საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე, როგორც ამას ბოლო წლების ფაქტები გვიჩვენებს, შეიძლება ითქვას, რომ ყოველ წამს ბეწვზე ჰკიდია.
მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის სწრაფად შენების მანიამ, როგორც მოსალოდნელი იყო თავი უკვე იჩინა და ის, რაც დრო გადის, სამწუხაროდ უფრო და უფრო მეტი საფრთხის მატარებელი გახდება.
საქმე იმ შენობა-ნაგებობს ეხება, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს აშენდა და რომელთაც ხშირ შემთხვევაში, ყოფილი პრეზიდენტი ისეთ მდგომარეობაში მყოფს ხსნიდა, რომ ბეტონიც კი არ იყო გამშრალი.
არაფერს ვამბობ სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვაზე.
ძალიან ძნელია დაასახელო შენობა ან კონსტრუქცია, რომელიც სააკაშვილის დროს აშენდა და რომელსაც უსაფრთხოების კუთხით სერიოზული ნაკლი არ მოეძებნებოდეს. არაფერს ვამბობ ე.წ. ანაკლიის ხიდზე, რომელიც წყალმა გახსნიდან რამდენიმე დღეში წაიღო. საუბარი უფრო მყარ კონსტრუქციებს შეეხება, რომლითაც ყოვედღიურად საზოგადოების ათასობით წარმომადგენელი სარგებლობს.
როგორც გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილის მიერ პომპეზურად გახსნილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სახურავს გახსნიდან ცოტა ხანში შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები თბილისის აღმოსავლეთით გაშლილ უზარმაზარ ტრამალებზე ეძებდნენ, ხოლო აეროპორტის შენობის შიგნით, ქოლგადაფარებული მგზავრები, რეგისტრაციის ჯიხურისკენ გზას ტაშტებს შორის მიიკვლევდნენ.
გაცილებით უფრო მძიმე შედეგი მოჰყვა ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისას დაშვებულ შეცდომას, როცა მშენებარე კონსტრუქციის ჩამონგრევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მართალია „ნაციონალურმა არხებმა“ შემდგომ ეს ფაქტი სხვანაირად შეფუთეს, მაგრამ ფაქტი ერთია, პარლამენტის თუ მისი დამხმარე შენობის მშენებლობას ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპრლა.
ახალგაზრდა ქალბატონის და მისი მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა ასევე ქუთაისში, დიდების მემორიალის აფეთქებამ, რომელიც, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად ფაქტის მორალურ მხარეზე, უსაფრთხოების ნორმების სრული იგნორირებით იქნა განხორციელებული.
ბოლო შემთხვევა კი, როდესაც მიხეილ სააკაშვილის „აღმშენებლობის დროინდელმა“ შენობამ ადამიანების სიცოცხლე ლამის იმსხვერპლა, რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, როცა დედაქალაქში ამოვარდნილმა არცთუ უჩვეულოდ ძლიერმა ქარმა, სააკაშვილის საამაყო იუსტიციის სახლის სახურავის კონტრუქცია ჩამოშალა და თუ ამ ფაქტს მსხვერპლი არ მოჰყვა, ეს მხოლოდ ბედნიერ შემთხვევას უნდა მივაწეროთ.
ყველას კარგად ახსოვს იუსტიციის სახლის მშენებლობის ტემპებიც და ის ჩინელებიც, რომლებიც ამ ნაგებობას აშენებდნენ და რომლებსაც, იქვე, დედაენის ბაღში მდგარ ვაგონში, სამ სართულად განლაგებულ ნარებზე მონაცვლეობით ეძინათ.
იმის გამო კი, რომ აღნიშნული შენობის ჩაბარება მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაბრძანებ ვადებში არ ესწრებოდა, საჩხერის სამთო მომზადების ბატალიონი სპეციალურად ჩამოიყვანეს და ჯარისკაცებს, იუსტიციის სახლის სახურავის დამამთავრებელი სამუშაოების ჩატარება დაავალეს.
შედეგიც სახეზეა, ჯარისკაცების მიერ დახურული შენობის სახურავმა ქარის ოდნავ წამოქროლებასაც ვერ გაუძლო და ძირს ჩამოიშალა.
შედეგად იუსტიციის სახლის მომსახურება შეფერხდა, სადაც მოქალაქეს ასეულობით მომსახურების მიღება შეეძლო, ხოლო რამდენი შეადგინა თითოეული მოქალაქის ზარალმა, სახელმწიფოს ზარალმა და გაცდნილმა დრომ, ამის შესახებ სრული ინფორმაციის დასადებად სტატისტიკაც კი უძლური იქნება.
ზარალს რომ თავი დაბვანებოთ, საზოგადოებაში უკვე მიხეილ სააკაშვილის დროს აგებული შენობების მიმართ სერიოზული შიშები გაჩნდა.
სწრაფად, არცთუ იაფად და უხარისხოდ შენებამ, საზოგადოებაში უკვე ის ბუნებრივი რეაქციები დაბადა, რაც ლოგიკურად უნდა მომხდარიყო.
აქედან გამომდინარე, ახალი ხელისუფლებისთვის ნამდვილად პრიორიტეტული უნდა იყოს ყველა იმ შენობა-ნაგებობის ექსპერტიზა და მდგრადობის შემოწმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს აშენდა, ან რომელსაც მისი მმართველობის დროს მოდერნიზაცია ჩაუტარდა.
სავარაუდოდ საკმაოდ საეჭვო იქნება თავისუფლების მოედანზე მდებარე ძველი მერიის მდგრადობის საკითხიც, რადგან მისი „რეკონსტრუქციის“ შედეგად, ხელუხლებლად პრაქტიკულად, მხოლოდ შენობის გარეთა კედლები დატოვეს, ხოლო შიდა კონსტრუქციების ნანგრევებს, სატვირთო ავტომანქანები ნაგავსაყრელზე რამდენიმე თვის განმავლობაში ეზიდებოდნენ.
ყველაზე დიდ საფრთხეს კი, გამორიცხული არ არის, რომ გმირთა მოედანზე აგებული ესტაკადა შეიცავდეს, სადაც პრაქტიკულად დღის ნებისმიერ მონაკვეთში საცობია და რომელიც ავტომობილებით მუდმივად გადატვირთულია.
ღმერთმა არ ქნას და ამ ესტაკადამ დატვირთვას ვერ გაუძლოს, მაშინ შედეგი ისეთი ნამდვილად არ იქნება, როგორიც ეს იუსტიციის სახლის შემთხვევაში იყო. ხოლო ქართველი ხალხისთვის უკვე კარგად აპრობირებული კოჰაბიტაციის გამო, ნაკლებადსავარაუდოა, რომ მსხვერპლზე ვინმემ პასუხი აგოს.
იგივე შეიძლება ითქვას რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე, რომელიც საოცრად და საეჭვოდ მოკლე დროში აშენდა.
ასე, რომ დედაქალაქის და არა მარტო დედაქალაქის მაცხოვრებელთა უსაფრთხოების მიზნით, უპრიანი იქნება, თუ ახალი ხელისუფლება იმ კონსტრუქციების მდგრადობას პროფესიონალურ დონეზე შეისწავლის, რომლის მშენებლობაც მიხეილ სააკაშვილის რეაქტიული იდეების პარალელურ ტემპში ხორციელდებოდა.
გიორგი აბრამიშვილი