შალვა ალავიძე; პოლიტიკური მიმომხილველი
მნიშვნელოვანი კვირა იყო. მთელი ქვეყნისთვის თუ არა, ზოგიერთებისთვის მას დაუვიწყარი სტატუსი აშკარად ჰქონდა. რა მოხდა წინა კვირას განსაკუთრებული? (ყველა წინა კვირას რაღაც ყოველთვის ხდება და ამ ბოლო პერიოდში არცერთი მახსოვს უინტერესო). გავიხსენოთ ზოგიერთი ღირშესანიშნავი ამბავი.
მაშ ასე წინა კვირა ასე დაიწყო.
გავრცელდა კადრები, ცუდი კადრები, საშინელი კადრები.
ამ კადრების ნახვა მხოლოდ განსაკუთრებულთა ხვედრი აღმოჩნდა. ელიტიზმი მკვიდრდება ქვეყანაში. უმწიფრობის ნიშანია ეს. მეტი არაფერი. ჩვენ კი ყველაფერი მოყოლით ვიცით, თუმცა უკეთ ვიდრე თვითმხილველებმა. ზოგს ის უნარიც აღმოგვაჩნდა, რომ უკეთ აღწეროს ის ტრაგიზმით გაჟღენთილი კადრები, რომლებიც ოდნავ, სულ ოდნავ რომ დავფიქრდეთ, ყველაზე ავტორიტარული რეჟიმისთვისაც კი უცხო და მიუღებელია. ეტყობა, ქართულ ავტორიტარიზმს თავის სუსტი წერტილი აქვს, და ეს ადგილი არის ... (გამოიცანით).
დაიჭირეს აღტკინებული ხალხი.
ოღონდ, ჯერ ასეირნეს ავტომობილებით, და გული რომ აჯერებინეს გარემოს დათვალიერებით - დააპატიმრეს. შემდეგ ვანოს შოუში გაკეთდა სკეტჩი და ყველა მივხვდით, სიტყვა აღტკინება რას ნიშნავს. ზოგადად, სახელმწიფო სამსახურს აქვს ერთგვარი აკადემიური სტილი, არ უხდება მას აღტკინებითი სიტყვები და იქნებ, მიაქციოს ამას ვინმემ ყურადღება. თუმცა, დაჭერის ფორმებსაც ნუ დატოვებთ უყურადღებოდ, ბატონებო. რაც არ უნდა საცემი და გასალანძღი იყოს ვინმე, სახელმწიფო მეტი თავდაჭერილობით უნდა იქცეოდეს. არ შეიძლება ისე მოქცევა, რომ მერე ვერ გაერკვეს ხალხი, საბოტაჟი იყო ეს ყველაფერი, თუ გამიზნულად, საქილიკოდ შემოგდებული თემა.
რასმუსენმა ბილეთი დაგვიწუნა.
რატომ გვყავს 1500 კაცი ავღანეთში, უკვე ჩვეულებრივ უკვდავებსაც კი ეჭვი ეპარებათ. ამ ეჭვის დროს ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბატონი ანდერს ფოგის მიერ დაწუნებული ბილეთის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტრომ ამაყად განაცხადა, რომ კიდევ აპირებს დამატებითი ძალების გაგზავნას ავღანეთში. შეიძლება ვხვდებოდით კიდეც, რომ ავღანეთში მებრძოლი ბიჭები ჩვენთვის მხოლოდ ბილეთი არაა, მაგრამ ნატოსგან ასეთი განცხადება მაინც მოულოდნელი და ცოტა გამაღიზიანებელიც იყო.
ერთის აღნიშვნაც ღირს. ბატონი ანდერს ფოგისთვის ლგბტ-ს უფლებების დაცვა უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე ადამიანის წამების შეფასება. გამოვთქვამ საფუძვლიან ეჭვს, რომ ნატოს მომავალი გენ-მდივანი ცისარტყელის დროშის ქვეშ მდგარი იქნება. ბოროტი ენები ამბობენ, რომ რომის და ბილდერბერგის კლუბის შეხვედრებზე მთავარი თემა მსოფლიოს სასურსათო უზრუნველყოფის შესაძლებლობები ყოფილა. თურმე, ამ შეხვედრებზე დემოგრაფიულ ზრდის რეგულაციებზეც საუბრობენო და ყველა ხერხი გამოსაყენებლად მიჩნეულა, რაც მსოფლიოში შობადობას შეამცირებს.
კიდევ ერთი საინტერესო რამ თქვა თუ დაგვიბარა რასმუსენმა - მიშა დემოკრატიის მშენებელიაო (უკომენტაროდ)
ისე რასმუსენის გამონათქვამზე, ჩვენი ხელისუფლების შეფასებებით ბევრი რამის მიხვედრა შეიძლება. გასაგებია, რატომ იყუჩეს რესპუბლიკელებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა (შესაძლოა ისინი ნატოს განცხადებამდეც ხვდებოდნენ კიდეც, რომ ჯარის ყოფნა ავღანეთში სულაც არ იყო ბილეთი), მაგრამ სხვები რატომ გაჩუმდნენ რთული მისახვედრია. სად იყო ბობოქარი ფორუმის აზრები (ისე სადაა მართლა ეს ფორუმი?) ან „ქართული ოცნება“ რამ დაადუმა? არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ყველაზე მეტად ისევ ნინო ბურჯანაძემ ივაჟკაცა და რასმუსენს წამების ფაქტებით დაინტერესება შესთავაზა. სანამ უნდა ვიყოთ ქალების გამბედაობებზე დამოკიდებული?
დენაციფიკაცია
ბურჯანაძემ ნაციონალური მოძრაობის დენაციფიკაცია მოითხოვა. რაც თავი მახსოვს სულ ლუსტრაციაზე, სამართლის კომისიებზე და ახლა კიდევ დენაციფიკაციაზეა ამ ქვეყნად საუბარი. ბევრი მაგალითია ამ მიმართულებით მსოფლიოში და რომელიმე მათგანი პირდაპირ გადმოვიტანოთ (აღმოსავლეთ ევროპა, სამხრეთ აფრიკა, ლათინური ამერიკის თუ აზიის ქვეყნები). არაა საჭირო კონსტიტუციასავით ახალ-ახალი ველოსიპედის გამოგონება. ბოლოს და ბოლოს დავადგინოთ, ქვეყანაში ვინ-ვინ არის. ერთი კი აქვე შემიძლია აღვნიშნო, დღევანდელმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ისე აიტაცა კოჰაბიტაცია, რომ ეშინია ხელიდან არ გაუვარდეს. დენაციფიკაციის საკითხს კი ჯერჯერობით აქტიურად გაურბის. დღეს ქვეყანაში გაუთავებელი კოჰაბიტაციაა.
აი-არ-აიმ კვლევები ისევ შემოაგდო
არავის თუ არ სჯერა ამ კვლევების, რატომღა ხარჯავენ პატიოსანი ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულს ამ საქმეში? ისე, სიმბოლური იყო, რომ მარგველაშვილს მოსახლეობის 41% უჭერდა მხარს, ასეთი მაამებლური ციფრის დაწერა აი-არ-აის ნაციონალების დროსაც არ უცდია (5%-ის დაწერას ვერ ბედავდა, ალბათ). რაც არ უნდა მოეწონოს მარგველაშვილს, ქვეყანაში მეორე ტურის სუნი დგას.
აღსანიშნავია, რომ აი-არ-აის პარტიული რეიტინგების განსაჯაროება აკრძალული აქვს. რეიტინგები მხოლოდ პარტიებისთვის კეთდება. ამიტომაც აღნიშნავს პატივცემული რესპუბლიკური ინსტიტუტი, რომ არასწორი ციფრები გავრცელდაო. ნეტა ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია პირველმა?
ბოლოს სათაურში დასმულ კითხვას დავუბრუნდეთ. სად ვართ ბატონებო, სად? ისეთ ადგილზე ვართ, სადაც ყოფნა ასე რიგად არ სიამოვნებს ოდნავ გონიერი სახელმწიფოს და ოდნავ გონიერ მოქალაქეს. აღარ გვინდა!