logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნანა კაკაბაძე - სამართლიანობის აღდგენის გზაზე პოლიტიკური ნებაა საჭირო რომელიც ამ ხელისუფლებას არ გააჩნია
ნანა კაკაბაძე - სამართლიანობის აღდგენის გზაზე პოლიტიკური ნებაა საჭირო რომელიც ამ ხელისუფლებას არ გააჩნია
11:05 08.12.2013

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას საზოგადოება ერთ წელზე მეტია ელოდება.

რამდენიმე დღის წინ კი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კომისიის შექმნა გადაიდო.მას არც ვადა დაუსახელებია. მინისტრის თქმით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონპროექტი დასრულებულია, თუმცა პარლამენტში არ გადაგზავნილა. მთავრობამ მიიჩნია, რომ თუ ადამიანი გამართლდება და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, ამას დღეს ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაუძლებს.


რამდენად მყარია იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებული არგუმენტი, რა ვადით გადაიდო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა და აქვს თუ არა ხელისუფლებას კომისიის შექმნის პოლიტიკური ნება, ამ და სხვა საკითხებზე, „ნიუსპრესი“ ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარეს ნანა კაკაბაძეს ესაუბრა.

 


თქვენი აზრით, რამდენად მყარია იუსტიციის მინისტრის არგუმენტი, კომისიის შექმნის გადავადებასთან დაკავშირებით?

ჩემი აზრით, თითონ ხელისუფლებაც ხვდება, რომ ეს არამც თუ მყარი არგუმენტია, არამედ საერთოდ ვერ გამოდგება არგუმენტად იმისათვის, რომ ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა გადაიდოს. კომისიაში სისხლის სამართლის საქმეების განხილვა მოხდება. ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელთაც თან ახლავთ ქონებრივი საკითხები, შეიძლება ორად გაიყოს, ანუ, პირველ ეტაპზე განხილული და დაკმაყოფილებული იქნას მხოლოდ სისხლის სამართლებრივი საკითხები და ღირსების საკითხის აღდგენა მოხდეს, ხოლო რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, ეს რამდენი წლითაც უნდათ, იმდენი წლით გადადონ. ერთი წლით კი არა, შეიძლება 4-5 წლითაც გადაიდოს. როგორც აღვნიშნე, დღეს მთავარი სისხლის სამართლებრივი საკითხებია. ადამიანები უდანაშაულოდ აღმოჩნდნენ ციხეებში... იმ ადამიანებს, რომლებიც დღესაც უკანონოდ სხედან, იმედი აქვთ, რომ კომისია დროულად შეიქმნება, საქმეები გადაიხედება და უკანანო პატიმრობიდან გათავისუფლდებიან. რა თქმა უნდა, კომისიის შექმნა უპირველეს ყოვლისა მათ ეხებათ და ამ ადამიანებს უკანონო პატიმრობა არ უნდა გაუხანგრძლივდეთ. ასევე გარეთ მყოფი ადამიანები, რომლებმაც გარდა თავისუფლების შეზღუდვისა, მორალური ზიანიც მიიღეს. ისინი ნაციონალებმა სხვადასხვა ინტერესების გამო სხვადასხვა სახის დამნაშავეებად გამოიყვანეს. ეს იყო, ქონებრივი ინტერესი, ბიზნეს ინტერესი, პოლიტიკური თუ სხვა. აქედან გამომდინარე, დღეს როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ თურმე ბიუჯეტში თანხა არ არის და ამის გამო კომისიის შექმნა უნდა გადაიდოს.

ბიუჯეტში რეალურად არის ფინანსების პრობლემა. 2014 წელს საკმაოდ დიდი მოცულობის შიდა და საგარეო ვალის აღებაცაა დაგეგმილი. შესაძლოა, მთავრობა მიიჩნევს, რომ თუ კი ადამიანი გამართლდება, მას არა რამდენიმე წლის შემდეგ, არამედ დროულად უნდა გადაუხადოს კომპენსაცია?


მატერიალური ზიანის ანაზღაურება მომენტალურად არ ხდება. ეს ცალკე სასამართლოს საგანია. ანუ ამ შემთხვევაში პროცესი შეიძლება ორად გაიყოს: ცალკე დაისვას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები და ცალკე მატერიალური ანაზღაურების საკითხები.

თქვენ აღნიშნეთ, რომ შესაძლოა, ეს თანხა სახელმწიფომ 4-5 წლის შემდეგ გადაიხადოსო. როგორ ფიქრობთ, თუ ადამიანი გამართლდა, ის თანახმა იქნება, რომ კომპენსაცია წლების შემდეგ მიიღოს?


იმას, რომ არაფერი კეთდება, ბუნებრივია, სჯობს, ეს თანხა მათ თუნდაც 4-5 წლის მერე გადაუხადონ. დღეს ბიუჯეტში თანხა არ არის და ეს საკითხი რა თქმა უნდა, გადაიდება. ამ ადამიანებს სანახევროდ მაინც გაუკეთდებათ საქმე და ბუნებრივია, რომ თანახმა იქნებიან. უამრავი შეთავაზება არსებობს ხელისუფლების მიმართ თუ როგორ უნდა მოხდეს ამ თანხის გადახდა ისე, რომ ბიუჯეტმა არც ერთი თეთრი არ იზარალოს და ამავდროულად, დაპირება სამართლიანობის აღდგენის შესახებ დროულად შესრულდეს. ბატონი ანზორ საკანდელიძის ხელმძღვანელობით მთავრობას მცირე მეწარმეებმაც შესთავაზეს ძალიან კარგი პროექტი. ეს გულისხმობს, ფასიანი ქაღალდების, ანუ საგადასახადო თამასუქების გამოცემას. ახლად შექმნილ კერძო საწარმოებს და არა იმათ, რომლებიც დღეს ბიუჯეტს ავსებენ, დაუწესდეთ თამასუქების გადახდა მოგებისა და ქონების ღირებულების სახით, ხოლო საშემოსავლო ნაწილი ჩვეულებრივად შევა ბიუჯეტში. ეს არის უმარტივესი ფორმა.

ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რა ვადით გადაიდო ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა?


სოზარ სუბარმა თქვა, რომ კომისიის შექმნას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდებაო. კომისიის ჩამოყალიბება ერთი წლით კი არა, რამდენიმე თვითაც არ უნდა გადაიდოს. ამის დაშვებაც არ შეიძლება. როგორც აღვნიშნე, არა მარტო გარეთ მყოფი ქონება წართმეული და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები ელოდებიან ამ კომისიის შექმნას, არამედ ციხეში სხედან უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანები... ხელისუფლება ვალდებულია, სამართლიანობის აღდგენის შესახებ გაცემული დაპირება შეასრულოს. 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდში არავის უთქვამს, რომ ჩვენ ამ დანაპირებს ვადის ამოწურვის წინ შევასრულებთო. საზოგადოების მოლოდინი იყო, რომ მოვიდოდა თუ არა ახალი ხელისუფლება, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყებოდა. ახლა თურმე ამას ბიუჯეტი არ უწყობს ხელს და ა.შ. რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ დღეს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ აქვს. პროცესის დაწყება ამიტომ ფერხდება და არა იმის გამო, რომ ფინანსური საშუალებები არ არის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არაერთი ალტერნატიული გზა აქვს შეთავაზებული ხელისუფლებას, რომ ეს პრობლემა გადაჭრას.

თქვენი აზრით მაშინ რატომ არ აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება, რომ ეს კომისია შეიქმნას?


ვიცით, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას იმ კრიმინალებთან, რომელთაც მთელი საზოგადოება აღიქვამს არა როგორც პოლიტიკურ, არამედ, როგორც კრიმინალურ ძალად, - კოჰაბიტაცია შესთავაზა. დღეს ამ კრიმინალურ ძალაზე ამბობენ, რომ ნომერ პირველი ოპოზიციური ძალააო და მათთან კოჰაბიტაციაში იმყოფებიან. ეს თავისთავად აჩენს პრობლემას, თუ როგორ უნდა დაიწყონ ამ ოპოზიციური ძალის გასამართლება. სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება თუ უჭირთ, მაშინ შეაფასონ რეჟიმი, რა იყო ის 9 წლიანი პერიოდი და დაინახავენ, რომ ოპოზიციური კი არა, ეს კრიმინალური ძალა იყო.

მათ გასამართლებას იმიტომ ხომ არ ერიდებიან, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ოპოზიციის გასამართლებას მწვავე რეაქცია მოჰყვება


მერე რატომ დაარქვეს ოპოზიციური ძალა იმას, რომელიც კრიმინალური ძალა იყო? ან რატომ არ შეაფასეს მათი 9 წლიანი პერიოდი? ეს რომ შეფასებულიყო, ყველა დაინახავდა, რომ ისინი არა ოპოზიცია, არამედ კრიმინალური ძალაა. კრიმინალის გასამართლების წინააღმდეგი კი მთელს მსოფლიოში ვერავინ იქნება.

ხომ არ იცით, დაახლოებით რამდენი ადამიანი ელოდება კომისიის შექმნას და შესაბამისად გამართლებას?


100 ათასამდე მაინც იქნება მათი რაოდენობა. ესენია ქონება წართმეული, ღირსება შელახული, ბიზნეს წართმეული, ციხეში მყოფი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება კომისიის შექმნას.

სავარაუდოდ რა თანხის გადახდა შეიძლება გახდეს საჭირო ბიუჯეტიდან, როდესაც ყველა საქმის გადახედვა მოხდება?


ეს ციფრი მხოლოდ მას შემდეგ დადგინდება, როდესაც კომისია შეიქმნება და მას ხალხი მიმართავს. თუ ადამიანმა კონკრეტული თანხა არ მოითხოვა, ხელისუფლებამ საიდან უნდა იცოდეს რა თანხის გადახდა მოუწევს. პირმა უნდა მოითხოვოს, შემდეგ ამას დაითვლიან და გაიგებენ რა მოცულობისაა ზარალი. კომისია არ არის შექმნილი და რომ ამბობენ, რამდენიმე მილიარდია გადასახდელიო, - ეს არარეალურია. ჯერ არავინ იცის რა თანხის გადახდა შეიძლება მოუწიოს ბიუჯეტს. თავისთავად ის, რომ დაზარალებული ბევრია, იმ ციფრიდანაც ჩანს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუთვალა, როგორც მიტაცებული ქონება, - 18 მილიარდი. ამ თანხის მიღმა ხომ დგას დაზარალებული ადამიანები, რომლებიც კომპენსაციას მოითხოვენ. ამ ქონებების დიდი ნაწილი სახელმწიფოს ბალანსზეა. თუ სახელმწიფო წაგლეჯილ ქონებას ადამიანებს უკან დაუბრუნებს, ამის გაკეთება მას არც ერთი თეთრი არ დაუჯდება.

15 დეკემბერს თქვენ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადების გაპროტესტებას გეგმავთ. თქვენი აზრით, ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში?

ეს იქნება პირველი აქცია, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში ჩატარდება. ვფიქრობ, აქციას ბევრი ადამიანი შემოუერთდება და მოითხოვს, რომ კომისიამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა და სამართლიანობა აღდგეს.


როგორ ფიქრობთ, საპროტესტი აქცია შედეგს გამოიღებს?

თუ ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვება სურს, საზოგადოების მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. იმ ხელისუფლებას, რომელიც საზოგადოების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, არ აირჩევენ. თუ ხელისუფლებას ძალადობაზე დაფუძნებული მმართველობა უნდა - ანუ ის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, რომ დანიშნული პარლამენტი, დანიშნული თვითმმართველობა და დანიშნული პრეზიდენტი გვყავდეს, საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ და 2012 წლის პირველ ოქტომბერს ამაზე უარი ვთქვით.


ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის მოთხოვნით პატიმრები შიმშილობენ. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ამაჟამად რამდენია მათი რაოდენობა?

ვერ გეტყვით, ძნელი დასათვლელია. თითქმის ყველა ციხეში შიმშილობენ. ქალთა კოლონიიდანაც დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ 15 დეკემბერს შიმშილობის აქციას ბევრი ქალი შემოუერთდებაო. ისინი უკანონო პატიმრობაზე დავობენ... როგორც ვიცი, ამ საპროტესტო აქციაში, ქალთა კოლონიას სხვა კოლონიებიც უერთდება. ისინი მოითხოვენ, რომ კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში შევიდეს, განიხილონ და კომისიამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა.


საუბრობენ, რომ თქვენ პატიმრებს მართავთ. ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?

ვერავინ ვერავის ვერ მართავს. პატიმრების ოჯახის წევრებსაც კი არ მიუწვდებათ ხელი და არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ისინი მართონ... ყველაფერს საერთო ინტერესები განაპირობებს, რომელიც ადამიანებს აქვთ. ჩვენი საერთო ინტერესები კი კომისიის ამუშავება და სამართლიანობის აღდგენაა. საერთო ინტერესები, ასე ვთქვათ, შეთანხმებულ მოქმედებასაც განაპირობებს. ვისაც დღეს გააჩნია სურვილი, რომ ქვეყანაში აღდგეს სამართლიანობა, მართვა კი არა, ყველას გაერთიანებაა შესაძლებელი. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია ციხეებში, იმიტომ რომ ციხეებში აღნიშნული საკითხი ყველაზე მწვავედ და მტკივნეულად დგას. ციხეებში არავინ მოითხოვს, კარები გაგვიხსენით და გაგვიშვითო. ისინი ითხოვენ, ჩვენს განაჩენებს გადახედეთ, რომლებიც უსამართლო სასამართლოების მიერ არის მიღებულიო. ახალმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ თავად აღიარა, რომ ეს სასამართლოები უსამართლო იყო. თუ ასეა, განაჩენები სამართლიანი როგორ იქნება? პატიმრები სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ და ამას მართვა რათ უნდა?


როგორ ფიქრობთ, ვინ არის დაინტერესებული, რომ თქვენს შესახებ საზოგადოებაში ასეთი ინფორმაციები გაავრცელოს?

უპირველეს ყოვლისა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ხელისუფლებაში მყოფი ის ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც იყვნენ თანამდებობაზე. საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მათაც აქვთ ჩადენილი კრიმინალი. რა თქმა უნდა, მათ ასეთი კომისიის ამუშავების ეშინიათ. ბუნებრივია, მოინდომებენ, რომ პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ. ნაკლებად მგონია, საზოგადოებას სჯეროდეს, რომ მე ოდესღაც „ნაციონალებთან“ ვიყავი შეკრული, ან პატიმრების ხარჯზე ვაგროვებდი ქონებას, რომელიც მამა-პაპისგან მაქვს დატოვებული. არსებობს საჯარო რეესტრი, სადაც ყველას შეუძლია ნახოს რომელი წლებიდან გამაჩნია მე ქონება. ეს საკითხი შავი პიარის საგანი ვერ გახდებოდა. ამით სურთ, პროცესს მიაყენონ ჩრდილი და გადამრთონ იმისკენ, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დავიწყო, თავი ვიმართლო და არა კომისიის შექმნისთვის ვიბრძოლო. მედიაში რაც არ უნდა ითქვას და დაიწეროს, სანამ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია არ შეიქმნება, ამ ბინძურ კამპანიაზე არანაირი პასუხის გაცემას არ ვაპირებ, რათა იმ საქმეს არ მივაყენო ზიანი, რომელსაც მე დღეს ვემსახურები. ჩემთან ერთად კი არიან ადამიანები, რომლებსაც სამართლიანობის აღდგენა სურთ.

თავად მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე რას იტყოდით?


ეს საკმაოდ სერიოზული თემაა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გადართულები ვყოფილიყავით, თუ რამდენად სრულფასოვნად მოახერხებს ხარვეზების დამდგენი კომისია სამართლიანობის აღდგენას და ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც სამართლებრივი კუთხით ქვეყანაში 9 წლის მანძილზე დაგროვდა, დღეს ვდავობთ შეიქმნება თუ არ შეიქმნება ეს კომისა. ბოლოს შესაძლებელია შეიქმნას, მაგრამ იმდენად რამდენადაც ყურადღება გადატანილია კომისიის შექმნაზე და არა მის შინაარსზე, არ არის გამორიცხული, ჩვენ შეგვრჩეს კომისა, რომელიც საზოგადოების მოლოდინების გამართლებას ვერ მოახერხებს.

კონკრეტულად რა შენიშვნები გაქვთ?


კანონპროექტის მიხედვით, თუკი გამოიკვეთა, რომ მოსამართლის მიერ არის დანაშაული ჩადენილი, მან პასუხი არ უნდა აგოს. ეს არასწორია, იმიტომ, რომ დანაშაულს, მოსამართლე ჩაიდენს, პრეზიდენტი, თუ მეეზოვე, პასუხი ყველას ერთნაირად უნდა მოეთხოვებოდეს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ მოსამართლეს არაფერი შეეხოს. ვფიქრობ, რომ დღეს უპირველეს ყოვლისა უნდა დადგინდეს ერთის მხრივ, ვინ გასცემდა უკანონო გადაწყვეტილებების მიღების ბრძანებებს და მეორეს მხრივ, ვინ ახორციელებდა მას, მოსამართლე, პროკურორი თუ გამომძიებელი. ეს მარტო იმის გამო კი არ უნდა გაკეთდეს, რომ ყველანი ციხეში წავიდნენ, რაც სხვათა შორის სააკაშვილის ლოზუნგი იყო, არამედ ეს საჭიროა პრევენციისთვის, რომ მომავალში მსგავსი უკანონო ბრძანებების შესრულების აზრი თავში არავის მოუვიდეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლის შეცვლის შემდეგ ახალი ხელისუფლება მოვა, რომელიც ასეთ დანაშაულებებზე პასუხს ყველას მოსთხოვს. თუ ჩვენ გვინდა, რომ მართლაც დამოუკიდებელი და თავისუფალი სისტემა გვქონდეს, დღეს პრეცენდენტის შექმნა აუცილებელია, რომ დამნაშავე მოსამართლეები, გამომძიებლები და პროკურორები დაისაჯონ. შემდეგ კი ამის გაკეთებას ვერავინ გაბედავს. კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს.

რამდენად აქტიურად იყო ჩართული კანონპროექტის მომზადების პროცესში არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები?


გარკვეული ჩართულობა რა თქმა უნდა, იყო. კანონპროექტი ჩემთვის ცნობილია. არის ბევრი რეკომენდაცია, რომელიც გასათვალისწინებელიც არ იყო. მაგალითად ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, იმიტომ, რომ მათ არ იციან ის რეალობა, რომელიც ქვეყანაში ასეთმა სასამართლოებმა და სამართალმა შექმნა. მათ უფრო მეტი და დეტალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ იმის შესახებ, თუ რა პრობლემის წინაშე დგას დღეს საზოგადოება და რისი გამოსწორება უნდა ხელისუფლებას. თუმცა ამ რეკომენდაციების ფარგლებშიც არის შესაძლებელი ნორმალური კანონის მიღება, თუ ამისთვის პოლიტიკური ნება იქნება. მთავარია პოლიტიკური ნება, რომელიც დღეს ხელისუფლებას არ გააჩნია.

თუ კომისია არ შეიქმნება, როგორ ფიქრობთ, კოალიცია „ქართული ოცნება“ ბევრ მხარდამჭერს დაკარგავს?


რა თქმა უნდა, მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება საზოგადოების სრული იმედგაცრუება, თუ კი დანახავენ, რომ დღეს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენისთვის მზად არ არის.


სოფიო ჩიხლაძე

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა