logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მეგის ქარდავას სამხედრო დაჯგუფება და „მიწისქვეშა ქალაქი" პარტიზანული ბრძოლებისთვის
მეგის ქარდავას სამხედრო დაჯგუფება და „მიწისქვეშა ქალაქი" პარტიზანული ბრძოლებისთვის
15:21 20.02.2014
როგორ ააშენეს მეგის ქარდავას ბრძანებით სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე სოფლებში მიწისქვეშა სახლები და რა აღმოჩნდა ზუსტად იქ ნაპოვნ სამალავებში?

რაში სჭირდებოდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას მიწისქვეშა ქალაქი და ცეცხლსასროლი იარაღის არსენალი, როგორ დაიწყო გამოძიება და რას ჰყვებიან ბრალდებულები, ამ საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი" ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობს, რომელიც 6 თვის მანძილზე გრიფით „საიდუმლო" იყო. 2013 წლის 18 სექტემბერს კი, სისხლის სამართლის საქმეს, გრიფით „საიდუმლო"-ს სტატუს მოეხსნა. დოკუმენტს ხელს მთავარი პროკურატურის სამმართველოს უფროსი პროკურორი გიორგი კავსაძე აწერს.
„2013 წლის 15 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის № 089150613002 საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე. დანაშაული გათვალისიწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეში არსებობს გრიფით საიდუმლო მასალები, რომლებიც არ შეიცავენ ცნობებს რაც გათვალისწინებულია სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონით, რის გამოც მიმაჩნია, რომ მასალებს უნდა მოეხსნას გრიფით საიდუმლო. დავადგინე: სისხლის სამართლის № 089150613002 საქმეში არსებული მასალები - გრიფით „საიდუმლო," - განსაიდუმლოვდეს"-ნათქვამია დოკუმენტში.
№ 089150613002 საქმე არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც 10 დაკავებული პირიდან, 9 ბრალდებული პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ისინი გამოძიებას დეტალურად უყვებიან, როგორ ააშენეს მეგის ქარდავას ბრძანებით სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე სოფლებში მიწისქვეშა სახლები, სადაც დაკავებულები მიჰყავდათ, რომლებიც შემდეგ მათთვის სასურველ ჩვენებას იძლეოდნენ. ყოფილი პოლიციელების ჩვენებიდან ირკვევა, რომ აღიარებითი ჩვენების მისაცემად ისინი დაკავებულებს აწამებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ და აუპატიურებდნენ.
საქართველოს ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ცენტრალური საგამოძიებო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, 8 ცალი ლურჯი ფერის დიდი ზომის „პლასტმასის" კასრი აღმოაჩინეს. ადგილზე დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ კასრში მოთავსებული იყო დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახეობის ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებები და ვიდეოფირები. შესაბამისი სტრუქტურის გადაწყვეტილებით, ტყის მასივში აღმოჩენილი კასრები იმავე დღეს თბილისში, ე.წ. „მოდულის" შენობაში გადაიტანეს.
ყველაფერი კი 2013 წლის 15 ივნისს, შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს I მთავარი სამმართველოს მეოთხე სამსახურის ოპერატიული თანამშრომლის უმცროსი ლეიტენანტის დიმიტრი ხუმარაშვილის პატაკით დაიწყო, რომლითაც მან შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს იმჟამინდელ დირექტორს გიორგი ზედელაშვილს მიმართა.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქ.ზუგდიდიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ ნარაზენის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფლიდან დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით არსებულ მიტოვებულ ჩაის პლანტაციებში, დამარხულია დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა" - ნათქვამია პატაკში.
აღნიშნულ უწყებაში სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის შენახვის ფაქტზე აღიძრა. საქმის გამოძიება გამომძიებელ ბაჩუკი ლაგვილავას დაევალა. საქმეში ასევე დევს საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის ხელმოწერილი დოკუმენტი. იგი აღნიშნავს, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, თავისი ხასიათით რთულია, რომელსაც მთელი რიგი საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები სჭირდება და ბაჩუკი ლაგვილავასთან ერთად, აღნიშნული საქმის გამოძიებაში 28 გამომძიებელი ჩართო.
ტყეში აღმოჩენილი 8 კასრის დეტალური დათვალიერება ე.წ „მოდულის" შენობაში მოხდა. კასრებში საბრძოლო მასალების მთელი არსენალი აღმოჩნდა. კონკრეტულად კი, 23 ცალი კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი; 87 ცალი ПГ7-ის ტიპის ხელის ყუმბარმტყორცნი; 7 ცალი ხელის ყუმბარმტყორცნი РПГ7; 77 ცალი РПГ-ს გამშვები მუხტი; 51 ცალი "F1" -ის ტიპის ხელყუმბარა; 41 ცალი "RGD-5" -ის ხელყუმბარა; 4 ცალი ცილინდრული ფორმის რკინის კონტეინერი წარწერით UZRGM 223-08 PCS; 2 ცალი კვამლის გამშვები ხელყუმბარა; 2 ცალი რკინის გაუხსნელი ყუთი წარწერით FGM 16-08-454 PCS; 9 ცალი რკინის გაუხსნელი ყუთი, სადაც მოთავსებულია 5,45 კალიბრის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები; 1 ცალი რკინის გაუხსნელი ყუთი, სადაც მოთავსებულია 7,62 კალიბრის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები; გახსნილი რკინის ყუთი, სადაც მოთავსებულია 7,62 კალიბრი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები 355 ცალი; სპეციალურ ლენტში მოთავსებული ვაზნები 425 ცალი; რკინის ყუთში მოთავსებული ღამის სათვალთვალო მოწყობილობა წარწერით "НСПУ N803319"; 1 ყავისფერი ხის ტარის მქონე ცეცხლსასროლი იარაღი ნომრის გარეშე; 1 ყავისფერი ხის ტარის მქონე ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი თავისი მჭიდით, რომლის კორპუსზე იკითხება №25; 1 ცალი „კალაშნიკოვის"-ის მოდელის მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი; 1 ცალი ავტომატის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი №544 ; 3 ცალი სხვადასხვა ზომის ასაფეთქებელი პლასტიკური ნივთიერება წარწერით C3-411; წითელი ფერის მადეტონიზირებელი ზონარი; 13 ცალი ხელყუმბარის ამფეთქი ფალია; 13 ცალი ავტომატის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის გასროლა; 2 ცალი ჩაფხუტი; 3 ცალი ზურგჩანთა, რომელზეც იკითხება ხელნაწერი IVასეული II ოცეული დავითაშვილი 109ბ. IV ასეული დავითაშვილი; 4 ცალი ე.წ. „განტვირთვის ჟილეტი“; 8 ცალი ავტომატის მჭიდის ჩანთა, 2 ცალი სამუხლე; 2 ცალი საიდაყვე; 1 ცალი მათარა; 1 ცალი ავტომატის ხიშტ-დანა, 1 ცალი შავი ფერის რკინის დანა წარწერით "BATON SWORD"; 1 ცალი ავტომატის მაყუჩი; 1 ცალი „კოლემატორი"; 1 ცალი შავი ფერის ელექტროშოკი; 1 ცალი შავი ფერის აკუმლატორი წარწერით KNB-15A; 1 ცალი „პლასტმასის" მოწყობილობა შემოხვეული მავთულით წარწერით D17; 5 ცალი ავტომატის საწმენდი ე.წ. „შომპოლი“; ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები 8 558 ცალი; ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების გულები 540 ცალი.
საბრძოლო იარაღისა და აღჭურვილობის გარდა კასრში აღმოჩნდა რამდენიმე საქაღალდე, საბუთები, ბლოკნოტი, ეჭვმიტანილის დაკავების 6 ცალი შეუვსებელი ოქმი; დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ; ასევე საქაღალდე, რომელსაც ხელით აქვს მინაწერი „დასაჭერები" და შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან ამოჭრილი დოკუმენტები, კონკრეტულად კი 81 პირის საპასპორტო და დემოგრაფიული მონაცემები სატელეფონო ნომრებით. სამართალდამცავების მიერ კასრიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები აბებისა და ფხვნილის სახით. ასევე 18 ცალი ვიდეოფირი.
გამოძიების მიერ 18 ვიდეოფირდან, 2 ჩანაწერის დათვალიერება მოხდა, რომელზეც 2 მამაკაცის გაუპატიურებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტია აღბეჭდილი. გაუპატიურების ფაქტზე საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. თუმცა სანამ ვიდეოფირზე აღბეჭდილ 2 გაუპატიურების ფაქტზე და იმაზე მოგითხრობთ, ვინ არიან გაუპატიურებული მამაკაცები და მათი გამაუპატიურებელი, რომელმაც გამოძიებას დეტალურად მისცა ჩვენება, თუ რატომ და ვისი დავალებით გააუპატიურა მან თანატოლი მამაკაცები, მანამდე სააგენტო „ნიუსპრესი", სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავას მიერ პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილ დაჯგუფებაზე და მის წევრებზე მოგიყვებათ. ისინი გამოძიებასთან დეტალურად ყვებიან, როგორ ააშენეს სამეგრელოში მიწისქვეშა ქალაქი და ვის ოჯახში ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღები და ასაფეთქებელი ნივთიერებები.
აღნიშნულ საქმეში ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: ბრალდებულების ჩვენების მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში მცხოვრები ვინმე სოსო ჯიჭონიას ოჯახში ინახებოდა. ხოლო თუ როგორ აღმოჩნდა იარაღით სავსე 8 კასრი სოფელ ნარაზენში, ამის შესახებ სისხლის სამართლის საქმეში არაფერია ნათქვამი.
ერთ-ერთი დაკავებული გოჩა შონია, რომელიც შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ნარაზენის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო, საქმეში არსებული მოწმის დაკითხვის ოქმში დეტალურად ყვება სად ნახა სოფელ ნარაზენში ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და ვისი დავალებით თხრიდა სანგრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტყეებში:
„2010 წლიდან, მიმაგრებული ვიყავი იმ ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც თხრიდა თავდაცვის სანგრებს ზუგდიდის რაიონის სოფლების მიმდებარედ არსებულ ტყეებში. ამ სამუშაოს ხელმძღვანელობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე მეგის ქარდავა და ამავე სამმართველოს ერთერთი განყოფილების უფროსი კოხტა კოდუა, რომელიც შემდეგ მეგის ქარდავას ადგილზე დაინიშნა. 2011 წლის აგვისტოს დასაწყისში, (რიცხვი ზუსტად არ მახსოვს) ვიმყოფებოდი სახლში. დაახლოებით 13:00 საათზე, ჩემს სატელეფონო ნომერზე დამირეკა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა გურამ ჭითანავამ და მითხრა, რომ შევხვედროდი ქალაქ ზუგდიდში, რის შემდეგაც, უნდა წავსულიყავით ერთად, შსს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის კოტხა კოდუას მიერ მოცემული დავალების შესასრულებლად. მე გავემზადე და დაახლოებით ერთ საათში შევხვდი მას ქალაქ ზუგდიდში, კონკრეტულად რა ადგილას აღარ მახსოვს. გურამ ჭითანავა მოვიდა თეთრი ფერის „პიკაპის" მარკის სამსახურეობრივი ავტომანქანით, რომლის სახელმწიფო ნომრები არ მახსოვს. მე ჩავუჯექი მანქანაში და გავემგზავრეთ ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშის მიმართულებით. გურამ ჭითანავამ მითხრა, რომ ჩვენებს დაკავებული ჰყოლიათ ყაჩაღობისთვის ძებნილი ზ.ა. რომელიც აფხაზეთიდან გადმოდიოდაო. გურამმა ასევე მითხრა, რომ ზ.ა. ყოფილა აფხაზების მხარეს და რამდენჯერმე უსვრია კიდევაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ქართველი მოსახლეობისა და ქართველი სამხედროების მიმართულებით. დაახლოებით 40 წუთში ჩავედით სოფელ ოდიშის მიმდებარედ არსებულ ტყეში, სადაც ჩვენი პოლიციელების ძალებით ჩადგმული იყო განმუხურის ბანაკის დემონტაჟის შედეგად გადატანილი ხის კოტეჯი. ადგილზე მისულებს, კოტეჯის წინ, დაგვხვდა სამი ნიღბიანი - სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმული და ერთ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პიროვნება" - ნათქვამია ჩვენებაში.
საქმეში არსებული ჩვენებიდან ირკვევა ასევე, რომ გამომძიებლის მიერ დასმულ კითხვაზე: -„2013 წლის 16 ივნისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახლების შეიარაღება, საბრძოლო მასალა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთები. გთხოვთ განუმარტოთ გამოძიებას რა იცით აღნიშნულთან დაკავშირებით?", მოწმე გოჩა შონია პასუხობს, რომ საბრძოლო მასალა მათ წართმეული ქონდათ რუსული ჯარისთვის.
„დასმულ კითხვაზე განგიმარტავთ, რომ 2013 წლის 16 ივნისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მიმდებარე ტერიტორიიდან დიდი ოდენობით შეიარაღების, საბრძოლო მასალის და სხვა ნივთების ამოღების შესახებ შევიტყვე სატელევიზიო გადაცემიდან. სანამ სანგრების მთხრელ ჯგუფზე დამამატებდნენ, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მეგის ქარდავას და მის ჯგუფს წართმეული ჰქონდათ შეიარაღება და საბრძოლო მასალა რუსული ჯარისთვის, განმუხურის ცნობილი მოვლენების დროს. მხოლოდ ვერ ვიხსენებ თუ კონკრეტულად ვისგან გავიგე აღნიშნული. საერთოდ კი ამის შესახებ იცოდა თითქმის მთელმა ზუგდიდმა და ლაპარაკობდნენ კიდევაც ზუგდიდში" - აცხადებს შონია.
საქმის მასალებში დევს ასევე მარლეს ხვიტიას ჩვენება, რომელიც 2006 წლიდან დაკავებამდე, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დარჩელის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორად მუშაობდა. ჩვენებაში იგი დეტალურად აღწერს იმ ჯგუფის შესახებ, რომელიც მეგის ქარდავას დავალებით სამეგრელოს რეგიონში მიწისქვეშა ქალაქებს თხრიდა.
„2010 წლიდან, უშუალოდ შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მეგის ქარდავას დავალებით, ზუგდიდის რაიონის სოფლებში, ძირითადად აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის განაპირა სოფლებში, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებთან კერძოდ: ემილ მამფორიასთან, პაატა ქირიასთან, ბაჩანა ბალოიანთან, ლაშა გაბელიასთან, ლევან ქარჩავასთან, ზაზა ჩაბალუხასთან, მიშა ბერიშვილთან, გიორგი ბულიასთან, ლადო ჯაჯუასთან, გურამ ჭითანავასთან, გოგიტა ქირიასთან და დავით ჩაგინავასთან ერთად, ვაშენებდით ხის ფიცრულ ნაგებობებს და მიწისქვეშა სანგრებს. მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ დავით ჩაგინავა და კოხტა კოდუა უშუალოდ მეგის ქარდავას დავალებით. აღნიშნული ნაგებობები ჩვენ აშენებული გვაქვს ზუგდიდის შემდეგ სოფლებში: განმუხურში, ერგეტაში, დიდინეძში, ურთაში, კორცხელში, ორულში, ოდიშში, ჯიხაშკარში და ნარაზენში. აღნიშნული ხის ფიცრულ ნაგებობებში და მიწისქვეშა სანგრებში ჩემს მიერ იქნა დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობის სადენები და სადენების დაზიანების შემთხვევაში უშუალოდ ჩემს მიერ ხდებოდა მისი შეკეთება. მეგის ქარდავას თქმით აღნიშნული ნაგებობები განკუთვნილი იყო იარაღის შესანახად და საჭიროების შემთხვევაში პარტიზანული საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის" - ნათქვამია ჩვენებაში.
ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებოს მთავარი სამმართველოს ცენტრალური საგამოძიებო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების თანამშრომლების მიერ ნაპოვნ კასრებში აღმოჩენილ ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ მოწყობილობებზე, საქმის მასალებში ასევე დევს მარლეს ხვიტიას ჩვენებაც, სადაც ის აცხადებს, რომ:
„2012 წლის ივნისის ან ივლისის თვეში (ზუსტად არ მახსოვს) მე დამირეკა დავით ჩაგინავამ, რომელიც არის მეგის ქარდავას ბიძაშვილი და იმ დროს მუშაობდა სამხედრო პოლიციაში რეგიონალური სამმართველოს უფროსად და მითხრა, რომ შევხვედრილიყავით ქ. ზუგდიდში. ჩვენ შევხვდით დათქმულ ადგილას მე, დავით ჩაგინავა, გურამ ჭითანავა და გია ბულია. დავით ჩაგინავამ ჩვენ გვითხრა, რომ იარაღი იყო გასაწმენდი. მას არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის იარაღზე იყო საუბარი. მან განმარტა, რომ იარაღი ინახებოდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში და გვითხრა, რომ გავყოლოდით მას. ამის შემდეგ, დავით ჩაგინავა წინ გაგვიძღვა თავისი მანქანით, რომელსაც მანქანაში ჩაუჯდა გია ბულია, ხოლო მე და გურამ ჭითანავა მას გავყევით უკან ტოიოტას მარკის ჯიპით. როდესაც მივედით სოფელ ოდიშში სოსო ჯიჭონაიას სახლში, იქ დაგხვდა ოჯახის დიასახლისი. დავით ჩაგინავამ გააღო გარაჟის კარები და ჩვენ შევედით გარაჟში. იქ დალაგებული იყო შვიდი ან რვა ცალი ცისფერი „პლასტმასის" ავზი, რომელსაც ჰქონდა თავისი შავი ფერის ხუფები. დავით ჩაგინავამ გახსნა აღნიშნული ავზის ხუფები. ავზში მოთავსებული იყო კალაშნიკოვის სისტემის ცეცხლსასროლი ავტომატები, ყუმბარმტყორცნები თავისი ჭურვებით, ხელყუმბარები, ავტომატების ტყვიები მოთავსებული ცინკის სპეციალურ ყუთში, „ბრონის“ ჟილეტები, ორი ან სამი ცალი კასკა, ზურგჩანთები სხვა ნივთები. მე ყველა ნივთის, რომელიც ავზში იყო მოთავსებული ნახვა ვერ მოვასწარი. ამ დროს გარაჟში შემოვიდა კოხტა კოდუა, მან მოიტანა იარაღის გასაწმენდი ზეთი. მან დაათვალიერა იარაღები და თქვა, რომ იარაღებს ობი არ ჰქონია და გასაწმენდი არ არისო. რის შემდეგაც გვითხრა, რომ ყველა წავსულიყავით სამსახურში. მან ჩვენ გვითხრა, რომ აღნიშნული იარაღები ეკუთვნოდა მეგის ქარდავას. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ მე 2013 წლის 17 ივნისს, ტელევიზიით ვნახე კადრები, რომ ამოღებული იყო კალაშნიკოვის სისტემის ცეცხლსასროლი ავტომატები, ყუმბარმტყორცნები თავისი ჭურვებით, ხელყუმბარები, ავტომატის ტყვიები „ბრონის" ჟილეტები და სხვა ნივთები. მივხვდი, რომ ეს ის იარაღები იყო, რომლებიც მე ვნახე სოსო ჯიჭონაიას გარაჟში."
აღნიშნულ საქმეში დევს ბაჩანა ბალოიანის ჩვენებაც, რომელიც გამოძიებასთან საუბრობს, მეგის ქარდავას დავალებით, დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად, როგორ აშენებდა მიწისქვეშა სანგრებს და 3 დღეღამის მანძილზე როგორ „ყარაულობდა" ცეცხლსასროლ იარაღსა და ტყვია-წამალს.
„2007 წლის 16 მარტიდან 2011 წლის ნოემბრის თვემდე ვმუშაობდი შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2011 წლის 3 ნოემბრიდან 2013 წლის იანვრის თვემდე ვმუშაობ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში. საქმის ირგვლივ მოგახსენებთ, რომ 2010 წლიდან შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, მეგის ქარდავას დავალებით, ზუგდიდის რაიონის სოფლებში, ძირითადად აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის განაპირა სოფლებში შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ვაშენებდით ფიცრულ ნაგებობებს და მიწისქვეშა სანგრებს.
2013 წლის 17 ივნისს ტელევიზიის საშუალებით შევიტყვე, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მიმდინარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა სახეობის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები. 2012 წლის სექტემბრის თვეში, ზუსტი თარიღი არ მახსოვს, როდესაც მე ვმუშაობდი სამხედრო პოლიციაში, დავით ჩაგინავამ, რომელიც იყო ჩემი ხელმძღვანელი და სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსი, მითხრა, რომ წავსულიყავით სოფელ ოდიშში გია ბულიას სახლში. როდესაც მივედით ხსენებულ სახლში, იქ დაგვხვდა გია ბულია, კოხტა კოდუა, გოჩა შონია, მიხეილ ბერიკაშვილი, გიორგი მოლაშხია, ლაშა გაბელია, ბაჩუკი მატუა, ლადო ჯოჯუა, გურამ ჭითანავა და მანუჩარ ჩუხუა. ჩვენ ყველა ერთად შევედით საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ავტოფარეხში, სადაც ვნახეთ, რომ რამდენიმე კასრში, როგორც ვიხსენებ 4 ცალ ლურჯი ფერის პლასტმასის კასრში, რომლებსაც გააჩნდა შავი ფერის ხუფი, ჩაწყობილი იყო სხვადასხვა სახეობის ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა და ტყვია წამალი. როგორც ჩემთვის ცნობილია ხსენებული იარაღები ეკუთვნოდა მეგის ქარდავას. დავით ჩაგინავას მითითებით, ზემოთ აღნიშნული პირები კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას გარდა, დავრჩით ხსენებულ სახლში, რათა თვალყური გვედევნებინა იქაურობისთვის და დაგვეცვა ხსენებული იარაღები. ხსენებულ სახლში ვიმყოფებოდით 3 დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ კი ისევ დავით ჩაგინავას მითითებით წავედით სამსახურში, ვინაიდან გამოცხადებული იყო მუშაობის ყაზარმული რეჟიმი.
ზემოთ ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღები და სხვა საბრძოლო მასალა არის სწორედ ის იარაღები, რომელიც მე 2013 წლის 17 ივნისს ვნახე ტელევიზიის საშუალებით და რომელიც ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ. დავით ჩაგინავას, კოტა თოდუას ან სხვა ვინმეს ჩემთვის არ უთქვამს, თუ რისთვის იყო განკუთვნილი ხსენებული იარაღები. აღნიშნულზე მე კითხვა დაუსვი დავით ჩაგინავას, რაზეც მიპასუხა, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და ზედმეტი კითხვებისგან თავი შემეკავებინა."
შონიასა და ხვიტიას ჩვენება განსხვავდება ბალოიანის ჩვენებისგან. ისინი საუბრობენ, რომ იარაღის სავსე კასრები სოფელ ოდიშში მცხოვრები სოსო ჯიჭონაიას ოჯახში ნახეს. ბალოიანი კი აცხადებს, რომ „მიწისქვეშა ქალაქის" მშენებელთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, პოლიციის თანამშრომლის გია ბულიას სახლში ნახა. ჯერჯერობით ბალოიანს გამოძიებამ მოწმის სტატუსით დაკითხვა აკმარა, თუმცა შესაძლოა დააკავოს, ისევე, როგორც ამ საქმეში მონაწილე სხვა პირები.
როგორ აღმოჩნდა სოფელ ოდიშში შენახული ცეცხლსასროლი იარაღით სავსე კასრები სოფელ ნარაზენში, ამაზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში კონკრეტული ვერაფერი გვითხრეს.
„ეს საქმე სასამართლოშია გადაგზავნილი" - ასეთი პასუხი გაგვცა საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურმა.
თუმცა, ამჯერად მთავარ პროკურატურას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი „გამორჩა“, რადგან საქმეში დევს „დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ" რომელიც 2013 წლის 17 სექტემბრით არის დათარიღებული და სადაც წერია რომ: „სისხლის სამართლის № 089150613002 საქმის ცალკე წარმოებისთვის გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 236 მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა' და "ზ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილით, სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით." რომელსაც ხელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში და ანტიკორუფციულ საგენტოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორი გიორგი კავსაძე აწერს.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ტყის მასივში აღმოჩენილი საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ოფიციალურ ჩვენებებზე დაყრდნობით გაკეთებულ მასალას იმასთან დაკავშირებით, თუ ვის, რატომ და კონკრეტულად ვისი დავალებით აწამებდნენ და აუპატიურებდნენ სამეგრელოს ტყეების მიწისქვეშა ქალაქებში მიყვანი დაკავებულ პირებს.

თინათინ ჩაჩუა
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა