მაშინ, როცა სრულიად საქართველო და მსოფლიო, წინასაახალწლო რეჟიმზეა გადასული და ხალხის ფიქრი თუ ოცნება პოლიტიკის ნაცვლად
უფრო შემწვარ გოჭს ან საცივში ჩადებულ ინდაურს დასტრიალებს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თავი კიდევ ერთხელ შეგვახსენა და საქართველოს ხელისუფლებას სამართლისა და კანონის უზენაესობისკენ მოუწოდა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამჯერად გიგი უგულვას ბედზე მოთქვამს და ქვეყნის ხელისუფლებას აფრთხილებს, ემანდ ფრთხილად იყავით, როცა საქმე არჩეულ პირს შეეხება, თორემ ჩვენ ძალიან ყურადღებით გაკვირდებითო.
ვანო მერაბიშვილის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის ესოდენ დიდი ყურადღების პატივი, რამდენადაც მახსოვს გიგი უგულავას ერგო, ხალხის აზრი და სურვილი კი ისაა, რომ ეს წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს.
მაშინ როცა სახელმწიფო დეპარტამენტი არჩეული პირისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე შეშფოთდა თუ აღშფოთდა და ამის შესახებ განცხადებას ახალი წლის წინა დღეებში საქართველოს მოსახლეობას მისალოცი ბარათივით უგზავნის, როგორც მინიმუმ, უნდა მიხვდნენ, რომ მათი ასეთი ქმედებით, ისინი მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმატებით დაწყებულ საქმეს კიდევ უფრო მეტი წარმატებით აგრძელებენ და სრულიად საქართველოს მოსახლეობას, დასავლეთსა და ყველაფერ დასავლურს აძულებენ.
აღარ ღირს, კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ ის ქმედებები, რაც სააკაშვილის იმ ავტორიტარულმა რეჟიმმა საქართველოში დაატრიალა, რომელი რეჟიმის ერთ-ერთი „დამხმარე ხერხემალიც“, სწორედ გიგი უგულავა იყო.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ხმა არ ამოუღია 200-მდე პოლიტპატიმრის არსებობაზე, ციხეებში და სამეგრელოს ტყეებში ხალხის ცოცხებითა და ხელკეტებით გაუპატიურებაზე, ქუჩაში საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარებაზე, რომლის დროს დახოცილი ხალხიც შემდეგ მაღაზიის თავზე შემოაწყვეს და განაცხადეს, რომ ისინი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ.
ეს არის მცირედზე მცირედი ჩამონათვალი იმ ავკაცობებისა, რასაც ნაციონალები საქართველოში სჩადიოდნენ, ხოლო ამერიკის მხარე, მათი ერთ-ერთი, რბილად რომ ვთქვათ არცთუ სასიქადულო პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის თამადობით, საქართველოსა და სააკაშვილს, ამ ყველაფრის პარალელურად, დემოკრატიის შუქურად გვასაღებდა.
ეს ის ორმაგი სტანდარტებია, რომლებზეც ადრეც არაერთხელ დაგვიწერია და რომელიც, საქართველოსთან მიმართბაში, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ თუნდაც ევროპა და ამერიკა არ ფლობდნენ რეალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საქართველოში გასული 10 წლის განმავლობაში და როგორ ითელებოდა ფეხქვეშ ის ყველაფერი, რაც დასავლეთში ადამიანების ფუნდამენტურ უფლებადაა აღიარებული.
ქვეყნები, რომელთა ემისრების რაოდენობაც საქართველოში საკმაოდ დიდი იყო და არის, რა თქმა უნდა, ჩვენთან არსებული მგდომარეობის, საზოგადოების განწყობისა და მუხტის შესახებ ყოველთვის რეალურ ინფორმაციას ფლობდნენ, მაგრამ, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, მუდმივად ცდილობდნენ საქართველო თავიანთი ინტერესისთვის გამოეყენებინათ, ხოლო მიხეილ სააკააშვილთან მიმართებაში, - „ჩვენი ძაღლიშვილის“ სტანდარტით მოქმედებდნენ.
ერთ-ერთი ასეთი ემისარი, რომელიც ოკეანისგაღმეთს საქართველოში გააჩნდა და ჯერ კიდევ გააჩნია, ეს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, იგივე ავადსახსენებელი NDI და მისი ხელმძღვანელი საქართველოში, ლუის ნავაროა.
სწორედ ამ პიროვნებას ეძღვნებოდა ჩვენს ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მასალა - „არჩევნების გაყალბების ნავარო-ტკები“, სადაც ამ პიროვნებისა და მისი ორგანიზაციის საქართველოში მოღვაწეობაზე იყო საუბარი.
ეს სწორედ ის ლუის ნავარო და სწორედ ის NDI-ა, რომელიც ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე, მის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ძალად და უპირობო ლიდერად მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებდა, ხოლო ამავე სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე მტკიცე და შეუპოვარ ოპოზიციად, რომელსაც საზოგადოებაში თურმე უზარმაზარი რეიტინგი ჰქონია (რა თქმა უნდა ნაციონალების შემდეგ), ეს ბატონი რეზო ამაშუკელისგან „გალსტუკიან ხვლიკად“ მონთლული გიორგი თარგამაძე და მისი „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობა იყო. ეს კი ის გიორგი თარგამაძეა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ სოფლიდან სოფელში ქაღალდებით დარბოდა და ხალხს ეუბნებოდა, ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ კანონის წინააღმდეგ მხარი დამიჭირეთო, თუმცა ეს კანონი საქართველოს სინამდვილეში ჯერჯერობით ნამდვილად არ არსებობს. ეს უიაფესი პოლიტიკური ტრიუკი ასლან აბაშიძის, ბადრი პატარკაციშვილისა და მიხეილ სააკაშვილის „უერთგულეს“ გიორგი თარგამაძეს იმისთვის სჭირდებოდა, რომ თავი მართლმადიდებლური პრინციპების დამცველად წარმოედგინა, თუმცა მისი ბეგრაუნდიდან გამომდინარე, ფულის გადახდის შემთხვევაში, ის სავარაუდოდ თავადვე გახდება ერთსქესიანთა ქორწინების აპოლოგეტი, თუ რა თქმა უნდა, მას ამისთვის სათანდო პირობებს შეუქმნიან და პერსპექტივებს დაუხატავენ.
სწორედ, მიხეილ სააკაშვილი და გიორგი თარგამაძე იყვნენ ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა და მისი წარმომადგენლობის შეფის, ლუის ნავაროს რჩეულები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ნურავის ნუ გაუკვირდება, თუ ქართველი ხალხი, რომელიც ვერც სააკაშვილსა და მითუმეტეს, ვერც თარგამაძეს დასანახად ვერ იტანდა, მათ მფარველ ამერიკასა და ევროპას შემოუბრუნდეს და მის წინააღმდეგ წავიდეს.
უფრო მეტიც, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუის ნავაროს თურმე ვანო მერაბიშვილის კანტორის „ვერბოვკა“ ედო. სავარაუდოდ ნავარომ სული წაიწყმიდა და ნაციონალებისგან იმ მწვანე ქაღალდების საკმაოდ დიდი დასტა ჩაიჯიბა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს დასამორჩილებლად, ატომურ იარაღზე უფრო მეტი წარმატებით იყენებს.
რა თქმა უნდა, სქოლიოზშეყრილ ხერხემალს იმის შესაძლებლობა და სურვილი ნამდვილად არ ექნებოდა, რომ ლუის ნავაროსათვის „პერევერბოვკა“ დაედო, ანუ მისთვის ამიერიკის შეერთებული შტატების ინტერესების გატარებაზე უარი ეთქმევინებინა და ქართული სახელმწიფოს ინტერესის სამსახურში ჩაეყენებინა, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მერაბიშვილის სურვილი ეს არც ყოფილა. მას მხოლოდ აინტერესებდა ის, რაც ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნას გაახანგრძლივებდა, ხოლო მთლიანად ქვეყნის ინტერესი, ისევე, როგორც მის გურუს მიხეილ სააკაშვილს, ფეხებზე ეკიდა.
ანუ საქმე გვაქვს „კოჰაბიტაციურ ვერბოვკასთან,“ როდესაც ეს საქმე ორივე მხარეს აწყობს და არც ამერიკის შეერთებული შტატებია ამის წინააღმდეგი. ამ სქემის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ იღებდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაყალბებულ შედეგებს, რომელსაც შემდგომ არჩევნების გასაყალბებლად იყენებდა, ლუის ნავარო იღებდა ჯადოსნურ მწვანე ქაღალდებს, ხოლო მისი პატრონი ამერიკის შეერთებული შტატები იღებდა უტყუარ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და საზოგადოების განწყობის შესახებ და ამასთანავე, ნავაროს კვლევის შედეგებს მისი მართული რეჟიმის გასახანგრძლივებლად იყენებდა.
საქმე სავარაუდოდ ინტერესთა სამმაგ დამთხვევასთან გვაქვს და ნამდვილად საკითხავია, ნავაროს სამსახურს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მართლა ,,ვერბოვკა“ ერქვა თუ ნებაყოფლობითი სიამტკბილობა?
ბოლო პერიოდის განმავლობაში, პრესაში კიდევ ერთი ელჩის „ვერბიოვკის“ შესახებ გაჩნდა ინფორმაცია. ეს ელჩი კი, საქართველოში ევროკავშირის სრულუფლებიანი დესპანი, ფილიპ დიმიტროვია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის შემდეგ, ქართველი ერის ყველაზე დიდი ჭკუის დამრიგებელია.
ბატონი დიმიტროვი ფრიად შეაშფოთა ჩვენს მიერ ზემოთნახსენები სქოლიოზშეყრილი ხერხემლის მიერ საკუთარ სასამართლო პროცესზე გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ ის თურმე, თავზე ქურთუკგადაფარებული მოუტაციათ და მთავარ პროკურორს მისთვის სულ მუშტები უტრიალებია ცხვირწინ.
ამ ინფორმაციის სისწორე ვისაც სჯერა გაიაროს, მაგრამ ის რომ მერაბიშვილის განცახდებამ დიმიტროვი ძალიან შეაშფოთა და მან ხელისუფლება გააფრთხილა კიდეც, ამ ფაქტს დასავლეთიდან სათანადო რეაგირება მოჰყვებაო, ცინიზმის სფეროსაც კი სცილდება.
სად იყო ბატონი დიმიტროვი მაშინ, როდესაც საქართველოში ჩვენს მიერ ზემოთნახსენები სადამსჯელო ოპერაციები მიმდინარეობდა?
სად იყო და, როგორც საქმეში ჩახედული პირები ამბობენ, ისიც იმ მწვანე ქაღალდების დასტებს ითვლიდა, რომლის ძალითაც ლუის ნავარო კვლევის შედეგებს აყალბებდა, ხოლო ამ ერთი შეხედვით, არცთუ ბრჭყვიალა მწვანე ქაღალდებს თურმე თვალის მოჭრის ისეთი საოცარი ეფექტი გააჩნია, რომ როცა ის ხელში დასტად გიჭირავს, მისი მომწოდებლის მიერ ჩადენილ ავკაცობას ვეღარც კი ამჩნევ.
ნაკლებადსავარაუდოა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი იდეოლოგის, გიგა ბოკერიას მიერ ნაყიდ დიპლომატთა სია დიმიტროვით იწყებოდეს და მისითვე მთავრდებოდეს და მათი რიცხვი გაცილებით უფრო მეტი იქნება, ამის შედეგი კი, გარკვეულწილად დასავლეთის ქვეყნების ის დამოკიდებულება გახლავთ, რომელსაც ისინი, საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ და ძველი ხელისუფლების დამნაშავე წარმომადგნელბის მიმართ იჩენენ.
ასე, რომ სანამ საქართველოს მოსახლეობა ნავაროს მიერ პერმანენტულად ჩატარებული „გამო-კვლევების“ მცდელობას ემორჩილება, მუდმივად იარსებებს საფრთხე იმისა, რომ ქვეყნის მოღალატე ძალები, დასავლეთის ამა თუ იმ ქვეყანამ, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, დემოკრატიის შუქურად წარმოგვიდგინოს და მათთვის პოლიქრონიონიც გვაძახებინოს.
ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლდა კი, ქართველმა ხალხმა, ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე მოვლენების ანალიზი თავად უნდა გააკეთოს და საკუთარი მომავლის გაყალბების ნავარო-ტკებზე უარი ერთსულოვნად უნდა თქვას.
გიორგი აბრამიშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“