საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით, წუხელ გეგუთის ციხეში პატიმარი მოკლეს.
როგორც ჩვენი წყარო იტყობინება, პატიმარი (გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ) ციხის მაყურებელმა ნიკოლაძემ იგივე „ბუწალიჩმა“ ე.წ. „თავანის ჩაუბარებლობის“ გამო სასიკვდილოდ სცემა.
„სასიკვდილოდ სცემეს პატიმარს, რომელიც ჩემი ინფორმაციით გარდაცვლილია, მაგრამ ციხის ადმინისტრაცია ამ ფაქტს არ ახმაურებს. გარდაცვლილი ისევ ციხეში უსვენიათ და ალბათ მომხდარის ვერსიაზე მუშაობენ“-ამბობს ჩვენი წყარო.
ნიკოლაძის შესახებ „ნიუსპრესი“ ადრეც წერდა. თებერვალში, როდესაც გეგუთის ციხეში პატიმრების მასობრივი შიმშილობა დაიწყო, მათ დასაწყნარებლად, რუსთავის „კრიტიდან“ ნიკოლაძე ათკაციან ჯგუფთან ერთად გადაიყვანეს. როგორც ჩვენი წყარო იტყობინებოდა, ნუგზარ ნიკოლაძემ, იგივე „„ბუწალიჩმა“ ციხის დირექტორს პატიმრების დაწყნარების გარანტია მისცა.
„გეგუთში მაყურებლების ჩანაცვლება მოხდა. 12 თებერვალს ციხის მაყურებელი ონიანები თავის „შაიკით“ კრიტში გადაიყვანეს და მათ ნაცვლად რუსთავის მეექვსეს კრიტიდან ათკაციანი „შაიკით“ ნუგზარ ნიკოლაძე დააბრუნეს. ნიკოლაძეს უთქვამს, კრიტიდან თუ გამიყვანთ, მე გავაჩერებ პატიმრებსო. ონიანებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და გეგუთში გადმოსვლას ვერ ბედავდა. ონიანები და მისი ბიჭები იმავე მანქანით წაიყვანეს კრიტში, რითაც „ბუწალიჩი“ და მისი ხალხი მოაბრძანეს. პატიმრებს ნიკოლაძის „შაიკის“ ეშინიათ, რადგან ისინი მათ სცემენ და მუდმივი ტერორის ქვეშ ამყოფებენ. ამიტომაც დამშვიდდა გეგუთი და დასრულდა შიმშილობის აქცია“-აცხადებდა ჩვენი წყარო.
როგორც „ნიუსპრესისთვის“ გახდა ცნობილი, გეგუთის ციხეში მომხდარის გამო საკადრო გადაადგილებები დაიწყო. ციხის დირექტორმა ბებიამ პირველ რიგში უსაფრთხოების უფროსი მამუკა მიშვიძე დააქვეითა, როგორც ამბობენ ინსპექტორის თანამდებობაზე.
მომხდართან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თაია მახარაშვილი ამბობს, ის გეგუთთან დაკავშირებას და ინფორმაციის გადამოწმებას ამ წუთებში ცდილობს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალურ კომენტარს მომხდართან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ნინო დარბაისელი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“