დასავლური გამოცემა „eurasianet“-ი, ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტ ჯოშუა კუცერას სტატიას აქვეყნებს:
ერთი წლის წინ, ამ დროს, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყანაში რუსეთის მხრიდან „შეიარაღებული დივერსიის“ აღსაკვეთად, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლებამ უწოდა, სამხედრო ოპერაცია განახორციელეს.
ოპერაცია პანკისის ხეობაში განხორციელდა, სადაც საქართველოში მცხოვრებ ჩეჩენთა მცირერიცხოვანი თემია დასახლებული. ოპერაციის შედეგად, როგორც იუწყებიან, 11 ადამიანი მოკლეს.
იმავე დროს, ბიძინა ივანიშვილთან გააფთრებულ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სავარაუდო დივერსიას რუსეთის „პროვოკაცია“ უწოდა, რომლის მიზანიც არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყო.
თუმცა, ერთი წლის შემდეგ ამოტივტივდა მტკიცებულებები, რომელიც ხელისუფლების თავდაპირველ ვერსიას ეჭვის ქვეშ აყენებს. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდები, რომ ეს ოპერაცია რეალურად, სააკაშვილის ხელისუფლების მოუქნელი მცდელობის, - გაეწვრთნა ჩეჩენი მეამბოხეები რუსეთში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით, შედეგი იყო.
კითხვები ოფიციალური ვერსიის გარშემო ამ მოვლენების შემდეგ უმალ გაჩნდა, მაგრამ რეალური კონტრბრალდებები, საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის აპრილის ანგარიშში გამოჩნდა, რომელმაც ასეთი დასკვნა დადო:
„მარტის თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან თბილისში ჩეჩნების ჩამოყვანა დაიწყო. მათი წვრთნა, იარაღის გამოყნებით, რამდენიმე თვე გაგრძელდა, რათა მათ საბოლოოდ გადაეკვეთათ საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარი და შეერთებოდნენ ისლამისტ დივერსანტებს.
გარდა ევროპაში მცხოვრები ახალგაზრდა ჩეჩენი დევნილებისა, ოპერაციის ორგანიზატორებმა ასევე დაიქირავეს რამდენიმე ქისტი (საქართველოში მცხოვრები ჩეჩნები) ჩეჩნების თემიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე, პანკისის ხეობაში საუკუნეების მანძილზე ცხოვრობენ“.
რადიო „თავისუფლების“ რეპორტაჟის თანახმად კი, ამ გეგმის უკან იდგა არა შინაგან საქმეთა, არამედ თავდაცვის სამინისტრო. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ, გეგმის მიხედვით, ჩეჩნებს უნდა განეხორციელებინათ თავდასხმა თავად ივანიშვილზე ან მოეხდინათ ტერორისტული აქტი საქართველოში, რომელიც ისევ ივანიშვილს დაბრალდებოდა.
„მიმდინარე ოფიციალური გამოძიება, თუ როგორ, რატომ და ვინ დაიქირავა ჩეჩნები, როგორც ჩანს, შეჩერებულია, თუმცა ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ივანიშვილმა აპრილში განაცხადა, რომ გამოძიება „უახლოეს მომავალში“ დასრულდება“ - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
რომ შევაჯამოთ, არსებობს საფუძვლიანი ბრალდებები, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიქირავა და გაწვრთნა ჩეჩნები დივერსიულ ისლამისტურ მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად.
ცხადია, ამ ბრალდებებში პოლიტიკური ელემენტების შეიძლება იყოს. მე ვკითხე ქართველებს ამის შესახებ, მაგრამ არც ერთმა არ მიპასუხა, რომ ბრალდებები აბსურდულია. ისინი, როგორც წესი, მხრებს იჩეჩავდნენ და ამბობდნენ: „ვინ იცის?“ ნეტავ, რატომ არ მოჰყვა ამ ამბავს უფრო დიდი გამოხმაურება?
ჯოშუა კუცერა; მიმომხილველი