„დემოკრატიის უკუსვლა“ - ასე ჰქვია საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუზის“ წლევანდელ ანგარიშს, რომელშიც
200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე დემოკრატიისა და სამოქალაქო უფლებების მდგომარეობაა შეფასებული. ანგარიშის თანახმად, საქართველო „ნახევრად თავისუფალი“ ქვეყნების სიაში რჩება.
ქართული დემოკრატიის უმთავრეს გამოწვევებზე „ამერიკის ხმას“ "ფრიდომ ჰაუზის" ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი მარკ ბერენტი ესაუბრა:
- საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების რიგებშია, თუმცა მისი ქულა მცირედით გაუარესდა. რა პოზიციაზეა საქართველო, რამდენით და რატომ შემცირდა მისი რეიტინგი?
- საქართველოს რეიტინგი მხოლოდ ერთი ქულით შემცირდა/გაუარესდა. რაც ნამდვილად ძალიან ცოტაა და არ უნდა იყოს რაიმე მასშტაბური შეშფოთების, წუხილის ან პირიქით - კმაყოფილებისა და ტკბობის საგანი, რადგან ეს დროთა განმავლობაში იცვლება ხოლმე. რეიტინგის შემცირება პირველ ყოვლისა, უკავშირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებს. ბოლო წლების განმავლობაში არჩევნები საქართველოში მართლაც რომ ძალიან კარგი იყო, კარგი შეფასებები კეთდებოდა ეუთოს დამკვირვებლების მიერაც, მით უფრო, რეგიონში სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეს ასე იყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ რაუნდამდეც კი, მაგრამ მეორე რაუნდში ზოგი რამ გაუარესდა. არ ვამბობთ, რომ დამტკიცებულია, მაგრამ არის სანდო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ზოგი ისეთი ნეგატიური რამ, რასაც წლების განმავლობაში ვხედავდით ხოლმე „ცუდ არჩევნებში“ სხვა ქვეყნებში და საქართველოშიც, არც ისე შორეულ წარსულში. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა.
არჩევნები საქართველოში საინტერესოა, რადგან აქ ნამდვილად იყო კონკურენტული შეჯიბრი. არავინ იცოდა, ვინ გაიმარჯვებდა. ეს ასე არ ხდება საქართველოს ბევრ მეზობელ ქვეყანაში, ასე რომ, ეს კარგია, ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი დემოკრატიაა. მაგრამ ამ გაურკვევლობის შეგრძნებამ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გაიმარჯვებდა, შესაძლოა გამოიწვია ის, რომ ვიღაცები არ მიჰყვნენ წესებს იმდენად, რამდენადაც უნდა მიჰყოლოდნენ და ეს არის ის, რაზეც უნდა ვიყოთ შეშფოთებულნი, და ქართველი ხალხიც უნდა ღელავდეს ამაზე.
- გასულ წელს თქვენს ანგარიშში ძალაუფლების კონცენტრაციაზე, ბიძინა ივანიშვილის „ჩრდილოვან მმართველობაზე“ და პოლიტიკაზე მის გავლენაზე ამახვილებდით ყურადღებას. წელს რა არის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ანგარიშში აისახა და ფიქრობთ, რომ უარყოფითი გავლენა ჰქონდა?
- ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ის კი არაა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოვანი/არაფორმალური მმართველი. დიახ, ის არის და ეს არაა კარგი, რომ ვიღაცას, ვინც არაა არჩეული, ამხელა გავლენა აქვს, მაგრამ ეს ქართული პოლიტიკის სინამდვილეა.
ვფიქრობ, უმთავრესი საკითხი ისაა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ ვერ გადალახა პოლიტიკის ის აღქმა, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კონკურენციის, ბიძინასა და მიშას ირგვლივ ტრიალებს. ქვეყანაში მხოლოდ ეს ორი ადამიანი არაა. მხოლოდ ამ ორ ადამიანს არ აქვს იდეები და წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს მოვლენები. ქართული პოლიტიკა ამ ორი პიროვნების მიღმაც უნდა განვითარდეს. იფიქრონ, რა არის ის, რაც საქართველოს სურს, რომ გააკეთოს და როგორი უნდა იყოს ახლო მომავალში.
მართლა მგონია, რომ საქართველო არის ამ ორი ადამიანის ხაფანგში, ეს ხელს უშლის პოლიტიკის განვითარებას უფრო სტაბილური და ნორმალური გზით, ეს რაციონალური პოლიტიკური პარტიების განვითარებას უშლის ხელს, პარტიების, რომლებსაც ექნებათ ძლიერი იდეები და პლატფორმები, რომლებსაც ხალხი შეხედავს და შეაფასებს, უნდა თუ არა, რომ ამას მხარი დაუჭიროს. არ არის რეალურად იდოლოგიური დისკუსიები, გარდა ფიგურალური შეფასებებისა: პრორუსული თუ პროდასავლური, რაც ვფიქრობ, ასევე არაა მართებული. რადგან ძირითადად, საქართველო არის პროდასავლური, ევროატლანტიკური სტრატეგიის ერთგული და ეს არ არის ის, რისი შესუსტებაც რეალურად ვინმეს სურს.
დიახ, არის განსხვავებული სტრატეგიები როგორი უნდა იყოს ეს და სხვადასხვა ადამიანებს ამის სხვადასხვაგვარად შემოტრიალება შეუძლიათ, მაგრამ ეს არაა მთავარი საკითხები. მთავარი სხვა რამაა, მაგალითად, როგორი ეკონომიკა უნდა გვქონდეს, ვისთან და როგორი ვაჭრობა ვაწარმოოთ. ეს და ბევრი სხვა კითხვაა, რომელსაც ქართული პოლიტიკური კლასი არ სვამს და ეს ძალიან დიდი პრობლემაა.
- რამდენად არის კრემლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და პროპაგანდა სერიოზული საფრთხე და გამოწვევა ქართული დემოკრატიისთვის?
- ეს ახლა ნებისმიერი დემოკრატიისთვის გამოწვევაა. დეზინფორმაცია და სოციალური მედიისა და სხვა ტიპის პლატფორმების გამოყენების შესაძლებლობა იმისთვის, რომ მართლაც ხელოვნური გზით შეიცვალოს საზოგადოებაში პოლიტიკური დისკუსია და დისკურსი არის ის, რაც ამ ბოლო დრომდე მსოფლიოში მართლაც არ გვინახავს. ძველი, ცივი ომის დროსაც კი საკითხები ასე არ წამოჭრილა. ჩვენ არ გვინახავს დასავლური საზოგადოების შესუსტება საბჭოთა პროპაგანდით, ან პირიქით, საბჭოთა საზოგადოების დაზარალება დასავლური პოზიციებით და იდეებით. მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ახლა ხდება, და ეს ძალიან რთული, დახვეწილი და ძნელი ამოსაცნობია. დიახ, ვფიქრობ, ეს გამოწვევაა საქართველოსთვის, და რამდენადაც შენი დემოკრატიულ ინსტიტუტები სუსტია, რამდენადაც შენი საზოგადოებისთვის რთულია ამ ტიპის დეზინფორმაციის ამოცნობა, გაგება და ამ პრობლემასთან გამკლავება, ეს მით უფრო დიდი პრობლემაა.
მასთან გამკლავება კი სამოქალაქო საზოგადოების და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური კლასის საქმეა, სამოქალაქო განათლების საკითხია და უფრო ფართო და კომპლექსური საკითხია, ვიდრე მხოლოდ პრო ან ანტი-რუსული ნარატივი.
- ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, არამედ ბოლო წლებში, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გახშირებული თავდასხმები ფართოდ გააკრიტიკეს ანალიტიკოსებმა და რეგიონის მკვლევარებმა. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის ერთ-ერთი საფრთხე?
- საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სექტორი ძალიან ძლიერია, ძალიან კარგად ინფორმირებული. მისი წარმომადგენლები თავს არ იკავებენ კრიტიკისგან და ძალიან რთულ საკითხებში ჩართვისგან/ჩაბმისგან. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის ღირსება, უპირატესობაც კია, რომ სამოქალაქო საზოგადოება ასე აფრთხობს პოლიტიკურ ელიტებს. მაგრამ რა თქმა უნდა, არაა სასიამოვნო ასეთი პირადი თავდასხმების ნახვა, მით უმეტეს თუ ეს საერთაშორისო არენაზე, მაგალითად კოპენჰაგენში, ან სხვაგან ხდება.
ეს არ არის კარგი და ჯანსაღი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ძალადობაა. ესაა ადამიანების მიერ იმ ხალხის კრიტიკა, ვინც იმას ამბობს, რაც ამ ადამიანებს არ მოსწონთ. ერთი მხრივ, ეს დემოკრატიაა, მწვავე დებატები. არ ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოება განადგურების რისკის ქვეშაა. თუმცა ცხადია, ძალაუფლების მქონე ის პირები, რომლებიც ასეთ ექსტრემალურ რაღაცებს ამბობენ, ნამდვილად არ ჩანან კარგად. თუმცა ისევ და ისევ, არ მგონია, ეს საფრთხე იყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და შესაძლოა ეს კვლავაც მათი დამსახურება იყოს.
- თქვენი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გასულ წელს ბევრი კრიტიკა მოჰყვა საქართველოს მთავრობის მხრიდან. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ანგარიში 2012 წლის შემდგომ პროგრესს არ ასახავდა. მათ ანგარიშის სანდოობაშიც კი შეჰქონდათ ეჭვი. ამჯერად, ცოტა ხნის წინ, ისინი თქვენი ერთ-ერთი კოლეგის შეფასებასაც გამოეხმაურნენ იმის თაობაზე, რომ საქართველოს დემოკრატია გამოწვევების წინაშეა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი და ბიძინა ივანიშვილის ხელში არსებული ძალაუფლება პრობლემური საკითხია. ითქვა ისიც, რომ თქვენ ადრეც მოიხადეთ შეცდომების გამო ბოდიში და შესაძლოა თქვენს მკვლევარებს ახლაც არასრული ინფორმაცია ჰქონდათ. რას ფიქრობთ ასეთ შეფასებებზე?
- „ფრიდომ ჰაუზის“ მიერ ამ ანგარიშის შედგენის პროცესი ძალიან გამჭვირვალეა. მისი მეთოდოლოგიაც ყველასთვის გახსნილია და ჩვენ ძალიან ცხადად ვამბობთ, რა განაპირობებს რეიტინგში ქულების ცვლილებას. შეგიძილათ დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ, თუკი ფაქტები შეგვეშლება, ცხადია, უნდა შევასწოროთ. მაგრამ ჩვენ ფაქტების შემოწმების საქმეს ძალიან კარგად ვაკეთებთ მთელ მსოფლიოსა და საქართველოში.
ცოტა არ იყოს საწყენია, სამწუხაროა, განსაკუთრებით კი საქართველოსგან, რომელმაც ამდენი გააკეთა და ამხელა წარმატება ჰქონდა რეგიონში და მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება ბევრ ამ საკითხს საიმისოდ, რომ ასეთი წყენით უპასუხოს და ამგავრი რეაქცია ჰქონდეს. იქნება კრიტიკა, მაგრამ ძლიერი დემოკრატია მხოლოდ და მხოლოდ ძლიერდება ასეთი კრიტიკით და ჩვენს ანგარიშზე თავდასხმა უსამართლოა. თუმცა ყოველთვის, როცა ასეთ ანგარიშს აკეთებ მუდმივად იქნება ასეთი გამოწვევები მეორე მხარისგან და ესეც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა.
- რა არის უმთავრესი რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის?
- მთავარი რჩევა იქნებოდა ის, რომ გააკეთონ ყველაფერი, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან იმუშაონ, როგორც პარტნიორებთან. სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გამყოფოს ანგარიშვალდებული საზოგადოების იმ პრინციპებისადმი, რომლის აშენებაც გინდა, მაგრამ ამავე დროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ნებისმიერი შენი რეფორმის განსახორციელებლად. მათთან ძლიერი, კრიტიკული პარტნიორობა უნდა გქონდეს. ვფიქრობ საქართველოს მთავრობას და არა მხოლოდ მას, პოლიტიკურ პარტიებსაც, პოლიტიკურ სისტემას და ელიტასაც სჭირდება, რომ გადაილახოს მიშასა და ბიძინას დუელი. საკითხი, რომ თუ „ოცნების“ მიმართ კრიტიკული ხარ, ე.ი. მიშა გიყვარს და თუ მიშა გიყვარს, რასაც „ოცნება“ აკეთებს, ყველაფერი ცუდია. ვფიქრობ, ეს არ უწყობს ხელს საქართველოს იმაში, რომ განაგრძოს წინსვლა და იპოვოს მისი ფუნდამენტური პრობლემების გადაჭრის გზები.
წყარო: „ამერიკის ხმა“