შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ხალხისა და საზოგადო მოღვაწეთა წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც „რესპუბლიკური პარტია“
საკუთარი რეალური სახის დამალვას დიდხანს ვერ შეძლებსო, უკვე ახდა და აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ხელისუფლებაში საკმაოდ მსუყედაა წარმოდგენილი, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ მიმართ ხალხში არსებულ აგრესიაზე უფრო და უფრო მეტ აგრესიას უმატებს.სულ ცოტა ხნის წინ, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა და პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბალტისპირეთში ვიზიტის დროს ისეთი განცხადებები აკეთა, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთი სიტყვებით აქო და ისე გულითადად ისაუბრა წინა ხელისუფლების ღვაწლსა და დამსახურებებზე, რომ სრულიად საქართველომ პირი დააღო და თვალები მოისრისა, შემთხვევით ნუგზარ წიკლაური ხომ არ ლაპარაკობს და ჩვენ თვალი ხომ არ გვატყუებსო.
დავით უსუფაშვილის ეს განცხადება ხალხს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დავიწყებულ-მონელებული, როცა, ასევე, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი დაუფარავი აღტაცებით შეეგება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი სახელმწიფო კომისიის შექმნას აღარ იჩქარებსო. ამ განცხადებას ლევან ბერძენიშვილი ისეთი პირგაბადრული და ნასიამოვნები შეეგება, როგორი გაბადრული სახითაც შეეგებებოდა ის თავისი პარტიისთვის აუსრულებელი ოცნების ასრულებას, - არჩევნებში დამოუკიდებლად 3 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას.
ლევან ბერძენიშვილის ესტაფეტა კი ასევე ღირსეულად აიტაცა, ამავე პარტიის მართალია შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ სულითა და გულით პერსპექტიულმა „რესპუბლიკელმა“ თამარ კორძაიამ, რომელმაც არც მეტი არც ნაკლები, საკუთარი სოციალური ქსელების მეშვეობით პატრიარქის დაცინვა სცადა.
ეს ის თამარ კორძაიაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ნაძალადევის რაიონიდან გაგვიპარლამენტარდა და რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დღევანდელისგან აბსოლუტურად განხსხვავებულ განცხადებებს აკეთებდა.
როგორც მისი სულიერი და-ძმების უმრავლესობას, პარლამენტის თბილ სავარძელში მოკალათების შემდეგ, თამარ კორძაიასაც გაუჩნდა რეალური სახის წარმოჩენის სურვილი და შედეგიც სახეზეა, ის, ირონიულად, საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქისთვის სადეპუტატო მანდატის გადაცემის საკითხს აყენებს.
ქალბატონი კორძაიას გაცხარება კი თურმე იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ უწმინდესისთვის თვითმმართველობის შესახებ კანონი მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან მასში სეპარატიზმისთვის ნოყიერი ნიადაგის არსებობა აშკარავდება.
ისეთი „ზეინტელექტუალური პარტიის“ წარმომადგენლისთვის, როგორიც „რესპუბლიკური პარტიაა,“ „ფეისბუქის“ მეშვეობით გაკეთებული ეს განცხადება აშკარად შეუფერებელია, რადგან ამით მან თავისდაუნებურად აღიარა, რომ სეპარატიზმისთვის ხელსაყრელი პირობების შემქმნელი კანონპროექტის გატანით თავად „რესპუბლიკელები“ არიან დაინტერესებულნი და ეს კანონპროექტი მათი ლობირების საგანია.
ამავე განცხადებით, კორძაიამ პრაქტიკულად დაადასტურა კულუარებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით თავად კოალიციაშიც აზრთა სერიოზული სხვადასხვაობააო. ერთ-ერთი კულუარული ინფორმაციით კი, სამშაბათს, სახელმწიფო კანცელარიაში, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამ კანონპროექტს არ ეთანხმება, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვედრია და ის გვარიანადაც მიუჯირყნია.
გავა თუ არა აღნიშნული კანონპროექტი, ეს ალბათ პირველ რიგში კანონმდებლებისა და ასევე საზოგადოების გადასაწყვეტია, თუმცა რაც შეეხება ქალბატონი კორძაიას განცხადებას პატრიარქის მიმართ, ამას საზოგადოება ნამდვილად დიდხანს დაიმახსოვრებს. ისე კი საინტერესოა, რა შედეგს დადებდა კორძაია ნაძალადევში, არჩევნები რომ დღეს იმართებოდეს.
ასეა თუ ისე, იმ პატრიარქის დაცინვა, რომელმაც თავისი მოღვაწეობით, რომ აღარაფერი ვთქვათ სასულიერო ცხოვრებაზე, ქვეყნის საერო ცხოვრებაშიც უდიდესი პოზიტიური როლი შეასრულა, მხოლოდ დაკორძებული ტვინის ნაჟური შეიძლება იყოს.
აქამდე ამ ფუნქციას ასე დეკლარირებულად მხოლოდ თეა თუთბერიძე ასრულებდა, დღეს კი, თეა თუთბერიძეს თამარ კორძაიას სახით საკმაოდ, „ღირებული და წონოსანი“ სულიერი დაიკო შეემატა.
გიორგი აბრამიშვილი