საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ პირს, მათ შორის ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალსაც დავიბარებთ და დავკითხავთ;
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შემდეგ სესიაზე შეიქმნება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელი საქმეები მოხვდება კომისიის ობიექტივში.
კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის თინა ხიდაშელის თქმით, გარკვეულ საკითხებზე ის უკვე ჩამოყალიბებულია, თუმცა, სანამ კომისია არ შეიქმნება, მანამდე საუბარს არ აპირებს. ამბობს, რომ ეს იქნება კოლეგიალური ორგანო, სადაც ყველაფერს ერთობლივად გადაწყვეტენ.
რა პრიორიტეტების მიხედვით შეირჩევა გამოსაძიებელი საქმეები და ვისთან ითანამშრომლებს აღნიშნული კომისია, ამ საკითხების გარკვევას ,,ნიუსპრესი'' თინა ხიდაშელთან შეეცადა.
თინა ხიდაშელი: უკვე გადაწყდა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შემდეგ სესიაზე შეიქმნება.
რამდენ კაციანი კომისია იქნება და ვინ შევა ამ კომისიის შემადგენლობაში?
არ ვიცი. ამას შემდეგ სესიაზე გადავწყვეტთ და ყველაფერს ნათელი მოეფინება.
ანუ ჯერჯერობით, არც კომისიის წევრების ვინაობაა ცნობილი?
კონკრეტულად ვინ შევა კომისიის შემადგენლობაში ყველაფერს გაიგებთ შემდეგ სესიაზე.
რა პრიორიტეტებით მოხდება გამოსაძიებელი საქმეების შერჩევა?
ყველაფერს კომისიის პირველ სხდომაზე გადავწყვეტ, მანამდე ვერაფერს გეტყვით.
და მაინც, გაქვთ თუ არა უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია იმის შესახებ თუ რა საქმეებს გადახედავთ თავდაპირველად?
ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა მაქვს გარკვეული აზრები, თუმცა, სანამ კომისია არ შეიქმნება და არ შეიკრიბება, წინასწარ ამაზე საუბარს არ ვაპირებ. ყველაფერს ერთობლივად გადავწყვეტთ.
ითანამშრომლებს თუ არა ოპოზიციასთან პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია?
„ნაციონალურ მოძრაობასთან” რა თქმა უნდა ვითანამშრომლებთ, ეს სავალდებულოც კია. რაც შეეხება არასაპარლმენტო ოპოზიციას, მათთანაც ვითანამშრომლებთ, თუმცა, ისინი ვერ იქნებიან ჩვენი კომისიის წევრები, რადგან როგორც ცნობილია, კომისია მხოლოდ პარლამენტის წევრებისგან კომპლექტდება.
აქედან გამომდინარე ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვისაც ამის სურვილი ექნება.
მათ შორის შესაძლოა ითანამშრომლოთ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც?
კი. და რაც მთავარია ყველასთან, ვისაც ექნება ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, რაც კომისიას საქმიანობაში დაეხმარება. ბუნებრივია, მათ თავისუფლად შეეძლებათ გადმოგვცენ ესა თუ ის მტკიცებულებები ან ფაქტები.
რაც შეეხება გამჭვირვალობას, საჯარო თუ იქნება კომისიის მუშაობა?
ყველაფერი იქნება საჯარო. კომისის იდეა სწორედ ეს არის.
ჯერჯერობით არ ამხლეთ, მაგრამ მაინტერესებს ამ კომისიის მიერ იქნება თუ არა გამოძიებული 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის მოვლენები?
არ ვამხელ რას ჰქვია, თქვენ თუ მიჩვეული ხართ, რომ წინა მთავრობის დროს ყველაფერს ერთი კაცი წყვეტდა და ახლაც ასე იქნება, ცდებით.
კომისია იქნება კოლეგიალური ორგანო და ყველაფერს ერთობლივად გადავწყვეტთ. მე მაქვს ჩემი აზრები სხვებს კი, თავისი და ბოლოს მივალთ საერთო გადაწყვეტილებამდე.
ქვეყნის უმაღლესი პირის დაკითხვის ან მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უფლება თუ ექნება აღნიშნულ კომისიას?
უფლება რა თქმა უნდა აქვს. თუ ამას საჭიროება მოითხოვს, ჩვენ დავიბარებთ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნება და როგორც მოწმეს აუცილებლად დავკითხავთ.
იჩქერიის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის დისშვილი ომარ იდიგოვი აცხადებს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მას აქვს ფაქტები და მტკიცებულები. იდიგოვის თქმით, ქართულმა სპეცსამსახურებმა თვითონვე მისცეს იარაღი, თვითონ გაგზავნეს და მერე თვითონვე დახოცეს", რას იტყვით ამასთან დაკავშირებით და ეს საქმე მოხვდება თუ არა კომისიის მიერ გამოსაძიებელ საქმეთა სიაში?
ახლა თქვენ თუ ასე დამიწყეთ 2004 წლიდან სვანეთის სპეცოპერაციდან მოყოლებული ლაფანყურამდე ყველაფრის კითხვა, მე იგივე პასუხს გაგცემთ - საქმეების რიგითობას კომისია დაადგენს.
სისხლის სამართლის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში კი, საქმე პროკურატურას გადაეცემა და ბუნებრივია მათთან მანდატის და კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ.
ნანა კილასონია
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი"