„ნაციონალური მოძრაობა“ თანამოაზრეთა ნაცვლად თანამზრახველთა ერთობად გადაიქცა;
მიმართვა ძალიან მკაფიო და კონკრეტულია, რათა დროულად და საბოლოოდ გადაწყდეს საკითხი და გაირკვეს, რისი სურვილი აქვს მიხეილ სააკაშვილს და არის თუ არა საერთოდ კოაბიტაციის საფუძველი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის ლიდერთან;
პოლიტიკური ზეწოლა ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში პოლიტიკური ქვეწოლის პოზაში ნებივრობდნენ, ძნელად წარმოსადგენია;
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ მიმართვას, სადაც ის პრეზიდენტს ვადას აძლევს და მოუწოდებს გადაწყვიტოს ამბობს თუ არა უარს კონსტიტუციურ დიქტატურაზე, ასევე, უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას,- ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი „ნიუსპრესთან“ საუბარში აფასებს.
ბატონო სოსო, პრემიერის ამ განცხადების შემდეგ მოსალოდნელია თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ რღვევის დაწყება?
-„ნაციონალური მოძრაობის“ „ჩაცემენტების“ ნიშანი სახეზეა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა ვალდებულებებით არიან დაკავშირებულნი ესა თუ ის ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თავისუფალი ადამიანი რასაკვირველია უკვე დიდი ხნის წინ აირჩევდა პოზიტიურ ნიშას პოლიტიკაში, თუმცა ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ აქციებში უკვე ისეთი ადამიანებიც ჩაერთნენ, ვინც ადრე ცალსახად არ იყვნენ მმართველ გუნდთან და მათ დანაშაულებებთან ასოცირებულნი. დღეს ასეთი ადამიანებიც კი, ვალდებულებების გამო, აქტიურ პროპაგანდისტებად გამოდიან. შეიძლება ვინმეს სურვილიც ჰქონდეს თავის დაღწევისა, მაგრამ დღეს, თანამოაზრეთა ნაცვლად „ნაციონალური მოძრაობა“ თანამზრახველთა ერთობადაა გადაქცეული. თანამოაზრეს შეიძლება აზრი შეეცვალოს და ეს არავისთვის ტრაგედია არ უნდა იყოს. თანამზრახველს კი უფლება არა აქვს გარკვეული კრიმინალურ-კლანური რეალობიდან გამომდინარე, თავად გადაწყვიტოს რას იზამს.
ამ ფონზე, რა კატეგორიის ადამიანები შეიძლება დარჩნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ჯგუფში?
-უპირველესად ისინი, ვისაც არსად აღარ წაესვლებათ საკუთარი წარსული ქმედებების და იმ დანაშაულების გამო, რომელიც მათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინეს. სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის არსებობს კიდევ ერთი - ე.წ. „მიამიტთა“ ჯგუფი, რომელთაც შეიძლება ხელისუფლებაში ყოფნის დროს არავითარი ხეირი არ მიუღიათ, თუმცა პოპულარობა უკურნებელ სენად ექცათ. გაცნობიერება მომავალი არაპოპულარობისა, ასეთი კატეგორიის ადამიანებში, შეიძლება იყოს სერიოზული არგუმენტი ნაციონალებთან თანამშრომლობისა.
საერთოდ კი, კიდევ ერთხელ დადგა ჟამი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ აპოლოგეტებმა და ლიდერებმა ანდაზა - „რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო“ - უნდა გაიაზრონ.
თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა რომ პრემიერის ეს მიმართვა პოლიტიკურ ზეწოლად ჩაითვალოს?
-პოლიტიკური ზეწოლა ადამიანებზე რომლებიც წლების განმავლობაში პოლიტიკური ქვეწოლის პოზაში ნებივრობდნენ, ძნელად წარმოსადგენია. ეს ხალხი შეჩვეულია პოლიტიკურ ზეწოლას ოღონდ თანამზრახველების მხრიდან.
მათი გაგებით, ნებისმიერი განსხვავებული აზრის ადამიანის მიერ საკუთარი პოზიციის გამოხატვა მათთვის უკვე ზეწოლაა.
გავიზიაროთ იმ ადამიანების მწუხარება, რომლებიც წლების განმავლობაში პოლიტიკური ქვეწოლის პოზაში ნებივრობდნენ და თუ ვინმეს შინაგანი რესურსი დარჩენია, რომ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე გახდეს, მაშინ მას ამის პერსპექტივა გააჩნია.
შეიძლება თუ არა განვიხილოთ ეს მიმართვა, როგორც კოაბიტაციისკენ გადადგმული ნაბიჯი?
-ჩემი აზრით, ეს მიმართვა ძალიან მკაფიო და კონკრეტულია, რათა დროულად და საბოლოოდ გადაწყდეს საკითხი და გაირკვეს, რისი სურვილი აქვს მიხეილ სააკაშვილს და არის თუ არა საერთოდ კოაბიტაციის საფუძველი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის ლიდერთან.
თუ ეს საკითხი უახლოეს დღეებში არ გადაწყდება და მკაფიო ხედვა არ იქნება წარმოჩინებული, ხალხი მარტის ბოლოსაც დაელოდება და თუ დიქტატორული ჩანაწერი კონსტიტუციიდან არ იქნა ამოღებული, თავს ვალდებულად ჩათვლის, რომ თვითონ ჩაუტაროს გაკვეთილები პოლიტიკოსებს განურჩევლად იმისა, ვის რა პოზიცია უკავია, რადგან ხალხი და მხოლოდ ხალხი არის პოლიტიკური პროცესების განვითარების საფუძველი ქვეყანაში.
ეს მათ გასული წლის ოქტომბერში გამოამჟღავნეს და ისინი ზოგიერთი პოლიტიკოსივით საკუთარ შეხედულებებს არ ცვლიან.
ლიკა მეგუთნიშვილი
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი"