გასულ კვირას, ოკუპირებულ გალის რაიონში, „ვარდნილჰესი 1-ის“ ტერიტორიაზე, სეპარატისტთა ინიციატივით,
საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი ოპერატორის - „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) პირველ პირებთან დახურული შეხვედრა გაიმართა.
მოლაპარაკების თემა ზამთრის პერიოდისთვის ტრადიციული იყო - აფხაზეთში ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარება, უმძიმესი ენერგოკრიზისი და ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის კლების პირობებში, მომდევნი სამი თვის მანძილზე, ენერგოდეფიციტის აღმოფხვრის გზების მონახვა. ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის, ვგეგმავთ თუ არა წელსაც რუსეთიდან დენის იმპორტს, რომ სეპარატისტული ანკლავი მთლიანად არ ჩაბნელდეს.
1993 წლის 30 სექტემბრიდან, თბილისმა აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვასთან ერთად, ამიერკავკასიაში უდიდესი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მართვის პულტიც დაკარგა. ენგურჰესის სამანქანო დარბაზი-ქვესადგური და ვარდნილჰესების კასკადი ოკუპირებულ გალის რაიონის ტერიტორიაზეა, ხოლო კაშხალი, წყალსაცავი და დერივაციული გვირაბის ნაწილი - წალენჯიხის რაიონში.
1997 წლის [სიტყვიერი] შეთანხმებით, ოკუპანტებს და სეპარატისტებს ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% უნდა წაეღოთ, თუმცა ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი ზამთარში, დენის 100% მიაქვთ და მაინც არ ჰყოფნით. ბოლო 12 წლის მანძილზე ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 800 მლნ კვტ საათით გაიზარდა და წელიწადში უკვე 2 მლრდ კვტ საათს მიაღწია. ანკლავში, სადაც ბუნებრივი აირი არ არის, მთელი დატვირთვა მხოლოდ ელექტროენერგიაზე მოდის და ამასთან, დენი პრაქტიკულად უფასოა: აფხაზეთში მოქალაქეებისთვის 1 კვტ საათი - 1 თეთრი (40 რუსული კაპიკი), ორგანიზაციებისთვის - 3,5 თეთრი (85 კაპიკი) ღირს, თუმცა უმრავლესობა ამ თანხასაც არ იხდის. შედარებისთვის, დანარჩენ საქართველოში 1 კვტ საათი დენის ფასი 14,5 თეთრიდან 23 თეთრამდე მერყეობს.
ენგურჰესის „უფასო" დენს აფხაზეთში მოსახლეობასთან ერთად, რუსეთის არმიის საოკუპაციო ბაზები, ოჩამჩირის სამხედრო პორტი და ბოლო წლებში მომრავლებული, კრიპტოვალუტის მაინინგ ფერმებიც მოიხმარენ. დენის არანორმალურ დანახარჯს კი 25 წელზე მეტია საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა ანაზღაურებს, ყოველწლიურად ჩვენს ბიუჯეტს აწევს ენგურჰესის ძვირადღირებული რეაბილიტაციის ხარჯიც.
საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის რამდენად დიდი გამოწვევაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ უფრო მზარდი ენერგომოხმარება? რატომ არის უმოქმედო საქართველოს მთავრობა და რა გამოსავალი არსებობს?
--------------
„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ამ თემაზე ენერგეტიკულ საკითხებში „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) დირექტორს მურმან მარგველაშვილს ესაუბრა:
- საქართველოს ელექტროენერგიის წლიური ბალანსის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგომოხმარება, ბოლო წლებში, მუდმივი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რა თანხა უჯდება ეს დანარჩენ საქართველოს?
- ეს ერთის მხრივ, საქართველოს ენერგო და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა, მეორეს მხრივ კი არის მუდმივი ეკონომიკური ტვირთი, რომელსაც დანარჩენი საქართველო ანაზღაურებს. ბევრნაირად შეიძლება ამის დათვლა, თუ შევაფასებთ, აფხაზეთის დღევანდელი მოხმარება რა ღირს, რეგიონში ელექტროენერგიის ფასების მიხედვით, ეს არის დაახლოებით, 80-90 მილიონი აშშ დოლარი წელიწადში. თუ შევაფასებთ „ენგურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების დღეს არსებული ტარიფით და იმ ღირებულებით, რისი გადახდაც დამატებით გვიწვევს რუსეთიდან იმპორტის განხორციელებისთვის, ეს წელიწადში 40 მილიონი ლარია. ანუ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ტვირთია. და რაც მთავარია, ჩვენ იქ განვითარების საშუალება არ გვაქვს: ენგურის ჰიდროელექტროსადგურის თავისუფლად ოპერირება ვერ ხერხდება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ეს წლობით დაგროვილი პრობლემები აფერხებს ენგურჰესის რეაბილიტაციას და აუცილებელ რემონტსაც, შედეგად - ჩვენ, ბუნებრივია სრულად ვერ ვიღებთ იმ სარგებელს, რაც ენგურმა შეიძლება მოიტანოს.
- ბოლო სამი წელია, აფხაზეთში ენერგომოხმარება წლიურად 2 მლრდ კვტ საათს აღწევს, ერთ სულზე გაანგარიშებით, რამდენად აღემატება ეს მაჩვენებელი, დანარჩენი საქართველოს მოხმარებას?
- აფხაზეთის ენერგომომხმარება ერთ სულზე, სავარაუდოდ, არის 10 000 კვტ სთ, რაც დანარჩენი საქართველოს მოხმარებას ერთ სულზე, თითქმის 4-ჯერ აღემატება. ევროკავშირის საშუალო მომხარებას კი თითქმის 2-ჯერ. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხმარება არ გამოიყენება პროდუქტიულად და ძირითადად, საყოფაცხოვრებო მიზნებით იფლანგება. საქართველოსთვის, რომელიც დენის სუბსიდირებას ახდენს, ეს უდიდესი ზიანის მომტანია.
აფხაზეთში, ახლანდელი მდგომარეობა არის დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო ენგურს გამოღმა გასული საუკუნის 90-იანის წლების ბოლოს. როცა ელექტროენერგიის ტარიფი იყო უკიდურესად დაბალი, არ იყო აღრიცხვა, თანხების ამოღება და სექტორში ინვესტირება არ ხდებოდა. ამის შედეგია, რომ აფხაზეთში არის დენის მფლანგველობითი, სრულიად უკონტროლო და არაეფექტური მოხმარება, იმიტომ, რომ ელენერგიას „ფასი“ არ აქვს. არადა, ეს წელიწადში, როგორც გითხარით, 90 მილიონი დოლარის პროდუქტია.
თუ აფხაზებს უნდათ, რომ "სახელმწიფოებრიობის ნიშნები" მაინც გაუჩნდეთ და განსაკუთრებით ზამთარში, სიბნელეში და სიცივეში არ იყვნენ, „შიგნით“ ეკონომიკური ურთიერთობა უნდა მოაწესრიგონ. ამას სჭირდება ინვესტიცია, გამრიცხველიანება და ამოღების დისციპლინა. ამ ყველაფერს კი პოლიტიკური ნება უნდა, რაც საეჭვოა, რომ უახლოეს მომავალში შეძლონ. ჯერჯერობით, ისინი კმაყოფილდებიან იმით, რომ სუბსიდირებულ დენს ჩვენგან იღებენ, თავიანთი კვაზიეკონომიკისთვის, რომელიც რეალურად ეკონომიკურ ურთიერთობებზე დამყარებული არ არის. ასე ხდება მათი ჩამოუყალიბებელი კვაზი-სახელმწიფოსთვის სიცოცხლის გახანგრძლივება.
- თუ არსებობს პრეცედენტი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიას, სადაც მტრის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ელექტროენერგიას უფასოდ აძლევდეს ომში დამარცხებული ქვეყანა?
- მოდით ვაღიაროთ, რომ ეს ჩვენი ნებაყოფლობითი პოლიტიკა არ არის, ეს არის ხარკი, რასაც ჩვენ რუსეთის ოკუპაციის გამო ყოველწლიურად ვიხდით. რა თქმა უნდა, ეს არ არის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ნაწილი, ეს არის იძულებითი ნაბიჯი, რომლის გამოც, ჩვენ, ხანდახან, ენერგოდეფიციტის დროს, იმპორტს ვაკეთებთ რუსეთიდან და უფასოდ ვაძლევთ რუსეთის საოკუპაციო ჯარებს აფხაზეთში.
დიახ, დღეს ეს არის იძულებითი ნაბიჯი, მაგრამ ჩვენმა მთავრობამ უნდა შეიმუშავოს პოლიტიკა, ღონისძიებები, თუ ეს პრობლემა ეტაპობრივად როგორ უნდა იქნას კონსერვირებული, რომ იქ აღარ იყოს მომხმარების ზრდა და შემდეგ მოხდეს პრობლემის კომპლექსური გადაწყვეტა. ამას სჭირდება ნაბიჯები - საერთაშორისო, საშინაო, პროპაგანდისტული - ყველანაირი, ანუ ეს არ არის უიმედო საქმე. მოქმედებით ყოველთვის შეიძლება უკეთესი შედეგის მიღწევა, ვიდრე უმოქმედობით. აი, ეს მოქმედება, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩანს.
- თქვენ 25 წელია ენერგეტიკის სფეროში ხართ, სიღრმისეულად იცნობთ ამ პრობლემას, თუ გახსენდებათ, ამ ხნის მანძილზე, საქართველოს რომელიმე წინა ან ამჟამინდელი მთავრობის რაიმე ნაბიჯი ამ მიმართულებით? ბოლოს რაც მახსენდება ეს იყო ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება და წყალსაცავის მრავალფუნქციურ ტურისტულ ზონად გაქცევის გეგმის პომპეზური პრეზენტაცია...
- სიღრმისეული შეხვედრა მე ამ თემაზე არ მახსოვს, იყო დეკლარირებული სურვილების გარკვეული პრეზენტაციები, რომლის უკან, რეალური მოქმედების ან შეფასების ნიშნები არ შემიმჩნევია. ეს ხდება იმის გამოც, რომ არ არის შესაბამისი მოთხოვნა, მათ შორის, ჩვენი საზოგადოების მხრიდანაც, რომ სახელმწიფოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ უდიდესი პრობლემა იქნას დაძლეული... არც მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან არის ნაბიჯები, რომ ამ პრობლემაზე ყურადღება იქნას გამახვილებული, მისი შეფასების და გადაწყვეტის გეგმა იქნას შემუშავებული... არაფერი არ არის, რაც ჩვენი სახელმწიფოს სერიოზულობაზე ცოტა მძიმე აზრებს წარმოშობს.
- დენზე საბაზრო ტარიფის დაწესებას აფხაზური ელიტა კატეგორიულად ეწინააღმდეგება, თუ იქედან თანამშრომლობის იმპულსი არ წამოვიდა, რა გამოსავალი გვაქვს რომ დენის სუბსიდირება ასეთი ფორმით აღარ გავაგრძელოთ?
- გამოსავალი მოიძებნება, თუკი იქნება სურვილი და მოქმედება, პირველ ნაბიჯები შეიძლება იყოს, საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ჩართულობა და აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი. რა თქმა უნდა, პოპულიზმი და კორუფცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დაბრკოლება აფხაზური საზოგადოების შიგნით. ჩვენთანაც იგივე ხდებოდა 90-იანების ბოლოს, როცა გამრიცხველიანება და ტარიფის ზრდა უკიდურესად დიდ წინააღმდეგობას წააწყდა.
სერიოზული პრობლემაა კორუფციული ინტერესები, რომელიც აფხაზეთში ძალაუფლების მქონე ხალხს აქვს, იგივე კრიპტოვალუტის მაინინგ ფერმების ბიზნესის ლობირებას ვგულისხმობ, რომელიც იქ, პრაქტიკულად, ჩვენი „იაფი“, სუბსიდირებული დენის პირობებში განვითარდა.
მეტი მუშაობაა საჭირო, ჩვენგან ინფორმაციული გზავნილები უნდა მიდიოდეს, გარკვეული წინაპირობების მოფიქრება უნდა ხდებოდეს, თუ როგორ შეიძლება ეს ჩიხური ვითარება დაიძლიოს. იმ ხალხის გარდა, ვინც იქ დენის ტარიფის გაზრდის და გამრიცხველიანების წინააღმდეგია, არიან ადამიანები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც ხედავს რომ ეს უმძიმესი ვითარება პერსპექტიული ვერ იქნება. მათთან დიალოგია საჭირო.
კარგად უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის ეკონომიკური სარგებელი, რომელსაც ფლანგავენ და შეიძლება ისეთი სქემის მოფიქრება, რომ არც იმათმა დაკარგონ, იქ მოსახლეობამ სარგებელი მიიღოს და ჩვენც არ დავზარალდეთ. ასეთი მიდგომით, იქ ეკონომიკა და ენერგეტიკა ვერასოდეს განვითარდება.
- და, ჩვენი ამოცანა არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკის და ენერგეტიკის განვითარება?
- მე არ ვარ პოლიტოლოგი, მაგრამ ენერგეტიკული კუთხით, ჩემთვის იქნებოდა ეს ამოცანა, რომ აფხაზეთში იყოს, საღი ურთიერთობები და სტრუქტურა, რომელთანაც ჩვენც შევძლებთ ურთიერთობას. დღეს რაც არის, ეს არც მათთვის არის სასარგებლო და არც ჩვენ გვაქვს საშუალება რაიმე ურთიერთობა ავაწყოთ.
თუ იქ არის კორუფციული და სხვა დამალული ინტერესები, ვერანაირ ურთიერთობას ვერ ააწყობ. როცა ჩვენ სახელმწიფოს აფხაზეთთან მიმართებით, გვაქვს დეკლარირებული, რომ გვინდა ინტეგრაცია და შერიგება, ეს პროცესი შეუძლებელია, თუ იქ არ არის საღი საზოგადოება, რომელთანაც ამის გაკეთება შეიძლება.
- აფხაზები საერთოდ თვლიან, რომ დენს ჩვენგან იღებენ? ჩემი შთაბეჭდილებით, მათ მიაჩნიათ, რომ ენგურჰესი მათია, ომში მოგებული ტროფეია..
- რა თქმა უნდა, არ თვლიან, რომ დენი ჩვენგან მიაქვთ, ესეც პროპაგანდის საკითხია და მინდა გითხრათ, რომ არც არის აფხაზეთში ეს ინფორმაცია ფართოდ გავრცელებული. მახსოვს დისკუსიები ამ თემაზე, სადაც ასეთი აზრიც გაჟღერდა, რომ რომც ვუთხრათ აფხაზებს, რომ დენი ჩვენგან აქვთ, რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო უარესად შემოგვიტრიალებს ამას. ასეთია ეს თემა აფხაზეთის შიგა საინფორმაციო ველში, ჩვენ ეს ველი უნდა ვაღიაროთ და მასთან დავიწყოთ მუშაობა.
- ენგურის ჰიდრო ელექტრო სადგურის შემდგომ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ალტერნატიული მოსაზრებაც მომისმენია, რომ წალენჯიხის რაიონში, დაბა ჯვართან, სადაც კაშხალი და წყალსაცავი მდებარეობს, შეიძლება, აშენდეს ახალი სადგური, არის თუ არა ეს რეალური?
- ენგურჰესის კაშხალთან უფრო მცირე ზომის სადგურის აშენების ტექნიკური შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. პროექტიც არის და მშენებლობის მიმართ დაინტერესებაც. ანუ ახლა სამანქანო დარბაზი-სადგური მდებარეობს გალის რაიონის სოფელ საბერიოში, რომელთანაც წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვართან მდებარე წყალსაცავი დაკავშირებულია 15 კილომეტრიანი გვირაბით.
პროექტის მიხედვით, უფრო მცირე ზომის სამანქანო დარბაზი შეიძლება გაკეთდეს ენგურის კაშხლის სიახლოვეს. ჰიდრომაკუმულირებელი სადგური ჰქვია ასეთ სადგურს, როდესაც დღის განმავლობაში შეიძლება მოხდეს დამუშავება და ღამით ატვირთვა, იმისთვის რომ სადგურმა „პიკური“ ტვირთი აიღოს. თუ ამჟამინდელი ენგურჰესის სიმძლავრე 1300 მგვტ-ია, ახალი სადგურის იქნება, დაახლოებით, 600 მეგავატი. ასეთი დამოუკიდებელი სადგურის აშენება იდეაში იქნება ბერკეტი, რომ აფხაზებთან და რუსებთან ურთიერთობაში ალტერნატივა გავიჩინოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, რუსეთი ყველანაირად ეცდება ეს მშენებლობა არ დაუშვას.
სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ენგურჰესის თემაში მეტი საერთაშორისო ჩართულობა. ამ შესაძლებლობის გამოყენება თუ დაიწყება, მერე შეიძლება გამოჩნდეს პერსპექტივა, მეტი ბერკეტის მიღებისა. პერიოდულად იწყება ხოლმე ამ პროექტზე საუბარი, მაგრამ სერიოზული, დაგეგმილი მუშაობა, სამწუხაროდ ამ მიმართულებით არ არის.
- არსებობს რადიკალური მოსაზრებებიც, რომ სანამ აფხაზეთი ოკუპირებულია, საერთოდ ხომ არ გავაჩეროთ ენგურჰესი..
- ენგურჰესი და ვარდნილჰესი არის საქართველოს ჰიდროელექტრო სადგურების ჯამური გამომუშავების დაახლოებით 40%. ამხელა სადგურის გაჩერებისთვის ალტერნატივები უნდა გქონდეს რომ ქვეყანში ენერგოდეფიციტი კიდევ უფრო არ გაიზარდოს. ამ წუთში, ეს რეალური ნამდვილად არ არის. მაგრამ, მეორე მხრივ, უდავოა რომ თუკი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დენის მიწოდება ასეთი ფორმით გაგრძელდა, ენგურჰესი საქართველოსთვის ეკონომიკურ სარგებლიანობას სულ უფრო და უფრო დაკარგავს. რაღაც მომენტში, ალბათ, მივალთ იმ სიტუაციამდეც, როცა მართლა უნდა დადგეს ეს საკითხი, თუ რამდენად გვიღირს მილიონობით ლარის ინვესტირება, რომ ენგურჰესი მუშა მდგომარეობაში მოვიყვანოთ. ასეთი მდგომარეობით, ენგურჰესის სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ და მხოლოდ მცირდება. ბოლოს იმდენად ძვირი გახდება ჰესის რეაბილიტაცია, რომ ინვესტირება აღარც ჩვენი და აღარც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან აღარ ეღირება.
- 2008 წლის შემოდგომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ამიერკავკასიის უდიდესი ჰესის მართვაში რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტი „ინტერ რაო“ შედიოდა. ამ მემორანდუმის გასაჯაროებისთვის საქართველოში 2009 წლიდან სასამართლოს გზით იბრძოდნენ, თუმცა ტექსტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც არ გასაჯაროვდა. საბოლოოდ ითქვა, რომ მემორანდუმი ძალაში არ შესულა. თქვენი ინფორმაციით, როგორ და ვის მიერ იმართება დღეს ენგურჰესი?
- ჩემი ინფორმაციით, ენგურჰესს ჩვენ ვმართავთ, ის ექვემდებარება სადისპეჩეროს, ტექნიკური მართვაც ჩვენი მხრიდან ხდება, რეაბილიტაციის და რემონტის გადაწყვეტილება ასევე ჩვენი მხრიდან მიიღება. ენგურჰესზე დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური ქართველია, დიდი ნაწილი ოკუპირებულ გალის რაიონში ცხოვრობს, ნაწილი სამსახურში ზუგდიდიდან და წალენჯიხიდან დადის. რაც შეეხება „ინტერ რაოს“ და იმ მემორანდუმს, რუსეთის მუდმივი ინტერესი იყო და დღესაც რჩება, რომ ენგურჰესის მართვა როგორმე მთლიანად ჩაიგდოს ხელში. იგივე შეიძლება მოხდეს, აფხაზეთში არსებულ ელექტროქსელებზეც, იქაც იმდენად გაუარესებულია მდგომარეობა და მომსახურება იმდენად ძვირი გახდა, რომ აფხაზებმა თავად შეიძლება ხელი აიღონ. ეს ქსელებიც თუ რუსეთის ხელში გადავა. აფხაზების იმ ეფემერულ „დამოუკიდებლობას“, რომელიც ვითომ აქვთ, კიდე ერთი ხინჯი მიადგება.
სხვათა შორის, ჩემი ინფორმაციით, 2008 წლის სექტემბრის მემორანდუმის გაფორმებას, სწორედ აფხაზური მხარე აღუდგა წინ, ჩვენი მთავრობა მაშინ მზად იყო და ხელი მოუწერა კიდევაც რუსეთს „ენგურჰესის“ „ინტერ რაოსთვის“ გადაცემის შესახებ. ამიტომ, ხედავთ, საერთო ინტერესები ყოველთვის არსებობს, რომლის გამოყენება და ამაზე რაღაცის დაშენება შეიძლება.
წყარო: «Radio Voice of America»