როგორ მოატყუეს თურქი ბიზნესმენი და რა კავშირი აქვს დილარ ხაბულიანს ამ საქმესთან? ყოფილი ხელისუფლების რომელი წევრები არიან ჩართული
მსგავ აფიორაში და რეალურად ვინ აკონტროლებს თბილისში მიმდინარე მშენებლობებს?
ჰაიათ ქუჩუქი თურქი ბიზნესმენია, რომელიც საქართველოში უკვე დიდი ხანია მოღვაწეობს. ის დილარ ხაბულიანს, ყოფილ პარლამენტარსა და ძიუდოს ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, საკუთარი მიწის მითვისებაში ადანაშულებს და თაღლითობაში სდებს ბრალს. ამ საკითხთან „ნიუსპრესი“ ჰაიათ ქუჩუქს ესაუბრა.
- როდის და როგორ დაიწყო თქვენი და დილარ ხაბულიანის ურთიერთობა და კონკრეტულად რაში ადანაშაულებთ მას?
- მე ამ ადამიანს უკვე წლებია ვიცნობ. ხაბულიანი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როდესაც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი იყო. დღეს მასთან ურთიერთობა ალბათ აღარც მექნებოდა ეს თაღლითობა რომ არ ჩაედინა. დილარმა და მისმა სიძემ ვახტანგ მარტოლეკმა შეძლეს და ჩემი საკუთრება თაღლითური გზით მიითვისეს.
-როგორ მოხვდა თქვენი საკუთრება სხვა ადამიანის მფლობელობაში?
-მე საქართველოში მიწის ნაკვეთს ვეძებდი, სადაც საავადმყოფო აშენდებოდა. დიდი ხანია მინდოდა საქართველოში საავადმყოფოს აშენება, ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებდი ევროკავშირის გარკვეულ სტრუქტურებთან, რადგან ამ გრძელვადიანი პროექტის განხორცელებას მათი დახმარებით ვაპირებდი. მიწა დილარ ხაბულიანმა მოძებნა. მე ეს იმდენად გამიხარდა, რომ გადავწყვიტე დილარისთვის 1500 კვ.მ მეჩუქებინა. ვინაიდან ამ მიწის ნახევარი თუ ნახევარზე მეტი, ზუსტად არ ვიცი, მცხეთა-მთიანეთის შემადგენლობაში შედიოდა და არა თბილისის ტერიტორიაში, დილარმა შემომთავაზა, რომ მთლიანი ფართი ვახტანგ მარტოლეკზე გადამეფორმებინა. მითხრა, რომ სანდო ადამიანი იყო და ის მოაგვარებდა ყველაფერს. მე მაშინ არც კი ვიცოდი რომ მარტოლეკი მისი სიძე იყო, არ უთქვამს ეს ჩემთვის, ეს უკვე მერე გავიგე. მე ვუთხარი რომ 3 თვით გავაფორმებდი მინდობლობას, მაგრამ დილარმა მითხრა ერთი წლით უნდა გაფორმდესო და მეც დავთანხმდი. თვითონ მოიყვანეს ნოტარიუსი და გაფორმდა ხელშეკრულება. სულ ხელშეკრულების სამი ასლი დამზადდა, ერთში, რომელიც მე მომცეს ვადად ერთი წელი ეწერა, დანარჩენ ორში კი 3 წელი იყო ჩაწერილი თურმე. როცა ერთი წელი გავიდა, ხელშეკრულებამ რომელიც მე მქონდა ძალა დაკარგა, მაგრამ დანარჩენი ორი, რომელშიც სამი წელი ეწერა, მოქმედი იყო. 2013 წელს როცა ხელშეკრულების ვადა იწურებოდა, მარტოლეკიმ მიწა, ჩემი სახელით, როგორც ჩემმა წარმომადგენელმა, თავის სიმამრს მიჰყიდა.
- როდესაც თქვენს საკუთრებას უცნობ ადამიანზე აფორმებდით, არ გიფიქრიათ რომ შეიძლებოდა საქმე ასე დასრულებულიყო?
-არა, იმიტომ რომ რისთვისაც გავაფორმე ეს მინდობილობა, რომ არსებული პრობლემები მოგვარებულიყო, მათ ყველაფერი გააკეთეს ჩემს სასარგებლოთ ისე, როგორც საჭირო იყო. მე ბოლოს, მხოლოდ მესამე წელს გავიგე რომ მათ მომატყუეს და 1500 კვ. მ. ნაცვლად მთლიანი მიწა გადაიფორმეს.
- სასამართლოს თუ მიმართეთ?
-კი სასამართლოს მივმართე და საქმე მოვიგე კიდეც. სასამართლომ ერთ დღეში დაამტკიცა, რომ მართალი ვიყავი. დილარს და მის სიძეს ხარვეზები ჰქონდათ საბუთებში, ამაზე სასამართლოშიც იყო საუბარი დეტალურად, რა როგორ იყო , რის გამოც მიწის ნაკვეთს საჯარო რეესტრში ვერ დაარეგისტრირებდნენ. მაგრამ მაშინ ნაცმოძრაობა ჯერ კიდევ ძალაში იყო და როგორც მოგეხსენებათ, ისინი ნაციონალების დროს დეპუტატები იყვნენ და ყველაფერი ნაცნობობით მოხდა. სასამართლოზე დილარმა ისიც კი თქვა, რომ თვითონ კი არ ჰქონდა ჩემთან კავშირი, არამდე თავის სიძეს, მაშინ როცა მე მის სიძეს ნორმალურად არც ვიცნობდი, სულ ორჯერ მყავდა ნანახი. საქმე ისაა რომ ჩემნაირად საქართველოში უამრავი ადამიანია. მე კიდევ გადარჩენილი ვარ და მადლობელი ვარ.
- თქვენ ამბობთ რომ თქვენს მდგომარეობაში სხვა ბიზნესმენებიც არიან, შეგიძლიათ დაგვისახელოთ რომელიმე მათგანი?
- მაგალითად ერთი ჩემი მეგობარი მსგავს მდგომარეობაში ჩააგდო დილარ ხაბულიანმა. მისი კომპანია ანტალიიდანაა და დღესაც, დილარ ხაბულიანის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, მაგრამ ეს წინა მთავრობის დროს მოხდა და ჯერაც არ გამოძიებულა. დილარ ხაბულიანი ყველაფერს თავისი ბიზნესისთვის იყენებდა.
მინდა ასევე აღვნიშნო, რომ დილარს სერიოზული ურთიერთობა აქვს ჩინელებთან, რომლებიც თბილისის ზღვის ტერიტრიაზე მშენებლობას აწარმოებენ. არ ვიცი ზუსტად რა კავშირშია და როგორ მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ჩემი მიწა იმ მიწის გვერდითაა, რომელზეც ჩინელები აწარმოებენ მშენებლობას.
- ახალი ხელისუფლების პირობებში რამდენად გაქვთ იმედი, რომ თქვენი სამართლიანობა დამტკიცდება?
- პირველი პროცესი მე მოვიგე. მათ გაასაჩივრეს და ვნახოთ ახლა რა მოხდება, მეორე პროცესი 18 თებერვალს არის. დღეს არ ვიცი დარჩენილია თუ არა მაგათი ხალხი ზემოთ, რადგან ამაზეა დამოკიდებული საქმის დასასრული. დილარ ხაბულიანი ყველა ხელისუფლებაში იყო, დაწყებული გამსახურდიადან, დამთავრებული მიშამდე, შიში მაქვს რომ ახლაც არ შევიდეს ვინმესთან ახლო ურთიერთობაში.
მე განცხადება დავწერე საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე და იმედი მაქვს, რომ სამართლიანობა აღდგება.
p.s. საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესმა“ სცადა დილარ ხაბულიანთან დაკავშირება, თუმცა ვერ მოხერხდა.
იმ შემთხვევაში, თუ საქმის მეორე მხარე მოისურვებს თავისი პოზიციის დაფიქსირებას, სააგენტო „ნიუსპრესი“ მზადაა მას ამისთვის საკუთარი ვებ-სივრცე დაუთმოს.
მარიამ კახიაშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“