რა სპეცოპერაცია ჩატარდა ვაზიანში 2003 წელს და რა მოხდა იქ?
როგორ მოისროლა სააკაშვილის ხელისუფლებამ ადამიანი,
რომელმაც რუსული სამხედრო ბაზიდან უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები გამოიტანა?
-ამ საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს"Lლენტეხის პოლიციის ყოფილი უფროსი მაიზერ ბაბლუანი ესაუბრება
_ ბატონო მაიზერ, რა მოხდა ვაზიანში, რა სპეცოპერაცია ჩატარდა იქ 2003 წელს?
_ 2003 წელს, ქართული სპეცსამსახურების მიერ, ჩატარებულ იქნა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა საქართველოში, კერძოდ ვაზიანში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზიდან იარაღის უკანონო ვაჭრობის შემთხვევები. ეს ფაქტი გამოყენებულ იქნა შევარდნაძე-ელცინის შეხვედრაზე და ამ ფაქტმა დააჩქარა ამ ბაზის საქართველოდან გასვლის ხელშეკრულების ხელმოწერა. სპეცოპერაციაში ჩართული იყო ვაზიანის ბაზის ტექნიკური პერსონალის მოსამსახურე, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც დათანხმდა და სატვირთო მანქანებზე და იარაღის საწყობში ფარული ჩამწერი მოწყობილობი დაამონტაჟა.
_ ვინ იყო ეს ადამიანი?
_ როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ პიროვნებისათვის, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, შევარდნაძის განკარგულებით, უნდა შეეცვალათ გვარი, სახელი და მისამართი, ასევე უნდა მიეცათ ფულადი ჯილდო და მიეცათ სამსახური. ამ ყველაფრიდან კი მხოლოდ ერთი შესრულდა და აღნიშნულ პირს, რეგისტრაციის მისამართი შეუცვალეს, შემდეგ კი დაივიწყეს. სახელმწიფოსგან სულში ჩაფურთხებულმა პატრიოტმა კაცმა გადაწყვიტა საქართველოს ოჯახთან ერთად გასცლოდა და საცხოვრებლად და სამუშაოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გადავიდა. 2009 წელს, საქართველოში მისი ერთ-ერთი ჩამოსვლისას, ეს პიროვნება წითელი ხიდის სასაზღვრო პუნქტზე, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ქ.განჯის ციხეში გადაიყვანეს. როგორც გაირკვა, მასზე გამოცხადებული იყო ძებნა ვაზიანის სამხედრო ბაზიდან იარაღის ქურდობის ფაქტზე და მას ეძებდა არა რუსეთის სამხედრო პროკურატურა, არამედ როსტოვის მილიციის რაიონული განყოფილება. ძებნის დადგენილებითვე ცხადი გახდა, რომ როსტოვის მილიციის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ, რადგან საგამოძიებო ქვემდებარეობით, ბაზა სომხეთის რესპუბლიკაში, ქ. გიუმრიში გადავიდა და გამოძიებაც შესაბამისად, რუსეთის სამხედრო პროკურატურას უნდა ეწარმოებინა და არა როსტოვის პოლიციას. რუსულ მხარეს სჭირდებოდა ამ პიროვნების აღიარება, რომ არავითარი იარაღი ვაზიანის ბაზიდან არ გაყიდულა და ეს ყველაფერი ქართული სპეცსამსახურის მოწყობილი პროვოკაცია იყო. ამ აღიარების შემდეგ კი მისი ბედი გადაწყვეტილი იყო.
_ როგორც ინტერვიუს დაწყებამდე მითხარით, თქვენ ამ ადამიანს იცავდით
_ დიახ, მე პირადად ვიცავდი ამ პიროვნების ინტერესებს, როგორც ადვოკატი და ამ მიზნით ქ.განჯაში ჩავედი, ვცადე მასთან შეხვედრა, რაზედაც კატეგორიული უარი მივიღე. მიუხედავად კეთილგანწყობისა, მთხოვეს, რომ ჩავსულიყავი ბაქოში და გენერალური პროკურატურიდან ნებართვა მიმეტანა. ბაქოში საქართველოს საელჩოს დავუკავშირდი და მათი უდიდესი ძალისხმევით და დახმარებით (ელჩი ნიკა ნათბილაძე, ელჩის მოადგილე ნუკრი გოგიტიძე) პროკურატურის მესვეურებს შევხვდი და დახმარება ვთხოვე, რათა ამ პიროვნების რუსეთში ექსტრადირება არ მომხდარიყო, სადაც მას გარდაუვალი ლიკვიდაცია ელოდა. აზერბაიჯანის პროკურატურამ გასაგები ფორმით პირდაპირ მითხრა, რომ თუ ამ პიროვნებას რაიმე დამსახურება ჰქონდა საქართველოს წინაშე, დავბრუნებულიყავი თბილისში და თუ განხორციელდებოდა ერთადერთი ზარი თბილისიდან, შესაბამისი უწყებიდან, ისინი რუსეთს ძებნილს არ გადასცემდნენ და გარკვეული პროცედურების გაჭიანურებით ვადას გაიყვანდნენ, რის შემდეგაც პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ.
-შემდეგ?
- შემდეგ დავბრუნდი თბილისში და დავიწყე კარდაკარ სიარული. ვიარე მაშინდელ გენერალური პროკურატურაში (ეკა ტყეშელაშვილი), უშიშროების საბჭოში (ალექსანდრე ლომაია), თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში (გივი თარგამაძე), ასევე უშიშროების იმ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც თავის დროზე ამ სპეცოპერაციაზე მუშაობდნენ (გვარებს შეგნებულად ვერ დავასახელებ), მაგრამ, "შეაყარე კედელს ცერცვი"-ის პრინციპით, ვერსაიდან პასუხი ვერ მივიღე.
ერთადერთი საქართველოში, ვისთანაც მქონდა კომუნიკაცია და ვისაც მართლა გული შესტკიოდა ამ ყველაფერზე, გენერალური პროკურატურის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი თინა გოლეთიანი იყო, მაგრამ მისი ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდა. ამასობაში თბილისში უკვე მოქმედებდა საკნების ქალაქი და დაპატიმრებულის ოჯახის წევრები ბოლო შანსად, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ყურადღება მიეპყროთ, აპირებდნენ ოპოზიციის ტრიბუნის გამოყენებას, რაზედაც კატეგორიულად არ დავეთანხმე, რადგან შესაძლებელი იყო, სააკაშვილს ხელისუფლებას უფრო დაეჩქარებინა ამ პირის ექსტრადირება რუსეთში.
2 თვის განმავლობაში ამაოდ ელოდებოდნენ აზერბაიჯანელი მეგობრები სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლის ზარს, რომ ფორმალურად მაინც გაეპროტესტებინათ საქართველოს მოქალაქის შესაძლო გადაცემა, მიუხედავად იმისა, რომ მინსკის 1993 წლის კონვენციით, ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს, სხვა ქვეყნის მოქალაქე მესამე ქვეყანას გადასცეს ისე, რომ ამ ქვეყანას არ შეატყობინოს. ეს ზარი კი ნიშანი იქნებოდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და პატრიოტი მარტო არ იყო და გარდაუვალ სიკვდილს გადარჩებოდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, მაშინაც, სააკაშვილს ნამდვილი პატრიოტებისათვის არ ეცალა, საკუთარი ტყავის გადარჩენით იყო დაკავებული და ყველგან 5 ნომრიანი საკნები ელანდებოდა.
ამის გამო, მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველოს შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა.
-დღეს რა მდგომარეობაშია ის პიროვნება?
მხოლოდ საქართველოდან წასული და საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მყოფი მეგობრების ჩარევით (რომელთა ვინაობასაც ასევე ვერ დავასახელებ) მოხერხდა მისი პატიმრობიდან გათავისუფლება და სამშვიდობოს გაყვანა. ასე სანაგვეზე ყრიდა სააკაშვილი და მისი ხროვა მართლა პატრიოტებს და სამაგიეროდ გმირებად აცხადებდა მის ხასებს, საყვარლებს, მეძავებს, მასაჟისტებს, ხულიგნებსა და კრიმინალებს. აქ მოყვანილ ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ პირადად და მზად ვარ ნებისმიერ დროს, კომპეტენტურ ორგანოს, კანონის მოთხოვნათა დაცვით, ვაცნობო დეტალები, რომელთა გასაჯაროებაც მეკრძალება.
მარიამ კახიაშვილი
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი"