logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ცეზარ ჩოჩელი - ჩემი ჯგუფი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ინდუსტრიულ ჯგუფად დარჩება
ცეზარ ჩოჩელი - ჩემი ჯგუფი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ინდუსტრიულ ჯგუფად დარჩება
11:31 21.10.2013
ჩვენი მისამართით, პოლიტიკური მანქანა ყოველთვის მუშაობდა, უბრალოდ ამ მანქანის მძღოლებია სხვადასხვა;
მაჩვენეთ მეორე ჯგუფი ვინც საქართველოში ამდენი წარმოება გააკეთა;
ის რაც დღეს ხდება, უბრალოდ სამარცხვინოა;


მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი და ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, ბოლო პერიოდში, მუდმივად ყურადღების ეპიცენტრშია. მის თავს დატრიალებული მოვლენებიდან კი, საზოგადოებამ ძალიან ცოტა რამის შეტყობა მოახერხა, რადგან ორგზის დაკავებული ცეზარ ჩოჩელი ორივეჯერ მალევე გათავისუფლდა, ხოლო რეალურ საფუძველზე იყო თუ არა დაშენებული მის მიმართ წაყენებული ბრალდებები, საზოგადოება ჯერაც ვერ გარკვეულა.
სამართალდამცველებმა მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი მეორედ 18 სექტემბერს დააკავეს, დაკითხვის შემდეგ კი გაათავისუფლეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედება.
ყოფილ გუბერნატორს სისხლის სამართლის 337-ე და 194-ე მუხლით ბრალი წაუყენეს ასევე 2013 წლის იანვარშიც, რაც სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს.
ამა წლის სექტემბერში კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ცეზარ ჩოჩელს 5000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. სასამართლო განხილვა კი 11 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.
დღეის მდგომარეობით, ყველა ის საწარმო, სადაც ჩოჩელს წილობრივი მონაწილეობა აქვს, - დაყადაღებულია.
რა ხდება სინამდვილეში და რა შეთავაზებების წინაშე იდგა ჩოჩელი სამართალდამცავ უწყებებში დაკითხვის დროს, ასევე, აპირებს თუ არა ის ბრძოლის გაგრძელებას და რა ფორმით, ამ საკითხებზე „ნიუსპრესი“ პირადად მას ესაუბრა.

-რა ხდება მას შემდეგ რაც თქვენი საწარმოები დააყადაღეს, აგრძელებენ თუ არა ისინი მუშაობას და აისახა თუ არა ეს საწარმოების ფინანსურ მდგომარეობაზე?

საწარმოები მუშაობას აგრძელებენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ფინანსური პოლიციის მიერ ჩემი საწარმოების მიმართ განხორციელებულმა ქმედებებმა, ზარალი რა თქმა უნდა მოგვაყენა.
გამომდინარე საქმეების რეზონანსულობიდან, ჩვენთან პარტნიორობაზე უკვე ის უცხოური კომპანიებიც ყოყმანობენ, ვისთანაც წლებია საქმიანი ურთიერთობა გვაქვს და ვინც ჩვენ ნედლეულს გვაწვდის.
გარდა ამისა, არის სხვა ბევრი არაპირდაპირი ზიანი, რაც ყადაღის დადებამ გამოიწვია.

-რაც შეეხება თქვენს წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს, ერთ-ერთი ძირითადი მათ შორის შპალის ქარხანას უკავშირდება. კონკრეტულად კი თქვენ, გარკვეული მაქინაციების მეშვეობით ამ ქარხნის რეალურ ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად შეძენა გბრალდებათ

ეს ყველაფერი უბრალოდ ხელოვნურადაა შექმნილი, რომ რამენაირად ჩემს საკუთრებაში არსებულ კომპანიებს მისწვდომოდნენ. მოდი მოვლენებს მარტივად, ლოგიკურად გავყვეთ. 2010 წლის სექტემბერში პირადად ეკონომიკის მინისტრი აპიარებდა მედიასაშუალებებით, რომ შპალის ქარხანა იყიდებოდა. მან გამოაცხადა ღია აუქციონი სადაც აღნიშნული იყო, რომ ქარხანას რკინიგზასთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და ტექნიკურად უმაღლეს მდგომარეობაში იყო.
საწყისი ფასად 6 მილიონ 800 ათასი განსაზღვრეს. ეს ყველაფერი აბსოლუტურად ღია ინფორმაცია იყო და თუ საქმე გარიგებასთან გვაქვს, რომელიმე მხარე ამ თემას ასეთ დონეზე რატომ გაასაჯაროებდა? ასეთი ღია გარიგებები სადმე ხდება? თუ ეს გარიგება იყო, მაშინ რაღაც ძალიან უცნაურ გარიგებასთან გვაქვს საქმე.

