„საქართველოს პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის" მესვეურთაგან ყველაზე მშვიდობიანია, მაგრამ მის გარემოცვაში რომ რევანშისტები ჭარბობენ, ეს ზედმეტ დასაბუთებას არ საჭიროებს.
საკაშვილის შესაძლო რევანშიზმი გამოწვეული იქნება მხოლოდ მისი გუნდის, იმ ე.წ. „ქორების" მიერ, რომელთაც არა თუ ხელისუფლებაში, არამედ საქართველოშიც კი არაფერი ესაქმებათ" - აცხადებს „ნიუსპრესთან" საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომელსაც მთავრობის ახალ შემადგენლობაზე და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.
სოსო ცისკარიშვილი: ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი ახალი მთავრობის შემადგენლობის ძირითადი მახასიათებელი თვისება პირადი პატიოსნება და მაღალი მოქალაქეობრივი შეგრძნებებია. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანს ცხოვრების გზაზე რაიმე ტიპის შლეიფი მოსდევდეს, რომელიც მისთვის სათაკილო ან მოსახლეობისთვის მიუღებელი იქნება.
ერთადერთი, შესაძლებელია, რომ ვიღაცას ამა თუ იმ კანდიდატის გამოცდილებასთან დაკავშირებით ჰქონდეს პრეტენზია.
მიუხედავად ამისა, მისაღები იქნება თუ არა საზოგადოებისთვის ახალ მთავრობაში შევარდნაძის დროინდელი კადრების ხილვა?
საზოგადოებამ, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი, პირველ რიგში შეფასება უნდა დაიწყოს სააკაშვილისგან. სწორედ ის გახლდათ შევარდნაძის დროინდელი მინისტრი და შევარდნაძის დროის საპრლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელი.
ამასთან, როდესაც აბსოლუტურად დისკრედიტირებულ სისტემას სათავეში უდგას ადამიანი, რომელსაც აქვს მართვის პოზიტიური გამოცდილება და გახლავთ იმ დარგში ბევრად უფრო კომპეტენტური და ადეკვატური ვიდრე მისი წინამორბედი, ამ შემთხვევაში, „შევარდნაძისდროინდელობის" ნიშნით ადამიანების დაწუნება, თვით ასეთი შემფასებებლების ხინჯის მაჩვენებელი იქნება. ჩვენ უნდა ვიყუროთ წინ, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ, ის, რაც გვქონდა.
რაც შეეხება სააკაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრას, როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?
როგორც ვიცი, ლიდერებს ჰქონდათ გარკვეული დრო მოწმეების გარეშე ესაუბრათ. აქედან გამომდინარე, იმის თაობაზე, თუ რაზე იყო საუბარი, ჭორიც უფრო მეტია. მითუმეტეს, ამ თემაზე კომენტარი არცერთ მათგანს არ გაუკეთებია.
კულუარული ინფორმაციით, სააკაშვილმა ივანიშვილს ხელშეუხებლობის გარანტია სთხოვა.
ჩემი აზრით ეს უფრო ზოგიერთი ავტორის სურვილის მაჩვენებელია. სააკაშვილს აქვს საკმარისი რესურსი, რომ ივანიშვილისთვის მსგავსი ინფორმაცია თუნდაც საერთო ნაცნობების მეშვეობით გადაეცა. არამგონია, ამ თემაზე შეხვედრისას დრო დაკარგულიყო.
ძალიან ბევრს საუბრობენ სააკაშვილის შესაძლო რევანშზე, როგორ ფიქრობთ, მისი აღიარება არჩევნებში დამარცხების შესახებ, ხომ არ იყო მხოლოდ გარკვეული სცენარის ნაწილი?
საქართველოს პრეზიდენტი ყველაზე მშვიდობიანია "ნაციონალური მოძრაობის" მესვეურთა შორის, მაგრამ მის გარემოცვაში, რომ ჭარბობენ რევანშისტები ეს ზედმეტ დასაბუთებას არ საჭიროებს. საკაშვილის შესაძლო რევანშიზმი გამოწვეული იქნება მხოლოდ მისი გუნდის, იმ ე.წ. „ქორების", მიერ რომელთაც არა თუ ხელისუფლებაში, არამედ საქართველოშიც კი არაფერი ესაქმებათ.
ანუ სააკაშვილი არა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა" სამაგიეროს გადახდისთვის ემზადება?
„ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად ემზადება, თუმცა, არა სრული შემადგენლობით.
კონკრეტულად, ვინ მოიაზრება ამ ეტაპზე "შურისმაძიებლად"?
ყველა ის „ნაციონალი", ვისაც კონფროტაცის გარდა არანაირი რესურსი აღარ გაჩნია. ვინც ისე მოირგო სახელმწიფო ხაზინა, რომ უიმისოდ სუნთქვა უჭირს. და ისინი, ვისაც უარი აქვს ნათქვამი საკუთარ სინდისზე და მხოლოდ პირადი და ვიწრო პარტიული ინტერესებით სულდგმულობს. ეს კატეგორია რომ დავთვალოთ, არც ისე მცირერიცხოვანი გამოდის.
თუ სააკაშვილის გუნდი მართლაც რევანშს ამზადებს, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
„ნაციონალური მოძრაობა" უკვე აქტიურად მოქმედებს და ეს ჩანს.
რას გულისხმობთ?
უპირველეს ყოვლისა, საქართველოს რეგიონებში კანონმდებლობის სრული დარღვევით, სასწრაფოდ ხდება ახალი მმართველების არჩევა. ამის თაობაზე საკრებულოების ოპოზიციურად განწყობილ წევრებს ინფორმაციაც კი არ აქვთ და ფაქტის წინაშე დგებიან. ადგილობრივი საკრებულოები, არჩეული იქნა იმ დროს, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ ველში კონკურენტი არ ჰყავდა. დღეს ისინი უკვე დრომოჭმული პოლიტიკური ხედვისა და შესაბამისად არაადექვატური ფასეულობების დამცველნი გახლავან. ეს ვერტიკალი წლების განმავლობაში არადემოკრატიულად მოქმედებდა და ახლაც ასე აპირებენ გაგრძელებას.
ასევე საუბარია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რეგიონებში ბანდფორმირებები ჰყავს ჩამოყალიბებული.
ამაშია საქმე. უბრალოდ, ამ მიმდინარეობის ლეგიტიმაცია ახლა დაიწყო. ამის პირველი მაგალითი გახლავთ უგულავას მხედრიონი.
14 ოქტომბერს, რამდენიმე საარჩევნო ოლქში განმეორებითი არჩევნები ტარდება. აქ ყველაზე საყურადღებო ალბათ, ხაშურის ოლქები იქნება. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი დაივიწყებს პირად ინტერესს და დაუთმობს გელაშვილს საპარლამენტო მანდატს?
რასაკვირველია, სწორედ გელაშვილისადმი პირადი დამოკიდებულება გახლდათ მიზეზი იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთოდ ჩამოიხადა ნიღაბი და პრაქტიკულად შეიარაღებული ძალების დახმარებით გამართა ომი. ძალისმიერი მეთოდით ბრძოლის პასუხად ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ გაიმარჯვებს ხოლო თუ ვინმე დამარცხდება ეს ქართველი ხალხი იქნება.
„თავისუფალმა საქართველომ“ ივანიშვილს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ შესთავაზა. რას იტყვით პარლამენტის მანდატების გარეშე დარჩენილ ოპოზიციაზე?
თითოეულმა მათგანმა მიიღო სრულიად მკაფიო პასუხი საკუთარი ამომრჩევლებისგან და ვფიქრობ აქ საკამათო არაფერია. ახლა პირველ რიგში მათ თავიდან უნდა დაიწყონ ხმის შეგროვება ოღონდ გამარჯვების პერსპექტივა ექნებათ მაშინ, როცა ობიექტურად გაიაზრებენ მიზეზს, რის გამოც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
„ქრისტიან-დემოკრატები“ ბრძოლას აგრძელებენ. ნინო ბურჯანაძეზე კი საუბარია, რომ კულისებიდან მიეხმარება ივანიშვილს ქვეყნის მართვაშიო..
სჯობს მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. რაც შეეხება ბურჯანაძეს, ვფიქრობ კულისებში დგომა არ დასჭირდება. მას მალვა არ სჭირდება. იგი ყოველთვის ღიად დააფიქსირებს თავის პოზიციას და შემდეგ ყველაფერი ამომრჩეველმა განსაჯოს.
თუმცა ფაქტია, რომ ივანიშვილის გარემოცვას ბურჯანაძესთან არც თუ კარგი დამოკიდებულება აქვს?
შესაძლებელია, იმიტომ, რომ ჩვენ არაერთხელ გავხდით მოწმე ურთიერთბრალდებებისა ალასანიას და ბურჯანაძეს შორის. თუ ეს პირადი ურთიერთობები არ მოწესრიგდა, რასაკვირველია, ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებისთვის ბევრი პრობლემები წარმოჩინდება.
და ბოლოს, როგორია ქართული პოლიტიკური რეალობის თქვენეული პროგნოზი?
მოლოდინები ძალიან მაღალია. ბოლო 8 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმდენი მავნებლური ნაბიჯი გადაიდგა დაწყებული საკონონმდებლო ორგანოდან, დამთავრებული ყველა დარგობრივი სტრუქტურებით, რომ შედეგებს ასე მალე ვერ დაველოდებით. კონკრეტულ შედეგებზე საუბარი მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. თუმცა, მანამდე არ გამოვრიცხავ, რომ რაიმე ინდივიდუალურ შედეგებზე ვისაუბროთ.
ნანა კილასონია
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი"