ყველა ვინც ნაციონალურ მოძრაობაშია ან მათ ხმა მისცა, ჩემი შვილის მკვლელი მგონია;
„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს ისე, როგორც ნიურბერგში ფაშისტები გასამართლდნენ;
არ მინდა ქვეყანას მართავდნენ მშიშრები, ლაჩრები და ის ადამიანები ვისაც დანაპირების შესრულება არ შეუძლიათ.
2008 წლის 8 მაისს თბილისში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ვახტანგ აბუაშვილმა 31 წლის გიორგი გამცემლიძე მოკლა. მოსამართლემ გამცემლიძის მკვლელს 2 წელი შეუფარდა.
მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე, ახალ მთავრობას სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ „სააკაშვილის პირსისხლიანი“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დანმაშავეთა სათანადო დასჯა მოხდება..
- წინა მთავრობის მიერ ერთ-ერთი გამწარებული მშობელი ვარ, რომელსაც შვილი ბეღურასავით ქუჩაში მოუკლეს. ძალიან მიხარია რომ შეიცვალა პირსისხლიანი მთავრობა, რომელმაც ამდენი მშობელი გაამწარა. დღეს ვინც ნაციონალურ მოძრაობაშია და ვინც მათ მისცა ხმა, ყველა ჩემი შვილის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, გირგვლიანის მკვლელი მგონია. ჩემი შვილის მკვლელს მოსამართლემ 2 წელი შეუფარდა. გირგვლიანის მკვლელები დასასვენებლად ჰყავდათ, ციხეში კი არა. ვაზაგაშვილის მშობლები კი დღემდე არ არიან დაზარალებულად მიჩნეულნი.
ამ ფონზე, თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეფექტური კოჰაბიტაციის განხორციელება საქართველოში?
- კოჰაბიტაცია ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია მკვლელებთან, ნაძირლების ბანდასთან, ქვეყნის გამსხვისებლებთან, ოჯახების დამანგრეველთან, ამ ყოვლად გახწრნილ ხალხთან. ნაციონალური მოძრაობა უნდა გასამართლდეს, როგორც ნიუბერში გასამართლდნენ ჰიტლერის პარტიის წარმომადგენლები. ესენი კი დღეს გამოდიან და ასე უტიფრად საუბრობენ კოჰაბიტაციაზე. როგორ არ სცხვენიათ, ან საეღტოდ ქუჩაში როგორ გამოდიან გაუგებარია. რას ფიქრობს მერაბიშვილი ამ ყველაფერზე, როგორ მიდის სახლში მშვიდად, როგორ უყურებს შვილებს, მშობლებს მაშინ, როდესაც ამდენი ოჯახი გაამწარა.
ქიმერიძის პანაშვიდზე ჩავედი, არ შემიშვეს. პოლიცია იდგა შესასვლელში, გარდაცვლილის დეიდაშვილები ვართო და ოჯახთან სამძიმრის სათქმელად შესვლის უფლებაც არ მომცეს. რომელ კოჰაბიტაციაზეა საუბარი არ მესმის, ამათთან არანაირი კოჰაბიტაცია არ შეიძლება.
თქვენი აზრით, ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულმა ხალხმა სამართლიანობის აღდგენა საკუთარი ძალებით გადაწყვიტონ, რამაც შესაძლოა შურისძიების ფორმებიც მიიღოს?
- წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ყველა ადამიანის დაზარალებულად ცნობით, სახელმწიფო ამავდროულად ვალდებულებასაც იღებს დაიცვას მისი უფლებები. ჩვენ ყველა გზა უნდა ვიპოვოთ, რომ მათ ჩვენი სიმართლე დავუმტკიცოთ და მოხდეს სამართლიანობის აღდგენა.
თუ არ აღდგა სამართლიანობა, ქვეყანაში მშვიდობა ვერ იქნება და ამას ქართველი ხალხი ვერ აიტანს. მე არ მინდა ქვეყანას მართავდნენ მშიშრები, ლაჩრები და ის ადამიანები ვისაც დანაპირების შესრულება არ შეუძლიათ. მე იმედი მაქვს ამ მთავრობის და მჯერა, რომ სამართლიანობა საქართველოში აუცილებლად აღდგება. ყველა იმ მინისტრს და პოლიტიკოსს ვისაც დღეს ქვეყნის მართვის სადავეები უპყრია ხელში, ვთხოვ რომ გამოიძიონ შარაძის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, ჟვანიას და ჩემი გარდაცვლილი შვილის საქმეები. მიხეილ სააკაშვილს კი უნდა მივმართავდეთ როგორც - „მიხეილ სააკაშვილი - დამნაშავე ერის წინაშე“.
ამ ფონზე, რა აზრის ხართ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით?
- ამნისტიის კანონი უდავოდ ჰუმანური აქტია, თუმცა მძიმე დანაშაულის მქონე მსჯავრდებულები, რომლებსაც მკვლელობები აქვთ ჩადენილი ამნისტიის კანონით არ უნდა გათავისუფლდნენ. დამნაშავე, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია და რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა მთავრობას ან მოქალაქეს, მისი ამნისტირება არ უნდა მოხდეს. წინა ხელისუფლებამ ჩემი შვილის მკვლელი, რომელსაც 2 წელი ჰქონდა მისჯილი, ამნისტიის კანონით რამდენიმე დღით ადრეც კი გაათავისუფლა, თუმცა მე ვეთანხემი ამ მთავრობის მიერ პირთა პოლიტპატიმრებად აღიარებას და მათ გათავისუფლებას.
ამ პატიმართაგან ზოგიერთი იმ აქციაზე დააპატიმრეს, სადაც თავადაც ვიმყოფებოდი. პარლამენტის მიერ მათი პოლიტპატიმრებად აღიარება ნამდვილად ჰუმანური აქტია.
ლიკა მეგუთნიშვილი
საინფორმაციო საგენტო "ნიუსპრესი"