რატომ ხურავენ ბავშვთა სახლებს? რა პირობებში აშვილებენ ბავშვებს და ხორციელდება თუ არა იმ ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი,
რომლებიც ოჯახებს იმ 600 ლარის სანაცვლოდ მიჰყავთ, რომელსაც მათ სახელმწიფო უხდის?
რა ხდებოდა ბავშვთა სახლებში ან როგორ ექცევიან ოჯახები იმ ბავშვებს, რომლებიც მათ ამ დაწესებულებებიდან ჰყავთ გაყვანილი?
ამ საკითხებთან დაკავშირებით „ნიუსპრესს“ სენაკის ბავშვთა სახლის ყოფილი ბენეფიციარი ვალერი ჩიტაია ესაუბრა.
- მე სენაკის ბავშვთა სახლში ვარ გაზრდილი და ვიცი რა ხდება და ვინ ვინაა. ჩემს დროს კარგი პირობები ნამდვილად არ იყო. წლების წინ ისეთი რაღაცები გამოვიარე, რომ არ მინდა ბავშვებმა დღესაც იგივე გაიარონ. ჩემი პროტესტიც ამას უკავშირდება.
დღეს ბავშვები ადრინდელთან შედარებით ძალიან კარგ პირობებში არიან. სენაკის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, გაოცდებით ისეთი კარგი პირობები აქვთ, მაგრამ არიან ადამიანები, სოციალური მუშაკები, რომლებსაც ბავშვები ბავშვთა სახლებიდან გაჰყავთ. რომ ნახოთ, როგორ ოჯახებში აშვილებენ მათ, ჭკუიდან შეიშლებით. ფულის გამო მიჰყავთ იმ ოჯახებსაც , თორე ბავშვები სულ ფეხებზე ჰკიდიათ. პატარები სახლში ჰყავთ გამოკეტილი და არსად გაჰყავთ, მაშინ როცა აქ, ბავშვთა სახლში, ისინი სწავლობენ, ხალხთან ურთიერთობაც აქვთ და მათზე ისეთი ადამიანები ზრუნავენ, ვინც ეს საქმე იცის. თვითონ ბავშვებსაც არ უნდათ აქედან წასვლა, გაგიჟებულები არიან, მაგრამ ძალით გაჰყავთ. იძახიან ბავშვები - არ გვინდა ოჯახებშიო, მაგრამ სოციალური მუშაკები თავს არ ანებებენ. მე ისეთი ინფორმაციები ვიცი რომ, მაგალითად დაახლოებით ორი წლის წინ, მინდობით იყო ერთი ბავშვი ოჯახში, მას ვირუსი შეხვდა, რის შემდეგაც ის უკან მოიყვანეს და დამალეს, რომ ვირუსი ჰქონდა. ბავშვთა სახლში კი არაფერი დააკლეს, მაგრამ მაინც ქუთაისში გადასაყვანი გახდა. იქ ერთი კვირა იწვა და შემდეგ გარდაიცვალა.
ბავშვი რომ გარდაიცვალა, დირექტორს არც კი შეატყობინეს ეს ამბავი რომ გვამი წამოეღო და ეკლესიურად დაეკრძალა. აიღეს და ბავშვის გვამი კარდონში ჩააგდეს და ისე დამარხეს. დირექტორმა რომ მოიკითხა, უთხრეს ექსპერტიზაზეა და მერე გადმოგცემთო.
ამ ამბავთან დაკავშირებით, ლიკა სანებლიძეს დაურეკეს ჯანდაცვის სამინისტროდან და იმან ეგრე თქვა, მიანებეთ თავი მაგას მომკითხავი მაინც არავინ ჰყავსო. მე მის სიტყვებს ვციტირებ.
ასეთი ადამიანები არიან სამინისტროში და მინდობით აღზრდაზე გაჰყავთ ბავშვები. სინამდვილეში კი, ფულზე ჰყიდიან ბავშვებს და არავის აინტერესებს როგორ არიან ისინი ოჯახებში. ამას ვაპროტესტებ, ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა?
- ბავშვების მდგომარეობით არავინ ინტერესდება?
-ერთადერთი ადამიანი, ვინც დაინტერესდა არის მარი მესხი. დღეს ბავშვთა სახლებს სათავეში სწორედ მარი მესხი უდგას და მე ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანის სახით ბავშვთა სახლებს ღმერთმა დროზე მოუსწრო. მარტო სენაკის ბავშვთა სახლში იმდენი ბავშვი გარდაიცვალა დაუდევრობით, რომ არ ვიცი. ამაზე ხმა არავის ამოუღია, მარტო მე ვყვიროდი. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ხმა ამოიღო და სენაკის ბავშვთა სახლიდან მკვლელები გაყარა, სწორედ მარი მესხია.
-ბავშვების მდგომარეობასთან დაკავშირებით ოჯახებს პასუხს არავინ სთხოვს?
- ვინ უნდა მოსთხოვოს? არავინ. არანაირი პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ბავშვებს უდიერად ექცევიან. ბევრჯერ მივწერე მთავრობის წარმომადგენლებს, რომ არ დაიხუროს ბავშვთა სახლები და რომ გაშვილებული ბავშვები ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებიან, მაგრამ გამოხმაურება არ მქონია. 400-ზე მეტი წერილი მაქვს გაგზავნილი ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში მოსვლიდან დღემდე , მისთვისაც და პრემიერ ღარიბაშვილისთვისაც, მაგრამ...
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, იქ წერილის გაგზავნას აზრიც არ აქვს, სანამ იქ გია კაკაჩია და მისნაირები არიან. იმდენი ბავშვი ჰყავთ გაყიდული... ძალიან რთულ სიტუაციაში არიან ეგ ბავშვები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ნიუსპრესი“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელ თამარ ბოდოკიას ესაუბრა.
- ქალბატონო თამარ, რატომ იხურება ბავშვთა სახლები?
- ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაცია სამთავრობო პოლიტიკა იყო, რომლის მიხედვითაც, ნელ-ნელა ყველა ბავშვი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადადიოდა.
-ოჯახებს, რომლებსაც ბენეფიციარები მიჰყავთ 600 ლარს უხდით, შემდგომში მათი მდგომარეობის მონიტორინგს თუ ახორციელებთ?
- მონიტორინგი ყოველწლიურად ტარდება.
P.S.
„ნიუსპრესთან“ კიდევ ერთი ბენეფიციარი საუბრობს იმაზე, რომ გაშვილება არ უნდა.
აი, რას ამბობს ბავშვთა სახლის ერთ-ერთი ბენეფიციარი უჩა ოსეფოვი: - „არ მინდა, ეს ბავშვთა სახლი დაიკეტოს სოციალური მუშაკები ნანა პაჭკორია და ლიკა ჟვანია გვაიძულებენ, მინდობით აღზრდაში წავიდეთ. ის ისეთი ბავშვები მიჰყავთ, რომლებიც ვერ აზროვნებენ. ჩვენ კი ვინც ვაზროვნებთ. არ გვინდა აქედან წასვლა. სენაკში ერთი თავშესაფარია, კიდევ არის კოფორში და თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში. ამ სამ ბავშვთა სახლს დახურვით ემუქრებიან. ჩვენ სულ 26 ბავშვი ვართ. აქ ძალიან კარგი პირობებია და აქედან წასვლა არ გვინდა გთხოვთ დაგვეხმაროთ.“
გურანდა სურგულაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“