ვერსია იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მერების არჩევითობასთან დაკავშირებით საპროცენტო ბარიერზე გარიგება შედგა,
რეალობას სულ უფრო და უფრო ემსგავსება.
ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების, ანუ გაქანებული კოჰაბიტაციის დროს, მათ პირველ-მეორე ადგილის გაყოფა აწყობდათ და ამას არც მალავდნენ, ამ ორი ძალის ინეტერესები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც გადაიკვეთა.
ამ ინტერესში პირველ რიგში, საარჩევნო ბარიერი იგულისხმება, რომელიც 40 პროცენტს შეადგენს.
როგორც ცნობილია, პოლიტიკური კრახის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის რეაბილიტაცია-რებრენდინგითაა დაკავებული და სულაც არ აქვს იმის ილუზია, რომ ის ამომრჩევლებში პოპულარულია.
აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა,“ რომელსაც პრაგმატიზმის გრძნობა კიდევ აქვს შერჩენილი, ცდილობს რომ რეგიონებში და განსაკუთრებით იმ ქალაქებში, სადაც მერი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს, ფსონი ისეთ პიროვნებებზე გააკეთოს, რომლების საკუთარ ქალაქში თუ რაიონში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ და ხალხი მათ ხმას არა პარტიული კუთვნილების გამო, არამედ პიროვნული ღირსებიდან გამომდინარე მისცემს.
მიუხედავად ამისა, წინა ხელისუფლების მესვეურები კარგად აცნობიერებენ იმასაც, რომ მათი წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, რომ ადგილზე, ამომრჩეველთა ნაწილმა ქალაქისთვის ამ საპატივცემულო პიროვნებისთვის ხმის მიცემაზე უარი მხოლოდ იმ მოტივით განაცხადოს, რომ ის ნაციონალების რჩეულია. ასე, რომ 40 პროცენტი, ამ შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის იდეალური ვარიანტია.
რაც შეეხება ახალ ხელისუფლებას, გამომდინარე იქედან, რომ მათი ძირითადი სამიზნე დედაქალაქია, ხოლო დედაქალაქის მერობის კანდიდატად ისეთი პიროვნება ჰყავთ დასახელებული, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, თბილისელებში არცთუ პოპულარულია, ზემოთაღნიშნული 40 პროცენტი, „ქართული ოცნებისთვისაც“ იდეალური ვარიანტია.
სწორედ აქ იკვეთება ძველი და ახალი ხელისუფლების ინტერესები და გამორიცხული ნამდვილად არ არის, რომ მათ შორის ადგილი რაიმე სახის ფარულ გარიგებას ჰქონდეს.
თუმცა, გარიგება ამ შემთხვევაში სრულფასოვნად არ შეიძლება მივიჩნიოთ და აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ოცნება საკმაოდ მომგებიან მდგომარეობაში იმყოფება, ვინაიდან ახალი კოდექსის მიხედვით, არჩეული მერის გადაყენების უფლება საკრებულოს წევრთა უმრავლესობას შეეძლება.
სწორედ ეს მუხლია მიზეზი იმისა, რაც ნაციონალურ მოძრაობას მოსვენებას უკარგავს და რომლის შეცვლასაც ის გააფთრებით ცდილობს.
უფრო ზუსტად, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ნაციონალების გაგონებაც კი არ უნდა, სავარაუდოდ, სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად, ისინი ხმას ახალი ხელისუფლების პარტიას მისცემენ, რაც ნიშნავს, რომ ადგილზე, საკრებულოებში ნაციონალები უმცირესობაში იქნებიან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამა თუ იმ ქალაქში მერად მათ მიერ დასახელებული, საზოგადოებისთვის საპატივცემული პიროვნება გავა, წინა ხელისუფლებას თავი ქუდში არც ამ შემთხვევაში ექნება, ვინაიდან მათი მერი, ყოველთვის იქნება დამოკიდებული საკრებულოს წევრთა უმრავლესობის ნება-სურვილზე, ხოლო, ამ უმრავლესობის ნება-სურვილს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც განსაზღვრავენ, რომელთა დამოკიდებულებაც ნაციონალი მერის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, მთლად სახარბიელო არ იქნება.
აქედან გამომდინარეობს ის მომგებიანი მდგომარეობაც, რომელიც ახალ ხელისუფლებას მის წინამორბედთან შედარებით გააჩნია, ანუ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამა თუ იმ ქალაქში მერად ნაციონალების კანდიდატი გავა, მისი კარიერა ამ თანამდებობაზე, ყველა შემთხვევაში, საკრებულოზე იქნება დამოკიდებული.
სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ძველი და ახალი ხელისუფლება დღეს დაპირისპირებულია, ხოლო იმ შემთხევაში, თუ ახალი ხელისუფლება დათმობს, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ კიდევ ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს რამდენიმე პრობლემური ქალაქი გაუჩნდეს.
საერთოდ კი, ეს ყველაფერი იმ მაგიური სიტყვა - კოჰაბიტაციის დამსახურებაა, რომელიც მართალია მივიწყების ფაზაშია, მაგრამ ქართველ ხალხს ეს სიტყვა კარგად აღასდროს არ გაახსენდება.
გიორგი აბრამიშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“