რატომ ცდილობს ყოფილი პატიმარი ისევ ციხეში მოხვედრას?
თბილისის მერიამ, ახალი ხელისუფლების მიერ ციხიდან გამოშვებული ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი,
რომელიც მერიაში დახმარებისა და სამსახურის თხოვნით მივიდა, - ბიძინა ივანიშვილთან გადაამისამართა.
მოსკოვის პროსპექტზე მდებარე უსახლკაროთა თავშესაფრის ერთ-ერთი ხიზანი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, „ნიუსპრესს“ იმ „თავგადასავლების“ შესახებ უყვება, რაც მას ციხიდან გამოსვლის შემდეგ გადახდა თავს.
-რატომ აღმოჩნდით ქუჩაში უბინაოდ ციხიდან გამოსვლის შემდეგ?
-ეს პირად საკითხებს უკავშირდება და ამაზე საუბარი არ მსურს. სასაუბრო ისაა, რომ მე დღეს არავის ვჭირდები და ყველასგან სრულიად მიტოვებული ვარ. ეს თავშესაფარი რომ არ ყოფილიყო, არც ვიცი ეხლა ცოცხალი ვიქნებოდი თუ მკვდარი. მითუმეტეს არც ჯანმრთელობა მიწყობს ხელს.
- საუბარში ახსენეთ, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ დახმარებისთვის მერიას მიმართეთ
-მივმართე, რომ ან თავშესაფრით დამხმარებოდა, ან რაიმე სამსახური მაინც ეშოვათ. არანაირ სამსახურს არ ვთაკილობ. მერიის თანამშრომელმა, რომელთანაც თხოვნით მივედი, განცხადებაც კი არ დამაწერინა და მითხრა, რომ ბიძინა ივანიშვილთან წავსულიყავი. იმან გამოგიშვა და იმანვე გიპატრონოსო.
- გახსოვთ თუ არა მერიის იმ თანამშრომლის სახელი და გვარი ან თანამდებობა?
-რა სახელზე და გვარზეა ლაპარაკი, ეგენი ყველა ერთნი არიან.
-აქ როგორ ცხოვრობ?
-საჭმელი მაქვს, მთელი დღე აქ არა ვარ, საღამოობით მოვდივარ. ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემები მაქვს და თავშესაფარში მორიგე ექიმები ამ პრობლემასაც მიგვარებენ, წამლებსაც მაძლევენ. ამას წინათ, საავადმყოფოშიც გადამიყვანეს, მაგრამ ასე როდემდე გაგრძელდება? ეს თავშესაფარი დროებითია. კი ამბობენ, ახალი თავშესაფარი აშენდებაო მაგრამ, მანამ რა იქნება? წამალი და საჭმელი ხომ მჭირდება.
სერიოზულად ვფიქრობ რამე დავაშავო და ისევ ციხეში შევბრუნდე, იქ საწოლიც მაქვს, საჭმელსაც გვაჭმევენ და მკურნალობითაც მმკურნალობენ.
სხვა გზას უკვე ვეღარ ვხედავ.
ქეთი გვახარია
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“