_ ერთ-ერთი საწარმოს მიერ გამოშვებული ხორცის ფარშით, რომელშიც შიგელოზი აღმოჩნდა, ერთდროულად 150 ბავშვი მოიწამლა;
_ რამდენიმე საწარმოს აღმოჩენა, რომლებიც მომწამლველი ნივთიერების შემცველ პროდუქციას უშვებენ, საერთოდ ვერ მოხერხდა. ისინი დღემდე იატაკქვეშეთში საქმიანობენ.
საკვები პროდუქტებით მოწამლვის ფაქტები ყოველწლიურად მატულობს და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აღნიშნული მიმართულებით არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. სხვადასხვა საკვებ პროდუქტებზე ჩატარებული კვლევების შემაშფოთებელი შედეგები ინტენსიურად ვლინდება, თუმცა ფაქტია, რომ მდგომარეობა არ უმჯობესდება. მოქალაქეებს არანაირი გარანტია არა აქვთ, რომ პროდუქტი, რომელსაც თუნდაც პრესტიჟულ მაღაზიებში ყიდულობენ, მათი ჯანმრთელობისვის საფრთხეს არ წარმოადგენს. პრობლემაზე, "ნიუსპრესი," საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელს, მადონა კოიძეს ესაუბრება.
_ როგორც ცნობილია თქვენი ორგანიზაციის ბოლო კვლევის შედეგად, სანიტარული ნორმების დარღვევის ფაქტები ყველაზე ხშირადმოხმარებად პროდუქტში - პურშიც აღმოაჩინეთ.
_ პროდუქტის სანიტარული მდგომარეობა, მიკრობთა საერთო რაოდენობის ზრდით და ნაწლავის ჯგუფის ტიპის ბაქტერიების არსებობით განისაზღვრება. ბოლო კვლევის დროს, 10 შემოწმებული ნიმუშიდან, ამგვარი დაბინძურება ექვსში აღმოჩნდა. თუმცა მიუხედავად ამისა ცალსახად მაინც ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში, ყველა საწარმოში ანტისანიტარული მდგომარეობაა.
რაც შეეხება კონკრეტულად პურს, იყო ერთი შემთხვევა ქუთაისში, როცა საწარმოში, რომელიც ჩვენ დავათვალიერეთ, განსაკუთრებული ანტისანიტარული მდგომარეობა იყო. იატაკი სიგარეტის ნამწვებით იყო სავსე, ხოლო რეზერვუარი სადაც ცომი მზადდება, აბსოლუტურად ღია ცის ქვეშ იყო განთავსებული. ღია ცის ქვეშ უამრავი სახეობის მწერი და გადამფრენი ფრინველები დაფრინავენ. სწორედ გადამფრენი ფრინველები არიან ბაქტერიების ყველაზე აქტიური გადამტანები, რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა სერიოზულად დააზიანოს.
გარდა ამისა, რამდენიმე ქარხანა, სადაც დაბინძურებული პური მზადდებოდა საერთოდ ვერ აღმოაჩინეს, ანუ ისინი იატაქვეშეთში ფუნქციონირებენ. ზემოთნახსენები საწარმო კი, როგორც აღმოჩნდა, ჩვენს შემოწმებამდე ერთ თვით ადრე, სანიტარული ნორმების დარღვევისთვის, ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა, თუმცა იგი ფუნქციონირებას იგივე დარღვევებით აგრძელებდა. რაც შეეხება იმ საწარმოებს, რომლების მოძიებაც ვერ მოხერხდა, ჩვენ შედეგებს კიდევ ცოტა ხნის განმავლობაში დაველოდებით და შემდეგ უკვე, შემდგომი რეაგირებისთვის მათ საკითხს შესაბამის ორგანოებს ვაცნობებთ.
_ გარდა პურისა, კიდევ რომელი საკვებია ხშირად სანიტარულად დაბინძურებული და პროდუქტის შეძენის დროს რას უნდა მიაქციოს ყურადღება პირველ რიგში მომხმარებელმა?
_ ნებისმიერი პროდუქტი შეიძლება იყოს დაბინძურებული. მათი შეძენისას სიფრთხილეა საჭირო. მომხმარებელი პროდუქტის ყიდვის დროს აუცილებლად უნდა გაეცნოს თუ რა პირობებში უნდა ინახებოდეს ის და მაქსიმალურად უნდა დააკვირდეს რა პირობებში იყო შენახული შეძენამდე. ასევე იყო თუ არა დაცული ტემპერატურული რეჟიმი და ასე შემდეგ.
ხშირ შემთხვევაში შენახვის პირობებს თვითონ რეალიზატორი არ იცავს და სწორედ ამის გამო ხდება პროდუქტის გაფუჭება. ეს კი იწვევს როგორც მომხმარებელს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნას, ასევე მწარმოებლის იმიჯის შელახვასაც, ვინაიდან, მომხმარებლის წინაშე, პირველ რიგში პასუხისმგებელი მაინც ისაა.
ზოგადად კი, მე ვიტყოდი, რომ დამნაშავე სამივე მხარეა _ მწარმოებელიც, რეალიზატორიც და მომხმარებელიც. თუ მომხმარებელი ქუჩაში ანტისანიტარულ პირობებში პროდუქტს იყიდის, მის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება და შემდეგ უკვე პრეტენზიით მწარმოებელთან მივა, რა თქმა უნდა არასწორი იქნება. თუ მწარმოებელმა მაღაზიას ვარგისიანი პროდუქტი მიაწოდა, ხოლო რეალიზატორმა დენის ეკონომიის მიზნით მაცივარი გამორთო, მომხმარებელიც და მწარმოებელიც ზარალდება. ასე რომ ეს არის უწყვეტი ჯაჭვი და პასუხისმგებლობა სამივე მხარეს ერთნაირი აქვს.
_ რომელი პროდუქტი საჭიროებს ყველაზე მეტ სიფრთხილეს დამზადებისა და რეალიზაციის დროს და რას უნდა უფრთხოდეს ყველაზე მეტად მოსახლეობა?
_ ნებისმიერი მალეფუჭებადი პროდუქტი საშიშია. რძის პროდუქტები, ხორცპროდუქტები, იგივე საკონდიტრო ნაწარმი რომელსაც საათობრივი შენახვის ვადა აქვს, ფარშსაც საათობრივი შენახვის ვადა აქვს, ნახევარფაბრიკატები, მზა პროდუქცია, სალათები, კატლეტი და ასე შემდეგ. ვიზუალურად შეიძლება სიძველე არ შეიმჩნეოდეს, თუმცა როდის არის ის დამზადებული, ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ძნელია.
_ თქვენი ორგანიზაციის ყოველი ახალი კვლევა წინასთან შედარებით უფრო შემაშფოთებელ მონაცემებს იძლევა. ამის მიზეზი პასუხისმგებელ უწყებებში ხომ არ უნდა ვეძიოთ?
_2010 წლიდან 2012 წლამდე შიგელოზის ფაქტები ორჯერ გაიზარდა, სავარაუდო კვებითი მოშხამვები სამჯერ, ხოლო ჯილეხის ფაქტებმა 15 - ჯერ იმატა. ამის მიზეზი არის ის, რომ იზრდებოდა დაუსჯელობის სინდრომი მწარმოებლებში და ფაქტიურად ისეთი პროდუქტის რეალიზაცია ხდებოდა, რომელიც დიდი ალბათობით, შეიძლებოდა რისკის მატარებელი ყოფილიყო. მაგრამ დღესდღებით საბენედნიეროდ სიტუაცია შეიცვალა. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით კანონი მკაცრდება. კარგი ტენდენციაა, რომ ბოლო პერიოდში ყველა დარღვევის გახმაურება ხდება. მაგალითად სარეალიზაციოდ გამზადებული ცხენის ხორციც კი დააკავეს, იყო მცდელობა 200 ტონამდე დაავადებული კარტოფილის შემოტანისა, თუმცა ტვირთი შეჩერებული იქნა და ამის შესახებ ინფორმაცია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ დაუმალავს. ეს პირველი პრეცედენტია, რომ მსგავსი ფაქტის საჯაროდ დაფიქსირება მოხდა.
_ ანუ თქვენ ამბობთ რომ წინა ხელისუფლების დროს ადგილი ჰქონდა ბიზნესების ლობირებას და მსგავს ფაქტებზე რეაგირება, ასევე მათი სააშკარაოზე გამოტანა მიზანმიმართულად არ ხდებოდა?
_ რა თქმა უნდა. თუ ეხლა დააკავეს ამდენი დაავადებული ტვირთი, გგონიათ რომ ეს პირველად მოხდა? მოსახლეობამდე, ამა თუ იმ დაავადებული პროდუქტის შესახებ მხოლოდ კულუარული ინფორმაციები მიდიოდა, ოფიციალური ინფორმაცია კი არ ვრცელდებოდა, რათა გარკვეულ ბიზნესებს ზიანი არ მიდგომოდა.
_ ამჟამად რა პროდუქტზე აწარმოებს კვლევას თქვენი ორგანიზაცია?
_ამჟამად რძის პროდუქტების - მაწონის, არაჟანის და კარაქის კვლევა გვაქვს დაწყებული. ერთდროულად ვაკეთებთ კვლევას ამ სამ პროდუქტზე იმიტომ, რომ დიდი აჟიოტაჟია მათ ირგვლივ ატეხილი და საზოგადოება ვერ გაერკვა, რომელი საკვები შეიძინოს თამამად და რისი ყიდვისგან შეიკავოს თავი.
_ რა იყო ყველაზე მძიმე შედეგი, რაც სანიტარულად დაბინძურებული პროდუქტის რეალიზაციის შემდეგ დაფიქსირდა ?
ყველაზე საშინელი და მასშტაბური ფაქტი სულ რამდენიმე თვის წინ დაფიქსირდა, როდესაც, ერთი საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქტით, რომელშიც შიგელოზი აღმოჩნდა, 150 ბავშვი მოიწამლა. შიგელოზი ხორცის ფარშში აღმოჩნდა, რაც განსაკუთრებული რისკის მქონე პროდუქტთა ჯგუფს განეკუთვნება. ეს ნაწლავის ჯგუფის ტიპის ბაქტერიაა, რომელიც პროდუქტში სანიტარული პირობების დაუცველობის გამო მოხვდა. ამის გამო, სტაციონარში ერთდროულად 150 ბავშვი იყო მოთავსებული. საბედნიეროდ დიაგნოზი დროზე დაისვა და ხანგრძლივი მკურნალობა შედეგიანად დასრულდა.
რაც შეეხება საწარმოს რომელმაც ქსელში სარეალიზაციოდ აღნიშნული პროდუქტი გაიტანა, ათასი ლარით დაჯარიმდა და გარკვეული ვადით, ფუნქციონირების უფლება შეუწყდა.
ნატო მიმინოშვილი
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი"