არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე,
„უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელს ნიკოლოზ მჟავანაძეს სასამართლოში უჩივის და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
რატომ უჩივის ნანა კაკაბაძე ნიკოლოზ მჟავანაძეს, რა ძალები გეგმავენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ვის მხილებას დაიწყებს ის ახლო მომავალში, ამის შესახებ კაკაბაძე საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ ესაუბრება:
- ბოლო პერიოდში თქვენს წინააღმდეგ ბრალდებები საკმაოდ გახშირდა...
-უკვე 10 წელზე მეტია, სხვადასხვა ინტენსივობით, პერიოდულად, ჩემს წინააღმდეგ ასეთი კამპანია ჩაღდება ხოლმე, თუმცა, სახელმწიფო მოხელე არასოდეს ვყოფილვარ და ბიუჯეტთან არანაირი შეხება არასოდეს მქონია. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რატომ უნდა იყოს დღეს ასეთი დაინტერესება გარკვეული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების მხრიდან და რამდენად არის ასეთი დაინტერესება გულწრფელი.
ვიცი რაც ხდება ჩემთან მიმართებაში და კარგად ვიცი, რომ ეს ყურით მოთრეული შავი პიარია, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. ბუნებრივია, დავინტერესდი, თუ ვინ იდგა ამის უკან და საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. მე არასდროს არცერთი ხელისუფლების მომხრე არ ვყოფილვარ, კომუნისტების პერიოდიდან, ყველა ხელისუფლების ოპოზიციაში ვიყავი და მქონდა დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ ხელისუფლების მხრიდან ჩემს მიმართ უარყოფითი განწყობა იქნება. ამიტომ, ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანიები არ მიკვირს.
-განაცხადეთ, რომ იცით ვინც აკეთებს ამას. ვინ არიან ეს ადამიანები?
-დღესაც, ჩემს წინააღმდეგ ყველაზე გამძაფრებულად აგორებენ შავ პიარს და ცდილობენ მიმდინარე პროცესებიდან ჩამომაშორონ. ვინ არიან ეს ადამიანები? ესენი არიან თქვენი კოლეგები, რომლებიც თავის დროზე შევარდნაძის გარემოცვაში იყვნენ, ძალა¬უფ¬ლება დღემდე შეინარჩუნეს და კულისებიდან შეუძლიათ გავლენა მოახდინონ დღე¬ვანდელ პოლიტიკურ პროცესებზე. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკა¬შვილის მმართველობის პერიოდში კარგად გრძნობდნენ თავს და ბიზნეს საქმიანობას ეწეოდნენ. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს ვებრძოდი და ამის შესახებ ხმამაღლაც ვაცხადებდი. მისი გარემოცვა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლებაში, ამ ხელისუფლების პირობებშიც კარგად გრძნობს თავს. მათ ახლა ანგარიშსწორების სურვილი გაუჩნდათ. შევარდნაძის დროინდელი ჟურნალისტები და სააკაშვილის დროინდელი მაფიოზები, კლანურად გაერთიანდნენ, დღესაც ინარჩუნებენ გავლენას და სააკაშვილის პერიოდში უკანონოდ მოპოვებულ ქონებას. ჯერჯერობით მათ არ შეხებიათ სამართლიანობის აღდგენა, თუმცა, სააკაშვილის დროს ვინც იყო ქონების მიმტაცებელი, ვინმეს შეეხო? ერთ-ერთი კლანი კულუარულად, ისე რომ მის შესახებ არავინ საუბრობს, აფინანსებს გარკვეულ მედია საშუალებებს, ქმნის ზონდერ ბრიგადებს ვითომ უფლებადამცველებისა და ჟურნალის¬ტებისაგან, რომლებიც სხვადასხვა გაზეთებში ბინძურ სტატიებს წერენ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მათი ბიზნესისთვის მიუღებელია და კონკრეტული ადამიანების შავი პიარით ცდილობენ მათ ჩამოშორებას. ერთ-ერთი ასეთი წარმონაქმნი ე. წ. „უფლებადამცველთა გაერთიანება" და ვინმე ნიკოლოზ მჟავანაძეა, რომელსაც არავინ იცნობს არც „უფლებადამცველად“ და არც არავინ იცის, თუ ვის „აერთიანებს“ ის. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი, სხვა კონკრეტული ადამიანების მიერაა მართული. ბუნებრივია, მაქვს ეჭვი, თუ ვინ უწერს სტატიებს მედიასაშუალებებში მჟავანაძეს მისი სახელით. ვინ არიან ასევე „უფლებადამცველთა გაერთიანებაში“ და როდის, რომელ ეპოქაში იცავდნენ ვინმეს უფლებებს, იქნებ ვინმემ მითხრას. ესენი არიან ზონდერ ბრიგადების მსგავსი ჯგუფები, რომლებსაც გეშავენ, უფრო სწორად, მათ არც არაფერს ეკითხებიან, წერენ სტატიებს და აქვეყნებენ პრესაში და ინტერნეტ გამოცემებში მათზე, ვისზეც ამ კლანს გარკვეული ინტერესები აქვს.
