონებრივი დეკლარაციაც მეტყველებს. 2012 წლის დეკლარაციაში კოდუა-ჟორჟოლიანის საკუთრებაში არსებული ოთხი ავტომანქანა ფიქსირდება, აქედან ორი: PEUGEOT 207 და RANGE ROVER SPORT ნანუკა ჟორჟოლიანის სახელზეა რეგისტრირებული, ორი კი ერეკლე კოდუას ეკუთვნის: 2011 წელს კოდუამ 9 000 დოლარად გაყიდა TOYOTA HILUX 2009. იმავე წელს 140 000 დოლარად იყიდა RANGE ROVER 2010, რომელიც 125 ათას დოლარად მალევე გაასხვისა .
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ ვინმე ვასილ გრძელიშვილის სარჩელი განიხილა. ეს უკანასკნელი მასსა და შსს-ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და გაჩუქებული ქონების საკუთრების უფლებით დაბრუნებას ითხოვდა. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, მოსარჩელემ ჩუქების ორივე ხელშეკრულება შინაგან საქმეთა სამინისტროდან იძულებისა და ზეწოლის შედეგად გააფორმა. მან ავტომანქანები ”ლენდ როვერ რეინჯერი” და ”ბმვ X5 4.4.” შვილის, აკაკი გრძელიშვილის, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლების სანაცვლოდ გაუფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ევა ალფენიძე
საინფორმაიო სააგენტო „ნიუსპრესი“