საქართველო პარადოქსების ქვეყანაა და ის ფაქტი, რომ ჩვენს კურთხეულ სამშობლოში არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს, დიდი ხანია ყველასთვის ცნობილია.
საქართველოში არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ დემოკრატიის შუქურად წოდებული პრეზიდენტი, ამავე დემოკრატიის სახელით, ხალხს ქუჩაში უმოწყალოდ დახოცავს.
საქართველოში არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ 3 დღეში სამარცხვინოდ წაგებულ ომს მოგებულად გამოგვიცხადებენ.
საქართველოში არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ნებისმიერ განსხვავებულად მოაზროვნეს, რუსეთის ან სულაც მანჯურიის აგენტად გამოგვიცხადებენ.
საქართველოში არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ აგენტობისა და ტერაქტების მოწყობის აღიარების მოსაპოვებლად, სამეგრელოს ტყეებში საწყალ და უპატრონო გლეხებს აწამებენ და მაგიდაზე გადასკოტჩილებს გააუპატიურებენ.
საქართველოში არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ ყველაფრის და კიდევ უფრო მეტი დანაშაულების ჩამდენები დღეს გარეთ ჩვეულებრივად დასეირნობენ, ხოლო ის ერთეული ყოფილი ჩინოვნიკები, რომლებიც გისოსებს მიღმა იმყოფებიან, თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ და პირიქით, საბრალდებო სკამიდან და სასამართლო დარბაზიდანაც კი გვემუქრებოდნენ.
საქართველოში არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ქვეყნის პრეზიდენტი დილით ბრიუსელიდან მოგვმართავს, შუადღისით ბათუმში გაყინულ წყალში ტელეკამერების წინ იბანავებს და განაცხადებს, რომ „ჰაერის ტენიანობა ყველაზე ოპტიმალურ გრადუსშიაო“, საღამოს კი მესტიაში ან სიღნაღში სასტუმროს გახსნის და გამოაცხადებს, რომ ეს სასტუმრო ნიცის, კანის და ლონდონის სასტუმროებს სჯობსო.
საქართველოში არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ უთოს ჩართვის შემთხვევაშიც პრეზიდენტის საუბარი გაისმას და უფრო მეტიც, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ჰიპერაქტიულ პრეზიდენტს შეჩვეულებს, შემდგომი პრეზიდენტის მოქმედებებიდან თუ უმოქმედობიდან გამომდინარე, საერთოდ დაგვავიწყდეს გვყავს თუ არა პრეზიდენტი.
სწორედ ამ ბოლო შემთხვევასთან გვაქვს ამჟამად საქმე და თუ ასე გაგრძელდა, სულ რაღაც რამდენიმე თვეში, ჩვენ მართლაც დავემსგავსებით ევროპის იმ განვითარებულ სახელმწიფოებს, სადაც ხალხმა არც კი იცის ვინ არის მისი ქვეყნის პირველი პირი. განსხვავება მხოლოდ ერთ რამეში იქნება: თუ დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოებში ცხოვრების დონე ისეა მოწყობილი, რომ ადამიანებს სამსახური, კარიერა და პერსპექტივა აქვთ, რის გამოც თავიანთი ქვეყნის პირველ პირზე საფიქრებლად არ სცალიათ, საქართველოს შემთხვევაში, სადაც დასავლეთთან შედარებით ცხოვრების დონე ოდნავ მოიკოჭლებს, პრეზიდენტი თავის სახელსა და გვარს საზოგადოებას, სწორედ თავისი უმოქმედობით ავიწყებს.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ სულ რაღაც 3-4 თვეში, ქუჩაში გამვლელი რომ გააჩეროთ და საქართველოს პრეზიდენტის სახელი და გვარი ჰკითხოთ, დაფიქრების გარეშე პასუხსაც ვერ გაგცემთ.
გვახსოვს ყოფილი პრემიერისა და ქვეყნის ავტორიტარული რეჟიმისგან გამათავისუფლებელი პირის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტის არჩევნების წინ გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ნამდვილად ღირსეული პრეზიდენტი ეყოლებოდა.
რა თქმა უნდა, ბატონი მარგველაშვილის ღირსებასა და წესიერებაში ეჭვის შეტანა საკმაოდ დიდი თავხედობა იქნებოდა, მისი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, მაგრამ არც ასეთი კდემამოსილება და თავმდაბლობა ვარგა პრეზიდენტო.
გასაგებია ბატონო გიორგი, რომ თქვენი წინამორბედი, როგორც აღვნიშნეთ, ხანდახან უთოს ჩართვისასაც კი ალაპარაკდებოდა ხოლმე, რაც, რა თქმა უნდა, მომაბეზრებელი და გამაღიზიანებელიც კი იყო, მაგრამ თქვენ ხანდახან მაინცგამოჩნდით ხოლმე და თავიც შეგვახსენეთ, თორემ ზოგიერთი ნაციონალური არხის უნიჭო იუმორისტული შოუების „ფეისებს“ ხუმრობის გამოულეველ მარაგს აძლევთ და არცთუ უსაფუძვლოდ.
გაპრეზიდენტების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა თავი სულ რამდენჯერმე შეგვახსენა.
პირველი, ეს პრეზიდენტის ინაუგურაცია იყო, როდესაც აღნიშნული ღონისძიება ძალიან არაპომპეზურ და უჩვეულოდ თავმდაბლურ სიტუაციაში ჩატარდა. როგორც მაშინ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ქვეყანას იმის ფუფუნება არ აქვს, ინაუგურაცია პომპეზურად ჩავატაროთო.
მეორედ თავი იმავე მარგველაშვილმა მაშინ შეგვახსენა, როდესაც სავარძლისა და კაბინეტის დაკავების შემდეგ ხელფასი გაიზარდა და ის 9 ათას ლარამდე აიყვანა.
მესამედ საზოგადოებამ გიორგი მარგველაშვილის სახე ბალტიისპირეთში, კერძოდ კი, ვილნიუსის სამიტისას იხილა, როდესაც პრეზიდენტმა საქართველოსთვის მართლაც რომ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს მოაწერა ხელი. თუმცა ვილნიუსის სამიტი, საზოგადოებას, გარდა ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, „შალახოს იაღლიშით“ უფრო დაამახსოვრდა, ვიდრე მარგველაშვილის პირველი წარდგომით საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.
ამის შემდეგ პრეზიდენტი საკმაოდ დიდი ხნით გაუჩინარდა და საზოგადოებაში მითქმა-მოთქმაც კი ატყდა ამის გამო. ზოგმა თქვა, ახალ ფილოსოფიურ ტრაქტატს ამუშავებსო, ზოგმა თქვა, საზამთროდ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის წინდებს ქსოვსო, ზოგმაც, ასევე სოციალურად დაუცველ ბავშვთა სკოლაში პლასტელინად მუშაობსო, თუმცა ეს ვერსია მალევე იქნა უარყოფილი, რადგან ამ ვარაუდის მხარდამჭერებმა, არგუმენტს, რომ მარგველაშვილმა პლასტელინად უკვე იმუშავა და მისგან პრეზიდენტიც კი გამოიძერწაო, - ვერაფერი დაუპირისპირეს.
ასე იყო თუ ისე, ამ მითქმა-მოთქმას წერტილი ხანუქას დღესასწაულმა დაუსვა, რომლის დროსაც გიორგი მარგველაშვილმა ებრაულ სათვისტომოსთან და რაბინთან ერთად სანთელი აანთო.
როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამის შემდეგ კვლავ დიდხანს გაუჩინარდებოდა, რომ არა რუსეთში მომხდარი ტერაქტი, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. გიორგი მარგველაშვილმა რუს ხალხს მიუსამძიმრა, ხოლო ტერაქტები, როგორც მშვიდობიანი მსოფლიოს შავი ჭირი, - დაგმო.
შემდგომ ამისა, საქართველოს თავისი ცოცხალი კლასიკოსი, მსოფლიო დონის მწერალი, დათა-თუთაშხიას ავტორი, ბატონი ჭაბუა გამოაკლდა და პრეზიდენტის მხრიდან მორიგმა სამძიმრის წერილმაც არ დააყოვნა.
ზუსტად გახსენება ძნელია, მაგრამ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევიდან სულ რაღაც 3 თვეში, მოასწრო და რამდენიმე სამძიმრის წერილი გაავრცელა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სამძიმრის წერილებს შორის, შიგადაშიგ მისალოცი განცხადებებიც გამოერეოდა ხოლმე, რომელთა შორისაც პირველ რიგში აღსანიშნავი, რა თქმა უნდა, ახალი წლის მილოცვა იყო. პრეზიდენტის მოღვაწეობის მისალოცთა არქივს ამშვენებს აგრეთვე, სომეხი თანამემამულეების მიმართ შობის დღესასწაულის მილოცვაც.
ამ დაძაბული რეჟიმის ფონზე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჩვენი ქვეყნის ახლადარჩეულ პრეზიდენტს პასუხები არ აქვს ისეთ არცთუ მნიშვნელოვან კითხვებზე, რომლებიც რატომღაც საზოგადოებას მაინც აინტერესებს.
ამის მაგალითად კი, ცოტა ხნის წინ დანიშნული და კიდევ უფრო ცოტა ხნის წინ გადამდგარი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საკითხის კომენტირებაც კმარა, როდესაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხის გარშემო ინფორმირებული არ იყო და ეს მის კომპეტენციას სცილდებოდა.
ასე, რომ იხატება რეალური სურათი, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ფუნქცია-მოვალეობა მხოლოდ სამძიმრისა და მილოცვის წერილების თუ განცხადებების გავრცელებაა, რასაც სხვათა შორის, იმხელა აპარატი და ხარჯები ნამდვილად არ სჭირდება, რაც მისი შენახვა ჯდება.
თუ ამ ლოგიკას მივყვებით და თუ ქართველი კულტურისა თუ საზოგადო მოღვაწეები ჯანმრთელად იქნებიან (ღმერთმა კარგად ამყოფოთ) და ამავდროულად მსოფლიოშიც მშვიდობა იქნება და ტერაქტები არ მოხდება, გამოდის, რომ გიორგი მარგველაშვილს 3 მარტამდე შეუძლია მშვიდად იძინოს. 3 მარტს კი, ქართველ დედებს მათი დღე მიულოცოს და შესაბამისი განცხადებაც გაავრცელოს. აი 3 მარტის შემდეგ კი, პრეზიდენტს საკმაოდ დაძაბული სამუშაო გრაფიკი ელის, ვინაიდან ზუსტად 5 დღეში ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი აღინიშნება და რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილმა ეს დღე ყველა ქართველ ქალბატონს, ასევე სათანადო განცხადებით უნდა მიულოცოს.
8 მარტის შემდეგ კი, დაახლოებით 7 აპრილამდე, ანუ ხარების დღესასწაულამდე, მას შეუძლია კვლავ მშვიდად იძინოს და ფილოსოფიაზე და სამყაროს ამაოებაზე იფიქროს.
თუმცა ამაზე ფიქრი, როგორც ისტორიული ფაქტებიც მეტყველებს, კანცელარიის მე-10 თუ მე-11 სართულის ნაცვლად, უბრალო კასრშიც შესაძლებელია, ყოველგვარი ბიუროკრატიული აპარატის გარეშე.
გიორგი აბრამიშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“