„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით რომ ყველაფერი ჯანსაღად ვერ არის, ეს უკვე შეუიარაღებელი თვალისთვისაც ძალიან კარგად ჩანს,
მაგრამ ის, რასაც „ნიუსპრესს“ ჯერ კიდევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მყოფი ერთ-ერთი საკმაოდ გავლენიანი პირი მოუყვა, ყოველგვარ მოლოდინს სცილდება.
საქმე იმაშია, რომ თავად პარტიაში უკვე აშკარად და ხმამაღლა გამოთქვამენ უკმაყოფილებას თავიანთი ყოფილი მამა-მარჩენალის, ანუ მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
ბობოლა ნაციონალების თავდაპირველი გაღიზიანება, თურმე სააკაშვილის იმ განცხადებას გამოუწვევია, რომელიც მან პრეზიდენტის სავარძლის დათმობის შემდეგ მალევე გააკეთა და განაცხადა, რომ პოლიტიკური პროცესებისგან ჯერჯერობით გვერდზე უნდა გავდგეო.
წინა ხელისუფლების ყოფილ მაღაჩინოსანთა ერთ ნაწილს ეს განცხადება ისე აღუქვია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩვენს ზურგს უკან ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღო და ჩვენ ფეხებზე დაგვიკიდაო, მეორე ნაწილი კი ვარაუდობდა, რომ არავითარი გარანტიები არ მიუღია, უბრალოდ პასუხისმგებლობას გაურბის და ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილს ის „მესიჯი“ გაუგზავნა, რომ თუ არ დამიჭერ ჩემგან პრობლემა აღარ შეგექმნებაო.
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ორივე ამ ვარაუდის მომხრეებს ერთი საერთო რაც ჰქონდათ, ეს თურმე მიხეილ სააკაშვილის ნაირ-ნაირ ბრუნვაში მოხსენიების მრავალფეროვანი ლექსიკა ყოფილა.
ნაციონალების ეს აგრესია, სააკაშვილის კიევში გამოჩენით გარკვეულწილად განელებულა და ნაციონალებსაც მასზე გული მოუბრუნებიათ, თუმცა პრეზიდენტყოფილის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკის ერთ-ერთ კოლეჯში მასწავლებლად დავიწყე მუშაობაო, მისი ყოფილი თანაგუნდელების მოთმინების ფიალა კვლავ აუვსია და სააკაშვილის მიმართ აგრესიის დონეს აეროპორტის ტრასაზე მდებარე ოფისში კლვავ მაქსიმალური ზღვარისთვის მიუღწევია.
სწორედ ამის გამო გაუკეთებია ვანო მერაბიშვილს ის ცნობილი განცხადება თავისსავე სასამართლო პროცესზე, სადაც განაცხადა, რომ მთავარი პროკურორი ჩემზე ზეწოლას პირადად ახორციელებდა და ჟვანიას გარდაცვალების გამოძიების საქმეში და აგრეთვე მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო საბანკო ანგარიშების გამოაშკარავების საქმეში თანამშრომლობას მთავაზობდაო.
ეს განცხადება, არც მეტი არც ნაკლები ასევე აეროპორტის ტრასაზე მდებარე ოფისში დაგეგმილა და ტექსტი მერაბიშვილისთვის მისივე ადვოკატის მეშვეობით მიუწოდებიათ.
იმ დროს კი, რა დროსაც მერაბიშვილი ასახელებს, რომ ის თავზეგადაფარებული არბენინეს, მატროსოვის ციხეში ხანძრის შესახებ ცრუ განგაში გამოცხადებულა და ზედამხედველებიც, იძულებულნი გამხდარან სხვა პატიმრებთან ერთად, ვანო მერაბიშვილის ევაკუაციაზე ეზრუნათ. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით კი, ბადრაგს მერაბიშვილისთვის თვზე ქურთუკი მართლა გადაუფარებია და შესაბამისად, ეს კადრებიც ციხის დერეფნის კამერებს დაუფიქსირებია.
ასე, რომ, თუ სასჯელაღსრულების სამინისტრო ციხის კამერების კადრებს ამოსწევს, ისინი აშკარად მერაბიშვილის სასარგებლოდ იმეტყველებს და ამით მოხდება აგრეთვე ახალი მთავარი პროკურორის დისკრედიტაცია.
ახლა თურმე გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს განგაშის მიზეზის ვინაობის დადგენაზე, თუმცა ჯერჯერობით მათ ხელშესახები ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლეს.
გამორიცხული არ არის, რომ განგაშის პროვოცირება მატროსოვის ციხეში დარჩენილმა რომელიმე ერთ-ერთმა ისეთმა ნაციონალმა მოახდინა, რომლის მსგავსებიც წინა ხელისუფლებას, თითქმის ყველა სტრუქტურაში ჯერ კიდევ ბლომად ჰყავს.
მერაბიშვილის განცხადების ტექნიკურ მხარეებს რომ თავი დავანებოთ, ამ განცხადებაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, რომელსაც უზარმაზარ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი და რომელიც ამ ინფორმაციების უმრავლესობას მეხსიერებაში ინახავს, მიხეილ სააკაშვილს აშკარა გაფრთხილება გაუგზავნა, შეერთებულ შტატებში „გულაობას“ და მეგობრების ფეხებზე დაკიდებას არ გაპატიებო.
ამავე განცხადებით, მერაბიშვილმა სააკაშვილს ორი მკვეთრი გაფრთხილება გაუგზავნა. პირველი ის, რომ ჟვანიას საქმეში ფასდაუდებელი მოწმე ვარ და თუ ჭკუით არ იქნები ხელში „პასტას“ ავიღებო და მეორე, მერაბიშვილმა ნახევრად დაადასტურა, უფრო სწორად „გააბაზრა“ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს მსოფლიოს სხვადასხვა ბანკებში საიდუმლო ანგარიშები ნამდვილად აქვსო და თუ მიხეილ სააკაშვილი სირაქლემას პოზიციაში ყოფნას გააგრძელებს, ყოფილი ხერხემალი სავარაუდოდ არც ამ ინფორმაციას დაამადლებს ახალ ხელისუფლებას.
ერთი სიტყვით, როგორც „ნაციონალურ კულუარებში“ ჩახედული ჩვენი წყარო გვიყვება, თავისი ყოფილი თანაგუნდელების უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის ხსენებასაც კი ვეღარ იტანს, თუმცა არის გარკვეული არცთუ ისე მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომლებიც სააკაშვილს თავისი თანაპარტიელებისგანვე კბილებით იცავენო.
ვანო მერაბიშვილის აღნიშნულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი წყობილებიდან გამოუყვანია და განაწყენებაც, თავისი ხასიათიდან გამომდინარე გაბუტვით გამოუხატია.
მერაბიშვილის განცხადების შემდეგ, სააკაშვილი თურმე საქართველოდან შემავალ ზარებს ფაქტიურად აღარ პასუხობდა, ხოლო თუ ვინმეს რაიმე აუცილებელი ინფორმაცია ჰქონდა გადასაცემი, გიული ალასანიას სთხოვდნენ, იქნებ მიშას ესა და ეს უთხრაო. თავის მხრივ კი, როგორც ჩვენი წყარო გვიყვება გიული ალასანიაც აცხადებდა, რომ მიშა მეც აღარ მეკონტაქტებაო.
ვანო მერაბიშვილის ცნობილი განცხადების შემდეგ, სულ ცოტა ხანში, როგორც მოგეხსენებათ მთავარი პროკურატურის უწყება გიგი უგულავას კარზეც მისულა.
დაკითხვის წინა დღეს, თურმე სრულიად „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა სააკაშვილთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.
თავად გიგი უგულავა კი წყობილებიდან გამოსული ყვიროდა თურმე, პარტიის თავმჯდომარე თუ არის მაშინ ხმა ამოიღოს და რამე განცხადება გააკეთოს თუ არა და ჩვენ გავაკეთოთ განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი ოცნებას გაურიგდა, ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღო და ამიტომ ჩვენ მას ვემიჯნებითო.
საბოლოოდ, ისევ გიგის მოუაზრებია და მიხეილ სააკაშვილთან დარეკვა, ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონას ტელეფონიდან უცდია, რომლის ვინაობასაც წყარო არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამ გოგონას ტელეფონიდან შესულ ზარს მყისვე უპასუხა, თუმცა ყურმილში გიგი უგულავას ხმა რომ გაიგონა, ენა დაებაო.
გიგი უგულავას კი მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობები შეუხსენებია და უთქვამს, რომ როცა პარტიას ყველაზე მეტად უჭირს და დღეში რამდენიმე ადამიანს პროკურატურაში იბარებენ, ხმა ამოიღე და განცხადება მაინც გააკეთე, რომ მხარდამჭერები მაინც არ დავკარგოთო. რაზეც მიხეილ სააკაშვილს უპასუხია, ხომ ვთქვი პოლიტიკაში ჯერჯერობით აღარ ვერევი და ახლა რომ მე განცხადება გავაკეთო, არ გამოვაო. მასვე უგულავას „დაბოლებაც“ უცდია და უთქვამს, რომ დროს ტყუილად კი არ ვკარგავ და მართლა საკლასო ოთახებში კი არ დავრბივარ ჟურნალებით, აქ საჭირო ხალხს ვხვდები და ცოტა ხანში ყველაფერი ისევ საჩვენოდ შემოტრიალდებაო, თუმცა ჯერ კიდევ დედაქალაქის მერისთვის, სააკაშვილის ეს განცხადება დიდი ვერაფერი დამამშვიდებელი აღმოჩენილა და მას იმ გოგონას ტელეფონიდან, პრეზიდენტყოფილისთვის უშვერი სიტყვებით უგინებია.
როგორც წყარო აცხადებს, უგულავას ლექსიკიდან და სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე, მას სავარაუდოდ სააკაშვილმაც ხურდა დაუბრუნა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ცოტა ხანს, დაახლოებით 15-20 წამის განმავლობაში გაგრძელებულა.
ასე, რომ სრულიად ნაციონალურ მოძრაობაში დიდი აგონიაა დაწყებული და ის პირიც, ვინც „ნიუსპრესს“ პარტიის შიდა კულუარების შესახებ მოუთხრო და რომელმაც ვინაობის გამჟღავნებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა, ასევე აცხადებს, რომ ცოტა ხანში პარტიის დატოვებას გეგმავს და მისივე თქმით, ის ერთადერთი არაა ვინც პარტიაში ამ გადაწყვეტილებამდეა მისული.
მოხდება თუ არა დიდი შიდა განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და დატოვებს თუ არა მას ახლო მომავალში მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, ამას იგივე ახლო მომავალი გვიჩვენებს.
მაია ქობალია
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“