ამ რამდენიმე კვირის წინ, საკმაოდ რეზონანსული სახე მიიღო გურჯაანში, ერთ-ერთი მოქალაქის ზურაბ ბერუაშვილის დაკავებამ,
რომლის შესახებ გავრცელებული ხმების თანახმად, ის პოლიციამ სცემა და ჩვენების მიღებას ამ გზით აიძულებდა.
საქმით, რეგიონალურ მედიასთან შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა, რომელიც საკითხში გარკვევას პირადად შინაგან საქმეთა მინისტრთან აპირებს.
"ნიუსპრესი" მომხდარის დეტალებთან დაკავშირებით, გურჯაანში, თავად ზურაბ ბერუაშვილს დაუკავშირდა, რომელიც 28 თებერვალს მომხდარ ფაქტს იხსენებს:
28 თებერვალს, გურჯაანში "მაგთის" ოფისში ვიმყოფებოდი, სადაც გადასახადი უნდა გადამეხადა. რიგში ჩემს წინ ერთი ქალბატონი იდგა, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა თანხა დაკარგა.
როგორც მოგახსენეთ, ის ქალბატონი რიგში ჩემზე წინ იდგა და შესაბამისად ოფისიდანაც ჩემზე ადრე გავიდა. როდესაც ჩემი რიგი მოვიდა და გადასახადი გადავიხადე, შენობა დავტოვე, რა დროსაც ქუჩაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გამაჩერა და მითხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში უნდა წავყოლოდი.
- რატომ მაინცდამაინც თქვენ, ოფისში თქვენ ორს გარდა სხვა ხალხიც ხომ იყო
ალბათ იმიტომ, რომ რიგში იმ ქალბატონის შემდეგ ვიდექი, ფაქტიურად გამოვიდა, რომ პირველი ეჭვმიტანილი მე ვიყავი.
- როგორ მოხდა თქვენი დაკავება, ან ჰქონდა თუ არა თქვენს მიმართ დაკავების მომენტში რაიმე სახის ან შეურაცხოფას ადგილი?
არა აბსოლუტურად არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა. მითხრეს რომ გასარკვევი გვაქვს რაღაც საკითხი და პოლიციაში უნდა წამობრძანდეთო და მეც ჩვეულებრივად ჩავჯექი მანქანაში და წავყევი.
- განყოფილებაში რა მოხდა?
განყოფილებაში გამომძიებელთან მიმიყვანეს, რომელმაც დაკითხვამდე ჩემი ჩხრეკის პროცედურა ჩაატარა. მერე დამკითხეს რის შემდეგაც ოქმზე ხელი მომაწერინეს და გამომიშვეს.
- რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიციის განყოფილებაში თქვენზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. ადასტურებთ თუ არა მას?
ეგეთი რამე არ ყოფილა. რამდენჯერ უნდა ვთქვა და ავუხსნა ჟურნალისტებსაც და ყველას. ტყუილი რად მინდა, არც სიტყვიერი და არ ფიზიკური შეურაცყოფა არ ყოფილა. არც სიმართლის თქმის მეშინია. ძველი დრო ხო აღარ არის, რომ ლაპარაკის მეშინოდეს. არ ვიცი ვინ თქვა, რომ ჩემს მიმართ ფიზიკურ ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი, თუმცა იმის შემდეგ ჩემთან ყოველდღე ჟურნალისტები მოდიან ან მირეკავენ.
- თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ თქვენი აზრით ვის უნდა აწყობდეს, რომ მსგავსი ხასიათის ინფორმაციები გაავრცელოს?
არ ვიცი, რა გითხრათ, ვინმეს ხელი როგორ დავადო. ტყუილს ვერავის ვერ დავაბრალებ.
- მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენს მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, დაინტერესდა თუ არა სამართალდამცველი ან უფლებადამცველი ორგანიზაციები ამ ფაქტით?
პროკურატურა დაინტერესდა და დაკითხვაზე ვიყავი დაბარებული, სადაც იგივე გავიმეორე რასაც თქვენ გეუბნებით. იქაც ხელი მომაწერინეს ჩვენებაზე და ისე გამომიშვეს.
- ანუ საქმე არ აღძრულა?
არაფერი მომხდარა და რაზე უნდა აღძრულიყო საქმე. საერთოდ კი მინდა ყველას ვუთხრა, რომ ერთი უბრალო ადამიანი ვარ და თუ ამ საკითხზე ყველა თავს დამანებებს კარგი იქნება.
კოკა მაჭავარიანი
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი"