„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილი, ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილის მიერ,
მისსავე სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას უპატიებელსა და გაუგონარს უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ წინასწარპატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ე.წ. 26 მაისის ეპიზოდზე მიმდინარე საქმის არსებითი განხილვისას განაცხადა, რომ - „დღეს რომ 25-26 მაისი იყოს და არჩევანის წინაშე ვიდგე, გავცე თუ არა ის ბრძანებები, რომელიც მაშინ გავეცი, ყველაფერს გავაკეთებდი ისევ ისე, როგორც მაშინ გავაკეთეო“.
ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, მერაბიშვილს მსგავსი თამამი განცხადების გაკეთების საფუძველს, სამართლიანობის აღდგენის პროცესის ნელ ტემპში მიმდინარეობა აძლევს და ასევე, დასავლეთის მხარდაჭერისა და მფარველობის იმედი აგულიანებს.
ამ თემასთან დაკავშირებით ნონა გაფრინდაშვილმა „ნიუსპრესის“ კითხვებს უპასუხა:
- ქალბატონო ნონა, როგორია თქვენი დამოკიდებულება ვანო მერაბიშვილის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით?
ეს უპატიებელი და გაუგონარი განცხადებაა. „ნაციონალებს“ პასუხი რომ ეგოთ და ბევრი მათგანი ციხეში იჯდეს, მერწმუნეთ, მერაბიშვილი ასეთ განცხადებას ვერ გააკეთებდა. მას შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს, საერთოდ როგორ შეუძლიათ მსგავსი განცხადების გაკეთება? იმის ნაცვლად რომ ბოდიში მაინც მოიხადოს, თავს უფლებას აძლევენ და სასამართლოზე მსგავს განცხადებებს აკეთებენ.
- თქვენ უშუალოდ 26 მაისის აქციის მონაწილე ბრძანდებით. რა მოხდა რეალურად მაშინ? რას აპირებდით სინამდვილეში, რომ არა განვითარებული მოვლენები?
ის რაც 26 მაისს სწორედ მერაბიშვილის უწყების მხრიდან მოხდა, საერთოდ არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. იმიტომ რომ გასასვლელიც არ დატოვეს და ხალხს სასაკლაო მოუწყვეს. ამაზე ფოტო-ვიდეო მასალა არსებობს და მას გამოძიებაც კი არ სჭირდება. ყველა ძალოვანი სტრუქტურის მაშინდელი ხელმძღვანელები, სხვა რომ არაფერი, მარტო ამისთვის უნდა იყვნენ დასჯილები.
მსგავსი რაღაც არც 7 ნოემბერს მომხდარა და არც 9 აპრილს. რუსებმაც კი დატოვეს გასასვლელი ადგილი. ამათ, 26 მაისს ხალხს გასასვლელი არ დაუტოვეს და ვინც კინო რუსთაველის შენობაში შესვლა მოასწრო, ან ქაშვეთის ეკლესიასთან აღმოჩნდა, იმათთანაც კი აგრძელებდნენ ძალადობას.
იმ დღეს იქ ძალიან კარგი საზოგადოება იყო და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ 12 საათის შემდეგ, ჩვენ კონცერტის გამართვას ვაპირებდით.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ განცხადების გაკეთების საფუძველს, ვანო მერაბიშვილს, სამართლიანობის აღდგენის პროცესის ნელი ტემპი აძლევს?
რა თქმა უნდა ასეა. ვიმეორებ, დაჭერილი რომ ყოფილიყო რამდენიმე მათგანი მაინც და ისინი სათანადოდ დაესაჯათ, - მე „ბობოლა“ ხალხი მყავს მხედველობაში, მსგავსი განცხადების გაკეთებას ვერავინ გაბედავდა. მაგრამ ყველამ ვიცით ვინც დაჭერილები არიან, როგორ პირობებშიც იმყოფებიან და ამიტომაც არიან ასე „განაგლებულები“.
- თქვენი აზრით, რატომ ჭიანურდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი, იმიტომ ხომ არა, რომ შესაძლოა ურთიერთთანამშრომლობის პრინციპთან გვქონდეს საქმე?
ასე შორსაც არ წავალ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ „ნაციონალებს“ დასავლეთი გადაეფარა და უნდათ მაგათი სახით დასაყრდენი ძალა კიდევ შეინარჩუნონ. უნდათ, რომ ისინი დააფიქსირონ როგორც ოპოზიცია. ამიტომაცაა რომ ახლა მერაბიშვილი საპატიო პირობებში იმყოფება და ეტყობა იმედი აქვს, რომ იქედან გამოვა, თორემ, როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა, მსგავსი განცხადება გააკეთოს.
სოფიო გაბისონია
საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუსპრესი“