ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებული, აწ გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის კობა ხარშილაძის დაკავება,
პირდაპირ შეიძლება მოინათლოს როგორც ოქროს მოწმის დაკავება ზურაბ ჟვანიას საიდუმლოებით მოცული გარდაცვალების გამოძიების საქმეში.
მართალია კობა ხარშილაძის დაკავებისას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აბსოლუტურად სხვა - ეკონომიკური სახიათის დანაშაულის მოტივი დაასახელა, მაგრამ ნაკლებადსავარაუდოა, რომ ხარშილაძის დაკავება მხოლოდ ამ დანაშაულს უკავშირდებოდეს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, მისი დაცვის წევრები, მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ მოკლე დროში დააწინაურა და მიუხედავად გამოძიების მიმდინარეობის შესახებ უდიდესი ინტერესისა, მათ მიმართ მედიასა და საზოგადოებას კითხვების დასმის საშუალება დღემდე არ მისცემია.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც იმის შესახებ ეჭვს აძლიერებს, რომ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი მხოლოდ ეკონომიკური დანაშაულის გამო არ აუყვანიათ, ის გახლავს, რომ ბოლო პერიოდში, როგორც საგამოძიებო სტრუქტურებთან დაახლოებული პირები, ასევე აწ განსვენებული პრემიერის ოჯახის წვრები და პირადად ზურაბ ჟვანიას ძმა, პრესაში აქტიურად ატარებდნენ აზრს, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე უახლოეს მომავალში, უფრო სწორად კი უახლოეს ორ თვეში გაიხსნება.
ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არაა ვიფიქროთ, რომ გამოძიება, რაღაც დოზით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს საქმის კურსში აყენებდა და იმ ჩარჩოებიდან გამომდინარე, რისი თქმის უფლებასაც გამოძიების ინტერესები აძლევდათ, ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები პრესასთან განცხადებებსაც აკეთებდნენ.
რაღა თქმა უნდა, პატიმრობაში მყოფი კობა ხარშილაძე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ნამდვილად ოქროს მოწმეა და მის მიერ გამოძიებისთვის გამხელილი დეტალები ფასდაუდებელი იქნება.
იმედია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს კობა ხარშილაძე ნაკლებად დასაბუთებული ბრალდების გამო არ დაუკავებია და იძულებული არ გახდება მისი გათავისუფლება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს. ხოლო თუ გამომძიებლის პირისპირ მჯდომი ხარშილაძე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას გამოძიებას სრულად გააცნობს, მაშინ ბოლო პერიოდში პრესაში გაჟონილი ინფორმაციები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის უახლოეს პერიოდში გამოძიებასთან დაკავშირებით, რეალობას მოკლებული არ იქნება.
ჯერჯერობით ყველაფერი იქით მიდის, რომ უახლოეს პერიოდში, საზოგადოება, რომელსაც წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების ასორტიმენტი და განხორციელების ხერხები უკვე აღარ აკვირვებს, - კიდევ ერთი სკანდალური საქმის გამოძიების დასრულების მომსწრე გახდება, რაც ყოფილი ხელისუფლების ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს დაუფრთხობს კოჰაბიტაციით გამოწვეულ მშვიდ ძილს და ძალიან ბევრ მათგანს, იმ ადამიანის გვერდით მიუჩენს ადგილს, რომელმაც ჟვანიას გარდაცვალებიდან ორიოდე საათში, ქვეყნის მოსახლეობას დარწმუნებით აუწყა, რომ პრემიერ-მინისტრი გაზით გაიგუდაო.
ყველა წინაპირობის თანახმად, საზოგადოება სულ ცოტა ხანში, „ნაციონალური ხელისუფლების“ მიერ ჩადენილი კიდევ ერთი სკანდალური დანაშაულის გახსნის მომსწრე გახდება.
ამ ვარაუდს ამყარებს აგრეთვე ვანო მერაბიშვილის სკანდალური განცხადება, რომელიც მან სასამართლო დარბაზში გააკეთა და რომლის თანახმადაც, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, მასზე უშუალოდ მთავარი პროკურორის მხრიდან განხორციელდა ზეწოლა.
ეს განცხადება შეიძლება გარკვეულწილად პრევენციულ ხასიათსაც ატარებდეს იმ შემთხვევისთვის, თუ ხარშილაძე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დეტალებს დაფქვავს. მაშინ ნაციონალები იტყვიან, რომ ეს ჩვენება მას ზეწოლით დააწერინეს, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილის მიერ დაწერას ცდილობდნენო.
როგორც ჩანს ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, „ნეცელიტა“ მართლაც გვარიანადაა შეფუცხუნებული.
გიორგი აბრამიშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“