„ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“ მორიგი გადაადგილებები მზადდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ოფისში გამართულ დახურულ სხდომაზე მიიღეს,
თუმცა რამდენ ხანში განხორციელდება ის, ჯერჯერობით უცნობია.
როგორც „ნიუსპრესს“ ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული წყარო უყვება, პარტიის შიდა გადაადგილებები იმ შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში და იმ შემთხვევაში განხორციელდება სასწრაფოდ, თუ დედაქალაქის უფლებაშეჩერებული მერის, გიგი უგულავს თავისუფლებას სერიოზული საფრთხე დაემუქრება.
და საერთოდაც, ცვლილებები პარტიაში, სწორედ უგულავას მიმართ დაწყებული სამართლებრივი პროცედურების შემდეგ დამდგარა დღის წესრიგში.
როგორც გვახსოვს, გასული წლის ბოლოს ნაციონალური მოძრაობის მმართველი ვერტიკალის სხდომაზე, პარტიაში გავლენისთვის რამდენიმე დაჯგუფება იბრძოდა. მათ შორის გიგა ბოკერიას, გიგი უგულავასა და მაჭავარიან-წერეთლის ფრთა.
პარტიის გენერალური მდივნობა სურდა აგრეთვე მის ერთ-ერთ ახალ სახეს გიორგი ვაშაძესაც, რომელიც იმის გამო, რომ ამ თანამდებობაზე არ აირჩიეს, საკმაოდ განაწყენებულა. საზოგადოებას ახსოვს აგრეთვე, სწორედ ვაშაძის მიერ, საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული განცხადება, სადაც საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ნაციონალური მოძრაობის შიგნით ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობდა, თუმცა როგორც ცნობილია, რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პარტიის გენერალური მდივნის პოსტი ისევ „ძველი გვარდიის“ წარმომადგენელმა, მიხეილ მაჭავარიანმა დაიკავა.
ნაციონალური მოძრაობის შიდა გადაჯგუფების ახალი გეგმის მიხედვით, კი, დღის წესრიგში პირველ რიგში, სწორედ გენმდივნის თანამდებობა და ამ თანამდებობიდან მაჭავარიანის გადაყენება დგება.
უფრო კონკრეტულად, პარტიის გენერალური მდივნობისთვის, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა იბრძვის.
როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, თბილისის მერყოფილის ფრთა, აღნიშნული ინიციატივის გატანას გააფთრებით ცდილობს, ხოლო არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ გიგი უგულავას თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, ხოლო მისი გენმდივნობა გარკვეულწილად ჯავშანი და თავისუფლების გარანტია იქნებაო.
პარტიის ხელმძღვანელობის დახურულ სხდომაზე, სადაც უგულავას გენმდივნობის შესახებ იდეამ გაიჟღერა, მერყოფილის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უგულავა ნაციონალური მოძრაობის ფაქტიური პირველი პირი გახდება, მაშინ მისი დაკავების შემთხვევაში, ყოფილ ხელისუფლებას მიეცემა საფუძველი იმისა, რომ მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ილაპარაკოს და განაცხადოს, რომ ქართული ოცნება სწორედ ამითაა დაკავებულიო. სხდომაზე „უგულავისტები“ უფრო შორს წასულან და განუცხადებიათ, რომ მერყოფილის გენმდივნად არჩევის შემთხვევაში, ხელისუფლება მის დაჭერას საერთოდ ვეღარ გაბედავს, რადგან დაიხატება სურათი, რომ მათ ძირითადი ოპოზიციური პარტიის ზედიზედ მეორე გენერალური მდივანი დაიჭირეს, რასაც ოცნება აუცილებლად მოერიდება, ხოლო თუ არ მოერიდება, ეს ფაქტი, საერთაშორისო პიარის კუთხით ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალსო.
უგულავას მომხრეების ამ იდეას, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეები სხდომაზევე გამოსჩენიან და მათ შორის ყველაზე აქტიურები, ბუნებრივია, თავად მიხეილ მაჭავარიანი და მისი მხარდამჭერები ყოფილან.
სიტუაციაც სწორედ აქ დაძაბულა, რადგან მიხეილ მაჭავარიანისთვის მაშინვე მისი ძმის ახალი ხელისუფლებისადმი ერთგულება წამოუძახებიათ და უთქვამთ, რომ მას თავისი ძმისა და საჩხერელობის ფაქტორის გამო, პატიმრობა ისედაც ნაკლებად ემუქრება და მის მიერ გენმდივნის სავარძლისთვის ჩაბღაუჭება, სხვა არაფერი იქნება თუ არა და გიგი უგულავას გაწირვაო.
საბოლოოდ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საქმე სერიოზულ დაპირისპირებამდე არ მისულა და ისევ მიხეილ მაჭავარიანსა და მის ფრთას დაუთმია, მხოლოდ ერთი პირობით: მიხეილ მაჭავარიანი გენერალური მდივნის თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს და ამ პოსტს გიგი უგულავა იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ მის თავისუფლებას რეალური საფრთხე დაემუქრება.
საერთოდ კი, როგორც ნაციონალების კულუარებიდან ჟონავს ინფორმაცია, აღნიშნული თანამდებობით დიდად მოხიბლული თავად მიხეილ მაჭავარიანიც არ ყოფილა და სხდომაზეც, აშკარად ეტყობოდა, რომ მხოლოდ აქტიურობისთვის აქტიურობდაო. აღსანიშნავია ისიც, რომ თანაგუნდელთა ნაწილი მას, ისევ და ისევ თავისი ძმის ფაქტორის გამო დიდად აღარ ენდობა, ხოლო მეორე ნაწილი პირიქით, ყველანაირად ცდილობს მიშა მაჭავარიანთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს, რადგან საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად, ქართულ ოცნებაში მისი კონტაქტები გამოიყენოსო.
ერთი სიტყვით, სულ ცოტა ხანში, გამორიცხული არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალთა ბალანსი ისევ შეიცვალოს, ხოლო რა პოზიციას დაიჭერენ ამ ცვლილების დროს ბოკერიას ფრთა და ე.წ. ახალი სახეები, - ჯერჯერობით უცნობია.
გარდა ამისა, წყაროს ინფორმაციითვე, საკმაოდ გაურკვეველი ყოფილა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის დავით ბაქრაძის პოზიცია ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით.
კულუარული ინფორმაციით, ბაქრაზე უკვე დიდი ხანია აეროპორტის ტრასაზე მდებარე პარტიის ოფისსი აღარ გამოჩენილა და აღარც დიდი კონტაქტებითა და ინიციატივებით იწუხებს თავსო.
ამის გამო, მისთვის პასუხიც მოუთხოვიათ, რაზეც ბაქრაძეს უპასუხია, რომ სწორედ ჩემი დამსახურებით გქვიათ ძირითადი ოპოზიციური ძალა და სწორედ ჩემი დამსახურებაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაგიფიქსირდათო.
ასეა თუ ისე, დავით ბაქრაძის ბედი პარტიის მომავალი ცხოვრების საქმეში გაურკვეველი ყოფილა და გამორიცხული არ არის, რომ მან, როგორც შედარებით სუფთა წარსულის მქონე პერსონამ, საზოგადოებისთვის მოულოდნელი რადიკალური ნაბიჯიც გადადგას, რაც ყოფილი მმართველი ძალისთვის, მორალური თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული დარტყმა იქნება.
ამ საფრთხეს, რა თქმა უნდა, ნაციონალებიც გრძნობენ და ყველანაირად ცდილობენ, რომ დავით ბაქრაძე, თუნდაც ფორმალურად, როგორმე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მაინც შეინარჩუნონ, ხოლო, როგორ განვითარდება მოვლენები პარტიაში მანამ, ეს ახალი მთავარი პროკურორის ვინაობასა და მის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.
p.s. მასალა გამოსაქვეყნებლად მზად იყო, როდესაც დავით ბაქრაძე ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამოჩნდა, თუმცა მისი მისვლის ძირითადი მიზეზი მაღალი დონის ამერიკული დელეგაციის საქართველოში ვიზიტი იყო.
თამუნა გოცაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“