ის, რომ წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო უწყებებში შტატების დამატება-შემცირება მხოლოდ ამა თუ იმ კონკრეტული ჩინოსნის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული,
ახალი ამბავი არაა, მაგრამ ის მონაცემები, რაც „ნიუსპრესისთვის“ ცნობილი გახდა და რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საშტატო განრიგის ერთ-ერთ ფრაგმენტს ასახავს, მაინც გასაოცარია.
„ნიუსპრესის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხოლოდ ერთ - „სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტში“, გია ბარამიას ასამდე ადამიანი ჰყავდა „დასაქმებული,“ რომელთა ხელფასები (პრემიების გარეშე) 2 650 ლარამდე ადიოდა.
კონკრეტულად კი, ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტში, დეპარტამენტის თავმჯდომარეს ორი მოადგილე, ორი მრჩეველი (მათ შორის ერთი მთავარი) და დამატებით ერთი თანაშემწეც ჰყოლია.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ხელფასები, აპარატის უფროსისა და ბუღალტერის ხელფასების ჩათვლით, 850 ლარიდან იწყებოდა და როგორც აღვნიშნეთ 2650 ლარამდე ადოდა.
გარდა ამისა, ავტონომიური რესპუბლიკის აღნიშნულ დეპარტამენტს გააჩნდა აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარების, მიწათსარგებლობისდა და მელიორაციის განყოფილება. ცალკე საკითხია რომელ მიწებს რწყავდა აფხაზეთის მთავრობა, თუმცა ამ განყოფილებაში მომუშავე პირთა ხელფასებიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და 590 ლარიდან 850 ლარამდე ადიოდა.
როგორც ჩანს, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ერთ-ერთ პრიორიტეტს საერთაშორისო ურთიერთობები წარმოადგენდა და ამ მიზნით უწყებაში „საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის განყოფილება“ ფუნქციონირებდა, სადაც ხელფასების ოდენობა ასევე 580 ლარიდან იწყებოდა და 850 ლარამდე ადიოდა.
საშტატო განრიგის თანახმად, დეპარტამენტის ცალკე დანაყოფს წარმოადგენდა „გარემოს დაცვის სამმართველო“, რომლის უფროსის ხელფასი 1 070 ლარს შეადგენდა, ხოლო აღნიშნული სამმართველოს „ეკოლოგიური პროექტების შემუშავებისა და მონაცემთა ბაზის განყოფილების“ თანამშრომელთა ხელფასები, ასევე 590-დან 850 ლარამდე დიაპაზონში მერყეობდა.
დეპარტამენტის შემადგენელი კიდევ ერთი სამმართველო, - „რისკების ანალიზისა და შეფასების სამმართველო“ იყო, რომლის ხელმძღვანელის ხელფასიც, ისევე როგორც გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის ხელფასი, - 1 070 ლარს შეადგენდა. სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული „ვეტერინარიის განყოფილებისა“ და „მცენარეთა დაცვის განყოფილების“ თანამშრომელთა ხელფასები 850 ლარს აღწევდა, ხოლო აღნიშნულ დეპარტამენტში შტატგარეშე, ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება 500 – 600 ლარს შეადგენდა.
„ნიუსპრესის“ წყაროს ინფორმაციითვე, დეპარტამენტს, გარდა სამმართველოებისა, საქვეუწყებო დაწესებულებაც ჰყოლია, რომლის დასახელებაც - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოა.“
აღნიშნული სამმართველოს უფროსის ხელფასი 1 730 ლარს, ხოლო მისი მოადგილის ხელფასი 1 100 ლარს შეადგენდა.
სატყეო სამმართველოს რიგითი თანამშრომლების ხელფასი კი 550 ლარიდან 900 ლარამდე მერყეობდა.
ისევე როგორც დეპარტამენტს, არასაშტატო, სახელშეკრულებო განრიგი არნიშნულ სატყეო სამმართველოსაც გააჩნდა, სადაც დასაქმებულთა ხელფასები ასევე 500-დან 600 ლარამდე მერყეობდა.
როგორც “ნიუსპრესის“ წყარო ჩვენთან საუბარში აცხადებს, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ხარჯებისა, რასაც გასული წლების განმავლობაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ჰქონდა ადგილი და მასში არ შედის მონაცემები თანამშრომელთა პრემიალური ანაზღაურებების შესახებ.
ახლო მომავალში „ნიუსპრესი,“ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით სკანდალურ მასალას გამოაქვეყნებს.
დათო გაბუნია
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“