-ნიკოლოზ მჟავანაძეს რატომ უჩივით?
-ნიკოლოზ მჟავანაძის წინააღმდეგ მე სასამართლოში სარჩელი, ჩემი პატივისა და ღირსების შელახვისთვის შევიტანე. ვაპირებ სტილისტური ექსპერტიზით დავადასტურო, რომ სტატიებს, რომელიც პრესაში მჟავანაძისა და სხვადასხვა ავტორების სახელით იწერება, ჰყავს მხოლოდ ერთი ავტორი. ყველა სტატია ერთი და იგივე კანტორაში იქმნება, რომელიც დღეს მედია სივრცეშია შექმნილი. ერთ-ერთი საინფორმაციო პორტალი, რომელშიც ეს სიბინძურე იქმნება, მრავლდება და მერე სხვადასხვა გაზეთებში სხვადასხვა ავტორების სახელით ბეჭდავენ. ეს კი შევარდნაძისა და სააკაშვილის ყოფილი გავლენიანი ადამიანების კლანის მიერ არის ორგანიზებული, რომლებიც დღეს საქართველოში სერიოზულ ბიზნესებს ფლობენ.
ჩემთვის მთავარია, ექსპერტიზამ დაადგინოს, რომ ამ სტატიებს ერთი ავტორი ჰყავს. შემდეგ კი, თუ ვინ არიან ის ადამიანები, ვისი სახელითაც ამის გაპიარება ხდება, ამ ადამიანების მხილება უნდა დავიწყო, რადგან ეს ერთი პორტალის ან მცირე ჯგუფის ინტერესებს გასცდა. ისინი ქმნიან პოლიტიკურ პარტიებსაც. გაუჩნდათ ხელისუფლებაში დაბრუნების პოლი-ტი¬კური ინტერესებიც. ეს არა მარტო ჩემთვის არის საშიში, არამედ ქვეყნისთვისაც. სტატიებს თუ გადახედავთ, მიხვდებით, რა ძალას სურს დღეს ხელისუფლებაში მოსვლა. ამის შესახებ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს.
- რას ითხოვთ ნიკოლოზ მჟავანაძისგან?
-სანამ კონკრეტულ კითხვაზე გიპასუხებთ, მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რას გამოაქვეყნებენ, მზად ვარ ბოლომდე ვამხილო ეს ბინძური ძალა და რითაც შევძლებ, საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლისკენ გზა გადავუღობო. მინდა გითხრათ, რომ ისინი სერიოზულად მუშაობენ. ველოდები ერთ-ერთ კონკრეტულ თემაზე ინფორმაციის დაზუსტებას. როგორც კი გავარკვევ, აუცილებლად გავახმაურებ.
ნიკოლოზ მჟავანაძისგან კი ბოდიშის მოხდას ვითხოვ. თუმცა, მხილება იმით მინდა დავიწყო, რომ ეს ადამიანი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა, რომ ის არის მართვადი და ხელოვ¬ნურად შექმნილი „უფლებადამცველი“.
იმ ადამიანებს, ვინც ნიკოლოზ მჟავანაძე შექმნა, როგორც „უფლებადამცველი“ და „ექსპერ¬ტი“, სურთ მისი პირით გააჟღერონ ის პოზიცია, რაც ამ კლანების ინტერესებშია და მჟავანა¬ძისნაირი ადამიანების ხელით აკეთონ შავი პიარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოაშკარავებულ იქნას ყველა მართვადი და კლანების ხელში სათამაშოდ ქცეული ასეთი ადამიანები. მალე ამ ყველაფერთან დაკავშირებით მტკიცებულებებს დავდებ.
ირმა მეგრელი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“