ძალიან მალე საქართველოში მორიგი საარჩევნო ციებ-ცხელება დაიწყება. ივნისში ჩვენს ნატანჯ სამშობლოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.
როგორც ამბობენ, ამ არჩევნებზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. არჩევნების შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის აქვს. ამ არჩევნებზე გაირკვევა, მიიჩნევს თუ არა ხალხი ნაციონალურ მოძრაობას მთავარ ოპოზიციურ ძალად.
მერობის კანდიდატი ნაციონალებს ჯერ დასახელებული არა ჰყავთ. ამის მიუხედავად, ზოგიერთი ექსპერტი მათ მეორე ადგილზე გასვლას უწინასწარმეტყველებს, პირველი ადგილი კი, ბუნებრივია, “ქართული ოცნებისთვის” ემეტებათ.
მეოცნებეებმა მერობის კანდიდატი ნამეტანი ადრე დაასახელეს. ეს მისია საკუთარ თავზე პოლიტიკიდან მიმავალმა ბიძინა ივანიშვილმა აიღო. თბილისის მერის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურის დასახელებას კოალიცია “ქართული ოცნების” დიდი ნაწილი აღფრთოვანებით არ შეხვედრია.
ბიძინას, პროტესტს, ცხადია ვერ შეჰკადრებდნენ. ამიტომაც სულ იმას გაიძახოდნენ, ამისთანა კანდიდატურაზე ვერც კი ვიოცნებებდითო, გულში კი სულ სხვა რამეს ფიქრობდნენ.
ერთადერთი, ვინც თავისი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირება გაბედა, ზაზა პაპუაშვილი იყო. მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა პირდაპირ თქვა, რომ მისთვის მიუღებელია თბილისი მერის პოსტზე ნარმანიას კანდიდატურის წარდგენა.
ივანიშვილს ერთობ უცნაური გემოვნება აქვს. ამ უცნაური გემოვნების წყალობით წარმოადგინა მან პრეზიდენტის პოსტზე გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა. როცა დაინახა, რომ მოსახლეობას ეს კანდიდატურა არ მოეწონა, ღია შანტაჟზე გადავიდა და გვითხრა, რომ თუ მარგველაშვილს არ ავირჩევდით, ის პოლიტიკიდან იმაზე ადრე წავიდოდა, ვიდრე აპირებდა. ნაარჩევნებს ამ განცხადების გამო ბოდიში მოგვიხადა, განგვიმარტა, გავცხარდი და წამომცდაო, მაგრამ ნამეტანი კი მოუვიდა ბიძინაჩვენს.
სწორედ ამის და შეუსრულებელი დაპირებების დამსახურება იყო, რომ არჩევნებზე ხალხმა დიდი აქტიურობა არ გამოიჩინა. ბიძინას შერჩეულმა პრეზიდენტმა მოსახლეობას იმედები უკვე სერიოზულად გაუცრუა. საარჩევნო დაპირებებიც ცუდად სრულდება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მერობის საოცნებო კანდიდატს არჩევნების მოგება ძალიან გაუჭირდება. ბიძინა ივანიშვილიც ვეღარ დაგვაშანტაჟებს, ამ კაცს თუ არ აირჩევთ, წავალო.
ახლა, დიდი-დიდი, გვითხრას, ისევ პოლიტიკაში მოვალო, რაც ხალხს ნამდვილად არ ეწყინება. ნარმანიას რეიტინგი სათანადო დონეზე რომ არ არის, ამაზე ოცნებაშიც ბევრს მუსაიფობენ. ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ დაიწია საარჩევნო ბარიერმა დაბლა. ბოროტი ხმები იმასაც ამტკიცებენ, რომ შესაძლოა ოცნებამ მერობის კანდიდატი შეცვალოს. სხვადასხვა წყარო იმასაც ამტკიცებს, რომ შესაძლოა ნარმანია ირაკლი ალასანიათი ჩაანაცვლონ. ირაკლი ალასანიამ მერის პოსტზე 2010 წელს ერთხელ უკვე იყარა კენჭი. ახლა ის ამის გამეორებას აღარ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ამბობს, რომ ახლა მას ყველაზე კარგი თანამდებობა უკავია, თანაც ყველამ ვიცით, რომ მას ყველაზე მეტად პრეზიდენტობა უნდა.
ოცნების მერობის კანდიდატი დიდად არ ბრწყინავს. ხალხიც სერიოზულად არის ოცნებაზე განაწყენებული. ამის მიუხედავად, ნაციონალებს არჩევნების მოგების დიდი შანსები ნამდვილად არა აქვთ, თანაც მერობის კანდიდატურაზე შეთანხმება ძალიან უჭირთ. რამდენიმე თვის წინ დეპუტატი გიორგი ვაშაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ მერობის კანდიდატურის გამოსავლენად პრაიმერი ჩატარდეს. პრაიმერიში მონაწილეობას თავადაც მიიღებს. ნაცმოძის ნაწილი მის კანდიდატურას უჭერს მხარს, მეორე ნაწილს კი სამერო კაცად კვლავ გიგი უგულავა მიაჩნია.
ამ მხრივ საკმაოდ კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა არასაპარლამენტო ოპოზიცია. გაერთიანების შემთხვევაში მათ სერიოზული წარმატების მოპოვება შეუძლიათ. ამას ყველანი კარგად აცნობიერებენ, მაგრამ გაერთიანებას მაინც ვერ ახერხებენ, თუმცა რაღაც კონსულტაციებს ამ მიმართულებით აქტიურად აწარმოებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ არჩევნებში მონაწილეობას ლევან გაჩეჩილაძეც აპირებს. არის ვარაუდი, რომ ის თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამ ინფორმაციას გაჩეჩილაძეები ოფიციალურად არ ადასტურებენ. მათი საახლობლო კი ამტკიცებს, რომ ლევანი კენჭს აუცილებლად იყრის და არჩევნებსაც მოიგებს. არასაპარლამენტო ოპოზიცია მის გარშემო გაერთიანებას არ აპირებს.
ქალაქში ხმა გავარდა, რომ პარტიების ნაწილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის გარშემო აპირებს გაერთიანებას, პარტიების მეორე ნაწილი კი თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად გეგმავს ბრძოლას. თავად ოქრუაშვილისაგან ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული არაფერი ისმის, თუმცა გვპირდებიან, რომ სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ის თავად გააკეთებს განცხადებას. სანამ ოქრო დუმს, პროგნოზებს სხვები აკეთებენ. ვარაუდობენ, რომ ოპოზიციის მერობის კანდიდატი სწორედ ის იქნება. მეორე ვერსიით კი ის მშობლიურ შიდა ქართლში იყრის კენჭს. ამ მხარეში ყოფილ მინისტრს დღემდე დიდი სიყვარულით იხსენებენ და არც ხმებს დაინანებენ მისთვის.
პოლიტიკაში ოქრუაშვილის დაბრუნებას ერის ნაწილი დიდი მოუთმენლობით ელოდება, მეორე ნაწილს კი ის დასანახადაც არ უნდა. თუ ყველაფერი სიმართლე გამოდგა, ეს ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკაში მეოთხედ მოსვლა იქნება. პოლიტიკაში პირველად ის 2003 წელს მიხეილ სააკაშვილთან ერთად მოვიდა. მისი აღმასვლა ვარდების რევოლუციის შემდეგ შიდა ქართლის გუბერნატორობიდან დაიწყო. ისე, ნამეტანი ხმაურიანი დებიუტი კი ჰქონდა ამ კაცს, პირდაპირ ბორდელში შეიჭრა, სადაც სექსმუშაკები თავიანთი თურქი კლიენტებიანად დააწიოკა, მერე სამაჩაბლოში შემოვლითი გზები ააფეთქა და ერგნეთის ბაზარი დახურა. არადა, სწორედ ამ ბაზრობამ მოაგვარა ქართულ-ოსური კონფლიქტი. იმ დროს ცხინვალის მაღაზიებში უკვე ლარებში მიდიოდა ვაჭრობა. მათი პრეზიდენტი კოკოითი დღე და ღამე თბილისში იყო და აქ სერიოზული ბიზნესიც ჰქონდა. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ერგნეთის ბაზრობის დახურვის შემდეგ ის აკონტროლებდა როკის გვირაბიდან შემოსულ ტვირთებს. ამბობენ იმასაც რომ ის და თავგასიებული კოკოითი ერთად დადიოდნენ სანადიროდ. ნადირობა კი ორივეს ძალიან უყვარს.
კოკოითისთან ერთად ნადირობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ოქრუაშვილი თავად ხშირად ნადირობდა ჯიხვებზე. როგორც გოგა ხაჩიძე განმარტავს, ის ვერტმფრენიდან ავტომატით ხოცავდა ცხოველებს. გუბერნატორობიდან პროკურორად გადაიყვანეს. სწორედ მის სახელს უკავშირდება ჩაშვების ინსტიტუტის დამკვიდრება და საპროცესო გარიგებები. ტელედაპატიმრებებიც მისი მოგონილი ყოფილა თურმე. იმ პერიოდში მან ბევრი გადაცდომა ჩაიდინა. ანგელოზის ფრთები არც შს მინისტრობის დროს უტყლაშუნებია მაინცდამაინც. ამის მიუხედავად, ერის ნაწილი მასზე გიჟდებოდა.
ყველაზე მეტი პოპულარობა მან თავდაცვის მინისტრობის დროს მოიპოვა. არადა, ოქრუაშვილი იქაც ცუდად იქცეოდა. სამხედრო სტრუქტურიდან ძალიან ბევრი პროფესიონალი სამხედრო გაყარა. ის სააკაშვილის კარზე ყველაზე გავლენიანი კაცი გახლდათ და, როგორც ამბობენ, ერთადერთი იყო, ვინც სააკაშვილს ენის შებრუნებას უბედავდა. სააკაშვილი სწორედ მას ამზადებდა თავის მემკვიდრედ. პოპულარობამ და ძალაუფლებამ მასზე ცუდად იმოქმედა. საახლობლო მას, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, უკვე ისე მოიხსენიებდა. ეს ამბავი, ცხადია, პრეზიდენტის ყურამდეც მიიტანეს. ამ მხრივ კარგად იმუშავეს ვანო მერაბიშვილისა და გიგა ბოკერიას დაჯგუფებებმა. მათ სააკაშვილს გონება გაუნათეს და ოქროც მალე “ჩამოალაბორანტეს”. თავდაცვის მინისტრი ერთ მშვენიერ დღეს ეკონომიკის მინისტრად დანიშნეს. ამ პოსტზე მან რამდენიმე დღე იმუშავა და გადადგა. პოლიტიკიდან ერთი წლით გაუჩინარდა, 2007 წელს კი ოპოზიციური პარტიის ლიდერის რანგში მოგვევლინა.
ეს მისი მეორედ მოსვლა იყო პოლიტიკაში. მეორედ მოსულმა საკმაოდ მწვავე და ხმაურიანი განცხადებები გააკეთა, ნაციონალების სახელით ჩადენილი ცოდვებისთვისაც ითხოვა პატიება. მაგრამ აღარ აცალეს. პარტიის დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ციხეში 2 კვირამდე გაატარა. იქ მიცემული ჩვენების თაობაზე ყველამ იცით და არ გავიხსენებ. სხვა თუ არაფერი, კარგად ვიცით, როგორ აცვლევინებდნენ იქ ადამიანს ჩვენებებს. ამის გამო ოქრუაშვილს მართლა ნუ მოვკითხავთ, მას ისედაც ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.
პოლიტიკაში ის მესამედ 2010 წლის ნოემბერში მოვიდა. მაშინ მან ეროსი კიწმარიშვილთან, ლევან გაჩეჩილაძესთან, სოზარ სუბართან და კოკა გუნცაძესთან ერთად პარტია დააფუძნა. პარტიამ რამდენიმე თვე იარსება. ამის შემდეგ ოქრომ ტაიმ-აუტი აიღო და დღემდე ამ რეჟიმშია.
2009 წელს საქართველოს საპროტესტო აქციების მძლავრმა ტალღამ გადაუარა. ვითარება განსაკუთრებით 25-26 მაისს დაიძაბა. იმ დროისთვის ოქრუაშვილს პარიზიდან დაურეკავს, თბილისში ჩამოვალ, დამიჭერენ და ამით საპროტესტო მუხტს კიდევ ავწევო. ამ შეთავაზებაზე რამდენიმე ლიდერს სულ ტანსაცმელი შემოუხევია, ეგ რომ აქ ჩამოვიდეს, მერე პრეზიდენტობასაც მოინდომებს და ჩვენ რა ვქნათო.
სამშობლოში ჩამოსვლა მან 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეძლო. ოქრო აეროპორტშივე დააკავეს და ციხეში უკრეს თავი. მისმა სასამართლო პროცესმა რამდენიმე თვე გასტანა. ის ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს და გამოუშვეს. ოქრო პარიზში წავიდა და მას შემდეგ საქართველოში ხშირად ჩამოდის. პოლიტიკაში დაბრუნებას ჯერ არ ჩქარობს, მაგრამ, როგორც ამბობენ, აუცილებლად დაბრუნდება. ეს თურმე ძალიან მალე უნდა მოხდეს. სამომავლო გეგმებზე ის თავად გვიამბობს და, ურიგო არ იქნებოდა, თუ რამდენიმე კითხვაზეც გაგვცემდა პასუხს.
ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მას მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია, ეს 2006 წელს კოდორის ხეობაში ჩატარებული ოპერაციაა. ოქრომ ყველაზე უკეთ იცის, რას ემსახურებოდა ის ღონისძიება. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილი და სააკაშვილის ინფორმირებული არიან, მაგრამ, საეჭვოა, მათ რამე თქვან, თუმცა შესაძლოა, არც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ისურვოს ამ თემაზე საუბარი. ფაქტია, რომ 2006 წელს კოდორში ბინძური კარტი გათამაშდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსები იქ ქართულ საჯარისო შენაერთებს არ გაატარებდნენ. კითხვა მის მიმართ ბევრია. ხალხს ბევრი რამ ჯერ არ დავიწყებია. ამის მიუხედავად, მას აქვს უნარი, ამომრჩევლის გული მოიგოს. ბოლო დროს მას რამდენიმე ნაციონალი შემოელახა, რამაც ერის თვალში ის ქვეყნის პირველ მუშტად აქცია და, თუ კიდევ რამდენიმე ნაციონალს დაიწიხლქვეშებს, არჩევნებზე მნიშვნელოვანი წარმატება გარანტირებული ექნება. სამწუხაროდ, მოქმედი ხელისუფლება სამართლიანობის აღსადგენად არაფერს აკეთებს. ამის გამო ერი მისი მუშტით ელოდება ანგარიშსწორებას.
შორენა მარსაგიშვილი
გაზეთი „ახალი თაობა“