2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიცია მუდმივად იმას აცხადებს,
რომ ახალი ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია და რაც მთავარია, თურმე ახალ მთავრობას შტატებში არ იწვევენ და ამერიკელ პარტნიორებს მათთან ურთიერთობა არ სურთ. სხვათა შორის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იგივეს ამბობდნენ ევროპელებზეც, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელი პარაფირების ხელშეკრულებას მოეწერა, მათი ლექსიკონიდან ევროპის თემა გაქრა და აქცენტი მხოლოდ ამერიკაზე კეთდებოდა.
ახლა კი, როცა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პირადი მიწვევით ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ოკეანის გაღმა გაემგზავრა, ნაციონალები იხტიბარს არ იტეხენ და აცხადებენ, რომ ამ შეხვედრისგან ბევრს არაფერს ელიან. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ბაიდენთან ვიზიტი უბრალოდ არ ხდება და თავად ვიცე-პრეზიდენტიც ტყუილად რომ არ აპირებს საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრას, ცხადია.
და მაინც, რას უნდა ველოდოთ ღარიბაშვილი-ბაიდენის შეხვედრისგან? იმის გათვალისწინებით, რომ შტატების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მუდმივად კბილებით იცავს, სავარაუდოდ, სურს პირადად დარწმუნდეს ჩვენი ქვეყნის კურსის სისწორეში და რაღა თქმა უნდა, საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვას. როცა ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობების გადატვირთვა დაანონსდა, ბაიდენი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საქართველო ახსენა.
`ჩვენ არ ვართ გულუბრყვილონი ურთიერთობებში, ჩვენ ყველაფერზე თანახმა არ ვართ. მაგალითად, ჩვენ არასოდეს ვცნობთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს~-განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას და ეს იყო მკაფიო მესიჯი მათთვის, ვინც ამ ურთიერთობებში საქართველოს საკითხს სავაჭრო თემად განიხილავდა.
როგორც ჩანს, მაშინ ბაიდენის სიტყვები რიგით მხარდაჭერად ჩათვალეს და საქართველოს თემაზე კულუარული ვაჭრობა ისევ დაიწყო, რასაც კვლავ ბაიდენის განცხადება მოჰყვა, ოღონდ ამჯერად უფრო კატეგორიული:
`ეს არ მოხდება ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობის ხარჯზე როგორებიცაა პოლონეთი, ბალტიის სახელმწიფოები, ან საქართველო. შეერთებული შტატები და რუსეთი ბევრ რამეში ვერ თანხმდებიან. მაგალითად, ჩვენ გვაქვს უთანხმოება საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ და სხვა რთულ საკითხებზე, ჩვენ შეგვიძლია ღიად და პირდაპირ ვისაუბროთ და ვიმუშაოთ~-აღნიშნა მან.
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული სიმცირის მიუხედავად, ბაიდენს არც ის ავიწყდება, თუ რამხელა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოს.
`ამერიკა მიესალმება საქართველოს როლს, რადგან იგი მეტად მნიშვნელოვანია. საქართველო დასავლეთისკენ დიდი ბუნებრივი რესურსების გადინების შესაძლებლობაა. საქართველო არის ჩვენთვის სასიცოცხლო პარტნიორი იმ პროგრესში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით მთელს ევროპაში და სივრცეში~-ამბობს ის.
ბაიდენი გახლავთ ერთადერთი ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა და ამით მხარდაჭერა ღიად და მსოფლიოს დასანახად დაადასტურა. ის არც იმას მალავს, რომ ნებისმიერ დროს, თუკი საჭირო გახდება, საქართველოში ჩამოვა და ქართველი ხალხის გვერდით დადგება.
რაც შეეხება ქართულ დელეგაციას. როგორც შევიტყვეთ, საუბარია იმაზეც, რომ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილი ქვეყნის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას შეხვდეს. ეს შეხვედრა არც დაგეგმილია და არც დაანონსებული, მაგრამ ღარიბაშვილმა სენატორებთან გამართა შეხვედრა და სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია. ანუ, ამერიკელი სენატორები დაინტერესებული არიან საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობით და თან იმ დონეზე, რომ სურთ ჩვენმა პრემიერმა შტატებში პირველი ვიზიტისასვე მოახერხოს ქვეყნის პირველი პირის ნახვა.
ობამასთან შეხვედრა რომც არ შედგეს, ვიზიტი უკვე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან თეთრ სახლში დღის თემა სწორედ ჩვენი პრემიერის ჩასვლა გახლდათ. ღარიბაშვილი არ მალავს, რომ მთავარი სასაუბრო თემა ნატოში ინტეგრაცია და ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებაა. ეს მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ამერიკელთათვის შეთვლილი ამბები, ახალი ხელისუფლება ევროპისკენ აღარ მიდის და არც ნატო აინტერესებსო, მინიმუმ გაქარწყლდება და ჩვენი ამერიკელი პარტნიორები იმასაც დაიჯერებენ, რომ წინა მთავრობა 9 წლის განმავლობაში არამხოლოდ საკუთარ მოსახლეობას, არამედ მათაც ატყუებდა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში ქართული დელეგაციის ამჟამინდელი ვიზიტი შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერად და შედეგიანად ჩაითვალოს და ეს მაშინ, როცა ბაიდენთან შეხვედრა ჯერ წინაა.
ლაშა სიხარულიძე
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი"