logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბუსუსებიანი პრეზერვატივიდან ,,გადაკიდების“ კანონამდე, ანუ უმახათო პარლამენტი
ბუსუსებიანი პრეზერვატივიდან ,,გადაკიდების“ კანონამდე, ანუ უმახათო პარლამენტი
15:57 24.02.2014
თუ თქვენ ოდესმე მოხვდებით ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა გასაჭირშია, ეროვნული ვალუტის კურსი კარდიოგრამის ზიგზაგივით ციმციმებს, მოსახლეობა საკვებს სანაგვე ურნებში ეძებს, ფეხქვეშ გათელილი საზოგადოების უფლებები კვლავ ფეხქვეშ გათელილ უფლებებად რჩება, ამ დროს კი, ამ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ბუსუსებიანი პრეზერვატივის ან ,,გადაკიდების“ შესახებ კანონპროექტს განიხილავს, - ძალიან გთხოვთ თავს ალისად ნუ წარმოიდგენთ და ნურც ამ ქვეყანას მიიჩნევთ საოცრებათა ქვეყნად, რადგან ეს ჩვენი მრავლისმნახველი და მრავალჯერ გაოცებული საქართველოა.
საზოგადოებას, რომელმაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ხმა ახალ ხელისუფლებას და შესაბამისად, ძირეულ ცვლილებებს მისცა, მის მიერვე არჩეულმა ახალმა ხელისუფლებამ თავი იმით დაამახსოვრა, რომ ნაცვლად რეალური ძვრების დაწყებისა და სამართლიანობის აღდგენისა, ან ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებისა, ახალმა პარლამენტმა ერთ-ერთ პირველ განსახილველ კანონპროექტად, ეროტიული და ეროტიკასთან ასოცირებული საგნების, მათ შორის ბუსუსებიანი პრეზერვატივის შესახებ ნორმატიული აქტი გამოიტანა.
საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს ხუმრობად მიიღო და მისი სერიოზულობა ვერც კი დაიჯერა, რადგან, ისევე როგორც ვარდენს კინოფილმ „უდიპლომო სასიძოდან,“ ჰქონდა სასწაულებრივი რწმენა შემორჩენილი ვეტერინარი ნიკოლოზის მიმართ, ქართველ ხალხსაც ახალი პარლამენტის მიმართ მაშინ ნდობის უსაზღვრო ხარისხი ჰქონდა.
ბუსუსებიანი პრეზერვატივის შემდეგ კი, მოგეხსენებათ პარლამენტმა ჩიხტიკოპებისა და აზიაცკების ჩაცმის აუცილებლობის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. აი აქ კი, ისევე, როგორც ვარდენს მეცხოველეობის განვითარებაში მუსიკის როლის გაცნობისას ნიკოლოზის მიმართ, საზოგადოებასაც ახალი პარლამენტის მიმართ ეჭვები გაუჩნდა და არცთუ უსაფუძვლოდ.
მაშინ, როდესაც საზოგადოება ცვლილებების მოლოდინში იყო, პარლამენტში ერთი ამბავი ატყდა ჩოხების, აზიაცკების, მანდილებისა და ხილაბანდების შესახებ, რაც ხალხმა უკვე ხუმრობად ვეღარ მიიღო, თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია ჩვენი უმაღლესი კანონმდებლებისთვის, რომ კვლავ ახალი, სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა წამოეწყო.
ამჯერად საქმე, ე.წ. ვირის ან ცხენის „ტაჩკის“ შესახებ კანონპროექტს ეხება.
კანონპროექტის თანახმად, პირს, რომელსაც ჯერ 16 წელი არ შესრულებია, ეკრძალება ვირის ან ცხენის „ტაჩკის“ მართვა, ხოლო აღნიშნული „ტაჩკის“ სრულწლოვანმა მფლობელმა კი, კეთილი უნდა ინებოს და თავის სატრანსპორტო საშუალებას შუქამრეკლი მოწყობილობები უნდა დაუყენოს.
ზოგადად, ვისაც აღმოსავლეთ საქართველოდან და კერძოდ, კახეთიდან თბილისის მიმართულებით ღამის საათებში უმგზავრია, იმის აუცილებლობაში, რომ აღნიშნულ საჭაპანო ტრანსპორტს შუქამრეკლი მოწყობილობები აუცილებლად უნდა ჰქონდეს, - ადვილად დარწმუნდებოდა, მაგრამ ისმის მეორე კითხვა: ეშუქამრეკლება კი იმ გაჭირვებულ კახელ გლეხს, რომელიც ღამის 12 საათზე საკუთარი ვირის „ტაჩკით“ ლუკმაპურის საშოვნელად დადის?
ან საინტერესოა, რამდენი პირი დაჯარიმდა იმის გამო, რომ ვირის ან ცხენის „ტაჩკას“ 16 წლის ასაკს მიუღწეველი მართავდა?
ან, აღნიშნული საჭაპანო ტრანსპორტის რამდენი მფლობელი დაჯარიმდა იმის გამო, რომ „ტაჩკის კუზაოზე“ შუქამრეკლი მოწყობილობები არ ჰქონდა დამონტაჟებული?
საერთოდ კი, საკმაოდ საინტერესო სანახავი იქნება კახელი გლეხი და კიდევ უფრო „ამაოდსასმენი“ იქნება მისი ლექსიკა, როდესაც ვირის „ტაჩკაზე“ მჯდომს ძალოვანი უწყების თანამშრომელი გააჩერებს და შუქამრეკლი მოწყობილობის არქონის გამო ჯარიმას გამოუწერს.
სამწუხაროდ, არ მახსოვს რას ითვალისწინებს სანქციის სახით აღნიშნული კანონდარღვევა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს სანქცია მართვის უფლების ჩამორთმევა ანუ ე.წ. „ლიშენია“ არ იქნება, ვინაიდან კახელი გლეხების ერთ ნაწილს მოსავალი მინდორში დაულპება, მეორე ნაწილი კი, შეშის მარაგის შეუვსებლობის გამო ზამთარში სიცივით გაიყინება.
ასე, რომ თუ ვინმეს ჩვენი პარლამენტის პროდუქტიულობასა და კანონწარმადობაში ეჭვი ეპარება, შეუძლია ჩვენი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას კარგად ჩაუჯდეს და იქ იმდენ მარგალიტს აღმოაჩენს, რომ ქილიკის ხალისს უმალ დაკარგავს.
ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სახეს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს მიიღებს, ე.წ. „გადაკიდების შესახებ“ კანონპროექტია.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, იუსტიციის მინისტრის მოადგილის დონეზე უკვე განხილულა და ის სავარაუდოდ ძალაში 2014 წლის ბოლომდე შევა.
საქმე კი ჩვეულებრივ „გადაკიდებას“ ეხება.
ანუ, მაგალითად, თუ, ამა თუ იმ გოგოზე უიმედოდ ან ნახევრადსაიმედოდ შეყვარებული ბიჭი თავისი სიყვარულის ობიექტს ყოველდღიურად სასწავლებლის კართან დახვდება და მას სახლამდე მიაცილებს, თანაც თუ ეს ყველაფერი გოგოს ნების საწინააღმდეგოდ ხდება, მას შეუძლია იჩივლოს და „გადაკიდებული“ ბიჭი მინიმუმ ერთი წლით, მაქსიმუმ კი, ხუთი წლით გამოამწყვდიოს ციხეში.
ამ კანონთან შედარებით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მიერ მიღებული კანონი ქუჩაში ლუდის დალევასთან დაკავშირებით 300 ლარიანი ჯარიმის დაწესების შესახებ, ჰუმანიზმის უკიდურეს გამოვლინებად შეიძლება მივიჩნიოთ.
„გადაკიდების შესახებ“ კანონპროექტის თანახმადვე, დასჯადი ხდება ქმედება, რომელიც ამა თუ იმ ობიექტის მიერ გარკვეული ქმედების ჩადენის სანაცვლოდ არაპირდაპირ მუქარას შეიცავს.
მაგალითად, ქართული მედიის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება ისეთი შემთხვევები, როგორიცაა საკუთრებაში არსებული ნივთის განგებ, შეშინების მიზნით დამტვრევა და სექსუალური კონტაქტის იძულება, რომელიც გაუპატიურება არ არის.
გაუპატიურება იქით იყოს და კანონპროექტის ჩვენეული გაგების თანახმად, თუ ჯანიანი ქართველი გლეხკაცი სახლში დაღლილი დაბრუნდება და დაგვიანებული სადილის მოთხოვნით მაგიდაზე ხელს დაარტყამს, მას ეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთად დაუჯდება, ხოლო ვინძლო მაგიდაზე ხელის დარტყმას ჭიქის ან თეფშის სიმრთელე ემსხვერპლება, მაშინ ეს დამამძიმებელ გარემოებად ჩაეთვლება და ჩვენი გლეხკაციც გისოსებს მიღმა 5 წელს გაატარებს.
დასჯადი ხდება აგრეთვე გოგოს შეშინება ისეთი ფორმებით, როგორიცაა: - თუ ცოლად არ წამომყვები კლდიდან გადავვარდები ან ფანჯრიდან გადავხტებიო.
ბიჭი ამ შემთხვევაშიც დაისჯება და საკმაოდ მკაცრადაც.
თუ ჩვენი ბავშვობის დროინდელ ანეკდოტს, რომლის თანახმადაც ბიჭი ჭიაყელა გოგო ჭიაყელას ეუბნება, თუ ცოლად არ გამომყვები ქათამს ავეკენკინებიო, - სამართლებრივ ჭრილში გადავიყვანთ, გამოდის, რომ ჭიაყელა, რომელიც სიყვარულის გამო თავს ქათმის ბასრი ნისკარტისთვის იმეტებდა, - სისხლის სამართლის დამნაშავე ყოფილა.
გადაკიდების კლასიკური ნიმუშია აგრეთვე ქართული ფილმი „მოიტაცეს თამარ ქალი,“ რადგან მართლაცდა ლამაზ თამარ ქალს, „სისხლის სამართლის დამნაშავეები“ სადგურ-სადგურ გიტარით დასდევდნენ. ჯერჯერობით უცნობია აიკრძალება თუ არა მსგავსი შინაარსის ფილმები ან ნაწარმოებები კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ.
და ბოლო, სისხლის სამართლის დამნაშავეები გამოდიან ჟურნალისტებიც, რომლებიც თავიანთ რესპონდენტებს, ძირითადად კი სახელმწიფო ჩინოვნიკებს, „გადაეკიდებიან“ ხოლმე და მათ, არცთუ სასიამოვნო კითხვებით თავს აბეზრებენ.
ასე, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქმე ჯერჯერობით კვლავ ბევრია, მანამდე კი მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩენია, - საზოგადოებას ვურჩიოთ რომ ერთმანეთს ნუ გადაეკიდებიან.
ახალგაზრდა შეყვარებულ ვაჟებს კი, თავიანთი სიყვარულის ობიექტისთვის თავის შეყვარების პროცესში მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ, ვინაიდან, ახალი კანონპროექტის თანახმად, სიყვარულიდან ხუთწლიან „სროკამდე“ სულ ერთი ნაბიჯია.
თუ გენიალური ქართველი რეჟისორის თენგის აბულაძის ასევე გენიალური ნაწარმოების „ნატვრის ხის“ ერთ - ერთ ფრაზას ოდნავ განვავრცობთ, მივიღებთ გამოთქმას: ოთხი რამ აკლია სამყაროს - ცას კიბე, ზღვას ხიდი, ადამიანებს სამართალი, ხოლო საქართველოს პარლამენტს მახათი.
P.S. ბატონო პარლამენტარებო, ძალიან გთხოვთ ამ მასალას „გადაკიდებად“ ნუ ჩამითვლით.

გიორგი აბრამიშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა