აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ყოფნისას, ვრცელი ინტერვიუ მისცა ჩინეთის ტელეარხის CGTN (Chine Global Television Network)-ის კორესპონდენტს, რომელშიც მან ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. იგი შეეხო აზერბაიჯანის ენერგოსექტორის განვითარებას, ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე და იმ სატრანსპორტო პროექტებზე, რომლის მეშვეობითაც ჩინეთი შესაძლოა ევროპას დაუკავშირდეს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„როცა ჩინეთში ვიზიტით ვიყავი, შევხვდი პრეზიდენტ სი ძინპინს, ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ ინიციატივაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელსაც აზერბაიჯანი სრულიად უჭერს მხარს. ჩვენ ყველაფწერს გავაკეთებთ, რათა აზერბაიჯანი ამ ინიციატივისა და გლობალური პროექტის აქტიური მონაწილე გახდეს. ვთვლით, ჩვენ უკვე გარკვეული საქმეები გვაქვს გაკეთებული ამ მიმართულებით: გავიყვანეთ რკინიგზა „ბაქო-თბილისი-ყარსი“ და ამრიგად, სატრასპორტო ქსელი ევროპამდე გავაგრძელეთ. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ტვირთების გადაზიდვას ჩინეთიდან ევროპისაკენ სხვადასხვა მიმართულებები აქვს, ამიტომაც ამ პროცესში აქტიურ ჩართვას ვგეგმავთ. ვმუშაობთ შუააზიელ, ქართველ, თურქ და ევროპელ პარტნიორებთან. ბუნებრივია, ჩვენი მიზანია ჩინეთიდან ტვირთების მიღება მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის შიგნით ყველაფერი მოგვარებულია. ამჟამად აზერბაიჯანი ფლობს ყველაზე დიდ ფლოტს კასპიის ზღვაზე, რომელიც ძირითადად ტანკერებისა და სხვა სავაჭრო-სატვირთო გემებისაგან შედგება. მათ ტვირთი კასპიის აღმოსავლეთი ნაპირიდან დასავლეთისაკენ გადააქვთ და პირიქით. ჩვენ გვსურს, რომ აზერბაიჯანში ბევრმა ჩინურმა კომპანიამ იმუშაოს, რომ მათ ჩვენს ეკონომიკაში ინვესტიციები დააბანდონ, ახალი შესაძლებლობები იპოვონ. ამრიგად, „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ჩვენთვის ნამდვილად საინტერესო პროექტად ითვლება, მხარს ვუჭერთ და ჩვენი წვლილი შევიტანეთ იმ ნაწილების შექმნაში, რომელიც ამ გზას აკლდა.
- და რას გულისხმობთ „ნაწილების შექმნაში“?
- მხედველობაში მაქვს ის რკინიგზა, რომელიც ბაქოში იწყება და თურქეთისაკენ მიემართება. ადრე ასეთი გზა არ არსებობდა და აზიიდან მიღებული ტვირთები ევროპაში, აზერბაიჯანის გავლით, საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებით იგზავნებოდა. რკინიგზის გაყვანის შედეგად კი ტვირთები სახმელეთო გზით პირდაპირ ევროპაში მიდის, ან ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურებში. ეს ნიშნავს ხარჯების ეკონომიას, ტვირთების სწრაფ მიტანას დანიშნულების ადგილზე და დიდ შემოსავლებს.
- თქვენ დიდ ყურადღებას უთმობთ ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს...
- დიახ, ეს ერთმნიშვნელოვანია. „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის ბოლოს გაიხსნა. ჩვენ იმ დროს ბაქოს საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე დიდი ცერემონია მოვაწყეთ და პირველი ტვირთიც გავგზავნეთ. სხვათა შორის, გეტყვით, რომ ჩვენ უკვე ვიღებთ ტვირთებს ჩინეთიდანაც.
წყარო: Chine Global Television Network