რა მდგომარეობაში არიან ერევნის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები? რატომ ვერ, ან არ ხერხდება მათი საქართველოში ექსტრადაცია?
რა ზომებს მიმართავენ პასუხისმგებელი პირები ამ ადამიანების დასახმარებლად ან რატომ არიან სომხეთის ციხეებში ქართველები გაუსაძლის მდგომარეობაში?
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ერევნის ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქე, რევაზ გულბათაშვილთან.
- თქვენს გარდა რამდენი ქართველი პატიმარია ერევნის ციხეში და როგორ პირობებში იმყოფებით?
- დაახლოებით 11-12 კაცი ვართ. ციხის ადმინისტრაციასთან პრეტენზიები არ მაქვს, პრეტენზია პროკურატურასა და სასამართლოსთან მაქვს. ოთხი დღე მაწამა პოლიციამ არაადამიანურად. რომ მოგიყვეთ როგორ მაწამეს, ღამე ვერ დაიძინებთ. ამის დამადასტურებელი საბუთიც წარადგინა ჩემმა ადვოკატმა ჩიბუხშიანმა. ჩემი სურათი პროკურატურამ გააყალბა, რადგან ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ მე ნაცემი კი არა, ნაწამები ვიყავი. ეს მთელმა ციხემ იცის და ექიმებმაც იციან, ყველა საქმის კურსშია.
-იცით თუ არა სომხური ენა და როგორ ურთიერთობთ სხვა პატიმრებთან ან ადმინისტრაციასთან?
- რუსულ ენაზე, სომხური არ ვიცი. ენობრივი ბარიერი აქ ბევრ ქართველს აქვს, რის გამოც სომხებთან პრობლემები ექმნებათ. რუსული მაინც უნდა იცოდე კარგად.
- როგორი საკვები გაქვთ, ან როცა გიგზავნიან რამეს , სრულად თუ მოგდით ?
- საჭმელზე პრეტენზია არ მაქვს. ციხის საჭმელი რაც არის, ის კი გვაქვს. დანარჩენი, როგორც მოდის ისე მოდის. ვირთხები ყველგან ურევია, მაგრამ თუ ვინმე რამეს მოიპარავს, ეგ არაფერია, - ჯანდაბას კაცო.
- სომხეთში მყოფი საქართველოს კონსულისგან თუ გრძნობთ მხარდაჭერას, თქვენთან სასაუბროდ ყოფილა?
- ადრე იყო. ერთი-ორი წლის წინ შევაწუხე, მოვიდა, უბრალოდ ვალი მოიხადა. ყოველთვის მეუბნებოდა არაფრის უფლება არ მაქვსო. კითხვას რომ დაუსვამ და შესაბამის პასუხს არ გაძლევს, რა აზრი უნდა გამოიტანო? წერილიც გავუგზავნე სპეციალურად, რომ სამმართველოში დაერეკა, საიდანაც ზონებში გვანაწილებენ. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იქნებ ერთ-ერთ სხვა ზონაში გადამიყვანონ–თქო, მაგრამ ამაოდ. მომეხმარე-მეთქი და არაფრის უფლება არ მაქვსო ისევ მიპასუხა. კიდევ ერთ ფაქტს გეტყვი: ჩემი მეგობარი, დათო აბულაძე ზის არტიკის ზონაში. სამი ამნისტია შეეხო - 2009,11,13 წლის, მაგრამ არ უშვებენ. საკონსულოს მიმართა დახმარებისთვის, მაგრამ ამაოდ. კაცს ვალი არ აქვს, სუფთაა და არ უშვებენ. ამაზე მეტი ფაქტი რა გინდათ? ისიც ურეკავდა კონსულს და პასუხად იღებდა, მე არაფრის უფლება მაქვსო... ამ ბოლო დროს კი, არც მე და არც სხვას ტელეფონზეც არ გვპასუხობს.
- საქართველოდან თქვენი ექსტრადაციის მოთხოვნა თუ გაკეთებულა?
- საქართველოდან მოთხოვნა ერთხელ გააკეთეს, მეორედ კი შეხსენება, - ეს კაცი გამოუშვით საქართველოშიო, რადგან მე საქართველოშიც ძებნილი ვარ. არ მიშვებენ, არ ვიცი რატომ. ივლისში მომაკითხეს და ჩემგან ნებართვა აიღეს. მითხრეს, ორმოცი დღის განმავლობაში გაგგზავნითო, მაგრამ იმის შემდეგ ექვსი თვე გავიდა. კონსულს ვუთხარი, დამხმარებოდა, ხალხი შეეწუხებინა, მაგრამ ისევ მიპასუხა უფლება არ მაქვსო.
-გასაგებია, რომ კონსული არაფერს აკეთებს. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ხომ არ ჩამოსულა ვინმე , თქვენი ბედის საკითხვად?
- არა. საქართველოს ხელისუფლებაში ჩვენზე საერთოდ არაფერი იციან, აქ არასდროს არავინ ჩამოსულა. ასეთი მიტოვება გაგონილა ? უბრალოდ, ყურადღება გვჭირდება. არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ და ტყუილად დამიჭირეს. დავაშავე, მეკუთვნის, მაგრამ ის მომისაჯე რაც მეკუთვნის და არა ორმაგად და სამმაგად. აქ ჩვენი ფულიც კი არ ჭრის, სხვა თუ შეიძლება ფულით გამოვიდეს, ჩვენ სამმაგს და ოთხმაგს გვთხოვენ. ახლა აქ ჩვენი დაჩაგვრა და ჯანმრთელობის შერყევა უნდათ. თან რომ იცოდეთ, როგორი სიძულვილით გვექცევიან. იშვიათად იპოვი სომეხს, რომელიც ქართველს დაუმეგობრდება.
- საერთაშორისო მონიტორები არ შემოდიან ციხეებში და არასამთავრობოები დასკვნებს არ დებენ?
- კი. ერთი კვირის წინ იყვნენ ადამიანის უფლებათა დამცველები. იმათაც ვთხოვე, ცოტა ყურადღება მიაქციეთ საქართველოს მოქალაქეებს– მეთქი, მაგრამ არც ამან გაჭრა. მოკლედ, აქ ისეთი სიტუაციაა, თუ გინდა ადამიანი საზოგადოებიდან ჩამოწერო, ერევნის ციხეში უნდა გამოუშვა. აქ გაუგონარი სისასტიკეა. ჩემს გვერდით ერთი ქართველი იხდის სასჯელს, რომელიც იმიტომ სცემეს, რომ ჯვარი და პატარა ლოცვების წიგნი ჰქონდა. ერთს კი აიძულებდნე 40 ზომა ფეხსაცმელი ჩაეცვა, როცა 43 ზომა ფეხი აქვს და რა გითხრათ, - იმდენი ფორმით ხდება ადამიანის დამცირება, დაუჯერებლადაც მოგეჩვენებათ.
გურანდა სურგულაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“