ექსკლუზიური ინტერვიუ დავით კეზერაშვილთან
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „ნიუსპრესისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე საუბრობს და საფრანგეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის ძალითაც მის ექსტრადიციაზე ქართულ მხარეს უარი ეთქვა.
-ბატონო დავით, თბილისის საქალაქო სასამართლო ამჟამად სისხლის სამართლის ორ საქმეს განიხილავს, რომელშიც თქვენ განსასჯელის სტატუსი გაქვთ. მათგან ერთ-ერთი ეწ. სპირტის საქმეა, რამდენად მყარია თქვენს მიმართ წარდგენილი ბრალდება?
-საქმე რომ მყარი ყოფილიყო, პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ ექს- ან -პროვანსის სასამართლოს ეჭვები არ გაუჩნდებოდა. ცნობილია, რომ საქართველოში ჩემს ექსტრადიციაზე, მოსამართლეს უარის თქმის რეკომენდაცია ფრანგმა პროკურორმა მისცა. პროკურორმა, რომელიც როგორც წესი, სასამართლოში, ექსტრადიციის მთხოვნელ მხარეს, ანუ სახელმწიფოს წარმოადგენს. ასეთი რამ ძალიან იშვიათია სასამართლო პრაქტიკაში.
არ არსებობს არცერთი არსებითი მტკიცებულება, რომელიც ჩემს ინტერესს ან მონაწილეობას დაადასტურებდა ამ საქმეში. საქართველოს პროკურატურა შეეცადა დაემალა იმ მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ჩემს უდანაშაულობას ამტკიცებენ. ასევე ადგილი აქვს შერჩევით სამართალს. საქმის გაუმართაობაზე 23 იანვრის სასამართლოზე თავად პროკურორმა ისაუბრა.
-მეორე საქმე ტელეკომპანია იმედის და რიყის გასხვისებაში თქვენს მონაწილეობას ეხება . რატომ გადებთ ხელს ჯოზეფ კეი და რა მოხდა რეალურად?
-ჯოზეფ კეის ჩვენება ხელისუფლებასთან გარიგების შედეგია. ხელისუფლება ეძებდა მოწმეებს, რომლებიც მათი აღქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი ფიგურების „განეიტრალებაში" დაეხმარებოდა. ასეთი აღმოჩნდა ჯოზეფ კეი, რომლის მეშვეობითაც, მათ თავიანთი ჭკუით ორი კურდღელი - მე და ჩემი მეგობარი და თანამოაზრე გიგი უგულავა დაიჭირეს. ჩემი ინფორმაციით კეი გარიგებაში შევიდა ხელისფლებასთან. დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. ამ საქმეში, ისევე როგორც სპირტის საქმეში, დაკითხულები არ არიან მნიშვნელოვანი მოწმეები. ძალიან ბევრი დეტალი, რომელიც ჩემი და გიგი უგულავას უდანაშაულობაზე მეტყველებს, უბრალოდ გამოტოვებულია. ეს რა თქმა უნდა არ დარჩენილა შეუმჩნეველი არც ფრანგი პროკურორისთვის და არც მოსამართლისთვის.
- ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ სკანდალური დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც იარაღით უკანონო ვაჭრობაში თქვენს ჩართულობას ადასტურებდა...
-რეალურად, იარაღით ვაჭრობასთან დაკავშრებით აგორებული ცილისმწამებლური კამპანია და ყვითელ პრესაზე დაყრდნობით, უმაღლესი პოლიტიკური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან დაეხმარა ჩემს ადვოკატებს ექს- ან -პროვანსის სასამართლოს იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩემს წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნის მოტივი პოლიტიკურია.
ის დოკუმენტი, რაც აღნიშნულ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა , ხელისუფლების უმაღლესმა ჩინოვნიკებმა, როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელი უწყებიდან, აფრიალეს, როგორც კომპრომატი ჩემს წინააღმდეგ. რეალურად კი, იმას, რომ ჩემი ბიზნესი სუფთაა, ადასტურებს ჩემი დაცვის მოთხოვნით, ყველაზე დიდი აუდიტორული კომპანიის „ დელოიტის“ მიერ მომზადებული დასკვნა. ეს დოკუმენტი ჩემმა ადვოკატებმა საქმეს ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე დაურთეს, როგორც მტკიცებულება ჩემს სასარგებლოდ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა ეს დოკუმენტი აღნიშნულ გაზეთთან, ეს ცხადია ხელისუფლების გავლით მოხდა. თავად ვერ გაასაჯაროებდნენ და რაღაცას ხომ უნდა დაყრდნობოდნენ?
ნინო დარბაისელი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“