თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი კალანდაძეს ჯარისკაცების დაღუპვაში ადანაშაულებს
13:07 07.12.2012
კალანდაძე ომში არ დაჭრილა, მას იარაღი მანქანიდან ჩამოსვლის დროს თავად გაუვარდა;
გიორგი კალანდაძის უაზრო ბრძანებას ბატალიონის მეთაურის და ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა;
ერთერთმა ოფიცერმა შემოუთვალა კიდეც კალანდაძეს, რომ თუ ცოცხალი დაბრუნდებოდა, საკადრის პასუხს გასცემდა, თუმცა საწყალი - ბრძოლის ველზე დაიღუპა;
სულ ცოტა ხნის წინ, მთავარი პროკურატურის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული დაკავების და დაკავებული პირის - გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ რესპონდენტი შოკისმომგვრელ ფაქტებს უყვება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორი ვეფხია გოგია, გიორგი კალანდაძის შესახებ 2008 წლის ომის ფრაგმენტებზე და იმ ზეწოლაზე გვესაუბრება, რომელსაც კონკრეტულად მის მიმართ გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ახორციელებდა.
წარმოშობით აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან ვარ. ფაქტიურად მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მაქვს გატარებული. დაწყებული რიგითიდან, ყველა საფეხური გავლილი მაქვს. არ დარჩენილა საქართველოში არცერთი ისეთი მოვლენა, რომელიც საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა , სადაც მონაწილეობა არ მაქვს მიღებული. სხვათა შორის, ზოგიერთივით თბილისის ომში არ მიმიღია მონაწილეობა, როდესაც მამულიშვილებმა ერთმანეთი დახოცეს.
ბატონი გიგი კალანდაძე 2006 წელს გავიცანი. ბრიგადის მეთაურმა თქვა, რომ მას ჩვენთან ბატალიონში უნდა ემსახურა. თუმცა, ეს კაცი არც ბრძანებით იყო დანიშნული და არც რაიმე სახის საბუთი არსებობდა მის დანიშვნასთან დაკავშირებით. ჯარში არის ასეთი წესი - როდესაც ადამიანი ბრძანებით არაა დანიშნული, იმ ადამიანზე იარაღის გაცემის უფლება არ გვაქვს, ასეთი გახლავთ დოგმა. კალანდაძესთან პირველი გაუგებრობა მაშინ მომივიდა, როდესაც მან ჩემგან იარაღის კონტეინერის გახსნა მოითხოვა. მე მოვუბოდიშე და ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელი იყო.
ამ ადამიანს ძალიან დიდი ამბიციები და ცუდი ურთიერთობა ჰქონდა თანამშრომლებთან. 2006 წელს სწავლების ეტაპი დავამთავრე. ამასობაში კალანდაძე G-3-ში საბრძოლო მიმართულებაზე დაინიშნა, მან ისეთი თვისებები გამოამჟღავნა, რომ მასთან მუშაობის სურვილი გამიქრა და სხვა თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით პატაკი დავწერე, რითაც მე პრაქტიკულად 3 საფეხურით დავქვეითდი. თუმცა ზეწოლა კალანდაძისგან ამის შემდეგაც, წლების განმავლობაში გაგრძელდა.
რაც შეეხება 2008 წლის ომის პერიოდს?
სანამ უშუალოდ ომის თემაზე გადავალთ, მინდა ვთქვა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება, თითქოსდა კალანდაძე, 2008 წელს რუსულ არმიასთან შეტაკებისას დაიჭრა, სიცრუეა.
მას მტრის ტყვია კი არ მოხვდა, საკუთარი იარაღი მანქანიდან ჩამოსვლის დროს გაუვარდა. იარაღთან მიმართებაში ორი ფაქტორი არსებობს: პირველი - დაუდევრობა, ანუ როდესაც არ იცი იარაღთან მოპყრობა, და მეორე - როცა შიში გაქვს. ამ შემთხვევაში იარაღის გავარდნა დაუდევრობის გამო მოხდა, რის გამოც კალანდაძე დაიჭრა. თუმცა ეს ყველაზე უმნიშვნელო მომენტია 2008 წლის თემასთან დაკავშირებით. მეტს გეტყვით, მისი ბრძანების საფუძველზე, აბსოლუტურად უაზროდ, ჩვენ ბიჭები დაგვეხოცა.
კონკრეტულად რა ბრძანებაზე საუბრობთ?
გიგი კალანდაძის უაზრო ბრძანების გამო დაიღუპა 41-ე ბატალიონის მეთაური და ბატალიონის სამსახურის უფროსები.
ბრძანების გაცემის დროს კალანდაძემ არ იცოდა მტრის ადგილმდებარეობა, არ ჰქონდა გათვლილი მტრის ადგილსამყოფელი და ასეთ ვითარებაში, ბრძანება გასცა ჯარი წასულიყო იმ მიმართულებით, სადაც მტერი იყო ჩასაფრებული. სხვათა შორის იმ ბატალიონიდან პირადი შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაიღუპა, ხოლო ყველა მონაცემი და დოკუმენტაცია, ასევე დროშაც, მტერს ჩაუვარდა ხელში.
ეს იყო აბსოლუტურად არასწორი ბრძანება, რადგან თუ არა გაქვს შენი დაზვერვის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მტრის ადგილსამყოფელის შესახებ, მაშინ ამა თუ იმ მიმართულებით ჯარის სვლა დაუშვებელია.
დაუჯერებელ ამბებს ყვებით....
ეს მარტო მე კი არა, მთელმა ქვეყანამ იცის. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ოფიცერმა გიგი კალანდაძეს შემოუთვალა, თუ ომიდან ცოცხალი დავბრუნდი საკადრის პასუხს გაგცემო. საწყალი ვერ დაბრუნდა, ომში დაიღუპა.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, როდესაც გორიდან ჩამოვედით, დიღომში დაგვხვდნენ თავდაცვის მინისტრიც და კალანდაძეც. ისინი ბჭობდნენ როგორ უნდა აეღოთ გორი დიღომიდან, მაშინ როცა გორში იყვნენ და იქედან გამოიქცნენ.
გადარჩენილმა ბიჭებმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ იარაღი ჩააბარეს საწყობში, მაგრამ ეს იარაღები მეორე დღესვე დაიკარგა. შემდეგ ეს ბიჭები ფორმალურად დაკითხეს ამ თემაზე. ჩემი აზრით, სავარაუდოდ გააფორმეს, რომ იარაღი ომის დროს დაიკარგა.
ასეთ ვითარებაში იყო ეს ადამიანი ბრიგადის მეთაური, შემდეგ კი სარდლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
მე რომ გიგი კალანდაძის ადგილზე ვიყო, თავისი ნამოქმედარიდან გამომდინარე, ახლა ‘’გმირის’’ ტიტულს კი არ შევიფერებდი, არამედ თავს მოვიკლავდი.
გიორგი სხილაძე
საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუსპრესი"