logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
იუვალ ფუქსი - გაეროში პალესტინის მხარდამჭერი რეზოლუციებისთვის ხმის მიცემა კონსტრუქციული არ არის
იუვალ ფუქსი - გაეროში პალესტინის მხარდამჭერი რეზოლუციებისთვის ხმის მიცემა კონსტრუქციული არ არის
12:44 11.03.2013
ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან


ირანის მიერ ატომური ბომბის ფლობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ისრაელს, არამედ საქართველოს და საერთოდ თავისუფალ მსოფლიოს.
მეტსაც გეტყვით, საქართველო, ირანის შეიარაღებაში არსებული "შიჰაბის" ჭურვების მოქმედების რადიუსშია;

პალესტინელების დღის წესრიგში კიდევ არის გეგმები, რომ გაეროში, სხვადასხვა დონეზე, ჩემი აზრით უარყოფითი რეზოლუციები მიიღონ. ვფიქრობ, რომ ამ რეზოლუციებისთვის მხარის დაჭერა კონსტრუქციული არ არის;


როგორ აფასებს ისრაელი ქართული მხარის პოზიციას, პალესტინისთვის გაეროში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, შეიცვალეს თუ არა ებრაელმა ბიზნესმენებმა შეხედულება ქართული საინვესტიციო გარემოს მიმართ ცნობილი სკანდალის შემდეგ, ექნებათ თუ არა მომლოცველებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა მიწაზე მოსალოცად უპრობლემოდ ჩასვლის საშუალება, როგორ ვითარდება საქართველო-ისრაელის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, რა საფრთხეების წინაშე დგას ახლო აღმოსავლეთი და როგორ შეიძლება აღნიშნული საფრთხეები საქართველოზე აისახოს - ამ და სხვა საკითხებზე "ნიუსპრესს" ექსკლუზიურად, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – იუვალ ფუქსი ესაუბრება.

ბატონო ელჩო მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდამტეხი პროცესები განვითარდა, რაც ხელისუფლების ცვლილებით გამოიხატა. როგორი იქნებოდა ამ პროცესების თქვენეული შეფასება და შეიძლება თუ არა, რომ ამან, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე რაიმე მიმართულებით გავლენა იქონიოს?

სანამ საქართველოში განვითარებული მოვლენების და ჩვენი ქვეყნების მომავალი ურთიერთობების შესახებ ვისაუბრებდეთ, ორიოდე სიტყვით მინდა, ისრაელში, ასევე ბოლო პერიოდში მომხდარ შიდა პოლიტიკურ პროცესებს შევეხო. მოგეხსენებათ, რომ 22 იანვარს ისრაელში იყო არჩევნები, რომელშიც "ლიკუდმა" გაიმარჯვა. ამ პარტიის სათავეში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბატონი ბენიამინ ნეთანიაჰუ დგას. სწორედ ამიტომ, ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა სთხოვა ბენიამინ ნეთანიაჰუს, ჩამოაყალიბოს კოალიციური მთავრობა. ჯერჯერობით ეს პროცესი მიმდინარეობს, მთავრობა ჩამოყალიბებული არ არის და სავარაუდოდ ახალ მთავრობას ისრაელის სათავეში უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიხილავთ.

ნამდვილად არ ვიცი როგორი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობა არ შეიცვლება, ის დარჩება ისევ პოზიტიური, დინამიური და განვითარებადი. ურთიერთობები აუცილებლად გაღრმავდება და იქნება დაფუძნებული ხანგრძლივ მეგობრობაზე, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას და განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა 1 ოქტომბრის შემდეგ ქართულ შიდა პოლიტიკაში ცვლილებები არის, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ისრაელმა ქართველ ხალხს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მიულოცა, ასევე მიულოცა გამარჯვება ბატონ ივანიშვილს და კოალიცია "ქართულ ოცნებას," ხოლო სააკაშვილს, იმ წვლილისთვის, რომელიც მან საქართველოში, დემოკრატიის განვითარების კუთხით გასწია, მადლობა გადაუხადა.

მე ძალიან მოხარული ვარ იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოში, ისრაელის მიმართ განწყობა არ იცვლება და ის ისეთივე პოზიტიური რჩება, როგორიც ადრე იყო. ჩვენ, როგორც საქართველოს, ასევე ისრაელს, ცალ-ცალკე ძალიან ბევრი სახელმწიფოებრივი სირთულე გვაქვს და ამ სირთულეების გადასალახავად ურთიერთთანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის აუცილებელია. ღრმავდება პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები და სწორედ ამ საკითხებზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სამინისტროებთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან რომელსაც არაერთხელ გამოუხატავს თავისი მეგობრული დამოკიდებულება ისრაელის სახელმწიფოსა და ასევე ებრაელი ხალხის მიმართ.

როდესაც საქართველოში მოხდა ებრაელი ბიზნესმენების ფრენკელისა და ფუქსის დაკავება, ისრაელის და არა მარტო ისრაელის პრესა წერდა, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება და ინვესტირება უსაფრთხო არ არის. რა შეუძლია თქვას ბატონმა ელჩმა დღევანდელი რეალობიდან, ანუ ხელისუფლების ცვლილებიდან გამომდინარე, შეიცვალა თუ არა ზემოთნახსენები შეხედულება ისრაელში და კერძოდ ისრაელის ბიზნესწრეებში?

მოდით დღევანდელ დღეზე ვისაუბროთ. დღევანდელი რეალობაა, რომ მიმდინარე კვირაში ძალიან დიდი ღონისძიება – ისრაელისა და საქართველოს ბიზნესფორუმი იგეგმება, რომელში მონაწილეობასაც 20-მდე ებრაული კომპანია მიიღებს. ესენი იქნებიან სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ტელეკომუნიკაციების და სხვა სფეროებში მოღვაწე კომპანიები. ფორუმის სამზადისში საქართველოს მთავრობაც აქტიურადაა ჩართული და არა მხოლოდ მთავრობა, არამედ აქ მოქმედი ბიზნესსაზოგადოებაც.

ისრაელის მხრიდან საქართველოს მიმართ ძალიან დიდი დაინტერესებაა. არის საკმაოდ დიდი პოტენციალი, რომ ურთიერთთანამშრომლობა და საქმიანი ურთიერთობა უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს.

ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემს მიერ ზემოთნახსენებმა ბიზნესსკანდალმა უკვე ჩაიარა და უსიამოვნო მოგონებად გადაიქცა?

კი. მე მხოლოდ დღევანდელ დღეზე გესაუბრებით.

ისევ პოლიტიკას დავუბრუნდეთ. როგორც ცნობილია ცოტა ხნის წინ, გაეროს ასამბლეაზე მხარდაჭერილი იქნა პალესტინისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება და მხარდამჭერ სახელმწიფოებს შორის იყო საქართველოც. ეს თავის დროზე შეფასდა როგორც ისრაელის საგარეო პოლიტიკის მარცხი. შაინტერესოა, ხომ არ იქონია, ან ხომ არ იქონიებს ეს გავლენას საქართველო-ისრაელის ურთიერთობებზე? ასევე, იზიარებთ თუ არა მედიაში გაჟღერებულ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველომ მხარი "ჰამასს" დაუჭირა?

პირველ რიგში, არ გავაკეთებ კომენტარს იმ ჭორებსა და შეხედულებებზე, რაც მედიაში კეთდება. მინდა ისევ და ისევ დღევანდელი გადასახედიდან დავინახოთ ყველაფერი. არსებული რეალობა კი ასეთია: - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა უახლოეს მომავალში ეწვევა ისრაელს. ორიოდე დრის წინ, პრემიერი ნეთანიაჰუ ესაუბრა ებრაულ ლობის ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრემიერმა სამი უმთავრესი საკითხი გამოჰყო, რომლის შესახებაც, ის ბარაკ ობამასთან ისაუბრებს. ესენია - ირანი, სირია და პალესტინა. რომელი თემით დავიწყოთ?

ირანით დავიწყოთ, თუმცა ნურც წინა შეკითხვას დავივიწყებთ.

საქმე იმაშია, რომ დღეს ირანი ისე ახლოს არის გამდიდრებული ურანის მიღებასთან, როგორც არასდროს. გამდიდრებული ურანი კი, მოგეხსენებათ ატომური ბომბის შესაქმნელად არის საჭირო. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ირანი მუშაობს სხვა ტექნიკური მიმართულებებითაც. მათ აქვთ ჭურვების სისტემის პროგრამაც. მე ხელთ მაქვს "მაგატეს" დასკვნა, რომელიც 21 თებერვლით თარიღდება. ამ დასკვნის თანახმად, ირანს დღესდღეობით აქვს 167 კილოგრამი 20%-ით გამდიდრებული ურანი და და ასევე ფლობს 5,9 ტონა 3,5%-ით გამდიდრებულ ურანს. ერთი ატომური ბომბის დასამზადებლად კი 220 კილოგრამი 20%-ით გამდიდრებული ურანია საჭირო. როგორც აღვნიშნეთ, ეს მონაცემები აღებულია საერთაშორისო ორგანიზაცია "მაგატეს" და არა ისრაელის მოხსენებიდან. ამ მოხსენების თანახმად, დღეს ირანი არის უფრო ახლოს ატომური ბომბის შექმნასთან, ვიდრე ოდესმე. ასევე ცნობილია, რომ ისინი აგრძელებენ ურანის გამდიდრებას და ახალ ცენტრიფუგებს ამონტაჟებენ. ამ თემასთან დაკავშირებით, მოცემულ მომენტში, გაეროს უშიშროების საბჭოს 6 რეზოლუცია და 12 მოხსენება აქვს მიღებული. ამ ფონზე, ირანი მაინც არ ეპუება და არ ეთანხმება გაეროს მოთხოვნებს და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ მიდის. ერთადერთი ახსნა კი ამისა, არის ის, რომ ირანი ურანს მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის ამდიდრებს, სხვა მიზნებისთვის, მას ამდენი გამდიდრებული ურანი ნამდვილად არ დასჭირდებოდა.

თუ მსოფლიოს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ არ დაუშვას ირანის მიერ ატომური ბომბის შექმნა, მაშინ, მის წინააღმდეგ სანქციების რაოდენობამ უნდა მოიმატოს და ასევე ჩვენ მზად უნდა გვქონდეს რეაგირების ნებისმიერი ხერხი, მათ შორის სამხედრო რეაგირების გზაც. ეს არის არა მხოლოდ ისრაელის, არამედ ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობის პრობლემა და ამოცანა, იმდენად, რამდენადაც ირანის მიერ ატომური ბომბის ფლობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ისრაელს, არამედ საქართველოს და საერთოდ თავისუფალ მსოფლიოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო ირანთან ძალიან ახლოსაა. მეტსაც გეტყვით, საქართველო არის ირანის შეიარაღებაში არსებული "შიჰაბის" ჭურვების მოქმედების რადიუსში. ირანზე საათობით შემიძლია საუბარი, მაგრამ მოკლედ ეს არის რისი თქმაც მსურდა.

რაც შეეხება სირიას, მოკლედ რომ ვთქვათ, სადღეისოდ იქ არსებული მდგომარეობა ძალიან რთულია. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ათობით ათასი ადამიანი დაიხოცა და იხოცება. აღსანიშნავია, რომ სირია ახლოსაა არა მარტო ისრაელთან, არამედ ისევ და ისევ საქართველოსთანაც და არავინ იცის თუ როგორი იქნება ვითარება იქ ასადის შემდეგ და როგორი იქნება ქვეყნის პოლიტიკური სტრუქტურა. გარდა ამისა, სირიიდან, უამრავი ადამიანი როგორც ლტოლვილი თქვენს მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში არალეგალურად გადადის, რაც ფეთქებადსაშიშ სიტუაციას ქმნის. მეტსაც გეტყვით, სირია ფლობს არატრადიციულ, ქიმიურ იარაღს და არის საფრთხე, რომ მოხდეს მისი ქვეყნიდან გადინება. წარმოვიდგინოთ რა მოხდება, თუ ეს იარაღი "ჰესბოლას" ხელში ან თუნდაც ირანის ხელში მოხვდება. ახლახანს, ისრაელის საზღვართან ძალიან ახლოს, გაეროს დამკვირვებლების ავტობუსი გაიტაცეს და ის ფაქტი, რომ ეს პრობლემა ისრაელის საზღვრებს უახლოვდება, ჩვენ რა თქმა უნდა გვაშფოთებს.

პალესტინასთან დაკავშირებით კი ერთადერთი, რაც შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, არის ის, რომ ისრაელი მასთან მოლაპარაკებისთვის და გარკვეული დათმობებისთვის მზად არის. მიმაჩნია, რომ ჩვენს შორის არსებული პრობლემების გადაჭრის და პროგრესის მიღწევის ერთადერთი გზა პირდაპირი და უპირობო მოლაპარაკებებია.

პირდაპირ მოლაპარაკებებში მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებები იგულისხმება?

რა თქმა უნდა. სწორედ ამ გზით მივაღწიეთ მშვიდობას ეგვიპტესთან, იორდანიასთან და ამ ერთადერთი გზით შევძლებთ მივაღწიოთ მშვიდობას პალესტინასთან. მხოლოდ, მოლაპარაკების მაგიდასთან, მხარეები, ყოველგვარი წინაპირობის, ყოველგვარი ტერორისა და მუქარის გარეშე უნდა დასხდნენ. მათ შორის უნდა იყოს ნდობა, და უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება იმისა, რომ გადაწყდეს საკითხები და მოგვარდეს პრობლემები. ეს პროცესი რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისრაელი ამისთვის მზად არის, მთავარია იყოს პოლიტიკური ნება პალესტინის მხრიდანაც.

ამის ფონზე, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ გაეროს რეზოლუციას, რომელსაც მხარი საქართველომაც დაუჭირა და მის შეფასებას.

საქმე ამა თუ იმ რეზოლუციას არ ეხება. საქმე ეხება იმას, თუ რა უნდა პალესტინას. უნდა მას, რომ საკითხი გადაწყდეს ორმხრივი და პირდაპირი მოლაპარაკებების გზით იმ ატმოსფეროში, რომელიც მე წეღან ვახსენე, თუ მას უნდა, რომ ისრაელთან დიპლომატიური ომი აწარმოოს. ეს ორი რაღაც ერთდროულად ვერ მოხდება. არჩეული უნდა იქნას ან ერთი გზა - მოლაპარაკებების, ან მეორე – დიპლომატიური ომის.

ნებისმიერი კი, ვისაც უნდა რომ მშვიდობას მიემხროს, არ უნდა ცდილობდეს მხარი დაუჭიროს ისრაელის იზოლაციას და ბოიკოტირებას, ასევე არ უნდა აწარმოებდეს დიპლომატიურ ომს გაეროში.
პალესტინელების დღის წესრიგში კიდევ არის გეგმები, რომ გაეროში, სხვადასხვა დონეზე, ჩემი აზრით უარყოფითი რეზოლუციები მიიღონ. მე ვფიქრობ, რომ ამ რეზოლუციებისთვის მხარის დაჭერა კონსტრუქციული არ არის.

ვისაც უნდა, რომ მხარი დაუჭიროს მშვიდობას და დაეხმაროს მშვიდობის დამყარებას ამ რეგიონში, უნდა უთხრას პალესტინელებს, ისევე როგორც ჩვენც გვეუბნებიან, - რომ ეს ადამიანები, ან ქვეყნები და მთავრობები ნიუ-იორკში, ჟენევაში ან სხვა ქვეყნებში კი არ წავიდნენ, არამედ წავიდნენ იერუსალიმში, ან რამალაში, შეხვდნენ ერთმანეთს, გულახდილად ისაუბრონ ერთმანეთში და უარყონ ექსტრემიზმი და მუქარის ტონი. მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იერუსალიმში, რამალაში ან თუნდაც თელ-ავივში უნდა შედგეს და ვისაც უნდა, რომ ამ რეგიონში მშვიდობა დამყარდეს, პალესტინურ მხარეს სწორედ ასეთი მესიჯი უნდა გაუგზავნოს.

საქართველოს დავუბრუნდეთ და კონფლიქტების თემა გავაგრძელოთ. დაახლოებით იმ პერიოდში, როცა საქართველოში ებრაელი ბიზნესმენები იყვნენ დაკავებულნი, ისრაელმა აფხაზეთის დელეგაციას უმასპინძლა და ამ უკანასკნელთ, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც კი ჰქონდათ შეხვედრები. გაქვთ თუ არა ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ ან, გრძელდება თუ არა რაიმე სახის თანამშრომლობა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ე.წ. "აფხაზურ მხარეს" შორის?

არ ყოფილა არანაირი "აფხაზური დელეგაცია", რომელმაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა.

ანუ შესაბამისად, თქვენ რაიმე მსგავსი სახის თანამშრომლობას გამორიცხავთ?

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ რაიმე მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა. ამ საკითხთან მიმართებაში ისრაელის პოზიცია არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ჩვენ ვუჭერდით, ვუჭერთ და კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ეს პოზიცია არაერთხელ დაგვიფიქსირებია როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე რუსეთის მთავრობასთან და ამაზე საუბარი ჩვენს ამერიკელ კოლეგებთანაც არაერთხელ გვქონია.

ერთადერთი რაც ჩვენ ვაღიარეთ, ეს იყო ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მხრიდან იყო შემოთავაზებული. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ცალეკული ინდივიდები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, მართლაც ჩადიოდნენ ისრაელში, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი ოფიციალური, ან ნახევრად ოფიციალური ურთიერთობა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთწოდებულ მთავრობებთან, ისრაელის მხარეს არ გააჩნია.

ამასთანავე, მინდა ვთქვა, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ებრაული თემიდან, ჩვენ კონკრეტულ ადამიანებს ვიზა მივეცით. ამის ძალიან ცოტა შემთხვევა იყო, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჩვენ არ დავუსვით ბეჭედი იმ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც არ ვცნობდით. სწორედ ამიტომ, მათ ჩვენ ბეჭდით დამოწმებული ცალკე დოკუმენტი მივეცით. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ არ ვაღიარებთ იმ დოკუმენტაციას, რომელიც აფხაზური ან ოსურია. აქ პირველ რიგში პასპორტი იგულისხმება. შესაბამისად, ვერ დაარტყავ ბეჭედს იმ პასპორტზე, რომელსაც არ აღიარებ.
ამასთან,მე ვიცი ვიცი, რომ ჩემი კოლეგები, ანუ ჩემი წინამორბედი ისრაელის ელჩები საქართველოში, არიან ნამყოფი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რაც შეეხება იქ ჩემს ჩასვლას, მე არაერთხელ მითქვამს საქართველოს მთავრობისთვის, რომ თუ კონფლიქტურ რეგიონებში ჩასვლას გადავწყვეტ, ეს აუცილებლად მოხდება მათთან და ჩემს მთავრობასთან შეთანხმებით.

ვიზების თემა გავაგრძელოთ. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მხარემ ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა, ვფიქრობთ უპრიანია ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნათ, იქნება თუ არა პრობლემა ქართველი პილიგრიმებისთვის წმინდა მიწაზე ჩასვლა, მითუმეტეს, რომ ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებლური დღესასწაული ახლოვდება.

ვიზების გაცემასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. იყო შემთხვევები, რომლებიც გარკვეულ ახსნას და კომენტარებს საჭიროებდა, მაგრამ დღესდღეობით, ჩვენ ვმუშაობთ ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს მთავრობასთან, რათა კომუნიკაცია გავაუმჯობესოთ და ხელი შევუწყოთ ვიზის მიღების თუ ვიზის გაცემის მექანიზმის გაადვილებას.

ამ ყველაფრის მიზანი ცხადია: - ჩვენ გვინდა მეტი ტურისტი საქართველოდან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ის კანონი, რომელიც ისრაელში მოქმედებს. ეს რა თქმა უნდა ეხება ისრაელში ტურისტული მიზნებით, თუ სამუშაოდ ჩასულ ადამიანებსაც.

რაც შეეხება ჩვენს მუშაობას ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივებასთან დაკავშირებით, მისი მექანიზმი მოცემულ ეტაპზე ექსპერიმენტულ სტადიაზეა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ პროცედურას აუცილებლად გააადვილებს.

საქართველოში, ისრაელის საკონსულოში, ვიზის გაცემის პროცესი არცერთი დღით არ შეჩერებულა. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ საუბრები ამის შესახებაც მიმდინარეობდა, ხოლო თუ ვინმეს ჯგუფური ვიზის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება, ამ საკითხზე ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ მათ დავეხმარებით.

როგორი იქნებოდა თქვენეული შეფასება დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით (ინტერვიუ ჩაწერილია 2013 წლის 7 მარტს), რომლის თანახმადაც, ყოფილმა ხელისუფლებამ, შვილისთვის სამართლებრივი პრობლემების მოხსნის სანაცვლოდ, ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენს ეფრაიმ გურსს 1 მილიონი დოლარი გამოსძალა?

იქედან გამომდინარე, რომ ეს ინფორმაცია სულ ახალი გავრცელებულია, ჯერჯერობით მასზე კომენტირებისგან თავს შევიკავებდი.

იგივე თემა გავაგრძელოთ. ასევე ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს დავით კეზერაშვილს, ისრაელის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება რომ კეზერაშვილი ფიზიკურად ისრაელში იმყოფება, გადმოსცემენ თუ არა მას ქართველ სამართალდამცველებს?

ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს.

საერთოდ არსებობს თუ არა საქართველოსა და ისრაელის ძალოვნებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც მხარეებს ძებნილების გადაცემას ავალდებულებს?

ზოგადად რომ ვიმსჯელოთ, სახელმწიფო დონეზე, რა თქმა უნდა რაღაც შეთანხმებები და რაღაც მექანიზმები არსებობს, თუმცა კონკრეტულად იმ საკითხზე, რაც თქვენ წამოსწიეთ, სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.

ისევ პოლიტიკას დავუბრუნდეთ. მას შემდეგ რაც ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოხდა, დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენელი, მიიჩნევს რომ საქართველომ შეიძლება საგარეო-პოლიტიკური ვექტორი შეიცვალოს და დასავლური და დემოკრატიული ღირებულებები გადააფასოს. თუ შეგიძლიათ დააფიქსიროთ ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია?

ამასთან დაკავშირებით მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობა აცხადებდა და კვლავინდებურად აცხადებს, რომ ის დასავლურ გზას ადგას და მისი ურთიერთობა ევროატლანტიკურ ალიანსთან არ იცვლება.
ერთ შემთხვევას გავიხსენებდი, როდესაც ბატონი თედო ჯაფარიძის მიწვევით ქუთაისში, პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას დავესწარი, სადაც როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებიც იყვნენ წარმოდგენილი. იქ არაერთი, ზუსტად იგივე შინაარსის კითხვა დაისვა, როგორიც თქვენ დამისვით და მინდა გითხრათ, რომ ადამიანი, თუ მან არ იცოდა ვინ ოპოზიციის წარმომადგენელი იყო და ვინ ხელისუფლების, მათ პოზიციებს ვერც განასხვავებდა, ვინაიდან ორივე მხარე, გარკვეულწილად ერთსა და იმავე მიმართულებას იზიარებდა.

და ბოლოს, თქვენ დასაწყისში ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეთ. აქედან პირველი ორთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმები მკითხველისთვის ვფიქრობთ გასაგები იქნება, რაც შეეხება მესამე მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას?

უახლოესი რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში, ჩვენ ძალიან საინტერესო პროგრამებს ვგეგმავთ კულტურულ სფეროში. 3, 4 და 5 აპრილს საქართველოში ისრაელის კინოს დღეები გაიმართება, სადაც 6 ახალი ფილმი იქნება ნაჩვენები. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ქუთაისში ფოტოგამოფენა სახელწოდებით – "ჰორიზონტები" და თბილისში კიდევ ერთი გამოფენა – "ციდან დანახული იერუსალიმი."ამას გარდა იგეგმება კლასიკური და ჯაზ-მუსიკის კონცერტები. უნდა გადავთარგმნოთ ებრაულ ენაზე დაწერილი ლიტერატურის ანთოლოგია და ასე შემდეგ. ყველა ამ მიმართულებით, ჩვენ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ.

გიორგი სხილაძე
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი"

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა