logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ამერიკის მართლმადიდებელი საქართველო
ამერიკის მართლმადიდებელი საქართველო
12:37 21.05.2013
ინტერვიუ ნიუ -იორკის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის მოძღვარ მამა ალექსანდრე თანდილაშვილთან

მამა ალექსანდრე თანდილაშვილი, რამდენიმე ათეული წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მისი ღვაწლის დამსახურებით, შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე ქართული, მართლმადიდებლური ტაძარი ფუნქციონირებს, სადაც საქართველოდან გადახვეწილ ემიგრანტებს საშუალება აქვთ ქართულ ენაზე წირვა-ლოცვებს დაესწრნონ და თავადაც მიიღონ მასში მონაწილეობა.
მამა ალექსანდრე თანდილაშვილი 1978 წლიდან პატრიარქთან მსახურობს და ამერიკაშიც სწორედ უწმინდესის ხელდასმით აღმოჩნდა.
„ნიუსპრესის“ ამერიკის ბიუროს კორესპონდენტთან საუბარში, მამა ალექსანდრე თავის ცხოვრებას და ამერიკაში გატარებულ პერიოდს იხსენებს:


– ჩემი სასულიერო მოღვაწეობა იმით დაიწყო, რომ 1978 წლის აპრილიდან, როცა მისი უწმინდესობა პატრიარქი გახდა, სიონის ეკლესიაში სიარული დავიწყე. რამდენიმე თვის შემდეგ პატრიარქის სტიქაროსანი გავხდი და უწმინდესს ვემსახურებოდი. სწორედ აქედან დაიწყო სასულიერო ცხოვრებით ჩემი დაინტერესება. ორი წლის შემდეგ, ანუ 1980 წელს, სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე. მე და მეუფე დიმიტრი ერთდროულად ვიყავით სასულიერო აკადემიის სტუდენტები. სწორედ იმ დროს, მისი უწმინდესობა ვატიკანში, რომის პაპის ორიენტალურ ინსტიტუტში გვგზავნიდა, თუმცა მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ კომუნისტების დრო იყო და მოსკოვიდან უარი გვითხრეს. ასე, რომ ჩემი და მეუფე დიმიტრის ვატიკანში წასვლა ვეღარ მოხერხდა. შემდეგ მე სწავლის გასაგრძელებლად ლენინგრადში, მეუფე დიმიტრი კი, მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გაგვგზავნეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მეტეხის სასულიერო სემინარიაში პედაგოგად დამნიშნეს. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა ორი წელი გაგრძელდა, რის შემდეგაც, უწმინდესის უშუალო გადაწყვეტილებით, ჩემი ამერიკაში გამომგზავრება მოხდა.
გამოდის, რომ უწმინდესის მარტო ხელდასმული კი არა, აღზრდილიც ყოფილხართ
– დიახ, ასეა, რადგან 20–21 წლის ვიყავი, როცა პატრიარქის სტიქაროსანი გავხდი. მისი უწმინდესობა საოცარი ადამიანი გახლავთ. მაშინ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მაგრამ ყოველ მის სიტყვას გაფაციცებით ვუსმენდით, გვინდოდა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო მისი ქადაგებები. ეს იყო უმნიშვნელოვანესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში –ვიზრდებოდი და ვსწავლობდი პატრიარქისაგან.
გარდა ამისა, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან, ძალიან ახლოს, პირადად ვიცნობდი მამა გაბრიელ ურგებაძეს. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის დროს კი იგი ხშირად ჩამოდიოდა მცხეთაში. სამწუხაროდ, მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვათვითცნობიერებდით მის სიძლიერეს. ძალიან მიყვარდა მასთან საუბარი, სასიამოვნო და ცოცხალი ლაპარაკი იცოდა. ხშირად იგონებდა თავის ახალგაზრდობას, მასთან არ მოიწყენდი. არ შეიძლებოდა მასთან საუბარს კარგ და სასიამოვნო განწყობაზე არ დაეყენებინე. მახსოვს, მცხეთის ეკლესიის სამრეკლოს გვერდით თაღზე, რომელსაც ერთი მეტრი თუ ექნებოდა სიღრმე, მამა გაბრიელი ამბობდა, რომ აქ კელია უნდა გავაკეთოო, ძალიან ვიწრო კია, მაგრამ მე მეტი რად მინდაო. სამწუხაროდ ეს ვეღარ განხორციელდა.
ამერიკაში, როგორ და როდის დაიწყო თქვენი მოღვაწეობა
– ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის ორი წლის თავზე, უწმინდესის გადაწყვეტილებით მოხდა ჩემი ამერიკაში წამოსვლა. აქ სწავლა გავაგრძელე წმ. ვლადიმირის სასულიერო სემინარიაში, სადაც ერთი წელი ვისწავლე. ამის შემდეგ ისევ დავბრუნდი საქართველოში. იქ რამდენიმე თვე მომიწია დარჩენა იმის გამო, რომ საბუთები მოსკოვში უნდა გაკეთებულიყო, რასაც 5 თვე დააგვიანდა. ამ პერიოდში დავქორწინდი და მაკურთხა კიდევაც უწმინდესმა ჯერ დიაკვნად, შემდეგ მღვდლად. ამის შემდეგ ამერიკაში დავბრუნდი.
მამაო, თქვენ შეძელით და შუა ნიუ-იორკში, მსოფლიოს მეგაპოლისში, ქართული ტაძარი ჩამოაყალიბეთ სადაც წირვა-ლოცვა ქართულად აღევლინება. როგორ შეძელით ნიუ-იორკში ამ იდეის და ჩანაფიქრის ხორცშესხმა
– ეს იდეა, ჯერ კიდევ საქართველოში გაჩნდა, როდესაც მე და მეუფე დიმიტრი უწმინდესთან ვიყავით ვახშამზე. მაშინ ამერიკაში ბევრი ქართველი არ ცხოვრობდა. ძველი თაობის, ალბათ ათიოდე ადამიანი თუ იქნებოდა. პატრიარქმა თქვა, ვიდრე ისინი იქ იქნებიან, სამლოცველო სახლი ჩამოაყალიბეო, სადაც უნდა ჩამეტარებინა ჯვრისწერა, ნათლობა და ასე შემდეგ. ასე, რომ, იდეა თავად პატრიარქისაა. რა თქმა უნდა ეს იყო მონახაზი. მაშინ წმ. ვლადიმირის სახელობის სემინარიის რექტორი იყო ცნობილი ღვთისმეტყველი მამა იოანე მაიენდორფი, რომელმაც მითხრა, რომ მანჰეტენზე, მეორე საკათედრო ტაძარში არის პატარა ეკლესია და თუ გინდა დაგეხმარები, იქ რომ დროდადრო ქართველებისთვის წირვა ჩაატაროო.
ეს იდეა, ჯერ კიდევ სტუდენტობისას დამიჯდა ჭკუაში, მაგრამ მაშინ ამისთვის საჭირო ფინანსები არ აღმომაჩნდა. როცა სემინარია დავამთავრე, იმ პერიოდში ნიუ–იორკის მთავარი ეპისკოპოსი მამა პეტრე იყო, წარმოშობით ფრანგი. მას ჩემთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. სწორედ მამა პეტრემ შემომთავაზა, დავრჩენილიყავი კიდევ ერთი წელი და დამპირდა, რომ დამნიშნავდა ერთ – ერთ ეკლესიაში. მე დარჩენა გეგმაში არ მქონდა, საქართველოში დაბრუნება და ჩემი საქმიანობის გაგრძელება მინდოდა. ამის შესახებ უწმინდესს ვესაუბრე და მისი კურთხევით გადაწყდა, რომ ისევ დავრჩენილიყავი. ეს იყო 1991 წელი. ამ დროს საქართველოში ჩამოაგდეს გამსახურდიას მთავრობა, რასაც დიდი არეულობა მოჰყვა. შემდეგ დაიწყო ომი აფხაზეთში. ამ ყველაფერმა და იმან, რომ ჩემი შვილები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, გადამაწყვეტინა კიდევ დავრჩენილიყავი გარკვეული დროით ამერიკაში. ამ დროს დავიწყე ფიქრი ქართული ეკლესიის გახსნაზე, ვინაიდან მხოლოდ ამით ექნებოდა აზრი და გამართლება ჩემს აქ ყოფნას.
1992 წლის სექტემბრიდან დავიწყე წირვა–ლოცვის ჩატარება ქართველებისთვის, მეორე ავენიუზე საკათედრო ტაძარში. ეს 11 წელიწადი გაგრძელდა. თვეში ერთჯერ ან ორჯერ ვატარებდი წირვას და ერთხელ პარაკლისს. ასე მოვუყარე თავი ქართველების გარკვეულ ნაწილს ეკლესიაში. მახსოვს პირველად 25 ადამიანი მოვიდა. ეს კარგის მაჩვენებული იყო, ვინაიდან მაშინ აქ სულ 100 ქართველი თუ იქნებოდა. იყო უამრავი პრობლემები, ხან მგალობლები არ გვყავდა, ხან მედავითნე არ იყო და ხან მრევლი ვერ ახერხებდა მოსვლას. ხანდახან წირვაზე 2–3 ადამიანი იდგა ხოლმე. მიუხედავად ამისა წირვა–ლოცვის ჩატარება არ შემიწყვეტია იმ იმედით, რომ ხვალ უკეთესობა იქნებოდა. ამასობაში საცხოვრებლად დასავლეთ პენსილვანიაში გადავედი, სადაც 4 წლის განმავლობაში ვმსახურობდი. ნიუ–იორკში წირვის ჩასატარებლად თვეში მხოლოდ ერთხელ ჩამოვდიოდი.
მიუხედავად სიძნელეებისა, თქვენ შეიძინეთ შენობა, რომლის კაპიტალურ რემონტს დიდი თანხები დასჭირდა. ვისი თანადგომით მოახერხეთ ეს?
– ამ საქმეში ჩვენი მრევლისა და კეთილი ადამიანების ღვაწლი უდიდესია. ეს არის საკმაოდ დიდი შენობა, სადაც გარდა ეკლესიისა, იქნება დიდი დარბაზი სხვადასხვა ღონისძიებებისთვის, გვექნება საკლასო ოთახები საკვირაო სკოლისთვის, შეიძლება სკოლამ სხვა დღეებშიც იფუნქციონიროს. შენობის სარდაში გვაქვს დიდი ფართობი, სადაც სხვადასხვა წრეებისთვის ოთახებს მოვაწყობთ. ასე, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია. თანადგომას კი ამ ეტაპზეც ვსაჭიროებთ. რაც შეეხება დამხმარე პიროვნებებს – არიან კეთილი ადამიანები.
ნიუ-იორკის გარდა, თქვენი მოღვაწეობის დროს დაარსდა ქართული ეკლესიები ფილადელფიაში, ჩიკაგოში და პენსილვანიაში
– ფილადელფიაში ამ საქმეში დიდი წვლილი არ მაქვს შეტანილი. მე რაც გავაკეთე იყო ის, რომ სანამ მოძღვარს გამოგზავნიდნენ, ჩავედი და მრევლს შევხვდი. დაახლოებით 40 ადამიანი იქნებოდა. ავირჩიეთ დროებითი საბჭო და მივეცი რჩევები, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. მინდა ვთქვა, რომ მათ ყველაფერი კარგად წარმართეს. პენსილვანიის მონასტრის შეძენაში მართლაც მიმიძღვის წვლილი. როცა მეუფე დიმიტრი ამერიკაში პირველად ჩამობრძანდა, მას მოვახსენე, რომ პენსილვანიაში იყიდებოდა ეკლესია 100 000 დოლარად. როცა მეუფე საქართველოში დაბრუნდა, ეს პატრიარქს აცნობა. უწმინდეს ეს აზრი ძალიან მოეწონა, მომცეს კურთხევა და დამლოცეს, რომ ამ ტაძრის შესაძენად ყველაფერი გამეკეთებინა, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი - თანხა იყო მოსაძებნი. ამისთვის დავუკავშირდი ლაშა დარბაიძეს, რომელიც ნიუ–იორკში, ერთ–ერთ სერიოზულ კომპანიაში მოღვაწეობს. უნდა აღვნიშნო, რომ ამ კათოლიკური ეკლესიის გაყიდვის შესახებ პირველად სწორედ მისგან შევიტყვე. მან შემომთავაზა, რომ ეს ტაძარი ერთობლივი ძალებით გვეყიდა. თვითონ კი დამპირდა, რომ 40 000 დოლარს გაიღებდა.
შესაგროვებელი დარჩა 60 000 დოლარი. შემდეგ კი, ისე მოხდა, რომ გამოჩნდა სხვა ეკლესიაც, რომელიც იმავე ფასად - 100 000 დოლარად იყიდებოდა. ჩვენ წავედით მოლაპარაკებაზე და საბოლოოდ 65 000 დოლარზე შევთანხმდით. მე დავურეკე რამდენიმე პიროვნებას და მათი დახმარებით დარჩენილი 25 000 დოლარიც შეგროვდა და ტაძარიც შევიძინეთ. სწორედ ესაა დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული მონასტერი პენსილვანიის შტატში –პოკონოში.
მამაო, ანალოგიური მიზნით კანადაშიც იყავით ჩასული
– კანადაში ვიყავი და მრევლს შევხვდი. ვისაუბრეთ გზებზე, როგორ უნდა გაეხსნათ ტაძარი. სამჯერ ვიყავი ჩასული, ვიხდიდი პარაკლისებს, ვკითხულობდი ქადაგებებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ იდეალური პირობები იყო ეკლესიის გასახსნელად შექმნილი. კარგი კი ის იყო, რომ ბევრი ქართველი იყო მსურველი იმისა, ტაძარი ჰქონოდათ. ამის შემდეგ კანადაში ჩავიდა ქართველი მოძღვარი მამა პავლე, რომელიც ამჟამად მსახურობს და ქართული ეკლესიის გახსნაზე მუშაობს.
– მამაო, რა სირთულეები ახლავს მოძღვრის ფუნქციას ამ ქვეყანაში და არის თუ არა იგი განსხვავებული მოძღვრის ფუნქციისგან ჩვენს სამშობლოში?
– რა თქმა უნდა ძალიან განსხვავებულია. ეს სხვა ქვეყანაა, სხვა წესებით და კანონებით. კანონების ცოდნა კი ამ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მისი დაცვა. საქართველოში ეკლესიის შეძენა მოძღვრის საზრუნავს არ წარმოადგენს, იქ არც მრევლის პრობლემაა. აქ, კი მოგეხსენებათ, როგორი ცხოვრებაა, ცდუნებაც ძალიან დიდია. ბევრს გზა–კვალი აერია, ბევრმა, ვინც საქართველოში ეკლესიაში დადიოდა და აღმსარებელი იყო, აქ რატომღაც პასუხისმგებლობა მოიხსნა, ვითომ უცხო ქვეყანაში ღმერთი და მოძღვარი აღარ გვჭირდებოდეს. ჩვენი მრევლის დაახლოებით 70% ის ხალხია, ვინც ეკლესიაში სიარული პირველად აქ დაიწყო.
მადლობა უფალს, ჩვენი მრევლის უკმაყოფილო არასოდეს ვყოფილვარ. უფლის წყალობაა, რომ მრევლი მყავს, უფლის წყალობაა, რომ ქართული ეკლესია გვაქვს. ჩვენს ხალხთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამერიკაში. მოგეხსენებათ აქ არის რუსული ეკლესიები, რომლებიც მრევლის სიმცირეს განიცდიან, მით უფრო, რომ ტერიტორიულად, რუსულ ეკლესიებში მისვლა უფრო მოსახერებელია და რაოდენობრივადაც ისინი მეტნი არიან.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსები ამერიკაში 100 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდნენ. იმ დროისთვის მათ უკვე ჰქონდათ თავისი ეკლესიები. ამ საქმეს იმპერატორი ნიკოლოზი აფინანსებდა. სწორედ ამ დაფინანსების საშუალებით მოხდა რუსული ეკლესია–მონასტრების აშენება და ამოქმედება. რევოლუციის შემდეგ რუსებს ახალი არაფერი არ აუშენებიათ, რაც აშენდა, სულ ძველმა თაობამ გააკეთა. აქ რუსული დიასპორის 3–4 თაობაა, ჩვენ კი ჯერ პირველი თაობა ვართ.
ჩვენს ქვეყანაში აღზრდის ათასწლეულების გამოცდილებაა, რაც სარწმუნოებას და ეროვნულ ტრადიციებს უკავშირდება. როგორ ფიქრობთ უცხოეთში მყოფი ქართველები შევძლებთ ეროვნულობის და ტრადიციების შენარჩუნებას?
– საერთოდ ქართველებს, უცხოეთში ცხოვრების გამოცდილება არ გვაქვს. მაგალითად სომხებს, რუსებს, ბერძნებს და ებრაელებს ამის დიდი გამოცდილება გააჩნიათ. მათ გამომუშავებული აქვთ უცხოეთში ცხოვრების იმუნიტეტი, რაც ძალიან ეხმარებათ ენის და ეროვნულობის შენარჩუნებაში. სამწუხაროდ ქართველებს ეს იმუნიტეტი ჯერ არ გაგვაჩნია და იმედია ეკლესიები სწორედ რომ ამ იმუნიტეტის წარმოშობას შეუწყობს ხელს. იმედია, რომ ჩვენ აქ დარჩენა დიდხანს არ მოგვიწევს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს კიდევ 50 წელი გაგრძელდეს. მაგალითად იტალიელებიდან იშვიათად ნახავთ ვინმეს, რომ იტალიურად ლაპარაკობდეს. ეს ალბათ კანონზომიერიცაა – რაღაც დროის შემდეგ დაკარგო ენა და ეროვნულობა. მართალია ეროვნულობას უფრო ინარჩუნებ, მაგრამ ენას მაინც დაკარგავ. ამ საფრთხის წინაშე, თუ აქ დიდხანს დავრჩებით, ქართველებიც დადგებიან. უფლის იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება.
მამა ალექსანდრე, ამერიკა არის ქვეყანა, სადაც ადამიანი დგას ძალიან დიდი საცდურისა და საფრთხის წინაშე, რომ ჭაობში ჩაიძიროს
– ქრისტიანი ყველგან ქრისტიანი უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ის. საერთოდ კი ქრისტიანების ცხოვრება განსაცდელებითაა სავსე. მე ვერ ვიტყოდი, რომ ამერიკა ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველა ცოდვის ჭაობში იძირება, თუმცა ცდუნება ძალიან დიდია. ამ მხრივ არც სხვა ქვეყნები ჩამორჩებიან. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკას ამ მხრივ ევროპა კიდევაც უსწრებს. სამწუხაროდ, არც საქართველოა გამონაკლისი. ეს არა მარტო ამერიკის, არამედ გლობალური პრობლემაა. ქრისტიანმა კი ისე უნდა იცხოვროს, რომ ამ ჭაობში არ აითქვიოს.
ახერხებს თუ არა მამა ალექსანდრე თავისი შვილებისთვის ქართული სულისკვეთების შენარჩუნებას, რადგან ისინი მაინც ამერიკაში დაბადებულები და გაზრდილები არიან
–სამი შვილი მყავს, ორი გოგოდა და ერთი ბიჭი. უფროსები 20 და 19 წლისები არიან, ბიჭი კი 15–ისაა. მეუღლე ამჟამად სახლშია და შვილებს უვლის. რა თქმა უნდა ვცდილობთ ქართული სულისკვეთებით გავზარდოთ ისინი, თუმცა არ დაგიმალავთ და ეს ცოტა რთულია. მათ არ უწევთ ქართველ ბავშვებთან შეხება, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია, რადგან ჩვენ უკვე ჩვენი ტაძარი გვაქვს.
ხოლო ის, რომ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ – გარდაუვალია. თუ დიდხანს დავრჩებით, როგორც ქართველები დავიკარგებით. ჩვენ კი დასაკარგი ერთი ადამიანიც არ გვყავს. ჩვენს შემდეგ მეორე თაობამ შეიძლება კიდევ გაუძლოს, მაგრამ მესამე თაობა უკვე ვეღარ იქართველებს. საქართველოში რაც ადრე გამოსწორდება მდგომარეობა, მით უკეთესი იქნება. მოწოდებები კი კარგია, მაგრამ, რაღაც რეალური სჭირდება ამ ხალხს, რომ უკან დაბრუნდეს. მე რამდენიმე თვის წინ ვიყავი საქართველოში, ბევრი რამეა შეცვლილი და გალამაზებული, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ვიმედოვნებ მდგომარეობა ეკონომიკურადაც გამოსწორდება.
–რამეს ხომ არ გაიხსენებთ თქვენი პარაკლისების მადლმოსილების შესახებ
– ჩემს გადახდილს კი არა, საერთოდ პარაკლისს აქვს დიდი მადლი, ვინც არ უნდა გადაიხადოს ის. თუმცა, აქვე ვიტყოდი, რომ გულმოდგინე დამოკიდებულება ყველა საქმისადმი და მით უფრო ლოცვისადმი, უფლისაგან შესმენილი ინება. იყო ასეთი შემთხვევა, როცა უშვილო ცოლ–ქმარს პარაკლისის გადახდის შემდეგ შვილი შეეძინათ. ერთხელ ერთი ქალბატონი მოვიდა ჩემთან, რომელიც 6 თვე ეძებდა სამსახურს და პარაკლისის გადახდა მთხოვა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ხატი ,,შენ ხარ ვენახის‘’ ღვთისმშობლისა, რომელიც მამა არჩილ მინდიაშვილმა გამოგვიგზავნა. ეს ხატი ძალიან მიყვარს და პარაკლისს მასთან ვიხდი ხოლმე. ამ ქალბატონსაც ამ ხატთან გადავუხადე და პარაკლისის დამთავრებიდან 5 წუთიც კი არ იყო გასული, რომ დაურეკეს და სამსახურის შესახებ აცნობეს. ღვთისმშობელმა შეისმინა ჩვენი თხოვნა და დაეხმარა მას. სამწუხარო კი ის არის, რომ ამის შემდეგ ის ქალბატონი ტაძარში აღარ მინახავს.


ლელა ჭელიძე

„ნიუსპრესის“ ამერიკის ბიურო


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა