„ნუ ბლატაობ შე ჩმორო“ - სოსო ჯაჭვლიანის მიერ პარლამენტის დარბაზში წარმოთქმული ეს ფრაზა, რომლის ადრესატიც აფრასიძეების ოჯახის ამომწყვეტი
და კუბდარისმოყვარული გია ბარამიძე იყო, - სამართლიანობის აღდგენის მოლოდინით დატანჯულ ხალხში, დღემდე ერთადერთ ნათელ წერტილად რჩება, რადგან საზოგადოებამ, დამნაშავის, შესაძლოა არა მიღებული და სამართლებრივი, მაგრამ მამაპაპური დასჯის მაგალითი ნამდვილად იხილა მუცელში ჩაზელილი წიხლის სახით.
მიუხედავად სოსო ჯაჭვლიანის მიერ გაკეთებული ამ განცხადებისა და მის მიერ გია ბარამიძის პირდაპირ ეთერში გალახვისა, ნაციონალური მოძრაობა „ბლატაობას“ დღესაც აგრძელებს იმ განსხვავებით, რომ მათი „ბლატაობისა“ და დემაგოგიის მასშტაბები ყოველგვარ საზღვარს სცდება, რითაც ისინი ისევ და ისევ, საზოგადოების უარეს აგრესიას იმკიან.
სწორედ ჯაჭვლიანის ფრაზა აეკვიატა საზოგადოების უდიდეს ნაწილს, როდესაც გვამებისმოყვარული ვანო მერაბიშვილის შესახებ ჩანაწერი, ხოლო შემდეგ, „ნაციონალების“ მიერ, ამ ჩანაწერისა და სქოლიოზშეყრილი ხერხემლის „გაპრავების“ უსუსური მცდელობა ნახა.
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ, თუ ჯაჭვლიანმა განცხადება, მხოლოდ ბარამიძის მისამართით, მხოლობით რიცხვში გააკეთა, ქართველ საზოგადოებას იგივე ფრაზა, მთლიანად წინა ხელისუფლების მესვეურთა უმრავლესობის მიმართ, მრავლობით რიცხვში გაუჩნდა.
ვიდეო, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა, მართლაც შოკისმომგვრელი იყო, სადაც, როგორც ლევან ბერძენიშვილი იტყოდა, ეს გონებრივად შეზღუდული ყოფილი ხერხემალი, ძალოვნებისგან ორ გვამს ითხოვდა და სანაცვლოდ დიდ პრემიას ჰპირდება.
ვანო მერაბიშვილის ამ გამონათქვამის გამართლება მყისვე სცადა გივი თარგამაძემ, რომლის მიმართაც ხალხს არანაკლები აგრესია აქვს, ვიდრე თავად, ხერხემალყოფილის მიმართ.
გასაგებია გივის პოზიციაც, რადგან ის ვანო მერაბიშვილში საკუთარ თავსაც ხედავს და ყველანაირად ცდილობს პარაშის სურნელის სუნთქვას გაექცეს, თუმცა იმ განცხადებებით, რომლის მოსმენის დროსაც საზოგადოების ფრაზეოლოგია, რბილად რომ ვთქვათ, ყურში არ შეიშვება, - თარგამაძე ფონს ვერ გავა.
კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სასამართლოში, ამ განცხადების „გასაპრავებლად“ ისეთი რაღაცები იბჟუტურა, რომ თავად ნუგზარ წიკლაურს ან გოკა გაბაშვილსაც კი, გულიანად გაეცინებოდა.
ორი რუსი ინსტრუქტორის ვითომდა მკვლელობის ამბავს ვგულისხმობ.
ვანო მერაბიშვილი, სუფთა ჰაერზე ყოფნის დროს, ფანტაზიების ნაკლებობას არ უჩიოდა, ამასთან, დიდად მაინცდამაინც არც შუბლის ძარღვი აწუხებდა, რის გამოც, ის ხშირად ახერხებდა ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას, მაშინაც კი, როდესაც ის იქ არ იყო. თუმცა, როგორც ჩანს, მარტოობამ ციხეში და საზოგადოების ამგვარმა ზიზღმა, ვანო ბიჭს გამჭრიახობა დაუჩლუნგა და ის უკვე პირდაპირ ეთერში, სასამართლოს დარბაზში სისულელეების ბჟუტურსაც აღარ ერიდება.
როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, იმ უამრავი სისტემური თუ არასისტემური დანაშაულის აღმოჩენისა და გამოაშკარავების მიუხედავად, რის შემდეგაც, ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი გაჩუმდებოდა მაინც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ბლატაობას“ დღემდე აგრძელებენ და მოსახლეობას მუქარანარევი ტონით მოძღვრავენ.
ვერაფერს იტყვი, მათ ამის საფუძველი ნამდვილად გააჩნიათ, ვინაიდან ქვეყანაში არსებულმა დაუსჯელობის სინდრომმა, რასაც წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ აქვს ადგილი, ნაციონალებს, „ბლატაობის“ შეუზღუდავი ლიმიტი მისცა, ხოლო ჯაჭვლიანის ინდივიდუალური მცდელობა ამ „ბლატაობის“ აღსაკვეთად, როგორც ჩანს საკმარისი არ არის.
საკმარისი არ არის ზოგიერთების „ბლატაობის“ აღსაკვეთად და სამართლიანობის აღსადგენად ხელისუფლების ნებაც, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში არიან ძალები, რომლებიც დამნაშავეების უპირობო დასჯას უჭერენ მხარს, ამავე ხელისუფლებაში არიან ასევე საკმაოდ გავლენიანი ძალები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებულ კოჰაბიტაციას თავის დროზე დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ და ამ კოჰაბიტაციის სადარაჯოზე ყოფნას, დღემდე თავიანთ წმინდათაწმინდა მოვალეობად თვლიან, ხოლო მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაჭერას, ლამის, ეროვნულ ტრაგედიად აფასებენ.
როდესაც ხელისუფლებაში გეყოლება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენა მისი ამოცანაა, როდესაც ხელისუფლებაში გეყოლება ადამიანი, რომელიც ქვეყნის განვითარებაში მიხეილ სააკაშვილის უდიდეს ღვაწლზე სერიოზული სახით ისაუბრებს, როდესაც ხელისუფლებაში გეყოლება ადამიანი, რომელიც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნისთვის საკუთარ სიცოცხლეს სდებდნენ სასწორზე, - მეორეხარისხოვან ქართველებს უწოდებს, როდესაც თავიან ადგილებზე ისხდებიან ის ლაქუცა მოსამართლეები, რომლებიც პროკურორების ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდნენ და რომელთა კისერზეც ათეულობით და ასეულობით უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამწესებაა, როდესაც ხელისუფლებაში გეყოლება ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ, მიხეილ სააკაშვილის მზეს ფიცულობდა, აღარავის უნდა გაუკვირდეს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება და არც ის არ უნდა გაუკვირდეს არავის, რომ ამ ფაქტორებით ფრთაშესხმული ნაციონალები, „ბლატაობას“ გააგრძელებენ.
რაც შეეხება თავად ვანო მერაბიშვილის შესახებ გავრცელებულ კადრებს, მასზე ბევრს არ ვისაუბრებთ, თუმცა მაინც ღირს შევჩერდეთ იმ საკითხზე, რომელი საკითხიც დღის წესრიგში დგება:
-აქვს თუ არა იმ პოლიტიკურ ძალას უფლება, იყოს პარლამენტში, რომლის ერთ-ერთი ლიდერი და მამობილი, არმომხდარი ამბოხის ჩახშობასა და მინიმუმ, ორ გვამს დიდი პრემიების სანაცვლოდ ითხოვდა?
აქვს თუ არა უფლება იმ პოლიტიკურ ძალას იყოს პარლამენტში, რომლის წევრებიც სამეგრელოს ტყეებში მოწყობილ სამალავებში უპატრონო გლეხებს აუპატიურებდნენ და აიძულებდნენ მათ არმომხდარი ტერაქტის ორგანიზება ეღიარებინათ?
ამ ჩამონათვალის გაგრძელება, სამწუხაროდ უსასრულოდ შეიძლება.
საკითხავი კი ისაა, არის თუ არა დღევანდელი პარლამენტი ის საკანონმდებლო ორგანო, რომლის შემადგენლობაც ხალხის რეალურ განწყობას გამოხატავს?
სამწუხაროდ არა!
გამოსავალი კი ერთია - ვადამდელი საპარლამენტო არჩვენები, თუმცა ის არ აწყობს არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და არც ახალი ხელისუფლების დიდ ნაწილს, ვინაიდან მათ ურჩევნიათ ითანამშრომლონ თავიანთ მენტალიტეტთან და შეხედულებებთან ახლოს მდგომ ნაციონალურ მოძრაობასთან, ვიდრე ქვეყნის განვითარებისთვის მოწოდებულ რეალურ ძალებთან დაიწყონ თანამშრომლობა, თუნდაც ოპონირების რეჟიმში.
იმას, რომ დღევანდელი პარლამენტი ხალხის განწყობას არ გამოხატავს, ასი კაციდან მინიმუმ 90 დაგიდასტურებთ; იმას, რომ ახალი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენით ძალიან ნაკლებადაა დაინტერესებული, ასი კაციდან მინიმუმ 90 დაგიდასტურებთ; იმას კი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღესაც არანაკლებად „ბლატაობენ“ ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასი კაციდან ასივე დაგიდასტურებთ.
იბადება კითხვა, სადაა გამოსავალი, თუ საზოგადოების უმთავრეს დაკვეთას, - სამართლიანობის აღდგენას, ახალი ხელისუფლების შემადგენელ ძალთა საკმაოდ დიდი რაოდენობა ხელს უშლის?
პასუხი ერთია - სრულიად საქართველოს საზოგადოება ერთად უნდა დადგეს ფეხზე და ერთ ხმაში, ერთდროულად უნდა შესძახოს მათ ვისაც საჭიროა - „ნუ ბლატაობთ თქვე ჩმორებო!“
მერწმუნეთ, ნაციონალების დიდ ნაწილსაც და მათ თანამოაზრე ძალებსაც, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, ყველაზე მეტად საზოგადოების ერთობლივი ხმის ეშინიათ.
დღეს, სრულიად საქართველოს, „ჯაჭვლიანიზაცია“ სჭირდება!
გიორგი აბრამიშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“