უშიშროების საბჭოს მდივნისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მოსკოვურ კავშირებზე,
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მითქმა-მოთქმა ატყდა. ცოტა ხნის წინ კი, ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ მასალა დაიბეჭდა სათაურით - „საქართველოს მომავალი - არანაირი ცვლილება უკეთესობისკენ", სადაც ახალი ხელისუფლების ქმედებები ნეგატიურ კონტექსტში იყო განხილული.
მასალის გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერს გიგა ბოკერია უზრუნველყოფს, რომელსაც უცხოეთში გამომავალი ერთ-ერთი გაზეთის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელთან აქვს კონტაქტი და სწორედ მისი მეშვეობით ახორციელებს დასავლური გამოცემების მიერ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასურველი მასალების დაბეჭდვას.
კერძოდ კი, საქმე ჟურნალ „The Wall Street journal“-ის, მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტ ალან კულისონს ეხება. ის სხვათა შორის, ამ ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობასაც სტუმრობდა. ალან კულისონი ამერიკის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ, არაერთი სტატიის ავტორია.
„The Wall Street journal“-ის ჟურნალისტის საქმიანობისა და პანკისში ვიზიტის შესახებ „ნიუსპრესი“ ექსპერტ ზაალ კასრელიშვილს ესაუბრა, რომელმაც ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენთან საუბარში საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტებისა და მოსალოდნელი მოვლენების შესახებ ისაუბრა.
-რატომ მიგაჩნიათ, რომ ჟურნალისტ ალან კულისონის ქმედებები საეჭვოა, რომელმაც შეიძლება ქვეყანას რაიმე სახის ზიანი მიაყენოს?
ჩვენ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ლიდერებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ალან კულისონი ამზადებს ანტიქართულ მასალას პანკისის ხეობასთან დაკავშირებით. მასალაში, ჩვენი ინფორმაციით, კულისონი პანკისის ხეობას ალ-ქაიდას საწვრთნელ ბაზასთან გააიგივებს და გამომდინარე იქედან, რომ პანკისის ხეობა საქართველოს ნაწილია, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე, იმიჯი სერიოზულად შეელახება.
გარდა ამისა, ჩვენი ორგანიზაციის წევრებმა ევროპიდანაც და აზიის ერთ-ერთი ქვეყნიდანაც, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ალან კულისონი პანკისიდან სირიაში მებრძოლ ერთ-ერთ ჯარისკაცს დაუკავშირდა და მას ისეთი კითხვები დაუსვა, რომელიც ასე ვთქვათ, ჟურნალისტისთვის შეუფერებელია.
-მაგალითად?
მაგალითად კულისონი ეკითხებოდა სირიაში მებრძოლ ერთ-ერთ ჯარისკაცს, რომ შესაძლებელია თუ არა იარაღით ვაჭრობა და იარაღის კონტრაბანდა პანკისიდან და სირიაში. ასევე, შეიძლებოდა თუ არა პანკისიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით სირიაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი გასულიყო და ა. შ.
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ეჭვს ბადებს.
- ხომ შეიძლება საქმე ჟურნალისტურ გამოძიებასთან გვქონდეს?
მესმის რომ ჟურნალისტური გამოძიება, ჟურნალისტური გამოძიებაა, მაგრამ როცა ადამიანი ჩადის პანკისში და ჩუმად და შენიღბულად მოქმედებს, ეს ყველაფერი უკვე საეჭვო ხდება.
-როგორც ცნობილია ალან კულისონს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს გიგა ბოკერიასთან. უფრო მეტიც, არსებობს მოსაზრება, რომ ბოკერია დასავლურ მედიაგამოცემებზე სწორედ კულისონის მეშვეობით გადის. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ისინი პანკისის თემაზეც შეთანხმებულად მოქმედებენ?
ჩვენი თანამოაზრეების ინფორმაციით, რომლებიც ცხოვრობენ კავკასიის ფარგლებს გარეთ და არა რუსეთში, ალან კულისონი ადრე გიგა ბოკერიასთან საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობდა. არსებობს ინფორმაცია აგრეთვე იმასთან დაკავშირებითაც, რომ ამ ორ პიროვნებას ერთმანეთთან, დასავლეთში კიდევ ერთი ადამიანი აერთიანებს, რომელიც წლების განმავლობაში, ევროპაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლობისტი იყო.
რაც შეეხება, ბოკერიას თანამშრომლობას ჟურნალისტთან, რასაკვირველია მასთან დაკავშირებით პანკისის ხეობაზე მოსამზადებელ მასალაზეც ჩნდება ეჭვი, რადგან, როგორც ვთქვით, ჩვენთვის მათი მეგობრობა ცნობილია. თუმცა დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით, ამიტომ, თქვენი საშუალებით გვინდა გიგა ბოკერიას მივმართოთ, იყო თუ არა მისთვის ცნობილი, ალან კულისონის პანკისის ხეობაში ვიზიტის შესახებ და იცოდა თუ არა მან, რომ ჟურნალისტი ამ მასალას ამზადებდა?
-ანუ არსებობს საფრთხე, რომ საქართველო ახლო მომავალში შეიძლება დასავლეთის მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში პანკისის ხეობის გამო მოექცეს?
რა თქმა უნდა. ჩვენ ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ საქართველოს გარშემო პანკისის თემით შავი პიარი აგორდება და ეს თებერვალში, უფრო სწორად კი ოლიმპიადის შემდეგ დაიწყება. ამ ყველაფრის წინაპირობა კი, ალან კულისონის მიერ პანკისის ხეობასთან და საქართველოში ვაჰაბისტი მეომრების მოძრაობასთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტი იქნება.
სოფიო გაბისონია
საინფორმაციო სააგენტო ნიუსპრესი