-თუმცა საგამოძიებო სტრუქტურების ინფორმაციით, ქარხანა აუქციონის გამოცხადებამდე, დაბალ ფასად ხელოვნურად შეფასდა

ქარხნის საბალანსო ღირებულება 8 მილიონი ლარი იყო, რომელიც ჩამოფასებას ექვემდებარებოდა. ამის მაგივრად კი, მე საწარმო 13 მილიონად შევიძინე. გეკითხებით, თუ გარიგებას ჰქონდა ადგილი, რატომ მოხდა მისი ფასის 5 მილიონით გაზრდა?
შპალის ქარხანა დღეს გახდა განხილვის თემა, რადგან საქართველოში ცოტა სხვანაირი ხალხი ვართ. ეს საწარმო მაგდანას ლურჯაა, სანამ ჩავარდნილი იყო არავის არ სჭირდებოდა და არავის აინტერესებდა, ხოლო როცა ცოტა მოღონიერდა, პრეტენზია ყველას გაუჩნდა.

-ანუ საბოლოოდ ქარხანა 13 მილიონად მოგყიდეს?


კი, 13 მილიონ ლარად ვიყიდეთ ჩვენ შპალის ქარხანა. როდესაც აუქციონი ღიაა, ფასს ბაზარი არეგულირებს, ეს ელემენტარულად მიწოდების კანონია.

-გყავდათ თუ არა კონკურენტები ქარხნის შეძენისას აუქციონზე?


მაშინ კონკურენცია საერთოდ არ იყო. იმ პერიოდში ჩემ ძმას ფულის პრობლემა ჰქონდა, ბანკიდან ბანკში დადიოდა და ფულს ვერ შოულობდა. საკმაოდ სერიოზულ ბიზნესმენებსაც შეხვდა, რომლებსაც სთავაზობდა, რომ ქარხანა ერთად ეყიდათ, მაგრამ არავინ არ დაინტერესდა. ამის შემდეგ წავიდა „თი-ბი-სი ბანკში“ და როგორც იქნა სესხის აღება მოახერხა.
ყიდვის შემდეგ ის კიდევ დაუკავშირდა სამ-ოთხ ბიზნესჯგუფს და შესთავაზა, რომ იქნებ ახლა მაინც შესულიყვნენ წილში, მაგრამ იმ პერიოდში პარტნიორობა ვერავინ შეძლო. ჩემმა ძმამ კი ეს ქარხანა საკუთარი რისკის ფასად გააკეთა.

-ანუ ბრალდება ფულის გათეთრებასთან და საწარმოს ხელოვნურად დაბალ ფასად შეძენასთან დაკავშირებით არარეალურია?


ჩვენს ბიზნესჯგუფს, 2008 წლის დასაწყისში კაპიტალი 60 მილიონი დოლარი ჰქონდა, რომელიც შემდეგში, მთლიანად ქართული წარმოების განვითარებაში ჩავდეთ.
ჩვენი ძირითადი კონკურენტები, გლობალური მსოფლიო დონის იმპორტიორები იყვნენ და ასეა დღესაც, ისევ იმ იმპორტიორებთან გვაქვს ჭიდილი, რადგან სხვა ადგილობრივი წარმოება არ არსებობს. ჩვენ გავაკეთეთ ბეტონის წარმოება - შპს „მიქსორი“, ზუსტად იმ დროს, როცა ჰაიდელბერგს აქ თავისი ცემენტის ქარხანა გააჩნია. ერთადერთი კონკურენტი ვინც მას საქართველოს ბაზარზე ჰყავს, ჩვენ ვართ. ასე იყო შარშან, შარშანწინ, წელსაც და მომავალ წელსაც ასე იქნება.
შემდეგ იყო „ბარამბო“, რომელსაც ადგილობრივ წარმოებაში დღემდე არ ჰყავს კონკურენტი.
მესამე წარმოება იყო „ბერტა“, სადაც ანალოგიურად იმპორტს ვებრძოდით, რომ ის რაღაცნაირად ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებულიყო. მანამდე პროდუქცია სხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა, დღეს კი ჩვენ საქვეყნო საქმე გავაკეთეთ, შევქმენით ადგილობრივი წარმოებები „ბარამბო“, „ბერტა“ „ს.ს ქართული ლუდის კომპანია“, „მიქსორი“ და ეს ქარხნები ევროპაში საუკეთესოა, როგორც ტექნიკურად ასევე ტექნოლოგიურად. მაჩვენეთ მეორე ჯგუფი ვინც საქართველოში ამდენი წარმოება გააკეთა.

-ზუსტად ამ სხვა ჯგუფების არარსებობა, ან არსებული კომპანიების წარუმატებლობა იწვევს ამდენ ეჭვს. ვგულისხმობ ბიზნესის სახელმწიფოს მიერ მფარველობას


რომელ ლობირებაზე ლაპარაკი საქართველოში? წარმოება „ინტერპლასტი“, აგერ სახეზეა, ერთი მარტივი მიზეზის გამო გაკოტრდა, რომ ვერანაირად ვერ მივაღწიეთ თურქეთიდან შემოტანილი საქონლის ხარისხის კონტროლს. იქიდან შემოდიოდა სხვა მარკა, საბუთში ეწერა სხვა და აქ, ადგილობრივი პროდუქცია ამის გამო კონკურენციას ვერ უწევდა.

-იყო ინფორმაცია, რომ სავაჭრო ობიექტებს თქვენი პროდუქციის შეტანას და კონკურენტი კომპანიების პროდუქციის მიუღებლობას აიძულებდით


ეს მთლიანად ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანია „ზედაზენმა“ 40 პროცენტიანი ზრდა აჩვენა. ვინმე იტყვის, რომ ჩემს კომპანიას ეხლაც ვინმე მფარველობს? აქ საქმე სწორ მენეჯმენტშია.
ჩვენთან დაახლოებით 4 000 ადამიაზე მეტია დასაქმებული. დღეს ვართ ჩვენ ამ ქვეყნის მავნებლები, დამაქცევლები და ფულის გამთეთრებლები? სადმე გინახავთ, რომ ადამიანები ფულს ათეთრებდნენ, ამ გათეთრებული ფულით წარმოებებს აშენებდნენ და ამ წარმოებებით ბიუჯეტში უამრავი ფული შექონდეთ? ასეთი პრეცენდენტი არსებობს? ჩვენ რომ ფულის გათეთრება გვდომოდა, იმ ფულს საქართველოში საერთოდ არ გამოვაჩენდით. ძალიან კარგად ვიცოდით, არჩევნების შემდეგ რა პროცესი შეიძლება დაწყებულიყო. მიუხედავად ამისა, არც ერთი კომპანია არ გადაგვიფორმებია არავისზე და ქვეყნის გარეთ არც ერთი თეთრი არ გაგვიტანია. პირიქით, როგორც კი პრემიერმა გამოაცხადა, რომ ბიზნესი ხელშეწყობილი უნდა იყოსო, ამის შემდეგ, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში 5 მილიონნახევრის ინვესტიცია განვახორციელეთ, ასევე, თებერვალში იყო ერთი მილიონი, ივლის-აგვისტოში კი სამმილიონნახევრის ინვესტიცია ჩავდეთ. გეკითხებით, თაღლითები და ჟულიკები აკეთებენ ინვესტიციებს საკუთარ ქვეყანაში იმისთვის რომ წარმატებული კომპანიები ჰქონდეთ? სირცხვილია უბრალოდ, სამარცხვინოა რაც დღეს ხდება.

-საზოგადოების განწყობა მაინც ისეთია, რომ წინა ხელისუფლება გმფარველობდათ


საერთოდ ნებისმიერ ქვეყანაში, სახელმწიფოს და ბიზნესს ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, აქ საუბარი ურთიერთსასარგებლო პირობებზეა. სხვა მხრივ ამ მოსაზრებას ვერანაირად ვერ დავეთანხმები. თუ საზოგადოებიდან თუნდაც ერთი ადამიანი მომიყვანს ერთ ფაქტს, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ჩვენი პრივილეგირებული მდგომარეობა, მაშინ მე მთელი საზოგადოების წინაშე ბოდიშს მოვიხდი.
ჩვენი წინააღმდეგ, პოლიტიკური მანქანა ყოველთვის მუშაობდა. უბრალოდ ამ მანქანის მძღოლებია სხვადასხვა. 1999 წელს ქარხანა დაგვიკეტეს, 6 თვე საგადასახადო, ფინანსური სამსახური და პროკურატურა პრაქტიკულად იქ ცხოვრობნენ ახალგორში. 2003 წელს ნატახტრის ქარხნის მშენებლობა დავიწყეთ. გახსოვთ ალბათ, რომ მაგ დროს შეიცვალა ხელისუფლება და მაშინაც იყო დაბრკოლებები, უბრალოდ მაშინ განსხვავებულ რეჟიმში ვიყავით ვიდრე დღეს, რადგან ჩვენი პარტნიორი ევოპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იყო.
თუმცა განსაკუთრებით შემოტევები ჩვენზე მაინც 2012 წლის ნოემბრიდან დაიწო. ყოველ თვეში ერთმანეთის მიყოლებით ხორციელდებოდა აუდიტორული შემოწმებები, ასე იყო ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში და თებერვალში თუმცა, ვერანაირი დარღვევები ვერ აღმოაჩინეს, მერე კი საგადახადოს შემოწმება შემოვიდა. ამის შემდეგ გადის რაღაც დრო, ღძრავენ საქმეს ჩემს წინააღმდეგ და ამ მოტივით აყადაღებენ ჩვენი ოჯახის კუთვნილებაში არსებულ ყველა ქონებას. ანუ ყველა ქონება შპალის ქარხნის გამო დააყადაღეს.

-სამომავლოდ რას აპირებთ?


ჩემი წარმოებებიდან ბიუჯეტში შესული თანხა, ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის 1%-ს შეადგენს. ამ საწარმოების დაყადაღებით ვინმე მოგებული დარჩება? ვინმე დარჩება კმაყოფილი? ერთადერთი, კმაყოფილი საგამოძიებო უწყება დარჩება, იმით რომ ვითომდა „საქვეყნო საქმე“ გააკეთა.
ამასთან, მე არანაირი მატერიალური ქონება აღარ გამაჩნია, რომ გირაოს თანხა დავფარო. ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ და ბრძოლას სამართლიანი გზით გავაგრძელებ, რომ იმ შრომის შედეგი შენარჩუნდეს, რასაც მე და ჩემმა გუნდმა წლები მოვანდომეთ. ეს ისეთი წარმოებებია, რომლებიც ევროპის წამყვან ქვეყნებშიც ცნობილია.

-თუმცა მას შემდეგ როცა პრობლემა პირველად შეგექმნათ, ნოდარ ხადურს შეხვდით და დარჩა შთბეჭდილება, რომ ყველაფერი მოგვარდა, თუმცა ამ შეხვედრიდან ორიოდე თვეში ისევ დაგაკავეს. ასევე, გქონდათ თუ არა პრემიერთან შეხვედრის მცდელობა?


ჩვენ შევხვდით ხადურს, ავუხსენით პრობლემები და ისიც დაგვპირდა რომ ამ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებოდა, თუმცა პრობლემები პრობლემებად დარჩა.
რაც შეეხება ბატონ ბიძინასთან დაკავშირებას, ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა და მე თქვენი საშუალებით მივმართავ პრემიერს, რომ იქნებ დაინტერესდეს იმ პრობლემით რაც ჩვენი ჯგუფის გარშემო არსებობს.
ჩემი ბიზნესის პრობლემები ე.წ. „ბიზნესის მამას“ გია ხუხაშვილს უკავშირდება. ის, რომ მე თავის დროზე მასთან „აღსარებაზე“ არ მივედი, ჩემი და ჩემი ბიზნესის წინააღმდეგ წამოსული აგრესიის საწყისი გახდა.

-იყო თუ არა რაიმე სახის შემოთავაზებები ან გარიგების მცდელობები იგივე წილებთან დაკავშირებით?


გასული წლის შემოდგომაზე, გარკვეული პირების მხრიდან იყო, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. მოდიოდნენ ადამიანები, ვისაც ამ წარმოების ხელში ჩაგდება კაპიკებში უნდოდათ. ამას კი მე არც არსოდეს ვაპირებდი და არც ეხლა გავაკეთებ.
ყველამ ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ხალხის წინაშე პასუხი უნდა აგოს, მათ შორის თუ დამნაშავეები ვართ ჩვენც, მაგრამ პასუხისგება მოუწევს ყველა იმ სამსახურის ხელმძღვანელებს, რომლებმაც ეს საქმეები შეთითხნეს და ამ კომპანიებს პრობლემა შეუქმნეს.

-რაც შეეხება ინფორმაციას რომ თქვენ საგამოძიებო უწყებაში ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა შემოგთავაზეს და აგრეთვე იმას, რომ მერაბიშვილს თქვენს კომპანიებში წილი ჰქონდა?


ვანო მერაბიშვილთან მე მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა მქონდა და მისი მხრიდან ჩემი კომპანიებით არანაირი ფინანსური დაინტერესება არ ყოფილა.
ჩვენი ურთიერთობა 2005 წელს დაიწყო, როცა მერაბიშვილს ახალგორში დამატებით სპეცდანიშნულების რაზმების ჩაყენება ვთხოვე, რადგან ამ ტერიტორიაზე, მაშინ მუდმივად გადმოდიოდნენ და მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდნენ.
სწორე მას შემდეგ, მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც გვიწევდა შეხვედრა ახალგორში და ძალაუნებურად, ხშირი შეხვედრების მერე ყალიბდება ურთიერთობები. ჩვენი საუბარი ამის იქეთ არ გასულა. საუბრის თემა იყო, თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში ახალგორში, რა იყო მისაღები და რა იყო მიუღებელი.
რაც შეეხება მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის შემოთავაზებას, მსგავსი შემთხვევა ნამდვილად იყო. პირდაპირ მეუბნებოდნენ, - თუ მე ვაღიარებდი, რომ მერაბიშვილს ჩემს საწარმოებში ფინანსური დაინტერესება ჰქონდა, ყველა პრობლემას წერტილი დაესმებოდა, მაგრამ მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც საკუთარი კეთილდღეობის გამო სხვას გაწირავს. სულ რომ მშიერი დავრჩე, იმ ადამიანზე, ვისთანაც რაღაც ურთიერთობა მაკავშირებდა, ტყუილს ვერ ვიტყვი. ეს მორალი არ არის. კაცობამდე მისასვლელად გზა ძალიან ძნელი და შორია, არაკაცობამდე - მხოლოდ ერთი ნაბიჯია, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს.

- ანუ ყველაფრის მიუხედავად წარმოებას ინარჩუნებთ და ბრძოლას აგრძელებთ?


რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემები გვაქვს. როცა ბანკები ხედავენ, რომ ყველა ჩვენი საწარმო და პირადი ქონება დაყადაღებულია, ამას დამატებული ის, რომ ჩვენზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ბუნებრივია, ბანკებთან და ნედლეულის მომწოდებლებთან ურთიერთობა გართულდა და შიშის ფაქტორი გაჩნდა. ეს ერთგვარი ჯაჭვური რეაქციაა, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული, მაგრამ, მიუხედავად იმისა რომ სასამართლო პროცესი მიდის, ჩვენ ვამუშავებთ ქარხანას, ხალხი იქნება დასაქმებული, ასევე ბიუჯეტიც ფულს მიღებს, მანამ, სანამ სასამართლო განაჩენს გამოიტანს.
ბრძოლას ვაგრძელებთ, თუმცა ეს დროის ფაქტორიცაა. ადამიანს რომელსაც წლების განმავლობაში მუდმივად ულახავდნენ სახელს, ხან აბრალებდენ რომ თბილისის მოსახლეობა ხორცში ძვირს რომ იხდის ჩოჩელის ბრალია და სოფელში ხალხი საქონელს რომ ვერ კლავდა ესეც თურმე ჩვენი ბრალი ყოფილა, ბოლოს და ბოლოს მგონი გაარკვია საზოგადოებამ რომ ჩვენ ხორცის ბიზნესთან შეხება არ გვქონდა და სულ სხვა ადამიანები იყვნენ მაგ ბიზნესით დაკავებულები. ანალოგიური პროცესი იქნება ახლაც, უბრალოდ დრო დასჭირდება რომ სიმართლე დავამტკიცო.
როცა საქართველოს ბოლო 20 წლის ისტორიაში, ეკონომიური დანაშაული კუთხით არავის არა აქვს წაყენებული ჩემზე მეტი მუხლი, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ჩვენი წარმატებული კომპანიების მიზეზით ვისჯებით. მაგრამ ჩვენ ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ, კიდევ უფრო წინ წავალთ და ქვეყნის სასიკეთო საქმეების კეთებას გავაგრძელებთ.
მე და მთელი ჩემი ჯგუფი საქართველოს ისტორიაში დავრჩებით როგორც დიდი ინდუსტრიული ჯგუფი და ყველაზე მაგარი წარმოებების შემქმნელები. რაც არ უნდა დიდი უბედურება მოგვწიონ ამათ, ან რაც იმათ მოგვწიეს, მაინც მაგ სახელით დავრჩებით ისტორიაში იმიტომ, რომ ამაზე მეტ წარმოებებს ვერავინ შექმნის. და იმასაც რაც ჩაფიქრებული გვაქვს, სისრულეში აუცილებლად მოვიყვანთ, შეიძლება ეს დროში გაიწელოს, მაგრამ ყველა ვარიანტში, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ.

სოფიო გაბისონია

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა