საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი, უკანონო მოსმენებს დღემდე აგრძელებს და მას ამისთვის სპეციალური აპარატურა აქვს შეძენილი.
კონკრეტულად კი, გასული წლის 5 ოქტომბერს, სააკაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც შსს-ს სპეცკავშირები თავის დაქვემდებარებაში გადაიყვანა. ანუ სააკაშვილმა მოსმენების აპარატურასა და თანამშრომლებზე კონტროლი თავად დაიკანონა. უფრო ზუსტად კი, საქართველოს პრეზიდენტმა 5 ოქტომბერს ორი ბრძანებულება #924 და #925 გამოსცა, რომლებითაც სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსა და სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის ფუნქცია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაეცა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამას მოჰყვა ისიც, რომ შსს-დან, სააკაშვილის უშუალო მითითებით, სპეცდანიშნულების მოსასმენი ტექნიკა გაიტანეს. ეს აპარატურა იმ ფონდების მეშვეობით იყო შეძენილი, რომელიც ბიზნესმენებისთვის შეწერილი ფულით ივსებოდა და რაც მთავარია, ის არ ირიცხებოდა არც შსს-ს და საერთოდ არც ერთი სახელმწიფო უწყების ბალანსზე. შესაბამისად არავინ იცის, ამ გზით შეძენილ, რა რაოდენობის ტექნიკას ფლობდნენ სააკაშვილი და მერაბიშვილი.
როგორც „ნიუსპრესს“ აცნობეს, გარდა ამისა, არჩევნების შემდეგ შსს-ს ოტუს, ანუ მოსმენების განყოფილებაში არ შეცვლილა არც ერთი თანამშრომელი, რადგან ისინი კვალიფიციური კადრები არიან, თუმცა ბევრ მათგანს მერაბიშვილთან კავშირები ახლაც გააჩნია. მათ აქვთ შესაძლებლობა უკანონოდ მოუსმინონ ნებისმიერ მოქალაქეს, ხოლო ეს ჩანაწერები გადასცენ მერაბიშვილს.
მოკლედ, არავინ იცის, დღეს არალეგალურად ვის და რა სახის მოსასმენი აპარატურა გააჩნია და საერთოდ, რამდენ ადამიანს აქვს ტექნიკური აღჭურვილობა და შესაბამისად შესაძლებლობა, რომ უკანონო მოსმენები განახორციელოს.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, პროკურატურას გამოძიება დაწყებული აქვს. ძიების მიმართულებები კი ძირითადად შეეხება იმას, თუ ვინ, როდის და რა სახის მოსასმენი აპარატურა შემოიტანა ქვეყანაში და ვინ და რა სახის აპარატურა გაიტანა სამინისტროდან.
ჩვენი წყაროს ინფორმაციითვე, დაპატიმრებულია სპეცკავშირის ორი ყოფილი თანამშრომელი - ვინმე “ჰაკერა” და ნ. მათი სახელების და გვარების დასახელებისგან წყარო თავს იკავებს.
არ არის გამორიცხული ისიც, რომ მერაბიშვილი და სააკაშვილი მოსმენებს ცალ-ცალკე ახორციელებდნენ და ორივე მათგანს საკუთარი აგენტურა ჰყავდეს.
წყაროს ინფორმაციითვე, მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში, გამოჩნდება პირი, რომელიც იტყვის, რომ მუშაობს შსს-ს ოტუს სამსახურში და მას მოქმედი ხელისუფლება უკანონო მოსმენებს ავალებს, როგორც ეს სურმავას შემთხვევაში მოხდა, ამის დასადასტურებლად კი, შესაძლოა გამოქვეყნდეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების, უკანონო ჩანაწერები, რადგან მითი იმის შესახებ, რომ მოსმენებს ახალი ხელისუფლება ახორციელებს, - კიდევ უფრო გამყარდეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ნიუსპრესი“ კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა.
„სპეცკავშირები სამთავრობო დადგენილების ძალით, ჩვენს დაქვემდებარებაში აღარ არიან, რაც შეეხება ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებს, გიდასტურებთ, რომ ისინი არ შეცვლილან.
ჩვენ რა თქმა უნდა საქმის კურსში ვართ საქართველოში მოსასმენი აპარატურის შემოტანასთან და სამინისტროდან მათი გატანის ფაქტთან დაკავშირებითაც. ამ ყველაფერზე გამოძიება მიმდინარეობს“ - განაცხადა გიორგობიანმა „ნიუსპრესთნ“ საუბარში.
ამავე საკითხთან დაკავშირებით, ჩვენთან საუბარში კომენტარი უშიშროების ყოფილმა მინისტრმა და „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ირაკლი ბათიაშვილმაც გააკეთა, რომელმაც შესაძლებლობა, იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონო მოსმენებს ახორციელებდეს, - დაადასტურა.
„მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად გააჩნია მოსასმენი აპარატურა, რომლითაც შეუძლია უკანონო სატელეფონო მოსმენები აწარმოოს, თუმცა იგი ფართო არეალის მოსმენებს ვერ განახორციელებს და მისთვის საინტერესო მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანის სატელეფონი ზარების გაკონტროლებას შეძლებს“- განაცხადა ბათიაშვილმა.
გიორგი სხილაძე
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი"