საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ მალავს, რომ თავის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად გულწრფელობა მიაჩნია და მართლაც,
ქართული თუ ზოგადად, პოლიტიკისთვის უცხო გულწრფელობით მას არაერთხელ გაუოცებია როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები თუ უმაღლესი თანამდებობის პირები.
როცა მე ვამბობ, რომ რაღაც არის კარგად, ესე იგი, მართლა კარგად არის და თუ რაღაც არ მომწონს, ამის შესახებაც ხმამაღლა ვლაპარაკობ. ილუზიებში ცხოვრება უნდა დასრულდეს და ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს,_ხშირად აცხადებს პრემიერი და ასევე ხშირად ჩვენ მწარე, მაგრამ მაინც სიმართლეში გვიწევს ცხოვრება.
შესაბამისად, ისიც საინტერესოა, როცა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ახასიათებს.
არსებობენ კარგი და ძალიან კარგი მინისტრები. ყველა ერთნაირი ვერ იქნება და არც ის იქნება სამართლიანი, ახლა დავიწყო საუბარი იმაზე, ვისი მუშაობითაც კმაყოფილი ვარ და ვისთანაც შენიშვნები და კითხვები მაქვს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ძალიან კარგი მინისტრი, ძალიან კარგია ირაკლი ალასანიაც,_ეს სიტყვები პრემიერმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, თუმცა მას შემდეგ რაღაც აშკარად შეიცვალა.
შეიცვალა თუნდაც იმიტომ, რომ კულუარებში არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ თავდაცვის მინისტრი აშკარად უკმაყოფილოა იმით, რომ კოალიციამ საპრეზიდენტო კანდიდატად ის არ დაასახელა და ეს `უკმაყოფილება~ თავის დროზე ვიცე-პრემიერის პოსტის დაკარგვადაც დაუჯდა. ალასანიამ საკუთარი პარტიის შიგნით იმსჯელა ამ საკითხზე და ეს მაშინ, როცა კოალიციის ლიდერს დაანონსებული ჰქონდა, საპრეზიდენტო კანდიდატზე ერთად ვიმსჯელოთო.
ალასანიას პატარა შეცდომა მოუვიდა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა თავის გუნდში, პრემიერმინისტრთან შეუთანხმებლად დაიწყო, -თქვა მაშინ ივანიშვილმა და კონფლიქტიც თითქოს ამით ამოიწურა, მაგრამ მალე ისიც ითქვა, რომ ალასანიას ნაციონალური მოძრაობის წევრები თავისკენ ექაჩებიანო.
რამდენად რეალურია ის, რომ თავდაცვის მინისტრი დამარცხებულ პარტიასთან მოლაპარაკებებს მართავდეს, თავად განსაჯეთ, თუმცა მოარული ამბავი იმდენად გაიბერა და გადიდდა, რომ პრემიერ-მინისტრის ყურამდე მიაღწია.
"აქვთ მცდელობა, რომ ალასანია გადაიბირონ, ჭორები დადის, რომ ამათ აქვთ კავშირი და კომუნიკაცია ალასანიასთან. ამის შესახებ თავად ირაკლის ვკითხე და მან უარყო ასეთი კომუნიკაციის არსებობა ყოფილ მთავრობასთან. ცდილობენ, რომ გუნდი გახლიჩონ, მაგრამ სანამ მე პოლიტიკაში ვარ, ვინც არ უნდა გადახტეს და საითაც არ უნდა გადახტეს, არაფერი არ მოხდება, საკუთარ თავს დაიზიანებენ მხოლოდ. გარწმუნებთ, რომ მე აბსოლუტურად დალაგებულ გუნდს დავტოვებ და ვინც გადახტება, საკუთარ კისერს მოიტეხს"-აცხადებს ივანიშვილი.
ყველაფრის მიუხედავად, რაღაც აშკარად რომ ხდება და რაღაც რომ შეიცვალა, ცხადია. მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ ივანიშვილმა მორიგ გამოსვლაში, ალასანიაზე უკვე სხვა ტონალობაში ისაუბრა. თითქოს ერთი შეხედვით მისი დამოკიდებულება არ შეცვლილა, მაგრამ...
"მინისტრთა კაბინეტის მუშაობით კმაყოფილი ვარ. როგორც ადრე აღვნიშნე, არიან მეტ-ნაკლებად კარგი და ძალიან კარგი მინისტრები, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. ყველას გვარს ნუ ჩამომათვლევინებთ, მაგალითად გეტყვით, რომ ირაკლი ალასანია კარგი მინისტრია"-განაცხადა ივანიშვილმა და ცხადი გახდა, რომ ძალიან კარგი მინისტრობიდან თავდაცვის პირველი პირი კარგ მინისტრობამდე `დაქვეითდა~.
ახლა ძნელია იმის თქმა, რა მოხდა რეალურად, მაგრამ კულუარებში ამბობენ, რომ კოალიციის ბევრი ლიდერი უკვე პოსტივანიშვილისეული პერიოდისთვის ემზადება და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ბევრი ცდუნებას ვერ უძლებს. დგას თუ არა რაიმე ცდუნების წინაშე ალასანია, მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კოალიციის ნავიდან გადახტომის მსურველებს ჯერჯერობით მოლივლივე ზღვა არ ელოდებათ.
ლევან ღვინიაშვილი